აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

თავიანი კომბოსტო _ წითელთავიანი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ხვიტი, ანუ კოლრაბი, მოვლა-მოყვანის თავისებურებები

არსებობს კომბოსტოს რამდენიმე სახე: თავიანი, ყვავილოვანი, ხვიტი (კეჟერა), საკვები (პირუტყვისათვის). მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია თავიანი კომბოსტო.

ომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. თავიანი კომბოსტო გრილი ჰავისა და ყინვაგამძლე ორწლიანი მცენარეა. მისი პროდუქტიული ორგანოა თავი, რომელიც პირველ წელს წარმოიქმნება, მეორე წელს მურკიანად დარგული თავი კი თესლს იძლევა. კომბოსტოს თავს შეუძლია გაღივდეს 3°C, ხოლო შემოდგომაზე დარგული ჩითილი უძლებს 12-15°C ყინვას. კომბოსტოს თესლის განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 14-20°C. 27-30°C ტემპერატურის დროს კომბოსტოს ასიმილაცია და ზრდა მნიშვნელოვნად ფერხდება. კომბოსტო წყლის მოყვარული მცენარეა. ის ფოთლებიდან დიდი რაოდენობით წყალს აორთქლებს.

ერთ მცენარეს დღე-ღამეში შეუძლია გამოიყენოს 10 ლიტრი წყალი. კომბოსტო სინათლის მოყვარული მცენარეა. კულტურა ნიადაგის ნაყოფიერებისადმი დიდი მომთხოვნია, მას ნიადაგიდან გამოაქვს საკვები ელემენტების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით აზოტი და კალიუმი.

თესლბრუნვაში თავსდება პირველ წელს. მისთვის საჭიროა 1ჰა-ზე საშუალოდ 40-60ტ. ნაკელი. კარგ შედეგს იძლევა ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენება. მინერალური სასუქებიდან წმინდა სახით შეაქვთ 80-100კგ აზოტი, 90-100კგ. ფოსფორი, 80-100კგ. კალიუმი. სასუქებით უზრუნველყოფის შემთხვევაში თითქმის ყველანაირ ნიადაგებზე მოდის.

კომბოსტოს მოყვანა შეიძლება, როგორც თესვით ისე, ჩითილის გამოყვანითაც.

ფართოდ იყენებენ კომბოსტოს ჩითილით დარგვას შემოდგომაზე, გაზაფხულსა და ზაფხულში. შემოდგომაზე კომბოსტო ირგვება სუბტროპიკულ ზონაში, რომელიც მოსავალს აპრილ-მაისში იძლევა. შემოდგომაზე დასარგავად გამოდგება მხოლოდ საადრეო ჯიშები. ადრე გაზაფხულზე კვალსათბურში ჩითილი გამოყავთ, შემდეგ მისი დარგვით ღებულობენ საადრეო მოსავალს. ზაფხულში ირგვება საადრეო ჯიშები სათესლედ.

ჯიშები

ადრეული ჯიშებიდან ცნობილია: გრიბოვის 147, ,,ექსპ-რესი”, ,,დერბენტი”, ოქროს ჰექტარი 1432”, ,,ხარისგულა” (ქართული ანუ მესხური ჯიში) და სხვ.

საშუალო საადრეოა: ,,სლავა-1305”, ,,სლავა გრიბოვსკაია-231”, ,,ტაშ-კენტის 10”, ,,ბორჯომის იდეალი” (ქართული ადგილობრივი) და სხვ. საშუალო საგვიანო და საგვიანო ჯიშები: ,,ბრაუნშვეიგის,” ,,ოსენნაია გრიბოვსკაია 320”, ,,ბელორუს ნეჟნაია”, ,,იუჟანკა 31”, ქართული, ანუ მესხური და სხვ.

ადგილი თესლბრუნვაში

კომბოსტოს საუკეთესო წინამორბედია მრავალწლიანი ბალახები. შემდეგ, თესლბრუნვაში მეორე კულტურად ითვალისწინებენ კომბოსტოს. მისთვის საუკეთესო წინამორბედებია: კარტოფილი, კიტრი, ხახვი, საშემოდგომო თავთავიანი კულტურები, ძირხვენები და სხვ. აგროტექნიკა. ადრეული კომბოსტოსათვის ნიადაგს ხნავენ რაც შეიძლება ადრე, რათა შემოდგომიდანვე დაიწყოს კომბოსტოსათვის შეტანილი ნაკელის დაშლა- მინერალიზაცია. საშუალო და საგვიანო ჯიშებისთვისაც ნიადაგის ძირითად (ღრმა) დამუშავებას იწყებენ შემოდგომიდან. ადრეული კომბოსტოს ჩითილის დარგვის წინ ატარებენ ნიადაგის კულტივაციას 10-12სმ სიღრმეზე, საგვიანოსი, 12-14სმ სიღრმეზე.
დარგვის დროს საკვები არეს მიცემა დამოკიდებულია ჯიშზე. საადრეო ჯიშს კვების არედ რიგებს შორის 70სმ ეძლევა, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 4050სმ ან ორივე მხრივ 60-60სმ.

საშუალო პერიოდის ჯიშს რიგებს შორის 70-80სმ ეძლევა, მცენარეთა შორის კი 60სმ, საგვიანოებს რიგებს შორის 80-90სმ და მცენარეთა შორის 70-80სმ. დარგვის შემდეგ ირწყვება, ხოლო რწყვიდან 6-10 დღის შემდეგ უნდა გაიმარგლოს მოცდენილი ადგილები, შეივსოს და ისევ უნდა მოირწყას. ნიადაგის შეშრობისთანავე ატარებენ კულტივაციას და თოხნიან. შემდეგი მოვლა გამოიხატება თოხნასა და კულტივაციაში საჭიროების მიხედვით (2-4 ჯერ) და მორწყვაში (ჯიშისა და რაიონის კლიმატური პირობების მიხედვით 6-14-ჯერ).

კარგ შედეგს იძლევა დამატებითი გამოკვება და დარგვის დღიდან მავნებელ-დაავადებებთან შესაბამისი პრეპარატებით ბრძოლა. მოსავლის აღება. კომბოსტოს იღებენ თავების შემოსვლის მიხედვით, რადგან ზოგიერთი მცენარე მას ადრე ივითარებს, ზოგი კი გვიან. საადრეო კომბოსტოს მოსავლის აღებას იწყებენ ივნისის მესამე დეკადიდან.
კომბოსტოს საშუალო და საგვიანო ჯიშებს იღებენ, როგორც წესი, ერთჯერადად. სარეალიზაციოდ ახალ თავებს ჭრიან 1-2 მფარავი ფოთლის დატოვებით დასამჟავებლად ან საზამთროდ შესანახად. აღებისას თავებს უნდა ჰქონდეს 2-3 არამჭიდროდ მიმდებარე ფოთოლი, გარეგანი მურკის სიგრძე 3სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. კომბოსტოს საადრეო ჯიშების თავების მოჭრის შემდეგ, მინდორში დარჩენილი მცენარეების იღლიის კვირტებიდან ყალიბდებიან ახალი თავაკები. იმისათვის, რომ მივიღოთ ნორმალურთან სიდიდით დაახლოებული თავები, ყოველ მცენარეზე ტოვებენ თითო თავს, რაც საშუალებას იძლევა ავიღოთ მეორე მოსავალი, 150ც-მდე 1ჰა-დან რა თქმა უნდა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მავნებლების წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლა.

კომბოსტოს მოსავლის აღებისათვის იყენებენ სატრანსპორტო ბაქნებს. კომბოსტოს მოსავლის ასაღებად შექმნილია ასევე  სპეციალური კომბაინები.

 წითელთავიანი კომბოსტო

წითელთავიანი კომბოსტო თეთრთავიანი კომბოსტოსაგან მხოლოდ ფოთლებისა და თავის ფერით განსხვავდება. მისი სიწითლე გამოწვეულია პიგმენტ ანტოციანით. მოყვანის წესი ისეთივეა, როგორც თეთრთავიანი კომბოსტოსი. იხმარება უმადაც, სალათის მსგავსად, ჯიშებიდან აღსანიშნავია: ერფრუტის საადრეო, ქვისთავა და ზენიტი.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო ერთწლიანი მცენარეა. მოჰყავთ ყვავილედისათვის, რომელიც მომავალი ყვავილებისაგან შემდგარი მკვრივი თეთრი თავია, კვებითი ღირებულებით ყველა კომბოსტოზე მაღლა დგას. განსაკუთრებით ძვირფასია როგორც დიეტური და ბავშვების საკვები.

ყვავილოვანი კომბოსტოს სავეგეტაციო პერიოდი ჯიშზეა დამოკიდებული. მოჰყავთ ჩითილით. ჩითილის აღზრდას, ნიადაგის დამუშავებას და სასუქებს თითქმის ისეთივე მოთხოვნილებას უყენებს, როგორსაც თავიანი კომბოსტო.

სუბტროპიკულ ზონაში ითესება მაის–ივნისში ღია კვლებზე ირგვება ივნისსა და ივლისში, შეიძლება დაირგას შემოდგომაზეც იმ ანგარიშით, რომ მოსავალი მეორე წლის აპრილ-მაისში მივიღოთ.

საადრეო ჯიშები ირგვება 60X45სმ დაშორებით, საგვიანო ჯიშები კი 70X60სმ დაშორებით. ნარგავს ისეთივე მოვლა უნდა, როგორც თავიან კომბოსტოს. გარდა მოვლის საერთო წესებისა, ყვავილოვანი კომბოსტოს შემთხვევაში მიმართავენ ე.წ. ,,თავების გათეთრებას”, რომლის მიზანია თეთრი და ნაზი პროდუქტის მიღება. ამისათვის რანდენიმე შიგნითა ფოთოლს ახვევენ და კრავენ, ანდა თავების შიგნით 2-3 შიგნითა მსხვილ ფოთოლს ჩაზნექენ ამ ღონისძიებით თავები საიმედოდაა დაცული მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან.

ხვიტი, ანუ კოლრაბი

კოლრაბს ორგანულ ნივთიერებათა მარაგი უგროვდება ღეროს ქვემოთა გამსხვილებულ ნაწილში, მომრგვალო ფორმის ღეროა, რომელიც გამოიყენება საჭმელად ნედლი სახით, ან მარილწყალში მოხარშული, მოთუშული. გემოთი ნედლი ღერონაყოფი კომბოსტოს მურკს მოგვაგონებს, მაგრამ ის უფრო ნაზი და გემრიელია. გავრცელებულია კოლრაბის შემდეგი ჯიშები: ვენსკაია ბელაია, ოპტიმუს, სინი პოვირ.

კოლრაბის საადრეო მოსავლის მისაღებად იგი მოჰყავთ 35-40 დღიანი ჩითილის დარგვით იმავე ვადებში, როგორც საადრეო კომბოსტოსი. დარგვის საადრეო ვადა განისაზღვრება ნიადაგის სიმწიფით და მისი დამუშავების შესაძლებლობით.

კოლრაბს არ უყვარს მჟავე ნიადაგები, კარგად იყენებს მინერალურ სასუქებს. მოსავლის აღება. კოლრაბს მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად იღებენ, როცა ისინი 5-8სმ დიამეტრს მიაღწევენ, მაგრამ არაუმეტეს 10სმ დიამეტრისა. ამის შემდეგ მოცდა არ შეიძლება, რადგან ისინი სწრაფად უხეშდებიან და საჭმელად უვარგისი ხდება. კოლრაბი 1 ჰა-ზე 150-200ცენტნერ და მეტ მოსავალს გვაძლევს.

ფოთლოვანი კომბოსტო

ფოთლოვანი კომბოსტო მოჰყავთ კარგად განვითარებული ფოთლებისათვის, რომლებიც გამოიყენება როგორც ადამიანის, ისე საქონლის საკვებად.

ფოთლოვანი კომბოსტო ყინვაგამძლეა და კარგად იტანს სხვა არახელსაყრელ პირობებს. ჩითილის გამოყვანა, დარგვა და მოვლა ისეთივეა, როგორიც თავიანი კომბოსტოს ჩითილისა.

კეჟერა კომბოსტო

კეჟერა კომბოსტო დასავლეთ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

კეჟერას გამსხვილებული ღეროს წონა ხშირად 2-4კგ აღემატება. ღეროს ფორმა თითისტარისებური ან ცილინდრული, იშვიათად მრგვალი; მოიისფრო ან მოთეთრო მწვანე.

მოჰყავთ ჩითილით, ირგვება უმთავრესად აპრილში.

რუსუდან ძიძიშვილი