ტრადიციული ჯიშების მოსაძიებლად რაჭა-ლეჩხუმში სამეცნიერო ექსპედიცია მუშაობდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, მორიგი სამეცნიერო ექსპედიცია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გამართეს.
ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან ლობიოს, სიმინდის, ცერცვის, სელის, ველური ვაზის ფორმების და კარტოფილის ძველი, ადგილობრივი ჯიშის ნიმუშები შეგროვდა. კარტოფილის ნიმუშები, ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიას შემდგომი კვლევისა და კონსერვაციისთვის გადაეცა, ხოლო მარცვლეულის თესლის ნიმუშები, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში შეინახება.
ექსპედიციას, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში იმართება, ცენტრის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა.
“პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მორფოლოგიური, აგროსამეურნეო და საპასპორტო მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნეობების პირობებში გავრცელებას, და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას; მცენარეთა ხანგრძლივი ex-situ კონსერვაციისთვის დანერგილი იქნება ხარისხის მართვის სისტემა და ეროვნული პროტოკოლები, ფერმერულ მეურნეობებს გადაეცემათ ტრადიციული ჯიშების სათესლე მასალა “-აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი დამთავრდა, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში სამიზნე კულტურების არსებული მდგომარეობის შესწავლა, ექსპედიციების შედეგად მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება წარმოადგენდა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო ჯგუფის მიერ სამეცნიერო ექსპედიციები საქართველოს 8 რეგიონში 24 მუნიციპალიტეტის 270-მდე სოფელში განხორციელდა. აღნიშნული მასალა შენახულია სამუშაო კოლექციის სახით, ასევე გამრავლებულია ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე და მიმდინარეობს მათი მორფოლოგიური აღწერები.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე საგრანტო პროექტი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.