აგროსიახლეები

ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ საქართველოს შესახებ სტატია „ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“ გამოქვეყნდა

პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „Grape Collective“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო: ღვინის აკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communications“ ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ლისა დენინგი, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ასევე, ეწვივნენ კახეთისა და ქართლის ღვინის მარნებს, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.

„მრავალი თვალსაზრისით, საქართველოს ღვინის ისტორია ჯერ კიდევ იწერება. მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურის უკეთ გაგება შესაძლებელია არა მხოლოდ წარსულში მზერით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებენ დღეს ქართველი მეღვინეები“, – წერს ლისა დენინგი.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინოს, ქართული ენდემური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, ქარვისფერ ღვინოებს, ქართულ გასტრონომიასა და ქართული ღვინის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ონლაინ გამოცემა „Grape Collective” 2013 წელს დაარსდა და ღვინის, გასტრონომიისა და მოგზაურობის თემებზე სპეციალიზდება. გამოცემის მთავარი მიზანია მკითხველისთვის ღვინის კულტურის, მეღვინეების ისტორიების, ღვინის რეგიონების, ორგანული, ბიოდინამიკური და ოჯახური მარნების გაცნობა.

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.