სჭირდება თუ არა მცენარეებს „სუნთქვა“ მიწისქვეშ? რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგის გაფხვიერებას
აუცილებელია თუ არა ნიადაგის გაფხვიერება ბაღსა და ბოსტანში? ბუნებაში ხომ ბალახი, ყვავილები, ხეები და ბუჩქები ადამიანის ჩაურევლად ტყეებსა და მინდვრებში მშვენივრად ვითარდება?
ბუნებრივად ჩნდება კითხვა _ მაშინ რატომ ვაკეთებთ ამ საქმეს ჩვენს ნაკვეთებში? ნუთუ კულტურული მცენარეები გაფხვიერების გარეშე ვერ გაიზრდება და გადარჩება? პასუხიც მარტივია, სავარაუდოდ, მცენარეები არ დაიღუპება, თუმცა მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება.
ამიტომ თუ გსურთ თქვენი ბაღის ლამაზად გამოიყურებოდეს, უხვად ყვავილობდეს და კარგ მოსავალსაც გაძლევდეთ, მაშინ ნიადაგის დამუშავება აუცილებელია.
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ნიადაგის გაფხვიერება.
რატომ სჭირდება მცენარის ფესვებს ჰაერი?
მცენარეებს მიწისქვეშაც სჭირდებათ ჰაერი. მათი ფესვთა სისტემა ისეთივე ცოცხალი და მნიშვნელოვანია, როგორც მცენარის მიწისზედა ნაწილი. ფესვებს სჭირდებათ ჟანგბადი, რათა ისუნთქოს და ეფექტურად აითვისოს საკვები ნივთიერებები. ფესვის წვრილი ბუსუსები ნიადაგის ნაწილაკებს შორის არსებული მიკროსკოპული ჰაეროვანი სივრცეებიდან იწოვენ ჟანგბადს და მის ნაცვლოდ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. სწორედ ეს პროცესი აძლევს მათ ენერგიას ზრდისა და კვებისთვის.
როდესაც ნიადაგში ჟანგბადის ნაკლებობაა, ფესვები ფაქტობრივად „იგუდება“. მათი განვითარება წყდება, რაც საბოლოოდ მცენარის ჭკნობასა და დაღუპვას იწვევს. რეგულარული გაფხვიერება კი ფესვთა სისტემას ატმოსფეროსთან მუდმივ და თავისუფალ კავშირს უზრუნველყოფს.
ნიადაგის სტრუქტურა – „ღრუბლის“ ეფექტი
ნიადაგის ნაყოფიერება დამოკიდებულია მის „აგრეგატულ მდგომარეობაზე“ – ანუ მის უნარზე, შეინარჩუნოს ჰაერი და წყალი. კარგი ნიადაგი ღრუბელს ჰგავს:
- მაკროფორები საშუალებას აძლევს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს სწრაფად ჩავიდეს ნიადაგის ღრმა ფენებში;
- მიკროფორები მცენარისთვის ხელმისაწვდომ მდგომარეობაში ინარჩუნებს ტენსა და მინერალებს;
- ბიოფორები _ არხები, რომლებიც ჩნდება ნიადაგის ორგანიზმებისა და მცენარის ფესვების აქტიურობის შედეგად.
როდესაც ნიადაგი ზედმეტად დატკეპნილია (მაგალითად, ჭაობიან ან დატბორილ ადგილებში), ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. ფესვები გადადიან „ანაერობულ სუნთქვაზე“, რაც მცენარისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს (ეთანოლს, აცეტალდეჰიდს) წარმოქმნის. შედეგად, ფესვები ლპება და მცენარე სუსტდება.
რატომ უწოდებენ გაფხვიერებას „მშრალ მორწყვას“?
ხშირად გვესმის ტერმინი „მშრალი მორწყვა“. რა თქმა უნდა, გაფხვიერება მიწას წყალს არ ამატებს, მაგრამ ის ხელს უშლის მის სწრაფ აორთქლებას.
წვიმის ან მორწყვის შემდეგ ნიადაგში იქმნება უწვრილესი არხები – კაპილარები. მათი მეშვეობით ტენი ზედაპირზე ამოდის და აორთქლდება. რაც უფრო მეტია ეს კაპილარები, მით უფრო სწრაფად შრება ნიადაგი. გაფხვიერებით ჩვენ ვანგრევთ ამ კაპილარულ ქსელს, რაც ტენს მიწის სიღრმეში „კეტავს“ და მცენარის ფესვებს უფრო დიდხანს ინახავს წყლით მომარაგებულს.
ბრძოლა სარეველებთან
გაფხვიერების კიდევ ერთი უპირატესობა სარეველების კონტროლია. მიწის ზედა ფენის დამუშავება ანადგურებს სარეველების ახალგაზრდა ყლორტებს, მათ ფესვთა სისტემას და ხელს უშლის მათ კულტურულ მცენარეებთან საკვები ნივთიერებებისთვის ბრძოლაში.
ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება, განსაკუთრებით მძიმე და თიხნარ ნიადაგებზე, არის მარტივი, მაგრამ უაღრესად ეფექტიანი გზა მცენარის იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მოსავლიანობის გასაზრდელად და თქვენი ბაღის ესთეტიკური იერსახის შესანარჩუნებლად.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცენარეს „სუნთქვა“ ისევე სჭირდება, როგორც ადამიანს!
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

