წიწმატი
წიწმატი ჩვენში მეტად გავრცელებული მწვანილეული კულტურაა. იგი მოჰყავთ საკარმიდამო ბოსტნებში, ასევე დიდ ფართობებზე. საჭმელად გამოიყენება ახალი ფოთლები უმად.
წიწმატი ეკუთვნის ჯვაროსანთა ოჯახს. ერთწლიანი მცენარეა, ფოთლები მუქი მწვანეა, ყვავილი თეთრი. ყვავილობა წარმოებს მაის – ივნისში, ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრია, რომელიც სკდება შუაზე და თითოეულ განყოფილებაში მოიპოვება თითო ან ორ-ორი თესლი.
თესლი ღია ყავისფერია, 1 გრამში 500 – 600 ცალი თესლია, რომელიც ღივდება 1-3 დღეში, ხოლო აღმოცენების უნარს ინახავს 3-4 წელიწადს.
წიწმატი ყინვაგამძლე მცენარეა, მისი ღივები ძლებს -4-5ºC-ს. მოზრდილი მცენარე -10ºC-ზე არ ზიანდება. უფრო მკაცრი ყინვების დროს ზრდის წერტილი საღია, ამის გამო ბარის რაიონებში წიწმატი კარგად იზამთრებს ღია გრუნტში.
სინათლის მიმართ წიწმატი ნაკლებ მომთხოვნია, ტენის მიმართ კი ზომიერი მომთხოვნი.
წიწმატს თესენ მობნევით, მაგრამ დიდ ფართობზე თესენ ზოლებრივად. მოსავლის ხარისხი და რაოდენობა დამოკიდებულია თესვის ვადებზე. წიწმატი უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე, თებერვალსა და მარტში. თესვა შეიძლება ყოველ 10-14 დღეში. გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში ნათესი არ იძლევა შედეგს. წიწმატის თესვის მეორე ვადაა სექტემბერ-ოქტომბერი. ამ დროის ნათესი კარგად ზამთრობს.
წიწმატის მოვლა მდგომარეობს სარეველა ბალახებისგან გაწმენდასა და საჭიროების მიხედვით მორწყვაში. წიწმატს იღებენ მაშინ, როდესაც როზეტი სრულიად განვითარდება და მცენარე მიუახლოვდება ღეროს წამოღების ფაზას, მას ჭრიან ძირზე და კრავენ კონებად.
„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“