ციცქა
ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ, ძირითადად შამპანური ღვინის დასაყენებლად.
წარმოშობა:
ციცქა ადგილობრივი ჯიშია. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ ძირითადად ცქრიალა ღვინის დასაყენებლად. მისი სინონიმებია: შანთი, ციცქო, “მამალ ციცქა”. ივ. ჯავახიშვილს ციცქას წარმოშობის ადგილისა და სახელწოდების გამოსარკვევად მოჰყავს მსგავსი სახელწოდების სოფლები: ციცხე, ციცქიური და თვლის რომ ჯიშის სახელი ამ სოფლებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მოკლე ბოტანიკური აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი 15-20სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია ორივე მხრიდან საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და მოთეთრო ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშიით ფოთოლაკებისა და ყუნწის გასწვრივ.
ფოთლები საშუალო ზომისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 16-დან 20 სმ-მდე, ხოლო განი 15-19 სმ. ფოთოლი ხშირად ხუთნაკვთიანია, ასევე სამნაკვთიანი.ფოთლის ფირფიტა მომრგვალო ან უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებულია. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ან წვრილ ბურთულებიანია, მუქი მწვანე ფერის.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით მცირედ მერყეობს. უფრო ხშირად გვხვდება მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ან ჩანგისმაგვარი ამონაკვთები.
ყვავილი ორსქესიანია.
ციცქას მტევანი საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. ხშირად მტევნები მხრიანია. მტევნები ძლიერ მკვრივია, ასევე გვხვდება მკვრივი და საშუალო სიმკვრივის მტევნებიც.
მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის და სიმეტრიული. მარცვალი მომწვანო-ყვითელია, კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით, იგი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. ჯიშური არომატი სუსტად არის გამოხატული.
ფენოლოგია – კვირტის გაშლას იწყებს 13-27 აპრილს. ყვავილობას _ 29 მაისიდან, სიმწიფეში შედის 21 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ჯიშურია აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი. დაავადების მიმართ გამძლეობა: ციცქა მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ და მისგან ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მისთვის შეუფერებელ დაბლობ და ტენიან ადგილებში. ჭრაქის მიმართ იგი კარგი გამძლეობით ხასითდება.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ციცქა სუფრის თეთრ ღვინოს და ცქრიალასათვის კარგ მასალას იძლევა.
ანა გოდაბრელიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი,
ვაჟა გოცირიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი