თბილისი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას WINEXPO 2023 მასპინძლობს.
თბილისში გუშინ, 2 ივნისს „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-11პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლინიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 გაიხსნა.
გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და კონკურსის Georgian International Wine Award ჟიურის თავჯდომარემ, ღვინის მაგისტრმა, ტიმ ატკინმა გახსნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა: „სახელმწიფო წლებია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, რის შედეგადაც, დღეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი რთველის ისტორიით ღვინის სამშობლოა. ყოველწლიურად გვაქვს ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი. შარშან განვახორციელეთ რეკორდული რაოდენობის, 103 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი, რაც 23 მლნ-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მასშტაბური რიცხვებია; წელსაც, მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ ზრდის ამ დინამიკას. ეს არის ჩვენი, კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგი და, დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მომავალ წლებში, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს იმისათვის, რომ ჩვენი ღვინო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და გამოფენაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.
წელს, გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები, აქსესუარები, სერვისები და სხვ.
WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად, მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.
გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს, გააცნობს.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი ინტერესი გაზრდილია.
WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის მე-11პავილიონში 2-4 ივნისს სტუმრებს 11:00 სთ-დან 19:00 საათამდე მიიღებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia