თხილის გადამმუშავებელი სიმძლავრეები საქართველოში
საქართველოში დღეს არსებული თხილის გადამმუშავებელი საწარმოების სიმძლავრე (სხვადასხვა სიდიდის 165-მდე წარმოებას წელიწადში 65 ტონა თხილის გულის დამზადება შეუძლია) გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობას თითქმის ორჯერ აღემატება, მაგრამ ამ საწარმოთაგან მხოლოდ 3%-ია სერტიფიცირებული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. მათზე თხილის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 10 % მოდის.
ქვეყანაში არსებული გადამმუშავებელი საწარმოდან სპეციალურად თხილისათვის მხოლოდ 15-ია აგებული, რაც მთლიანი სიმძლავრის 17%-ს ანუ წელიწადში 11 000 ტონა თხილის გულს შეადგენს.
საყურადღებოა ისიც, რომ გადამმუშავებელი საწარმოები საშრობი სიმძლავრეების ნაკლებობას განიცდიან, რის გამოც საჭირო ხდება მცირე საწარმოებიდან თხილის გულის შესყიდვა ან მათი დავალებით დამზადება.
დღეს არსებულ თხილის გადამმუშავებელ საწარმოთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 21%-ს შეუძლია არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღების შედეგად გაიაროს სერტიფიცირება, რაც ქვეყანას ფაქტობრივად საექსპორტო სიმძლავრეების დეფიციტის წინაშე აღმოაჩენს. თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ სერტიფიცირების შედეგად საექსპორტო თხილის ფასი მინიმუმ 0,5 აშშ დოლარით მოიმატებს და (2013 წლის მაგალითი) ქვეყანაში დამატებით 13-14 მლნ. აშშ დოლარი შემოვა.
თხილის საერთაშორისო ბაზრის ძირითადი მოთხოვნები სტანდარტებთან შესაბამისობას და სერტიფიცირებას ეფუძნება. არსებული საწარმოების უმრავლესობას ეს პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომ სასურველია ახალი საწარმოების შექმნა, რომლთა პროექტირებისას საერთაშორისო ბაზრის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებენ.
ახალი საწარმოების შექმნა და ძველების მოდერნიზაცია-სერტიფიცირება არსებული საწარმოების ნაწილის დახურვას გამოიწვევს, თუმცა აღმოიფხვრება ქაოსიც, რომელიც დღეს მეთხილეობის სექტორშია. შედეგად ქართული თხილისადმი ნდობა და ევროპის ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება.
ქვეყანაში თხილის პლანტაციების მოცულობა ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება. ამ დროს თანამედროვე, სერტიფიცირებული საწარმოების არსებობა სანედლეულო ბაზის ზრდის პირობებში მისი საბაზრო ღირებულების პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა და ქართული ეკონომიკისათვის თხილის სექტორის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
თხილის მსოფლიო ბაზარი
თხილი მსოფლიო საკონდიტრო წარმოების ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტია და მასზე მოთხოვნა სტაბილურია.
თხილის კომერციული წარმოებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მსოფლიოში მხოლოდ ცალკეულ არეალში არსებობს, და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროგეოგრაფიული ზონა საქართველოა.
თხილის გულის წარმოების მოცულობა მსოფლიოში თხილის მოსავლიანობის ცვალებადობის გამო მნიშვნელოვან ფლუქტუაციას განიცდის.
თურქული თხილი მსოფლიო წარმოების 74%-ს შეადგენს და თურქეთში თხილის მოსავლის მოცულობა მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
საქართველოში წარმოებული თხილი მსოფლიო წარმოების 3%-ია, რაც სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შეფარდებით (თურქეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ) საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. მეტიც, ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციების განაშენიანების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს წილი თხილის მსოფლიო წარმოებაში 3%-დან 5%-მდე გაიზრდება და 2020 წლისათვის მსოფლიოში სიდიდით თხილის მესამე მწარმოებელი ქვეყანა გახდება.
თხილის გულის იმპორტიორი ქვეყნების პირველი სამეული: იტალია, საფრანგეთი და გერმანია ჯამში მსოფლიო იმპორტის თითქმის ნახევარს — 48%-ს შეადგენს.
„ნუტელას“ პოპულარობის ზრდის შედეგად მხოლოდ იტალიური კომპანია „ფერერო“, რომელიც „ნუტელას“ მწარმოებელია, წელიწადში 100 000 ტონა თხილის გულს მოიხმარს, რაც თხილის მსოფლიო წარმოების თითქმის მეოთხედია. აღსანიშნავია, რომ ფერეროს 2011 წლის თხილის წარმოების ანალიზურ ანგარიშში საქართველო თხილის წარმოების ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს (წყარო: Ferrero Group – Hazelnuts Business Development, Global Production Systems).
ევროგაერთიანების ქვეყნებში თხილს ძირითადად შოკოლადის წარმოებაში მოიხმარენ. დაფქული და პასტის სახით მას ნამცხვრების და სხვა საკონდიტრო პროდუქტების წარმოებაშიც იყენებენ.
თხილის მთავარმა ექსპორტიორმა, თურქეთმა, რომელიც თავისი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს 33-40%-ს გერმანიაში ახორციელებს, ბოლო წლებში თხილის გულის ექსპორტთან ერთად, ნახევარფაბრიკატის (დამატებული ღირებულების პროდუქტები): თხილის პასტის და ფქვილის ექსპორტიც დაიწყო. ასეთი პროდუქციის ექსპორტი კი მხოლოდ სერტიფიცირებული, თანამედროვე გადამამუშავებელი წარმოების საშუალებით ხდება.
ევროპული კომპანიები თხილის პასტის, მოხალული თხილის ფქვილის, მოხალული და დაქუცმაცებული, კანგაცლილი (დაბალანსებული) თხილის შეძენას ამჯობინებენ. ამის მიზეზი ევროპაში ნედლეულის გადამუშავების სიძვირეა.
თურქული თხილის გულის საექსპორტო ღირებულება ქართული თხილის გულის ფასთან შედარებით, საშუალოდ, 0.5-1.5 აშშ დოლარით ძვირია, რაც შემდეგი ძირითადი ფაქტორებით არის განპირობებული:
თურქულ ექსპორტიორ კომპანიებს ევროპელ მწარმოებლებთან პირდაპირი კავშირი აქვთ;
თურქული საწარმოების მნიშვნელოვანი წილი სერტიფიცირებულია და ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც ევროგაერთიანებაში პროდუქციის მაღალი ფასით ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოში თხილის ნედლეულის წარმოების რეალური ზრდის, თხილის გულზე და თხილის დამატებული ღირებულების პროდუქტებზე მსოფლიოში არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თხილის წარმოება და გადამუშავება საქართველოს ეკონომიკისათვის მომავალ წლებში ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი გახდება.
თხილის სექტორი საქართველოში
თხილი საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიოდეს.
დღეს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი თხილის პროდუქტების 80-85 % ნაჭუჭგაცლილ (თხილის გული) თხილზე მოდის, თუმცა არის პოტენციალი, რომ მოხდეს შემდგომი გადამუშავება და ექსპორტზე გავიდეს არა ნედლეულის, არამედ მზა პროდუქციის სახით.
თხილის მზა პროდუქციის ევროპის ბაზარზე შეტანა, გარდა შესაბამისი სიმძლავრეების არსებობისა, ასევე მკაცრ სერტიფიცირებას და ლაბორატორიულ კონტროლს დაქვემდებარებულ სისტემებს მოითხოვს, რაც საქართველოდან თხილის ექსპორტიორი კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეისათვის არ გააჩნია.
თხილის კულტურა და პროდუქტების ასორტიმენტი
თხილი თავდაპირველად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, კავკასიისა და მცირე აზიის ტერიტორიებიდან გავრცელდა. თხილის გვარი მოიცავს მრავალ სახეობას, რომელთაგან საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველისყურა, ნემსა, ცხენის კბილა, დედოფლის თითი და სხვა.
