თავიანი კომბოსტო – (Br. ca­pi­ta­ta (L) Lizg)  მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

საქართველოში ყველაზე მეტად თეთრთავიანი საადრეო, საშუალო საადრეო და საგვიანო კომბოსტოს ჯიშებია გავრცელებული. კომბოსტო ძვირფასი სასურსათო კულტურაა, იძლევა უხვ მოსავალს, ხანგრძლივად ინახება, გამძლეა არახელსაყრელი პირობების მიმართ, კარგად იტანს ტრანსპორტირებას და მისი გამოყენება, ნედლად თუ გადამუშავებული სახით, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება.

თეთრთავიანი კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს მცენარე სხვადასხვა ფორმის და ზომის, 3-დან 10-12-კგ-მდე თავს ივითარებს. მეორე წელს თავების დარგვის შედეგად მცენარე ძლიერ (1,75 მეტრამდე) სწორ ღეროს ივითარებს და იკეთებს თესლს. ერთი სათესლე მცენარიდან საშუალოდ 40-70 გრამი კონდიციური თესლი მიიღება. ჰექტარზე იძლევა 40-60 ტონა მოსავალს. შემოდგომაზე აღებული თავიანი კომბოსტო საცავებში 6-7 თვის განმავლობაშიც კარგად ინახება.

თავიანი კომბოსტოს აგროტექნიკა

თეთრთავიანი კომბოსტოსათვის ნიადაგის ძირითადი და თესვისწინა (რგვისწინა) დამუშავება, სხვა ბოსტნეული კულტურების მსგავსად, ძირითადად შემოდგომითა და გაზაფხულზე წარმოებს.

იგი განვითარებისათვის საკვებ ნივთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით მოითხოვს ვიდრე, სხვა ბოსტნეული კულტურა, ამიტომ მისი დიდი მოსავლისა და უხვი თესლის მისაღებად მაღალნაყოფიერი, გაკულტურებული, სწორზედაპირიანი სარწყავი ნიადაგები უნდა შეირჩეს.

კომბოსტოსთვის კარგი წინამორბედი კულტურებია: კარტოფილი, პამიდორი, მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახები, კიტრი, ხახვი და სხვა. კომბოსტო თავის მინდორს უნდა დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ.

შემოდგომაზე ყოველ ჰექტარზე მოფანტვით უნდა შევიდეს 50-60 ტ. საქონლის გადამწვარი ნაკელი, ამასთანავე უმჯობესია რთული სასუქის შეტანა 350-400 კგ/ჰა, ამის უქონლობის შემთხვევაში ჩვეულებრივ მინერალური სასუქებიდან კომბოსტოს სჭირდება 2-3 ც/ჰა ამონიუმის გვარჯილა, ასევე 3-4 ცენტნერი სუპერფოსფატი და 1,5-2,0 ცენტნერი კალიუმის მარილით. აზოტიანი სასუქის 3/4 წილი უმჯობესია შევიტანოთ გადარგვამდე, ხოლო 1/4¼მე-2 ან მე-3 თოხნა-კულტივაციის დროს.

თესვა და მოვლის სამუშაოები ჩითილების გამოსაყვანად

თესლი უმთავრესად ღია საჩითილე კვლებში უნდა დაითესოს. თესვის წინ ის უნდა შეიწამლოს, თესვა უნდა ჩატარდეს გადარგვამდე 40-50 დღით ადრე, სპეციალურად გამზადებულ ორგანული სასუქებით განოყიერებულ საჩითილე კვლებზე. თესვის წინ ნიადაგის მავნებლების და სხვათა წინააღმდეგ უნდა შევიდეს მისატყუებელი მასალა, ან ჩაითოხნოს ბაზუდინი,  ნაკვეთი დამარკერდეს და კომბოსტო მწკრივებში 8-10 სმ დაითესოს. თესვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოიტკეპნოს და მაშინვე მოირწყას.

ერთ ჰექტარზე დასარგავად საკმარისი ჩითილის მიიღება 150-200 კვადრატულ მეტრ ფართობზე შეიძლება. მწკრივები ვეგეტაციის პერიოდში 2-3 ჯერ უნდა გაიმარგლოს და გაფხვიერდეს, მავნებლების წინააღმდეგ წამლობა ტარდება 1-2 ჯერ, რწყვა კი რეგულარულად, რათა ნიადაგი არ გამოშრეს. მინერალური სასუქებით გამოკვება ხდება 2-3 ფოთლის ფაზაში. ჩითილი გადასარგავად მზადაა, როცა 5-6 ფოთოლი განუვითარდება. მისი დარგვა 20-25 მაისიდან იწყება და ორი კვირა გრძელდება. ჩვენი ადგილობრივი ჯიშები „ბორჯომის იდეალი”, „ლიკანი” და „გორული ბრაუნშვეიგი” 70 სმ X 50-60 სმ. კვების არით ირგვება.

გაცდენილი ადგილების გამორგვა ხდება პამიდორის მსგავსად. ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა ნიადაგის დამუშავება 3—4 ჯერ. პირველი გათოხნა ან კულტივაცია ტარდება გადარგვიდან 10-12 დღის შემდეგ, დანარჩენი კი საჭიროების მიხედვით 10-15 დღის ინტერვალით.

კომბოსტოს მორწყვა ვეგეტაციის განმავლობაში ტარდება სულ 8-10 ჯერ. თავების დახვევის დასაწყისიდან მორწყვა ხშირად უნდა ჩატარდეს. მცენარე დაამთავრებს თუ არა თავების დახვევას, რწყვა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავები დახეთქვას დაიწყებს. მორწყვა რეკომენდებულია კვლებში მიშვებით, ან დასხურებით.

