სუბტროპიკული ხეხილოვნების გამრავლების მეთოდები
სუბტროპიკული ხეხილოვნები, ისე როგორც სხვა ხეხილოვნები, მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად.
სუბტროპიკულ მცენარეთა თესლით გამრავლებას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სელექციაში, რადგანაც ის იძლევა საშუალებას სხვადასხვა სამეურნეო ნიშანთვისების მქონე მცენარეთა შეჯვარებით მივიღოთ ისეთი მცენარეები, რომელთა მსგავსი ბუნებაში ჯერ არ ყოფილა. ამ მიზნით მიღებულ ფორმათა სიმრავლე კი საშუალებას იძლევა მათგან შევარჩიოთ უკეთესი, რომელიც მთლიანად შეესაბამება ამ მცენარის ნედლეულისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. განსხვავებული სამეურნეო და ბიოლოგიური ნიშან-თვისების მქონე მცენარეთა შეჯვარებით მიღებულ თაობას ჰიბრიდი ეწოდება, ხოლო შეჯვარების პროცესს – ჰიბრიდიზაცია.
შეჯვარება შეიძლება მიმდინარეობდეს სახეობებს, ჯიშებსა და ფორმებს შორის, ე.ი. იყოს ახლო ნათესაური და ასევე შორეულ ნათესაურიც. ერთიცა და მეორეც ფართოდ გამოიყენა ი. მიჩურინმა, ხოლო ჩვენთან ქართველმა მეცნიერებმა სუბტროპიკულ მცენარეთა სელექციაში, მაგალითად, ჩაის სელექციაში აკად. ქ. ბახტაძემ, ციტრუსების სელექციაში პროფ. ფ. მამფორიამ და სხვა მკვლევარებმა.
სუბტროპიკულ მცენარეთა თესლით გამრავლებას ძირითადად მიმართავენ სანერგე მეურნეობაში საძირე მასალის გამოსაყვანად, მაგალითად, ციტრუსებისათვის ტრიფოლიატის საძირე გამოყავთ ტრიფოლიატის თესლით, ხურმის საძირე – კავკასიის ხურმის თესლიდან, ვარდის საძირე – ასკილის თესლიდან და ა.შ. თესლიდან საძირეთა გამოყვანა უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი საშუალებაა. ამავე დროს ახალგაზრდა თესლნერგის გამოყვანა იმითაც არის გამართლებული, რომ ის სანამყენეს ნაყოფის ხარისხზე უარყოფით გავლენას ნაკლებად ახდენს. გარდა ამისა, მცენარეთა თესლით გამრავლების დროს უფრო მაღალია გამრავლების კოეფიციენტი, უფრო მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომია ვიდრე ვეგეტაციური გამრავლება, ამიტომ ჯერ კიდევ ზოგიერთ სუბტროპიკულ მცენარეთა კულტურაში მას გაბატონებული ადგილი უჭირავს. მაგალითად, დაფნის, ტუნგის პლანტაციებს აშენებენ თესლიდან მიღებული ნერგით. თუმცა ის უარყოფითი მხარე, რაც მცენარეთა თესლით გამრავლების დროს მჟღავნდება (ნერგების სიჭრელე), აქ თავიდან არ არის აცილებული, მაგრამ სათესლე პლანტაციების შექმნის გზით, უფრო გამოთანაბრებული თესლის გამოყენების გამო, ბუდნობრივი თესვისა და ბუდნიდან უარყოფითი სამეურნეო ნიშნების მქონე მცენარეთა წუნდებით, მინიმუმამდეა დაყვანილი გენერაციული გამრავლებისათვის დამახასიათებელი უარყოფითი მხარე.
ვეგეტატიური გამრავლება. სუბტროპიკულ კულტურებში გამოყენებულია ვეგეტატიური გამრავლების შემდეგი ხერხები: გამრავლება მყნობით, გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით, ბუჩქების დაყოფით (ნაბარტყით, ფესურის ან ფესვის ამონაყრით) და ფოთლის დაფესვიანებით. იმისდა მიხედვით, თუ რომელ კულტურასთან გვაქვს საქმე, შეიძლება გამოვიყენოთ გამრავლების ჩამოთვლილი ხერხიდან ერთი რომელიმე, ან რამდენიმე. მაგალითად, ჩაის ვამრავლებთ კალმების დაფესვიანებით და თესლით გერანს – კალმების და ფოთლების დაფესვიანებით, ვეტივერიას – ბუჩქების დაყოფით, რამს – ბუჩქის დაყოფით ან ფესურებით და ა.შ. განვიხილოთ ვეგეტატიური გამრავლების ჩამოთვლილი ხერხები ცალკ-ცალკე.
