აგროსიახლეები

ტროპილელაფსის ტკიპის საფრთხე – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სემინარი მეფუტკრეთათვის

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე იმ რისკებზე იმსჯელეს, რომლებიც საფუტკრეებში ტროპილელაფსის ტკიპის (Tropilaelaps spp.) გავრცელების პოტენციურ საფრთხეს უკავშირდება.
ტროპილელაფსი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქციული უნარით, აზიანებს ფუტკრის ლარვებსა და ჭუპრებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციების განვითარებას.

ღონისძიებას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ირაკლი ჯანაშია, რომელმაც  ტრენინგის მონაწილეებს უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია გააცნო ტკიპის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე ცენტრის სპეციალისტებისთვის.

სემინარის ფარგლებში განიხილეს ტროპილელაფსის ბიოლოგიური თავისებურებები და გავრცელების პოტენციალი საქართველოში;
დაავადების დიფერენცირება ვარროასთან (Varroa destructor) შედარებით და რეკომენდებული კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები.

მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ცენტრი აქტიურად ახორციელებს ფუტკრის დედების გამოყვანას, ინარჩუნებს ადგილობრივ მეფუტკრეობის ტრადიციულ ფორმებს და ხელს უწყობს გენეტიკურად მდგრადი პოპულაციების შენარჩუნებას.

მსგავსი სემინარები რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებაში.