The Guardian-ი ქართული ღვინის შესახებ
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი დევიდ უილიამსი ქართული ღვინის დამზადების წესებით ინტერესდება. სტატიის ავტორის თქმით, შავი ზღვისპირეთის ქვეყანაში, საქართველოში ღვინოს ათასეული წლებია ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და დღეს ქართული ღვინო მოწინავე პოზიციებს იკავებს.
„ქვევრს საქართველოში ვერსად ასცდებით, ის აქ ყველგან არის, მათ შორის, სუვენირების სახით, თბილისის ტურისტულ მაღაზიებში. თიხისგან დამზადებული ღვინის ჭურჭლის გამოსახულებას იხილავთ მაისურებზე და სხვადასხვა ნივთებზე. ქვევრის გამოსახულებას დაინახავთ გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრს კი ღვინის ტურებში იხილავთ.
ქვევრი – ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სიმბოლო, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ.
არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით ქვევრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება. პარადოქსია, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამდროვე პერიოდის სიმბოლოც არის, რომელიც ამავდროულად წარსულის ტრადიციებზეა დაფუძნებული. “
დევიდ უილიამსის თქმით, საქართველოში ღვინის წარმოება სულ უფრო იზრდება და ეს სფერო დიდი როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. ქართულ ღვინოს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პოპულარულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში.
წყარო:imedinews.ge