გამრავლება მყნობით. მყნობა არის ქირურგიული ოპერაცია, როდესაც ერთი მცენარის ვეგეტაციური ნაწილი შესახორცებლად გადააქვთ მეორე მცენარეზე. გადანერგილი სხვა მცენარის ნაწილის შეხორცების შემდეგ მიღებულ მცენარეს ნამყენი ეწოდება.
ვეგეტატიური გამრავლების ამ ხერხს ფართოდ იყენებენ მემცენარეობაში, გასანკუთრებით კი – მეხილეობაში.
იმისდა მიხედვით, თუ რა დიამეტრისაა საძირე და სანამყენე, ან სანამყენის რა ნაწილი უნდა შეუხორცდეს საძირეს, არჩევენ მყნობის რამდენიმე ხერხს: I – როდესაც საძირე და სანამყენე თანაბარი დიამეტრისაა, მიმართავენ კოპულირებას; II – როდესაც შესახორცებლად საძირეზე გადააქვთ მხოლოდ ერთი მომწიფებული კვირტი, ეწოდება კვირტით მყნობა ან ,,ოკულირება”, III – თუ საძირეს დიამეტრი უფრო დიდია, ვიდრე სანამყენესი, მაშინ მიმართავენ მყნობას კალმით (გახლეჩვით, კანქვეშ, უნაგირისებრ და ცერად გადაჭრილი ნამყენისა და სანამყენის ერთმანეთზე დადარებით).
კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებული და ეკონომიურად გამართლებული წესია მეხილეობაში. კვირტით მყნობის დროს აუცილებელია საძირეში გაძლიერებული წვენთა მოძრაობა იყოს და დასამყნელი კვირტი კარგად მომწიფებული.
კვირტით მყნობას ციტრუსოვნებში აწარმოებენ ერთ-ორწლიან 7-10 მმ სიმსხოს საძირეზე, იმ პერიოდში, როდესაც წვენის მოძრაობა გაძლიერებულია – აგვისტო-სექტემბერში. სანამყენე კალმები, საიდანაც კვირტები უნდა აიჭრას, მზადდება შემოწმებული სადედე ხეებიდან. რაც უფრო ნაკლები იქნება დრო კალმების აჭრისა და მყნობის ოპერაციის შესრულებას შორის, მით უფრო მეტია, სხვა თანა ბარ პირობებში, ნამყენის შეხორცების ალბათობა.
კალმით მყნობა. კალმით მყნობის მრავალი მეთოდია ცნობილი. იმ შემთხვევაში, როდესაც საძირე და სანამყენე თანაბარი სისქისაა, მაშინ მიმართავენ კოპილირებას, რაც სრულდება დანის ერთი მოსმით, საძირესა და 2-3 კვირტიან სანამყენეზე ცალ-ცალკე ცერად ჭრილის გაკეთებით, იმ ანგარიშით, რომ ჭრილის სიგრძე სამჯერ მეტი იყოს სისქეზე, ამის შემდეგ საძირესა და სანამყენეს აერთებენ. საძირე სანამყენის ურთიერთ-მორგების შემდეგ ჭრილობას შეახვევენ პოლიეთილენის ლენტით და გარედან წაუსვამენ ბაღის მალამოს ან ამოავლებენ მასში.
კალმით მყნობის შემთხვევაში, როდესაც საძირე უფრო მსხვილია ვიდრე სანამყენე, მიმართავენ გაპობით, კანქვეშ, გვერდითი ჭრილის ან მათი მოდიფიცირებულ მყნობის წესს.
გაპობით მყნობა. მყნობის ეს წესი გამოიყენება მაშინ, როდესაც მოზრდილი მცენარის ვარჯის შეცვლა სურთ გადამყნობით. ამისათვის დასამყნობ ტოტს გადაჭრიან ხერხით ჰორიზონტალურად დანით, მოასწორებენ ზედაპირს და შემდეგ ერთი ან ორი მიმართულებით სიგრძეზე გააპობენ. პირველ შემთხვევაში ორი, ხოლო მეორე შემთხვევაში ოთხი სოლისებრქუსლიანი კალამი შეიძლება ჩავსვათ გახლეჩილ ადგილზე ისე, რომ კალმის და საძირის კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს ზუსტად და მჭიდროდ დაემთხვეს, რის შემდეგ შეახვევენ და ჭრილობას ბაღის მალამოს წაუსვამენ.
კანქვეშ მყნობა საკმაოდ გავრცელებული ხერხია და ის უფრო მარტივია, ვიდრე გაპობით მყნობა. ამისათვის დასამყნობი ხის ვარჯში 3-5 სმ სისქის პირველი და მეორე რიგის გვერდითი ტოტები წვენთა დინების დაწყების შემდეგ ჰორიზონტალურად გადაიხერხება, მოსწორდება ზედაპირი დანით და ტოტების გასწრივ კანზე მერქნის დაუზიანებლად ჭრილი გაკეთდება, ხოლო მძინარე სანამყენეს, 2-3 კვირტით, ქვედა მუხლიდან დანის ერთი მოსმით ცერად წათლიან, შემდეგ დასამყნობ ტოტზე (საძირეზე) ჭრილის გასწვრივ გადაწევენ კანის ნაპირებს და მასში კალამს ჩასვამენ ისე, რომ საძირე და სანამყენეს კამბიუმის ქსოვილები ურთიერთ მჭიდროდ დაემთხვეს, რის შემდეგ ჭრილობას შეახვევენ და ბაღის მალამოს წაუსვამენ.
ციტრუსების გამრავლება
იტრუსები, როგორც სხვა ხეხილოვნები, მრავლდება ორი წესით: თესლით და ვეგეტატიურად. თესლით ნამრავლს გააჩნია რიგი თავისებურებანი: ვერ ინარჩუნებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ და სამეურნეო ნიშან-თვისებებს, წარმოშობს ჭრელ შთამომავლობას, ამიტომაც წარმოებისათვის ძირითადად ვეგეტატიური წესით გამრავლებას მიმართავენ.
ციტრუსების ვეგეტატიურად გამრავლებისას იყენებენ მყნობას და კალმებით გამრავლებას. მყნობისათვის აუცილებელია საძირე და სანამყენე. საძირის სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იგი გავლენას ახდენს სანამყენეს ზრდის სიძლიერეზე, მსხმოიარობის დაწყებაზე, მოსავლიანობაზე, ყინვაგამძლეობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და სხვა. საძირეებს ჩვეულებრივ, თესლით ამრავლებენ.
ციტრუსების საძირეებიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ორ სახეობას: ბიგარადიას (ციტრუსის გვარიდან) და ტრიფოლიატას (პონცირუსის გვარიდან), რომელიც ყინვაგამძლეა, ფოთოლმცვენია და მასზე დამყნილი ციტრუსები მეტი ყინვაგამძელობით გამოირჩევიან.
ტრიფოლიატას თესლი მზადდება წინასწარ შერჩეული სადედე ხეებიდან, 5-6 კგ ნაყოფიდან მიიღება 1 კგ თესლი, ხოლო ერთი კილოგრამი თესლიდან 3-3,4 ათასი ტრიფოლიატის აღმონაცენი. იგი ითესება 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე და ადრე გაზაფხულზე _ 15 თებერვლიდან 15 აპრილამდე, 20-30 სმ-ის მწკრივში, ხოლო თესლებს შორის კი – 2-3 სმ-ის დაშორებით, თესვის სიღრმე 2-3 სმ-ია.
საძირეები ირგვება 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ან 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე. დარგვის წინ, ერთი თვით ადრე ნიადაგი მუშავდება 20-25 სმ სიღრმეზე. სანერგეში მოვლის ყველა ღონისძიება ზაფხულის განმავლობაში ისე უნდა მოეწყოს, რომ მყნობის პერიოდისათვის საძირეების ღეროს დიამეტრმა 8-10 მმ-ს მიაღწიოს, რაც პირველივე წელს თითქმის შეუძლებელია.
სამყნობი კალმები უნდა ავიღოთ წინასწარ შერჩეული სადედე ხეებიდან, ვინაიდან ამ დროს დაშვებული შეცდომა გვიან მჟღავნდება და შემდეგ მისი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. კალმები უნდა იყოს მომწიფებული, საღი, დაუზიანებელი კანით.
კვირტით მყნობა. ვეგეტატიური გამრავლების სხვადასხვა ხერხია ცნობილი, მაგრამ ციტრუსების მყნობაში უპირატესი მნიშვნელობა კვირტით მყნობას ენიჭება. ძირითადად მყნობა ტარდება 1 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.
მყნობა უმჯობესია ჩატარდეს ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეზე. სამხრეთით კვირტის ჩასმას უნდა ვერიდოთ, რადგან მზის სხივების მოქმედებამ შესაძლებელია ნამყენი გამოაშროს. მყნობა არ შეიძლება წვიმაში, დილით ნამის გაშრობამდე, აგრეთვე ძლიერი ქარის ან სიცხის დროს.
მანდარინისა და ფორთოხლის სტანდარტულ ნერგებს უნდა ჰქონდეს 15-20 სმ-ის შტამბი, ხოლო ლიმონისას, 2-3 ძირითადი ტოტითა და 7-10 სმ-ის სიმაღლის შტამბი.
ციტრუსებში მცენარის ვარჯის ფორმირება იწყება სანერგეში და მთავრდება ბაღში. ვარჯის ფორმას განაპირობებს შტამბის სიმაღლე და ძირითადი ტოტების განლაგება. შტამბის სიმაღლის მიხედვით განარჩევენ: 1. ბუჩქების ფორმას სიმაღლით 15-20 სმ; 2. დაბალშტამბიან ფორმას, სიმაღლით 30-55 სმ; 3. საშუალო შტამბიანს, რომელთა სიმაღლეა 60-80 სმ; 4. მაღალშტამბიან ფორმას, სიმაღლით 120-150 სმ და ზევით.
კალმებით გამრავლება. ამ წესს ყველა ციტრუსოვანი მცენარე ერთნაირად არ ექვემდებარება. ლიმონის და ციტრონის კალმები შედარებით ადრე და სწრაფად ფესვიანდება, ხოლო მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი ძნელად.
ციტრუსებში სამრეწველო მიზნით მიმართავენ მხოლოდ ლიმონის დაფესვიანებას კალმებით, რომლებსაც იღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ზრდადამთავრებული პირველი ზრდის ყლორტებიდან, მათი დიამეტრი არ უნდა იყოს 4-5 მმ-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელად ფესვიანდება და სუსტად ვითარდება.
დასაფესვიანებლად ჭრიან 8-12 სმ-ის სიგრძის 4-5 კვირტიან კალამს. პირველი ჭრილი კეთდება ქვედა კვირტის შემდეგ, კალმის ზედა ბოლოს 3 მმ-ის დაშორებით. დასაფესვიანებელ კალმებს ქვედა ორ ფოთოლს აშორებენ, ხოლო ზედა 2-3 ფოთოლი რჩება, ზოგჯერ ფოთლებს სანახევროდ კვეცავენ. უფოთლო კალმები სუსტად ფესვიანდება და შემოდგომაზე მისი განვითარება ძნელდება. ლიმონის დაკალმება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში შეიძლება ჩატარდეს მთელი წლის განმავლობაში. კალმები დასაფესვიანებლად ირგვება სათბურში ან ორანჟერიაში. სუბსტრატად გამოიყენება მდინარის სილა, რომელიც იყრება 20 სმ-ის სისქის ფენით. დაკალმების არეა 5X10 სმ, დარგვის სიღრმე 2-3 სმ.
კალმები ირწყვება წვრილი ჭავლით. სუბსტრატი დაკალმების პერიოდში უნდა იყოს ტენიანი. ფესვების განვითარების შემდეგ, როდესაც ზრდას დაიწყებს ზედა კვირტი და დაფესვიანებული მცენარე აღწევს 25-30 სმ-ის სიმაღლეს და იგი შეიძლება მუდმივ ადგილზე გადავიტანოთ დასარგავად.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი