აგროსიახლეები

თხილის სეზონი და მოლოდინები ბაზარზე

თხილის რეალიზაცია რამდენიმე დღეში აქტიურად დაიწყება. ამ კულტურაში მსოფლიო ბაზარზე მთავარი მოთამაშე თურქეთია _ ბაზრის 60-75%-იანი წილით, ამიტომ თხილის ფასს ბაზარზე თურქეთში მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

წლეულს თურქეთმა, შარშანდელთან შედარებით, 80,000 ტონით მეტი მოსავალი მიიღო.

მიმდინარე წლის მაისში, თხილზე ფასები 24.43%-ით გაიზარდა,თუმცა, ამის მიუხედავად, თურქი ფერმერები უკმაყოფილოები არიან, რადგან უამინდობის გამო, ფერმერებს დანახარჯები, დაახლოებით, 70-80%-ით გაეზარდათ.

ფერმერთა ვარაუდით, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO) კილოგრამ თხილს დაახლოებით 30 თურქულ ლირად (3.51$) შეისყიდის, რაც შარშანდელ ფასთან შედარებით, 8%-ით მეტია (3.24$).

რაც შეეხება საექსპორტო ფასს, ის 7.30 – 7.70 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული თხილის ფასის ზრდა წლეულს შეიძლება მსოფლიო ბაზრის ფასზე, მაღალი პროცენტით ვერ აისახოს, რადგან ჩილესა და აშშ-ში ადგილობრივი თხილის წარმოება შესამჩნევად არის გაზრდილი და უკვე რეკორდულ მაჩვენებელსაც აღწევს.

როგორ აისახება ეს საქართველოზე?

საქართველოში თხილის ხარისხიდან გამომდინარე, საექსპორტო ფასი, წინასწარი შეფასებებით, 6.10-6.40 დოლარამდე იქნება.

წლევანდელ სეზონზე ქართველი ფერმერები უფრო მაღალ ფასად ყიდიან პროდუქტს, რაც პირდაპირ უკავშირდება უფრო ხარისხიანი მოსავლის მიღებას. მშრალმა ამინდმა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი თოდუას განცხადებით, თხილის მოყვანის დანახარჯები (წინა წელთან შედარებით) არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა მუშა ხელის ანაზღაურება – წინა წლის 25-30 ლარიდან დღიურად, 40-60 ლარამდე. მუშა ხელის დეფიციტიდან გამომდინარე, ფერმერებს ამ დანახარჯის გაწევა უხდებათ, ამიტომ პროდუქტის საბოლოო თვითღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება.

მომზადებულია EastFruit მონაცემებზე დაყრდნობით.

სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“