რწყილების, თეთრულების და სხვა სახის მავნებლების საწინააღმდეგოდ წამლობები საჭიროების მიხედვით, ინსექტიციდით 2-3 ჯერ უნდა ჩატარდეს.

სათესლეების შერჩევა და ამოღება

(პირველი წლის აგროტექნიკა)

სათესლე კომბოსტოს თავები ყინვების დაწყებამდე უნდა ავიღოთ — დაახლოებით ოქტომბერში, თუ ყინვა ადრეა მოსალოდნელი, თავების აღება შეიძლება მოხდეს მის დაწყებამდე. სათესლეებად შეირჩევა ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპური ფორმის მსხვილი, მკვრივი, დაუხეთქავი, საღი თავები. სათესლე მცენარეებს მურკებზე კოჟრები არ უნდა ჰქონდეს, რადგან აქ მალულად ბუდობენ ხორთუმას მატლები, რომლებიც შენახვისას გარეთ გამოდიან და იწყება მურკის ლპობა. ამიტომ, ასეთი სათესლედ არ აიღება.სათესლეები უნდა ამოვიღოთ ფესვებიანად ბარით ან ბოსტნის ფიწლით და სანახებში შევინახოთ. სათესლეები შეიძლება შევინახოთ ტაბელებად, შუაში ლამის შევსებით (ფესვებზე დაყრით ან ლარტყებზე დირეებში ფესვების ჩამოკიდებით)

კომბოსტოს სათესლეების ამოღებამდე ვატარებთ აპრობაციას, ასევე დგება შემოდგომაზე სათესლეების გადარჩევის აქტი ცალკეული თავების აღნიშვნით და ინახება. შენახვის წინ სათესლეების თავზე ვტოვებთ მხოლოდ გარე, მწვანე ფოთოლს, დანარჩენს კი მოვაცილებთ და საქონლის საკვებად გამოვიყენებთ.

1 ჰა კომბოსტოს ნარგავიდან მზადდება 1/3, ანუ ჰექტრისათვის საკმარისი სარგავი მასალა. სათესლეები მეტობით უნდა შევინახოთ, რადგან გამოზამთრებისას ნაწილი თავებისა ფუჭდება. 1 ჰა-ზე სათესლეების დასარგავად საჭიროა 23-25 ათასი მცენარე.

მეორე წლის აგროტექნიკა

სათესლე მცენარეები რაც შეიძლება ადრე გაზაფხულზე უნდა დავრგოთ. მისთვის კარგი წინამორბედებია – პარკოსნები, პამიდორი, გოგროვნები და სხვ. ნაკვეთი უნდა იყოს მზრალად მოხნული, შეტანილი უნდა იქნას 40-60 ტ. ორგანული სასუქი ან 5-6 ცენტნერი სუპერფოსფატი, 1.5 -2.0 კალიუმის მარილი და 3-4 ცენტნერი სულფატამონიუმი, ან ამონიუმის გვარჯილა.

მზრალის სათანადო დამუშავების შემდეგ კომბოსტოს მწკრივებში ვრგავთ 70-80 სანტიმეტრის დაშორებით, მცენარეებს შორის 60-65 სმ.

სათესლეების მომზადება დასათესად

დარგვას ვატარებთ ამინდზე დამოკიდებულებით თებერვალ-მარტში. დარგვის წინ სათესლეები დახარისხდება, გადაირჩევა და საუკეთესოები გადაიტანება მინდვრად. მჭრელი დანით თავზე გავაკეთებთ კონუსს ფოთლების წაჭრით. დარგვამდე სათესლეების მურკები უნდა ამოვავლოთ ახალი ნაკელის წყალხსნარში და დავრგოთ.

სათესლე კომბოსტო წინასწარ ამოთხრილ ორმოებში უნდა დაირგოს და მიწა მიეტკეპნოს. თოხით უნდა შემოეყაროს მიწა და გაუკეთდეს კოკოლა. რათა მზის სხივებმა მიწის ზემოთ დარჩენილი კომბოსტოს თავები არ დააზიანოს. დარგვისთანავე აუცილებელია ნარგავის მორწყვა. ამით ნიადაგი მჭიდროდ მიეკვრება მურკს და ღერო ადვილად განივითარებს ფესვებს და საერთოდ, წყალი უზრუნველყოფს კომბოსტოს გახარების მაღალ პროცენტს.

მოვლა

2-3 ჯერ ნიადაგის გაფხვიერება, მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ, ბრძოლა 2-3 ჯერ (უმთავრესად ყვავილებისა და ნასკვიჭამიების წინააღმდეგ) სხვადასხვა ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების შეფრქვევა, რწყვა 2-3 ჯერ, ღეროს აკვრა 1-2 ჯერ და სხვ.

კომბოსტოს თესლი სხვადასხვა დროს მწიფდება, ამიტომ მომწიფების მიხედვით ის რამდენჯერმე შერჩევით უნდა ავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თესლი ჩაიბნევა და დაიკარგება. თესლის აღება უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა საყვავილე ღეროზე ჭოტები (პარკები) მასობრივად ჩამწიფდება. პირველად ვჭრით მომწიფებული ყვავილების ღეროებს და ასე თანდათანობით დანარჩენს. მოჭრილი ღეროები კარგად უნდა შევკრათ და ფარდულში ჩამოვკიდოთ ან კალოზე გავშალოთ გასაშრობად.

თესლს მთლიანად მაშინ ვიღებთ, როცა სათესლე პარკების მომწიფება მასობრივად დაიწყება. გავაშრობთ, გამოვბეგვავთ, დავახარისხებთ -გავწმენდთ და საერთო წესით შევინახავთ. თესლის მოსავალი ჰა-ზე 2.5 -6,0 ცენტნერია.

ჟურნალი „ახალი აგრარაული საქართველო“ #14

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.