დარგებიმემცენარეობარეგიონები

სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შეთანაწყობის პრინციპები

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო სტიქიურად განადგურდა სუბტროპიკული მემცენარეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგები, როგორიცაა მეჩაიეობა. 

არასტაბილურია მეციტრუსეობისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების მოსავლიანობაც და მათი პროდუქციიდან მიღებული შემოსავლები, დაეცა შესასყიდი ფასები ციტრუსოვანთა ნაყოფებზე, გაძნელებულია კრეფის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის საკითხები. აღნიშნულ პრობლემაზე ჯერ კიდევ 2000-2003 წლებში მეცნიერ-მკვლევარები (რ.კოპალიანი 2003წ.) აყენებდნენ წინადადებებს სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობისა და სახეობრივი განახლების აქტუალურ პრობლემებზე.

სახელმწიფო ჯერჯერობით ფერმერებს ვერ სთავაზობს შეკვეთებს ამა თუ იმ კულტურათა პროდუქციაზე. არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული სტრუქტურა თუ სამსახური სუბტროპიკულ კულტურათა წარმოებისა და რეალიზაციის საკითხებში. საბაზრო ლიბერალიზაციის პირობებში ბევრმა ფერმერმა თუ ფიზიკურმა პირმა ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე გამოუტანა განაჩენი პრივატიზირებულ ნაკვეთებს. პირველ ეტაპზე მათ ამოძირკვეს ჩაის პლანტაციები, ზოგან ციტრუსების ნარგაობაც კი და იწყეს სამარცვლე და ბოსტნეული კულტურების (სიმინდი, კარტოფილი) თესვა. თუმცა მალე დარწმუნდნენ იმაში, რომ 2-3 წლის შემდეგ ნაჩაიარი მჟავე ტიპის ნიადაგები-სპეციალური ქიმიური მელიორაციისა და სრულყოფილი განოყიერების გარეშე, ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად გამოუსადეგარია. 1996-2000 წლებში თხილის პროდუქციაზე მაღალი შესასყიდი ფასების გამო მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო თხილის გაშენება, თუმცა იყო პერიოდი (2000-2003წ.), როდესაც თხილის პროდუქციაზე ფასები მკვეთრად დაეცა.

2014 წელს, თურქეთში თხილის დაბალი მოსავლიანობის გამო, ფასებმა ისევ აიწია, ამდენად, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში თხილის კულტურას ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობა სტიქიურად აშენებდა ნიადაგის ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და მეცნიერული რეკომენდაციების გარეშე. ნაჩაიარ მჟავე ნიადაგებზე თხილი 4-5 წლის შემდეგ კნინდება და უნაყოფო ხდება. ჯერ კიდევ ადრე (2005წ.) ვიუწყებოდით, რომ თხილის პლანტაციების სტიქიურად გაშენებამ შესაძლებელია, გარკვეულ უკიდურესობამდეც მიგვიყვანოს. კლიმატური რისკებისა და მავნებელ-დაავადებათა მასობრივი გავრცელების შემთხვევებში მოსალოდნელია პლანტაციების მასობრივი განადგურება. მოლოდინმაც არ დააყოვნა, როდესაც 2016, 2017, 2018 წლებში მავნებელ აზიურ ფაროსანას შემოსევამ, სხვა დაავადებათა გააქტიურებამ, თხილის მოსავალი და ხარისხი მკვეთრად შეამცირა.

მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც თხილის კულტურაში 7-8 ჯერადი წამლობით განისაზღვრება, ხშირ შემთხვევაში, არარენტაბელურიც კი გახადა კულტურის წარმოება. სამაგიეროდ გამოჩნდა ახალი კულტურები, კენკროვნები-განსაკუთრებით ლურჯი მოცვი- რომლის საექსპორტო საბაზრო ღირებულება მაღალი და მოთხოვნადია. მითუმეტეს, როდესაც აღნიშნული კულტურა კარგად ხარობს მჟავე ტიპის ნიადაგებზე, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო თხილის კულტურის ლურჯი მოცვით ჩანაცვლება. როდესაც ბაზარი გაჯერდება, ალბათ, მოსალოდნელი იქნება ამ კულტურის სხვა კულტურით ჩანაცვლება და ა.შ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვაანალიზებთ რა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, დღეისათვის აუცილებელია, მოსახლეობას მივაწოდოთ ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტიანი, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით.

ვეყრდნობით რა აგრარიკოს მეცნიერთა მრავალწლიან გამოკვლევებს ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ, ასევე ვითვალისწინებთ რა სუბტროპიკული ზონის ნიადაგურ-კლიმატურ მაჩვენებლებს და კულტურათა ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, გლეხურ-ფერმერულ მეურნეობებს ვთავაზობთ მათზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაშენიანების სანიმუშო პროგნოზულ სქემას (ცხრ. 1).

ჩვენ მიერ მოყვანილ სქემაში წარმოდგენილია ოთხი რეგიონი: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი. ჩვენს სქემაში ჩაის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მიკუთვნებული, მითუმეტეს ეს კულტურა ოთხივე რეგიონში შესაძლებელია გაშენდეს. ციტრუსების გაშენების არეალი კი შეზღუდულია. მეციტრუსეობის ზონად ძირითადად აჭარის რეგიონია გამოცხადებული, მცირედი ფართობებით ეს კულტურა შესაძლებელია ღია გრუნტის პირობებში მოვიყვანოთ გურიისა და სამეგრელოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

ფერმერულ მეურნეობებში სუბტროპიკულ და სხვა კულტურების ქვეშ დაკავებული ფართობების პროგნოზული სქემა

ცხრ.1

კულტურები

დაკავებული ფართობი %-ში
აჭარა გურია სამეგრელო იმერეთი
ჩაი 10 20 25 10
ციტრუსი 40 10 5
თხილი 10 20 25 20
ლურჯი მოცვი, ჟოლო, მაყვალი 5 7 8 10
აქტინიდია 2 3 3 2
ფეიჰოა 3 3 3 2
სუბტროპიკული ხურმა 4 5 5 10
დაფნა 5 5 7 10
ბამბუკი 2 2 1
ვაზი 5 4 4 10
მარცვლოვანი კულტურები 5 6 5 10
კონტინენტური ხეხილი 3 3 3 8
ბოსტან-ბაღჩეული 4 4 4 10
სხვა კულტურები 3 2 2 2
სულ 100% 100% 100% 100%

მესამე პოზიციას თხილი იკავებს, აღნიშნული კულტურა თავისი საექსპორტო ღირებულების გამო ფართოდაა წარმოდგენილი კულტურათა შეთანაწყობის ასორტიმენტში. მეოთხე ადგილს თანდათან კენკროვნები (განსაკუთრებით, ლურჯი მოცვი) იკავებენ. აღნიშნული კულტურები ბოლო ათწლეულში სერიოზული კონკურენტები ხდებიან ჩაის, ციტრუსების, თხილის, თუმცა აქაც მოსახლეობა არ უნდა არღვევდეს სუბტროპიკულ კულტურათა თანაარსებობის პრინციპებს, რომელიმე კულტურის სასარგებლოდ.

საექსპორტო მოთხოვნილებების ფონზე, სერიოზულ განაცხადს აკეთებს დაფნაც, საქართველოსათვის ამ ტრადიციულ კულტურას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია.

რაც შეეხება ფეიჰოას და აქტინიდიას ისინი მცირე ფართობით მაგრამ, სტაბილურად აგრძელებენ თავიანთ თვითმყოფადობას. რაც შეეხება სხვა ტრადიციულ კულტურებს (მარცვლოვნებს, ბოსტნეულს, კონტინენტურ ხეხილოვნებს) ისინი ყოველთვის არის და იქნება ჩვენი სავარგულების განუყოფელი წარმომადგენლები. აქვე გამოვყოფდით ვაზის კულტურას, რომლის მიმართ ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მოსახლეობა, როგორც საკუთარი სამომხმარებლო დანიშნულებისათვის, ასევე, საექსპორტო მიზნებისათვის.

სუბტროპიკულ კულტურათა განაშენიანების პროცესში აუცილებელია, ფერმერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორების მნიშვნელობებს, რომლებიც განსაზღვრავენ მცენარეთა სასიცოცხლო ფუნქციებს. ასეთ ფაქტორს წარმოადგენს ყინვაგამძლეობა, ანუ ის აბსოლუტური მინიმუმი, რომელიც დამღუპველია ამა თუ იმ კულტურისათვის.

ამრიგად, სუბტროპიკულ კულტურებს შორის ყველაზე დაბალი ყინვაგამძლეობით ციტრუსოვნები ხასიათდებიან, რის გამოც მათი სამრეწველო გაშენების არეალი ძალზე შეზღუდულია. (ცხრ.2).

ძირითად სუბტროპიკულ კულტურათა ყინვაგამძლეობის მაჩვენებელი

ცხრ.2

კულტურების დასახელება

დაზიანების კრიტიკული ტემპერატურა 00C

სუსტი ძლიერი მცენარის დაღუპვა
ლიმონი -4-5 -6-7 -8-9
ფორთოხალი -5-7 -8 -10
მანდარინი -7-8 -10 -12
ჩაი -9-10 -15 -18-20
აქტინიდია -9-10 -13 -15-16
თხილი -18 -22 -25
ლურჯი მოცვი -15 -20 -25
ფეიჰოა -10 -15 -18
დაფნა -9-10 -14 -18
სუბტროპიკული ხურმა -15 -20 -25
ბამბუკი -13 -18 -24
ვაზი -18 -22 -25
კონტინენტური ხეხილი -18 -24 -25-27

რაც შეეხება ჩაის კულტურას, მიუხედავად მაღალი ყინვაგამძლეობისა, მისი გავრცელების მალიმიტირებელ ფაქტორს ნიადაგის არეს რეაქციის მაჩვენებელი წარმოადგენს. ჩაის კულტურისათვის გამოსადეგი მხოლოდ მჟავე რეაქციის მქონე წითელმიწა, გაეწერებული წითელმიწა, ეწერმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებია, რაც სუბტროპიკული ზონის ოთხივე რეგიონში საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი.

ასევე, განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის არეს რეაქციას ლურჯი მოცვი (pH-4-5). სხვა კულტურები ნიადაგის pH-ის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით არ ხასიათდებიან, თუმცა ქიმიური მელიორაციის დახმარებით, შესაძლებელია, მჟავე ნიადაგებზე ამა თუ იმ კულტურას მათთვის სასარგებლო ფონი შეუქმნათ.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ფერმერულ მეურნეობათა სავარგულები სუბტროპიკულ ზონაში მონოკულტურით იქნას დაკავებული, როგორც ეს გასულ საუკუნეში ჩაის კულტურით და 21-ე საუკუნის დასაწყისში თხილის კულტურით დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროგნოზულ სქემაში პრიორიტეტული ადგილები ჩაის, ციტრუსებს, თხილს, დაფნას და ლურჯ მოცვს უკავია. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ტრადიციულად, ჩაის, ციტრუსების და დაფნის პროდუქციაზე ყოველთვის იყო და პერსპექტივაშიც იქნება საბაზრო-საექსპორტო მოთხოვნილება. აღნიშნულ კულტურებს თხილი და ლურჯი მოცვი დაემატა, რაც, ვიმედოვნებთ, ფერმერთა ვალუტით უზრუნველყოფის ძირითადი საშუალება გახდება.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება აქტინიდიის, ფეიჰოას, სუბტროპიკული ხურმის, პეკანის, კაკლის, ბამბუკის და სხვა კულტურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. რაც შეეხება მარცვლეულს, ბოსტან-ბაღჩეულს, ვაზს, კონტინენტურ ხეხილოვან კულტურებს, ისინი აუცილებელია შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად, მეცხოველეობის გასავითარებლად.

გარდა გლეხურ-ფერმერული მეურნეობებისა, ქვეყანაში თანდათან ფართოვდება კოოპერატივების, კომპანიების, ასოციაციების ფუნქციონირება, რომელთა მიზანი და ამოცანა მსხვილმასშტაბიანი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქციის წარმოებაა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სპეციალიზებული მეურნეობების შექმნა-ფუნქციონირება საკმაოდ დიდ ფართობებზე, თუმცა ძირითად კულტურათა წარმოების გვერდით სასურველი და მიზანშეწონილი იქნებოდა, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებაც.

    ამრიგად, ჩვენ მიერ წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შეთანაწყობისა და განაშენიანების მოდელი ფერმერს საშუალებას აძლევს, მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ მოაცდინოს მუშახელი და უზრუნველყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების სტაბილური მდგომარეობა. მაგალითად, თუ ფერმერი ან კომპანია დასაქმებულია მხოლოდ კენკროვნების წარმოებით, ასეთ შემთხვევაში, მუშახელის დასაქმებისა და ანაზღაურების პიკური პერიოდი 2-3 თვით განისაზღვრება (ივნისი, ივლისი, აგვისტო). წლის დანარჩენ პერიოდში დამხმარე მუშახელი სხვა საქმით უნდა დაკავდეს, ან უმუშევარი დარჩეს. არის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, რომლებიც თითქმის მთელი წლით მუშახელის დასაქმებას საჭიროებს (ჩაის კულტურა). არის კულტურები, სადაც მუშახელის მაქსიმალური დასაქმება შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდშია აუცილებელი (დაფნის მოსავლის აღება-გადამუშავება). ასევე, ციტრუსოვანი კულტურები, სადაც მუშახელის მობილიზაცია მოსავლის აღება-რეალიზაციის პერიოდს (ნოემბერი-იანვარი) ემთხვევა. თუკი ყველა ეს კულტურა ერთი კომპანიის, კოოპერატივის მფლობელობაში იქნება, სწორედ, ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი ადამიანთა მთელი წლის მანძილზე დასაქმების ორგანიზაცია და მათ მიერ შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურების ზღვრული, ან მაქსიმალური დონის მიღწევა.

სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ფართო ასორტიმენტით წარმოება, ასევე, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ან მინიმუმამდე შევამციროთ ზოგიერთ წლებში მკაცრი კლიმატური პირობებით (ზამთრის ყინვები, საგაზაფხულო წაყინვები, სეტყვა, გვალვა და სხვა) გამოწვეული ზარალი. ასევე, მხედველობაშია მისაღები მავნებელ-დაავადებათა მასიური გავრცელების პირობებში (მაგალითად: თხილზე ამერიკული პეპელა, აზიური ფაროსანა და სხვა) ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ მივაღწევთ ერთი, ანუ მონიკულტურის წარმოების შემთხვევაში.

     კულტურათა ფართო ასორტიმენტით წარმოება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გლეხურ და ფერმერულ მეურნეობათა უმეტესობა გორაკ-ბორცვიან ზონებშია განლაგებული, სადაც, ბუნებრივია, შეგვხვდება ფერდობები, ვაკე ადგილები, ხევები. კულტურათა განაშენიანების დროს მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ცალკეულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური მოთხოვნილება ადგილმდებარეობის ექსპოზიციისა და მიკროკლიმატის მიმართ. მაგალითად:  ჩაი, ციტრუსი, თხილი შესაძლებელია, გავაშენოთ ფერდობ ადგილებზე, რითაც ვუზრუნველყოფთ ეროზიული მოვლენების შემცირებას ან თავიდან აცილებას. განსაკუთრებით ყურადსაღებია ციტრუსოვანთა (მანდარინი, ფორთოხალი) სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობებზე გაშენება, ასეთ პირობებში მცენარის ვარჯის მიერ სრულყოფილად ხდება სივრცული (განათება, ჰაერაცია) არქიტექტურის მაქსიმალურად გამოყენება და ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება. აქტინიდია, ვაზი, ფეიჰოა, კენკროვნები, ბოსტან-ბაღჩეული, მარცვლეული უმჯობესია, ვაკე ან ოდნავ დაქანებულ ადგილებზე გავაშენოთ. ბამბუკი, დაფნა, პეკანი, წყავი და სხვა კულტურები შესაძლებელია, გავაშენოთ ჩაღრმავებულ, ხევისპირა ადგილებში. ხეხილოვანი კულტურები, ცალკეული ნარგავების სახით, უმჯობესია გაშენდეს ძირითადი კულტურების მიჯნაზე, ცენტრალური, ან საბილიკო გზების გასწვრივ, რომლებიც ძირითად ფუნქციასთან ერთად ქარსაფარისა და საჩრდილობელი მცენარეების დანიშნულებასაც შეასრულებენ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სქემიდან გამომდინარე, კულტურათა ფართო ასორტიმენტით წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია, მიღებული იქნეს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები. თუმცა ყოველწლიურად მზარდი ფასები საწვავზე, პესტიციდებზე, სასუქებზე უარყოფითად აისახება წარმოების მოცულობებსა და მასშტაბებზე.

     გარდა ეკონომიკური დანიშნულებისა, სუბტროპიკული კულტურების ერთობლიობა ქმნის რა ჩვენთვის სასურველ ეკოლოგიურ კონგლომერატს, გარკვეულ ეგზოტიკურ სიამოვნებასაც ანიჭებს ადამიანს, უცხოელ ტურისტებს. ვიმედოვნებთ, რომ ფერმერებს, კომპანიებს, ამ დარგის მეცნიერებსა და სპეციალისტებს ეყოფათ სიბრძნე და გამოცდილება და არ დაუშვებენ ამ კულტურათა თანაარსებობის ასწლიანი ისტორიის უგულვებელყოფას, რომელიმე ერთი ან ორი კულტურის ხარჯზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ფერმერი ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ბიზნესისა და საბაზრო ეკონომიკის საკითხებში. მათ ვერ გადაუდგამთ გაბედული ნაბიჯი თავიანთი მეურნეობების რეორგანიზაციაზე. ბევრი მათგანი ცხოვრობს „დღევანდელი კვერცხის“ პრინციპით. დღის წესრიგში დგას მათი მომზადება-გადამზადების აუცილებლობა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, სათანადო ლიცენზიის ან სერტიფიკატის მინიჭების უფლებითაც კი.

    2019-2022 წლებში მსოფლიოში განვითარებული მძიმე მოვლენების გამო (კოვიდ ვირუსის პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი) შესაძლებელია ჩვენს პროგნოზულ სქემაშიც გარკვეული კორექტირება იქნას შეტანილი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მარცვლეულ კულტურების წარმოების უპირობო ზრდას, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული სამარცვლედ ვარგისი ფართობები. თუმცა აღნიშნული კულტურების (ხორბალი, სიმინდი) წარმოება ხელს ვერ შეუშლის ძირითადი სუბტროპიკული კულტურების წარმოების მოცულობებს, რადგან მათი თესვა-მოყვანა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ზაურ გაბრიჩიძე,

სმმ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ნიკა გუნთაძე, მაგისტრი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი