რუბრიკებისტატიები

სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დარგად გამოცხადების სახელმწიფოებრივი ხედვის ზოგიერთი ასპექტი

  ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა ,,ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ საყიდელი არ გაგვიხდეს და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“. ილიას სწამდა, რომ ,,ჩვენ ქართველები პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ”, ,,თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა-თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და აქედან ზნეობითადაც”. 

 ძველად ქართველი მეფეების ერთ-ერთი ტიტული  ,,დიდ ვაჭარიც“ იყო. ოდითგან მეფეები აშენებდნენ ქარვასლებს, გზებს, ინფრასტრუქტურას, მათ კარგად ესმოდათ სავაჭრო ბალანსისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას საჭიროება და დიდი ხარჯებსაც ეწეოდნენ, ხშირად აწესებდნენ  სანქციებს, ზოგჯერ ეკონომიურად წამგებიანსაც, მაგრამ საერთო ფონისა და გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის მომგებიანს.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გახდეს მონოპოლისტი სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით,  როგორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, სხვა ევროპული ქვეყნები. განსაზღვროს პრიორიტეტები, ბალანსში მოიყვანოს ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო და დააწესოს ,,ერთი მიმართულებით  დინების   სვლის პრინციპი“ .  ეს გააკეთოს არა დიქტატურის და რეპრესიების  საშუალებით (როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს), არამედ ინსტრუმენტად გამოიყენოს მოტივაციისა და სუბსიდირების მეთოდი, როგორც ხდება მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში და ამასთან ერთად  წახალისდეს გადამმუშავებელი საწარმოების  ბიზნესი, სოფლის მეურნეობის თანმდევი დოვლათის, ინდუსტრიულად გადამუშავების მიმართულებით, ხელი შეუწყოს  მათთვის მაღალი დონის მენეჯმენტის მომზადებას.

    ისევე როგორც ყოველი მოვლენა, ადამიანის ყოველგვარი საქმიანობა, მენეჯმენტიც ეროვნული თავისებურებებით ხასიათდება, ამ მხრივ საყურადღებოა სხვა ქვეყნების მაგალითი (იაპონური, სამხრეთ კორეული, აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტი და სხვა).

მართვის აღნიშნული მეთოდების ქვაკუთხედის პრინციპია_ ვაკეთოთ ყველაფერი ჯეროვანი საშუალებებით. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძირითად საქმიან ფასეულობებზე და მცირე მიზნებზე, რადგან არ შეიძლება ყველაფერს ერთად გამოეკიდო, უმნიშვნელოვანესია, შეგეძლოს ,,მთავარის’’ გამოყოფა.

საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ გზები, რათა შევქმნათ, თუნდაც დასაწყისისათვის არასრულყოფილი, მაგრამ ქმედითი გეგმები პრობლემების გადასაწყვეტად. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკა.

იება იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ეფექტიანი  პოლიტიკური თვალსაზრისი და გავრცელდეს ისე, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებულ ჯგუფებსა და პერსონებს შთააგონოს შეთანხმებული მოქმედების უპირატესობა (იგულისხმება ფერმერული კოოპერატივები, რამეთუ მცირემიწიანი ქვეყნის პირობებში კონკურენტუნარიანი მატერიალური დოვლათის შესაქმნელად აუცილებელია მიწების გამსხვილება და გაერთიანება). ამისთვის   საჭიროა არასტანდარტული აზროვნება, არაორდინალური გადაწყვეტილებების მისაღებად,  ჭკვიანური  და არა ზედმეტი ბიუროკრატია, რათა მოიძებნოს დებატების სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების საერთო, შეხების წერტილები. რათა დაჩქარდეს განვითარების პროცესები.

ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ყური მიუგდოს კერძო სექტორს ისე, რომ მისგან დავალებულად არ იგრძნოს თავი, დახმარების სუბიექტების მიმართ დაამყაროს დისციპლინარული მიდგომის პრინციპი, წაახალისოს წარმატებების შემთხვევაში და დასაჯოს წარუმატებლობის შემთხვევაში. თავიდან აიცილოს არაპროდუქტიული კომფრონტაცია.

