აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

ტყე და ეროზია

აქართველო კავკასიონის მთავარ და მცირე ქედებს შორისაა მოქცეული, რაც მის ოროგრაფიის და ბუნების უარყოფითი მოვლენების კომპლექსს განსაზღვრავს. აქ ხშირია ზვავები, მეწყერები, წყალდიდობები, ღვარცოფები და სხვა. განსაკუთრებით მასშტაბურია წყლისმიერი და ქარისმიერი სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალი.

ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონებში ერთ ჰექტარ სახნავ მიწებზე, წყლისმიერი ეროზიით საშუალოდ, ყოველწლიურად 100-130 ტონა ნიადაგი ირეცხება, დასავლეთ საქართველოში _ 150-200 ტონა. კოკისპირული წვიმების დროს ეს მაჩვენებელი 300-დან 500 ტონამდე აღწევს.

კიდევ უფრო დიდი ზიანი მოაქვს ქარისმიერ ეროზიას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, გარე კახეთში, შირაქში, სამგორში, ქართლის დაბლობებზე და სხვა.

 სამწუხარო სატატისტიკაა, მაგრამ ფაქტია, სპეციალისტების დასკვნით  საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 300 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის მეტ-ნაკლებ ზეგავლენას განიცდის.

ამ უარყოფითი შედეგების ძირითადი შემაკავებელი ფაქტორია ტყე და ნარგაობაა, რომელიც ანელებს ქარის ძალასა და სიჩქარეს, ზემოქმედებს მის მიმართულებაზე.

 ასე მაგალითად, საშუალო სიჩქარის ქარი ტყისპირიდან 10-100 მეტრ მანძილზე სუსტდება, ხოლო ხეებთან შეხებით მთლიანად ქრება, ან მისი უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე მცირდება.

ადამიანმა ქარების გაბატონებული მიმართულებისა და მისი სიჩქარის შესამცირებლად ქარსაცავი და მინდორსაცავი ტყის ვიწრო ზოლების გაშენება მოიგონა.

ქარსაცავი ზოლების გაშენება ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებიდან ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა.

ქართველმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში მოქმედი ქარების საწინააღმდეგოდ ფართო ტყის ზოლები არის საჭირო. სრულიად საკმარისია ვიწრო, 4-6 მწკრივიანი ზოლები. ასეთი ქარსაცავი სისტემოს  მოწყობა იაფიც ჯდება და ნაკლებ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისაც იკავებს.

მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების დროს, მთავარი ყურადღება ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობების მიხედვით სასურველი მერქნიანი სახეობების შექმნას უნდა მიექცეს.

ახალო წარსულში, სწრაფმზარდი სახეობებით შექმნილმა კანადური ვერხვის ზოლებმა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. ამ ჯიშის ხეებით გაშენებული ქარსაცავი ზოლების უმეტესობა 20-25 წლის შემდეგ მთლიანად განადგურდა.

ტყის მელიორაციული ზეგავლენა

მეცნიერული კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების მელიორაციული ზეგავლენით იზრდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მაგალითად საშემოდგომო ხორბლის ნამატი შეადგენს ჰექტარზე 3,4 ცენტნერს, ანუ 15%-ს, ქერის _ 2,3  ცენტნერს, _ 11%, მზესუმზირის  _ 2,3 ცენტნერს, _ 27%-ს, სიმინდის _ 4,7 ცენტნერს, _ 22%-ს, ყურძნის _ 7,3 ცენტნერს, _ 28%-ს და ა.შ.

ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ტყეების მეცნიერული შესწავლით დადგენილია, რომ მისი ზედა საზღვარი, თითქმის ყველგან, კატასტროფულად დაბლა იწევს. მან ზოგან უკვე 400-500 მეტრს მიაღწია. ეს ხელს უწყობს თოვლის ზვავების, ეროზიას და სხვა უარყოფით მოვლენების გახშირებას. კატასტ როფულად იზრდება დამეწყრილი ფართობები.

კავკასიის გარემოსდამცავი არასამთავრობო ქსელის მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების სიხშირის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ პრობლემური ქვეყანაა. საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მონაცემებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალი 3-ჯერ და მეტად აღემატება სომხეთის და აზერბაიჯანის ამავე მაჩვენებელს.

ბუნებრივი კატასტროფების ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ფაქტორს ტყეები წარმოადგენს, ამიტომ  დაცვითი ფუნქციის მხრივ, ტყეებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

PS. დღეს საქართველოში, რატომღაც მეტ ყურადღებას უთმობენ და უამრავ თანხებს ხარჯავენ საზღვარგარეთიდან შემოტანილი მერქნიანი სახეობების ნერგებზე, რომელთა უმეტესობა იმავე წელიწადს თუ არა, მეორე წელსვე იღუპება.

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/

რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“