სწორედ ამ მეთოდით მივიღე ახალი ჯიში, რომელსაც „მარიანასი“ დავარქვი
მსურს ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ მარწყვის ახალი ჯიშების მიღებასთან დაკავშირებით. დაახლოებით, 5 წელიწადია რაც ამ საქმეს მივსდევ და გაოცებული ვარ იმ სიმდიდრით, რაც ღმერთმა ამ მცენარეში ჩადო.
თესლოვანი მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც გამრავლების თვალსაზრისით, ასევე მომავალ თაობებში გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის მხრივ. მაგალითად: ლობიო, სიმინდი, პომიდორი, კიტრი და სხვები, თესლის აღების და შემდგომ დათესვის შედეგად, მომავალ თაობას თავის იდენტურ თვისებებს გადასცემენ. გურული ლობიო რამდენი თაობის შემდეგაც უნდა დავთესოთ, იგი თავის პირვანდელ თვისებებს ყოველთვის ინარჩუნებს.
კულტურული მარწყვის შემთხვევა განსხვავებულია. თუ გვსურს რომელიმე ჯიში გავამრავლოთ და ჯიშობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ, ის ვეგეტატიური ორგანოებით, ე.წ. ბრწკალებით უნდა გავამრავლოთ, მაგრამ თუ მარწყვიდან თესლს (წიპწას) ავიღებთ და დავთესავთ, აბსოლუტურად განსხვავებულ ჯიშებს მივიღებთ.
„სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვიდან აღებული თესლის თათესვის შედეგად მივიღებთ მარწყვის ჯიშთა მრავალფეროვნებას. 100 ცალი წიპწის თათესვის შედეგად მივიღებთ 100 განსხვავებულ ჯიშს.
მეც სწორედ ამ მეთოდით მივიღე ახალი ჯიში, რომელსაც „მარიანასი“ დავარქვი. მისი განსხვავებული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ანანასის სურნელი და არომატი აქვს.
საქართველოში ანანასი არ ხარობს, ამიტომ ვფიქრობ მარიანასი თავის ადგილს დაიმკვიდრებს და უახლოეს მომავალში ახალი ბაღებიც გაშენდება. მოსახლეობა როგორ მიიღებს არ ვიცი, ამიტომ დასაწყისში მცირე ფართობზე დავრგავ. ვფიქრობ, სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ იქნება.
ბევრს უკითხავს თუ როგორ მივიღე ეს ჯიში. ხალხს აინტერესებს ანანასი და მარწყვი ხომ არ შევაჯვარე ერთმანეთს ან ერთმანეთზე დავამყნე. მსგავსი რამ თავში არასდროს მომსვლია. მარწყვის დამყონა სხვა მცენარეზე გამორიცხულია, რადგან მარწყვს განსხვავებული აგებულება აქვს.
ამ ამბავზე ზოგს ცუდი რეაქცია ჰქონდა ზოგს ძალიან კარგი. მარწყვს, რომ მარწყვის გემო უნდა ჰქონდეს მეც ვიცი, მაგრამ ეს ცოდნაც შეზღუდულია, რადგან ადამიანს არ შეუქმნია მცენარეები, რომ მათზე ყველაფერი იცოდეს. ღმერთმა უკეთ იცოდა, რას ქმნიდა და რა თვისებებს ანაწილებდა მცენარეებში. თუკი გენეტიკაში ჩადებული ფენოტიპში გამომჟღავნდება, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მით უკეთესი, თუკი ახალი და მომგებიანი თვისების მქონე ჯიშებს მივიღებთ.
მარიანასის გარდა კიდევ მივიღე რამდენიმე უკვე გამოცდილი ძალიან კარგი ჯიში, რომლებსაც საოცარი მარწყვის არომატი აქვთ. ამასთან ერთად ბევრი სხვა თვისებითაც გამოირჩევიან.
ახლად მიღებულ ჯიშებს ეტაპობრივად გაგაცნობთ. მომავალი წლისთვის 400-მდე ახალი ჯიშის გამოცდას ველოდები. 400 საკმაოდ დიდი რიცხვია, ამიტომ მოლოდინიც კარგი მაქვს, რომ მათგან მომგებიან ახალ ჯიშებს მივიღებ. რაღაც ახლის და კარგის მიღებას ყოველთვის ახლავს ეკონომიკური წინსვლა.
ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის კოპლექსი, რომ თითქოს საქართველოში არ შეიძლებოდეს მსგავსი მოქმედებებით ეკონომიკური წინსვლა. მაგალითად, შეერთებული შტატები, ისრაელის სახელმწიფო, გერმანია და სხვა ეკენომიკურად განვითარებული ქვეყნები ამ საკითხებზე დიდი ხანია მუშაობენ. სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშთა გაუმჯობესებით, ისინი დიდ ფინანსურ სარგებელს აძლევენ, როგორც საკუთარ ფერმერებს, ასევე დაბალ განვითარებულ ქვეყნებს. სწორედ მათგან შემოდის ახალი ჯიშები (მარწყვის, მაყვლის, კიტრის, პომიდვრის და სხვ.) საქართველოსა და სხვა დაბალ განვითარებულ ქვეყნებში. სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს სფერო ისევე მიფუჩეჩებულია, როგორც სხვა სფეროები. ამ კუთხით თუკი ვინმე დაინტერესდება, შემიძლია გამოცდილება გავუზიარო.
შეიძლება სულ სხვა პროფესია გქონდეთ, მაგრამ ამ საკითხით დაინტერესდეთ და თქვენც ცადოთ.
ფოტოებში ნაჩვენებია 3.5 ლიტრიან სათლში დარგული მარიანასის ერთი ძირი. ეს ძირი ამ წლის გაზაფხულზე ჩავრგე და გადახურულ გრუნტში, გათბობის გარეშე ამ დრომდე იძლევა ნაყოფს.
გიორგი ლაცაბიძე