მიზნები უნდა დაისახოს ბიზნეს წრეებთან ერთად, რადგან ისინი პრაგმატული ხალხია და შორს დგანან ბიუროკრატიული ოცნებებისგან. მაგრამ,  არც ბიზნესმენების მიერ უნდა იყოს მთლიანად ეს მიზნები დასახული, რადგან მათ ჩვევიათ სიძნელეების გაზვიადება, ხოლო საკუთარი შესაძლებლობების მინიმიზაცია, ამიტომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს დამოუკიდებელი მოსაზრებათა მქონე ხალხი, ექსპერტების, მეცნიერების, ჟურნალისტების და სხვათა სახით. შეიქმნას ისეთი ტიპის სათათბირო საბჭოები, რომლებიც  პროცესების მართვის იდეოლოგები იქნებიან. 

ზოგიერთ კონკრეტულ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით წარმოვადგენთ ჩვენს კონცეფციასაც:

ხორბლის წარმოების მხრივ  ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. საქსტატის მონაცემებით ამჟამად წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ქვეყანაში   მხოლოდ 18 კილოგრამი ხორბალი იწარმოება, მაშინ როდესაც ფიზიოლოგიური ნორმით ადამიანისთვის  134 კილოგრამი ხორბალია საჭირო, ესეც იმ შემთხვევაში თუ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი სხვა პროდუქტით.

ეკონომიურად განვითარებული ქვეყნებმა სხვაზე ცუდად როდი იციან, რომ პური უფრო იაფია, ვიდრე ჩაი, ციტრუსი და სხვა, არც მათ უჭირთ სხვა ქვეყნებში პურის შეძენა და შეტანა, მაგრამ იმპორტის იმედად არ არიან და მილიონობით ტონა ხორბალს აწარმოებენ. ასე იქცევიან, რადგან იციან,  რომ პურით ქვეყნის უზრუნველყოფა განსაკუთრებული ზეწოლის და წნეხისგან განთავისუფლებაა, წნეხისგან, რომელიც მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოების  გამო ყოველ წუთს შიძლება არა სასურველი მიმართულებით დაიძრას. (ამის ნათელი დადასტურებაა უზბეკეთის მაგალითი, როცა მეზობელმა ხორბლის მიწოდება შეუწყვიტა და რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და სხვა).

 მხედველობაშია მისაღები, რომ შემოტანილი პროდუქციის სიიაფე ყოველთვის იმას როდი ნიშნავს, რომ მათი წარმოების თვითღირებულება (ზოგიერთი ქვეყნის მიერ სუბსიდირების გამოყენებით) სხვისაზე დაბალია, უმეტეს შემთხვევაში ეს გამიზნულია მოხმარების ბაზრის დასაპყრობად და ნაციონალური წარმოების დასასუსტებლად, სულაც ფუნქციონირების შესაწყვეტად-იმისათვის, რომ შემდგომში გამორიცხოს კონკურენციის შესაძლებლობა, გაზარდოს ფასები და აინაზღაუროს დანაკლისი. ასეთ ვითარებაში ნაციონალური ამოცანა უნდა იყოს ეროვნული, ადგილობრივი, წარმოების შენარჩუნება, ინდუსტრიალიზაციის თანდათანობით (ნაბიჯ-ნაბიჯ)  განმტკიცება და განვითარება, ზრუნვა იმისათვის, რომ იგი საკუთარ საფუძველს დაეყრდნოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი კონცეფცია სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ შესაძლებელია, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს:

1.     უნდა შეიქმნას სახელმწიფო რეზერვები, სტრატეგიული სასურსათო უსაფრთხოების განსამტკიცებლად. (როგორც შარშან აზერბაიჯანის მთავრობამ მოახერხა და შექმნა 14 ხორბლის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ფიქსირებული ფასით მოხდა ხორბლის მარცვლის ჩაბარება და შექმნა სტრატეგიული მარაგი. ამით სახელმწიფომ  ერთმხრივ ხელი შეუწყო ფერმერებს, როდესაც მათ მოსავლის აღების პერიოდში უჭირდათ მარცვლის რეალურ ფასად გაყიდვა, ამავე დროს არ მისცა საშუალება მავანთ დემპინგური ფასით ესარგებლათ დაეზარალებინათ ფერმერები.

ამ ნაბიჯით სახელმწიფოს ფინანსურად არც არაფერი არ წაუგია, პირიქით, მოიგო კიდეც, გაყიდა მაშინ, როდესაც ხორბლის ფასმა ზამთრის სეზონზე საერთაშორისო ბაზარზე  პიკს მიაღწია).

2.    უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რათა ფერმერი განთავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (იტალიის მაგალითის გათვალისწინება), თუ იგი თავის მოწეულ პროდუქციას თავადვე გადაამუშავებს და შეუცვლის სავაჭრო კოდს, აღნიშნული გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს, გააიაფებს ადგილობრივ პროდუქტს და იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტური რგოლი სოფლის და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიული განვითარების გზაზე.

3.   უნდა გამარტივდეს საბრუნავ საშუალებებზე შეღავათიანი და მოკლევადიანი კრედიტის კვლავ გაცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება სეზონური, უთანაბრო მოთხოვნილება, რაც გამოიწვევს კვლავწარმოების უწყვეტ შეუფერხებელ სტიმულირებას და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

4.    მეფრინველეობის ფაბრიკები, კერძოდ, კვერცხის წარმოება უნდა განთავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ან ადგილობრივი წარმოების მარცვლის შესყიდვის შემთხვევაში მოხდეს აღნიშნულის ჩათვლა. ჩვენთან ამ მხრივ ნონსენსია, თუ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება განთავისუფლებულია გადასახადისაგან, მაშ კვერცხი რაღაა? და მეორეც ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი და ინტენსიური მომხმარებელი მარცვლეულისა ფაბრიკები არიან, მათ კი ადგილობრივი ფერმერებისგან სიმინდის მარცვლის შესყიდვა არ უღირთ, რადგანაც დღგ-ს ვერ ითვლიან, რაც მათთვის ადგილობრივი მარცვლეულის შეძენა კომერციულად წამგებიანია, პატრიოტული მოტივი კი ვერ იმუშავებს და ამაში მათ ვერც გავამტყუნებთ.

5. პარლამენტმა მიიღო სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კანონი. 

 ამ კანონს ვაფასებთ ისტორიულად წინ გადადგმულ ნაბიჯად, რამეთუ  იგი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს გაყალბებას და განუკითხაობას ამ დარგში, და მისი სათანადო განხორციელება  უახლოეს მომავალში  გაზრდის  ქვეყანაში მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობას და სახელმწიფო შეძლებს  60% -ით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფას, მაგრამ მისი ჯეროვანი განხორციელებისათვის პირველ რიგში საჭიროა კანონის სრულფასოვანი დაცვა და მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ წახალისება, რამეთუ ფერმერი ბუნებით ნიჰილისტია და ყოველგვარ სიახლეს უნდობლობით უყურებს, მოტივაცია და სახელმწიფო პროპაგანდა ამ ზღუდეს გადაალახვინებს და როდესაც დარწმუნდება მის სიკეთეში, მაშინ მასზე მოტივირებული და მომჭირნე შემსრულებელი არა მგონია, ვინმე სხვა პროფესიისა აღმოჩნდეს ამ სფეროში. 

6.   საჭიროა ფერმერულ მეურნეობებში მეცნიერთა ინტეგრირება, რადგან აღნიშნული ამოცანების დაძლევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული ხედვის გარეშე ძნელად მისაღწევია.

7.   საჭიროა ჰიბრიდის ან ხაზის ავტორისთვის ფულადი პრემიის დაწესება ჯიშის გავრცელებისა და მისი დანერგვით მიღებული ეკონომიური ეფექტიანობის გათვალისწინებით, როგორც ეს დასავლეთი ქვეყნებშია.

8.   ყურადსაღებია პროფესიული კადრების დეფიციტი, საჭიროა ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის ამოქმედება მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში იმ პირობით, რომ სათანადო პროფესიული ცოდნის და გამოცდილების შემდეგ მინიმუმ 5 წელი თავის ქვეყანას ემსახუროს.

9.    თანამედროვე  ტექნოლოგიების  და წარმატებული მოდელების გამოყენება, დანერგვა  თანმდევი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე შიმონ პერესი ამბობს:

♦„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ დიდი ოცნებები გვქონდა, ახლა კი ვხვდებით, რომ ეს ოცნებები არც ისე დიდი ყოფილა.

იოცნებეთ რაღაც ძალიან დიდზე! რაც უფრო დიდი იქნება თქვენი ოცნება, მით უფრო დიდს მიაღწევთ თქვენ“.

ჩვენ მივაღწევთ დიდი მიზანს, ამის ღრმად გვჯერა!

 

კახა ლაშხი,

ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

აგრო-სამეცნიერო ჯგუფი ,,ლომთაგორა“