თხილის გადამუშავება პრაქტიკულად უნარჩენო წარმოებაა და მიღებული პროდუქციის გამოყენების სფერო ძალიან მრავალფეროვანია. დღეისათვის საქართველოდან ექსპორტზე ძირითადად თხილის გული გადის, ხოლო სხვა პროდუქტების წილი ექსპორტში ძალიან მცირეა. მაგალითად, 2013 წელს მთლიან ექსპორტში გაუტეხავი თხილი — 8%-ს, თხილის ზეთი — 2%-ს, თხილის ფქვილი — 4%-ს, მოხალული თხილი — 2%-ს და თხილის გული 84 %-ს შეადგენდა (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).
თხილის გავრცელების ზონები საქართველოში
საქართველოს კლიმატური პირობები თხილის კულტურის გავრცელების არეალს არ ზღუდავს. მისი სამრეწველო განვითარებისათვის სათანადო აგრო-ეკოლოგიური ბაზა არსებობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზონებსა და მიკროზონებში.
თხილის ბაღები ძირითადად წარმოდგენილია სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის და კახეთის რეგიონებში, სადაც ჯიშობრივი შემადგენლობა ცვალებადია. ამჟამად თხილის გაშენება-მოყვანა ძირითადად მცირე ფერმერულ მეურნეობებში ხდება. ბოლო პერიოდში რამდენიმე სამრეწველო ბაღიც გაშენდა.
2000 წელს საქართველოში მთლიანად 14,6 ათასი ტონა თხილი იწარმოებოდა. თუ ამ მონაცემს 2016 წლის შედეგებს შევადარებთ, ცხადია, რომ მაღალი შემოსავლის გამო თხილის ბაღების გაშენების მხრივ დაინტერესება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.
თხილის დამზადების უმსხვილეს რეგიონად სამეგრელო ითვლება, რომელზედაც მთლიანად წარმოებული თხილის 40%-ზე მეტი მოდის.
აქ ასევე გასათვალისწინებელია აფხაზეთიდან აღრიცხვის გარეშე გადმოტანილი თხილის რაოდენობაც, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა.
იმის მიუხედავად, რომ წარმოებული თხილის რაოდენობა იზრდება, საჰექტრო მოსავლიანობა მაინც ძალიან დაბალია: დასავლეთ საქართველოს რეგიონებში საშუალოდ 1,2-1,5 ტონა`ჰა, ხოლო კახეთში მოსავლიანობა უფრო მაღალია, მაგალითად, სოფელ საბუეში 2012 წელს საშუალო მოსავალმა სარეკორდო მაჩვენებელი ჰექტარზე 2,9-3 ტონა შეადგინა.
დაბალი მოსავლიანობის მთავარი მიზეზებია მნიშვნელოვანი აგრო-ტექნიკური ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკის უქონლობა, პლანტაციის მოვლის ცოდნის დაბალი დონე და ყველა საჭირო გამამდიდრებლების არქონა.
საქართველოს თხილის ექსპორტი
ქართული თხილის საექსპორტო ბაზრის დიდი წილი (60-65%) ევროპის ქვეყნებზე მოდის. არსებობს აქტიური მოთხოვნები რუსეთის და უკრაინის ბაზრებიდან, თუმცა ეს მოთხოვნა არასტაბილურია ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
საქართველოს თხილის პროდუქტების ექსპორტმა მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია და 170 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გასათვალისწინებელია ის, რომ როგორც წესი ქართული თხილის ფასი მინიმუმ 0,50 აშშ დოლარით ნაკლებია თურქულ თხილზე. ამის ძირითადი მიზეზებია:
ქართული თხილის ცუდი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე;
თხილის შუამავლების გზით გაყიდვა;
შედარებით დაბალი საექსპორტო ხარისხი;
ქართული კომპანიების არასაიმედოობა;
საქართველოში ლოჯისტიკის პრობლემები.
