თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა
თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ.
თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ასოციაცია აგორას შედეგიანი თანამშრომლობისთვის.
მისი თქმით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, _ განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბება და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერა წარმოადგენს.