დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

მარილის (NaCl) მნიშვნელობა ფურებისთვის

 ფერმერები ხშირად უგულებელყოფენ მარილის მნიშვნელობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დღიურ რაციონში. იმ დროს როცა მარილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მცოხნავი ცხოველებისთვის ნატრიუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების და ოსმოსური წნევის რეგულირებისთვის, ასევე ასრულებს მთავარ როლს მჟავური ბალანსის შენარჩუნებაში.

მარილის ნაკლებობა იწვევს ცხოველის საერთო სისუსტეს, მოძრაობის დისკორდინაციას, ცახცახს, გულის არითმიას, რაც შეიძლება ცხოველის დაღუპვის მიზეზიც გახდეს.

ფურებს სიმპტომები  მარილის უკმარისობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უვითარდება, რადგან ძროხას აქვს უნარი, ნატრიუმი ორგანიზმში დააგროვოს. თუ ცხოველს მარილი არ ჰყოფნის მათ უქვეითდებათ მადა, უვითარდებათ „ლოკიანობა“, აქვთ აშლილი ბალანი, შემღვრეული თვალები, უარესდება ყუათიანი ნივთიერებების, განსაკუთრებით პროტეინის მონელება, მცირდება რძის მონაწველი და ცხიმიანობა, იკლებს წონამატი. მარილის ნაკლებობის დროს მოსალოდნელია სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. მისი შესანიშნავი ანტიმიკრობული თვისება უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მავნე ბაქტერიების გამრავლებისგან.

ნატრიუმი გვხვდება სხეულის ყველა სითხეში. მარილები გავლენას ახდენს სითბოს რეგულაციაზე და წყლის ბალანსის კონტროლზე, ისევე როგორც მშობიარობის, ციკლის და ახურების პროცესებზე.

მარილის დამატება სასარგებლოა არა მარტო ლაქტაციაში მყოფი ძროხებისთვის, არამედ მოზარდი პირუტყვისთვისაც. ქლორი აუცილებელია კუჭში მჟავას სინთეზისთვის.

რეკომენდებულია ცხოველის თავისუფალი მიშვების ორგანიზება მარილის ბლოკთან, განსაკუთრებით ცხელ კლიმატურ პირობებში, როდესაც ორგანიზმის ნატრიუმზე მოთხოვნა მომატებული ოფლიანობის ფონზე შედარებით მაღალია.

მარილის ჭარბი მოხმარება იშვიათი შემთხვევაა.

ცხოველებს, რომლებსაც აწუხებთ ცურის შეშუპება,  მარილის მიწოდება ეზღუდებათ, რადგან მარილი  ამ მდგომარეობას ამძიმებს.

ფურს 100კგ. ცოცხალ წონაზე დღიურად 5-7 გრ. მარილი ეძლევა. 10 კგ. მონაწველზე საკმარისია სალოკი მარილის მიცემა (უმჯობესია მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული) და მის ზემოთ თითო კგ. მონაწველ რძეზე 3-4 გრ სუფრის მარილის დამატება საკვებ რაციონში.

 მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი, ვეტერინარიის ექსპერტი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლვითი ცენტრი;

 ნიკოლოზ ზაზაშვილი,

ვეტერინარიის დოქტორი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლვითი ცენტრი