დაბალი საექსპორტო ხარისხი თავის მხრივ ფერმერული მეურნეობებისა და გადამუშავების პროცესების საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობით, კერძოდ სურსათის უვნებლობის პრობლემებით და ზოგადად ქართული კომპანიების მიმართ დაბალი ნდობით არის გამოწვეული. ამიტომ უკეთესი ფასის მისაღებად საჭიროა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების და გადამუშავების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტიზაცია.
ქართული თხილის ძირითადი ევროპული იმპორტიორი ქვეყნებია (2012 წლის მონაცემებით):
გერმანია — 15 %,
იტალია — 16%,
უკრაინა — 13 %,
ჩეხეთი — 10%,
ბელგია — 6%.
წყარო: სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისათვის.
ზემოთ მოცემული ციფრები, ბუნებრივია, სხვადასხვა სეზონის მიხედვით იცვლება, თუმცა გერმანია, იტალია და ჩეხეთი საქართველოდან თხილის პროდუქტების შესყიდვას სტაბილურად განაგრძობენ.
საქართველოში თხილის ბიზნესის ღირებულებათა ჯაჭვი და მისი ანალიზი.
ქართული თხილის ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვში რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლი მონაწილეობს:
თხილის მწარმოებელი ფერმერები და გლეხები. მათ შეუძლიათ ბაღებში მოყვანილი თხილი არამარტო გადამყიდველებს და დამამზადებლებს, არამედ უშუალოდ საწარმოებსაც მიყიდონ. ზოგიერთ შემთხვევაში ურიგდებიან შემსყიდველებს და წინასწარ იღებენ თანხას იმ პირობით, რომ სეზონზე ავანსად გაცემულ თანხას თხილით გადაიხდიან. ეს რგოლი ბაზარზე თხილის მიწოდების რეგულირების მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი სიძლიერით ხასიათდება. მაგალითად, შარშან ბაზარზე სავარაუდოდ გამოტანილი იყო თხილის მოსავლის მხოლოდ ნახევარი (ჩატარებული გამოკითხვების შედეგად გაკეთებული შეფასება — გამოიკითხა 10 საწარმოს მენეჯერი), რაც გამოიწვია თხილზე ფასის მატების მოლოდინმა.
თხილის გადამყიდველები — ესენი არიან კერძო პირები, ვინც სეზონის დასაწყისში ყიდულობენ თხილს, ინახავენ და სასურველ დროს ყიდიან. ასევე მათ ორგანიზებული აქვთ ყოველდღიური შემსყიდველი პუნქტები და დილით შესყიდულ თხილს უკვე საღამოთი გადამმუშავებლებს აწვდიან. ამ რგოლის სარგებელი ყოველ კილოგრამ შეძენილ თხილზე ძირითადად 20-30 თეთრით განისაზღვრება. ისინი დღეში საშუალოდ 1,5-3 ტონა თხილს ყიდულობენ. მათი საქმიანობა რისკის მაღალი ფაქტორით ხასიათდება, რადგანაც საკუთარი ფინანსური რესურსებით საქმიანობენ, თუმცა ისინი დღეს გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით ძირითადი მომმარაგებლები არიან. საწარმოებს გადამუშავებული თხილის 55-60%-მდე სწორედ ეს რგოლი აწვდის, რაც მათ საშუალებას აძლევთ ხელოვნურად შეცვალონ შესასყიდი ნედლეულის ფასები, რასაც ხშირად იყენებენ და თავიანთი ინტერესების შესაბამისად ადგენენ და ცვლიან ფასწარმოქმნის სქემას, რაც ზეგავლენას ახდენს გადამმუშავებელი საწარმოს საქმიანობაზე და ექსპორტის მოცულობებზე.
თხილის დამამზადებლები — საწარმოების მიერ წინასწარ დაფინანსებული პირები ან პირთა ჯგუფები, ვინც ყოველდღიურად კავშირში არიან საწარმოსთან და შეთანხმებული ფასით ახდენენ თხილის შესყიდვას და მიტანას საწარმოში. მათი შემოსავალი ყოველ შესყიდულ კილოგრამ თხილზე ყოველგვარი ხარჯების გარეშე საშუალოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ეს კატეგორია ინიცირებულია გადამმუშავებელი საწარმოების მიერ, რომელთა აქტივობა დამოკიდებულია საბრუნავ კაპიტალზე. ამ რგოლის უპირატესობა არის ის, რომ შეუძლიათ უშუალოდ ბაღებიდან შეისყიდონ თხილი. როგორც წესი დამამზადებლები სპეციალიზდებიან გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რაც განპირობებულია მათი ამ არეალის ცოდნით და სანდოობით. დამამზადებლები წლიდან წლამდე საწარმოებსაც იცვლიან, მაგრამ ძირითადი ბირთვი 60-65 % ნარჩუნდება. ისეც ხდება ხოლმე, რომ დამამზადებელი მიცემულ ავანსს სეზონის განმავლობაში მთლიანად ვერ ითვისებს და იგი მომდევნო სეზონისათვის გადააქვს. დამამზადებლების საშუალებით ქარხნები მთლიანი ნედლეულის დაახლოებით 30-35%-ს ყიდულობენ.
გადამმუშავებელი, ექსპორტიორი საწარმოები, რომლებიც ამზადებენ თხილის გულს, ასევე ყიდულობენ და გარკვეული პარამეტრებით შერევის შემდეგ გააქვთ ექსპორტზე. ეს რგოლი პირობითად სერტიფიცირების მიხედვით (იხილეთ პუნქტი 2.5) სამ კატეგორიად იყოფა.
ხშირად ხდება მე-2 და მე-3 რგოლის გაერთიანება, რაც გადამმუშავებელ საწარმოს თითქმის მთლიანად მათზე დამოკიდებულს ხდის.
საექსპორტო ბაზარი — პირდაპირი შემსყიდველი კომპანიები (მსხვილი უცხოური იმპორტიორები) ან გადამყიდველები. ევროპული პირდაპირ შემსყიდველი კომპანიები საქართველოში მრავლად არ არიან წარმოდგენილი. 2013 წლის ექსპორტზე პირდაპირი მიყიდვების წილი დაახლოებით 40-45%-ს შეადგენდა. ასეთ შემთხვევაში გადამმუშავებელი საწარმოები ძირითად აქცენტს ექსპორტის მოცულობაზე და არა მოგების მარჟაზე აკეთებენ, ამიტომ რაოდენობრივად მათი წილი მთლიან ექსპორტში საკმაოდ დიდია. რაოდენობაზე აქცენტი იწვევს ხარისხის შემცირებას. ექსპორტის დაახლოებით 55 % იყიდება გადამყიდველი კომპანიების და კერძო პირების მიერ. მათი მოგების მარჟა შუამავლობისათვის 20 ცენტიდან 50 ცენტამდეც მერყეობს. ეს არის ის ნიშა, რაც უნდა აითვისონ თხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა სერტიფიცირების სანდოობის ამაღლების შედეგად.
თხილის გადამმუშავებელი საამქროები — ეს კატეგორია არის მცირე ზომის საწარმოები, რომლებიც კერძო სახლებში ან ძველ შენობებში, ძირითადად ადგილზე დამზადებული დანადგარებით არის აღჭურვილი. ისინი ამზადებენ მხოლოდ თხილის გულს და აწვდიან ექსპორტიორ საწარმოებს. ხშირ შემთხვევაში წინასწარ ღებულობენ თანხას და დავალებას ექსპორტიორისაგან თხილის გულის დამზადების მიზნით და მათი სარგებელი განისაზღვრება მომსახურების თანხით, რაც ყოველ გადამუშავებულ კილოგრამ გაუტეხავ თხილზე საშუალოდ 20 თეთრს შეადგენს.
გადამმუშავებელი საწარმოების ანალიზი
საქართველოში თხილის გადამმუშავებელ საწარმოდ განიხილება ყველა სამეწარმეო პირი, რომელსაც შეუძლია თხილის პირველადი ნედლეულის მიღება, გაშრობა, დაკალიბრება, გატეხვა და გატეხილი თხილის გულის წარმოება, მიუხედავად მისი სიმძლავრისა.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 165 სხვადასხვა ზომის საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა შორის
125-მდე მცირე, „საამქროს“ მასშტაბის, საშუალო სიმძლავრით 1 ტონა თხილის გული/დღეში (სერტიფიცირებული არ არის არც ერთი საწარმო);
26-მდე საწარმო, სიმძლავრით 2,5-3 ტონა თხილის გული დღეში (სერტიფიცირებულია 2 საწარმო);
10 საწარმო, სიმძლავრით 5-5,5 ტონა თხილის გული/დღეში (სერტიფიცირებულია 2 საწარმო)
4 საწარმო, სიმძლავრით 10 ტონა თხილის გული`დღეში (სერტიფიცირებულია 1 საწარმო)
საწარმოების ჯამური წლიური სიმძლავრე 65 000 ტონა თხილის გულის წარმოებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ექსპორტზე 27 725 ტონამდე თხილის გული გავიდა, 2 526 ტონა გაუტეხავი თხილი და 1 850 ტონა გადამუშავებული (მოხალული, დაფქვილი და დაქუცმაცებული) თხილი. საწარმოების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ზუგდიდის რაიონში, ნედლეულის არეალის ცენტრში (გალის რაიონის ნედლეულის ნაწილიც ზუგდიდში გადამუშავდება).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საშუალო და დიდი ზომის საწარმოები საშრობი სიმძლავრეების ნაკლებობას განიცდიან, რის გამოც ვერ ასწრებენ მათი გადამუშავების სიმძლავრის შესაბამისი თხილის გატარებას, ამიტომ იძულებულნი არიან მცირე საწარმოებიდან იყიდონ ან დაამზადებინონ თხილის გული.
არსებული გადამმუშავებელი სიმძლავრეები დაახლოებით 2-ჯერ აღემატება თხილის ნედლეულის რაოდენობას, თუმცა ამ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. აღნიშნული პრობლემა გამომდინარეობს არამარტო ფინანსური რესურსების უკმარისობით, არამედ იმით, რომ ამ საწარმოების შექმნის პერიოდში შენობებად გამოყენებულია უკვე არსებული ნაგებობები და მათ განლაგებაზე მორგებულია თხილის გადამმუშავებელი საწარმოები. ზემოთ აღნიშნული 40-მდე ქარხნიდან მხოლოდ 15 არის თხილის გადამუშავების დანიშნულებით აშენებული საწარმო (საშუალო სიმძლავრე 3 ტონა თხილის გული დღეში), რაც მთლიანად გადამმუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 17%-ს შეადგენს (საშუალოდ 11 000 ტონა თხილის გული წელიწადში). ბუნებრივია, არსებულ ფართებს მორგებული წარმოებები ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებით მოთხოვნილ პირობებს ტექნოლოგიური სქემების სწორად დაგეგმარების მხრივ და დამატებით მათ არ გააჩნიათ სიმძლავრეები აუცილებელი სან-ჰიგიენური, სასაწყობე და სხვა სპეციალურად გამოყოფილი უბნებისთვის. ასეთი ტიპის საწარმოებს, როგორც წესი არ გააჩნიათ შენობის ტექნიკური პროექტი, სადაც წინასწარ გათვლილია ტექნოლოგიური პროცესები. ბუნებრივია თანამედროვე მოთხოვნების შესრულებისთვის აუცილებელია საწარმოო პროცესების განვითარება, ეს პოტენციალი კი არსებულ საწარმოებს ნაკლებად გააჩნიათ.
აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, საქართველოში არსებული საწარმოები შესაძლებელია სამ კატეგორიად დავყოთ:
I კატეგორია — სერტიფიცირებული საწარმოები;
II კატეგორია — საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ მოკლე დროში სერტიფიცირების პოტენციალი;
III კატეგორია — საწარმოები, რომლებსაც გაუჭირდებათ`საერთოდ ვერ შეძლებენ სერტიფიცირებას.
მხოლოდ I კატეგორიას გააჩნია შესაძლებლობა იყოს სრულფასოვანი ექსპორტიორი და ევროპულ თხილის მომხმარებელ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობები ჰქონდეს.
II კატეგორიის საწარმოები ცდილობენ ურთიერთობები დაამყარონ გადამყიდველ კომპანიებთან (ძირითადად თურქული კომპანიები, რომლებიც საშუალოდ 10-40 აშშ ცენტის მოგებით მუშაობენ, რასაც მწარმოებელი იხდის). ეს საწარმოები მუდმივად დამოკიდებული არიან გადამყიდველებზე და სეზონის დაწყების პერიოდში, წინასწარი კონტრაქტების გარეშე იწყებენ თხილის შესყიდვას, რაც ზრდის მათი წარუმატებლობის რისკს და ხშირად მათი საქმიანობა ფინანსური პრობლემებით მიმდინარეობს.
III კატეგორიის საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს არც ფინანსური და არც ტექნიკური შესაძლებლობები დამოუკიდებლად გაყიდონ პროდუქცია თუნდაც საშუამავლო კომპანიებზე, ამიტომ ისინი ფაქტობრივად სხვა უფრო დიდი ზომის ქართული საწარმოების მიმწოდებლები`შემავსებლები არიან და თუნდაც ასეთ შემთხვევაში წინასწარ საჭიროებენ დაფინანსებას.
მეორე კატეგორიიდან პირველში გადასასვლელად, სერტიფიცირების ძირითადი მოთხოვნების შესასრულებლად საწარმოს — 80 000-დან -100 000-მდე დოლარის ინვესტიცია, ხოლო სამუშაოების შესასრულებლად, ამ სისტემების დასანერგად კი დაახლოებით 12 თვე დასჭირდება.
სარეალიზაციო ფასები
რადგანაც თურქეთი თხილის ძირითადი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ ფასების ფორმირებაც მისი კარნახით ხდება (როგორც წესი თურქული თხილის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 0,5-1,5 დოლარით მეტია, ვიდრე ქართული თხილის, რაც ძირითადად განპირობებულია ევროპული შემსყიდველი კომპანიების მაღალი ნდობით -ხარისხის და მიწოდების პირობებით) და ეს ფასი განსაზღვრავს II კატეგორიის საწარმოების სამოქმედო გეგმას, მაშინ როდესაც სერტიფიცირების ხარჯზე I კატეგორიის საწარმოების სარეალიზაციო ფასი 9-10%-ით მაღალია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის წარმოების ბოლო ტექნოლოგიურ ეტაპზე „ლაზერის დამხარისხებლის“ და „მეტალო-დეტექტორის“ არსებობის შემთხვევაში ფასი დამატებით 3-5 %-ით იზრდება.
სერტიფიცირებული საწარმოები სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:
მათი პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 12-15%-ით მაღალია სხვა საწარმოების პროდუქციის ფასზე;
სერტიფიცირებული საწარმოების პროდუქციის რეალიზაცია ბაზარზე გაცილებით ადვილად ხდება და შესაბამისად საწარმოო სიმძლავრეს სრულად ტვირთავს;
სერტიფიცირებულ საწარმოებს მეტი შანსი აქვთ უშუალოდ საკონდიტრო ნაწარმის; დამამზადებელი ევროპული კომპანიების პირდაპირი მიმწოდებლები გახდნენ.
როდესაც საქართველოში შემოდის ახალი შემსყიდველი, ბუნებრივია ის ახდენს საწარმოების ინსპექტირებას, ითხოვს სერტიფიკატებს, ათვალიერებს ქარხანას და ტექნოლოგიურ პროცესებს თხილის მიღებიდან ექსპორტის დაწყებამდე, რის საფუძველზეც ღებულობს გადაწყვეტილებას თხილის შეძენის და გადასახდელი თანხის შესახებ. საწარმოებში არსებული პრობლემები იწვევს სანდოობის დაკარგვას, რაც კომპენსირდება მისი მხრიდან შემოთავაზებული დაბალი ფასით.
თამაზ მიქაძე,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,