ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში
ჟურნლი „აგრონიუს.ჯი“ იწყებს ჯემალ სვანიძის და ლევან თორთლაძის საინტერესო ნაშრომის, რომელიც ახლახანს გამოსცა ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობამ: „ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში“ გამოქვეყნებას.
მონოგრაფიაში საინტერესოდ არის განხილული ჩვენი წინაპრების სამეურნეო საქმიანობა ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები და მასთან დაკავშირებული: რიტუალები და წეს-ჩვეულებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა ჯიშები, სათიბ-საძოვრების გამოყენების ხასიათი, ცხოველთა სადგომები, მესაქონლეობის ფორმები, ცხოველთა მკურნალობის ხალხური საშუალებები.
ეთნოგრაფიული მასალების კვლევის საფუძველზე დასაბუთებულია ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე. ნაჩვენებია ის წვლილი, რაც მიუძღვით ჩვენს წინაპრებს მეცხოველეობის განვითარების საქმეში.
ავტორები:
ჯემალ სვანიძე, საშუალო სკოლის მედლით დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი…).
დისერტაციის დაცვის შემდეგ ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო – კვლევითი ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე, შემდეგ ამავე კათედრის გამგედ აირჩიეს.
წარმატებული მუშაობისათვის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი (2002 წ.).
გამოცემული აქვს, როგორც ლიტერატურული, ისე მეცნიერული შრომები. ჯამალ სვანიძე, დღესაც დაუღალავი ენერგიით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ლევან თორთლაძე დაიბადა 1948 წლის 25 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. იჟევსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1971წ.) სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით, დატოვეს ამავე ინსტიტუტის სასოფლო – სამეურნეო ცხოველთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. მოგვიანებით, გადადის სამუშაოდ წარმოებაში ზოოტექნიკოსად პრაქტიკული სიახლეების ათვისების მიზნით და პარალელურად ირიცხება მეცხოველეობის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში (ВИЖ, მოსკოვი). მეურნეობიდან, უდმურტეტის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, გადაყავთ სამინისტროს აპარატში, ეკონომიკისა და დაგეგმარების განყოფილებაში, უფროს ეკონომისტად. 1978 წელს, საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, სამუშაოდ იწვევენ მშობლიურ ინსტიტუტში კერძო ზოოტექნიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. 1985 წელს იგი გადაყავთ უდმურტეთის სახელმწიფო სასოფლო – სამეურნეო საცდელ სადგურში მეცხოველეობის განყოფილების უფროსად, სადაც დაასრულა სადოქტორო დისერტაციის კვლევები.
1989 წელს ოჯახთან ერთად ბრუნდება სამშობლოში და იწყებს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კათედრის გამგედ. ამჟამად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მთავარ სპეციალისტად და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში არჩეულია პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 6 სადოქტორო დისერტაცია და 15 მაგისტრი. გამოქვეყნებული აქვს 169 სამეცნიერო ნაშრომი და სამი წიგნი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და შვედეთის სამეფო ოჯახის მედლით. თავისი პროფილით კვალიფიკაცია აიმაღლა აშშ-ში, ისრაელში, იტალიაში, მონტენეგროში. არის საქართველოს ეროვნული აკადემიის მაღალმთიანი რეგიონების პრობლემათა შემსწავლელი კომისიის წევრი, სომხეთის ნაციონალური აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
(ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში)
შესავალი
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, ასევე მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ დასაბუთებულია, რომ ქართველური ტომები უძველესი დროიდან მისდევდნენ მეცხოველეობას. ამასვე ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგები მცხეთა-სამთავრო-არმაზში, კოლხეთში, თრიალეთში, დმანისსა და სხვა ადგილებში. ამაზე მეტყველებს, როგორც შინაურ ცხოველთა ძვლების ნარჩენები, ისე ვერცხლისა და სპილენძის ნაკეთობებზე ან ქვაბსა და კედლებზე გამოხატული ესა თუ ის ცხოველი.
არქეოლოგი ბ. პიოტროვსკი აღნიშნავს, რომ მეცხვარეობის გამოჩენა ამიერკავკასიაში მიეკუთვნება უძველეს დროს – ენეოლითის კულტურის არსებობამდე პერიოდს. თავის ლექციებში ის ამბობს, რომ ენეოლითის ძეგლები საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ არა მარტო ცხოველთა რიცხვობრივი ზრდა ამიერკავკასიაში, მისი როლის გაძლიერება მეურნეობაში, არამედ სულადობის ხარისხობრივი ცვლილებები წვრილფეხა პირუტყვის ზრდის მხრივ. ის იქვე ასკვნის, რომ მესამე ათასწლეულის ბოლოსა და მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარში ჩვენს ერამდე, მეცხვარეობის კუთრი წონა სჭარბობდა სხვა სახის მეცხოველეობას.
როგორც არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. VI-IV ათასწლეულები) ჩვენი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ტომები ყურძენთან ერთად აწარმოებდნენ მრავალფეროვან, მარცვლეულ კულტურებს (სხვადასხვა სახის ხორბალი, ქერი, ღომი და ა.შ.). სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასთან ერთად უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა და გამრავლებას. ის ინტენსიურად ვითარდებოდა მიწათმოქმედებასთან ერთად. ამ დროს საქონელი ჰყავდათ იქ, სადაც თავად ცხოვრობდნენ. აქვე ჰქონდათ საკმარისი რესურსები ცხოველებისათვის – საძოვრები, სათიბები, ველები, ტყეები. ყველაფერზე საკმარისად მიუწვდებოდათ ხელი იმისათვის, რომ ადამიანებს უზრუნველეყოთ მოთხოვნილებები სოფლის მეურნეობის და მათ შორის მეცხოველეობის პროდუქტებზედაც.
ამ პერიოდში მოსახლეობა ბარში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული იყო მეცხოველეობაც, მაინც წამყვანი როლი მიწათმოქმედებას ენიჭებოდა.
შემდგომ პერიოდში კი, როცა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, გამრავლდა მეცხოველეობის მასშტაბებიც. არსებული მასალების მიხედვით, მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით იზრდება წვრილფეხა ცხოველთა რაოდენობა, რაც განაპირობებს ჯერ ბარის მომიჯნავე, მთის წინა ზონების, ხოლო შემდეგ მთის საძოვრების თანდათან ათვისებას. მაგრამ, პირველ ხანებში მესაქონლეობის წარმოების ახალი ფორმა „გადარეკვით“ ხასიათს იღებს. ამის გამო, მთის ზოლში ჩნდება დროებითი დასახლებები მარტივი ნაგებობებით, რომლებსაც მხოლოდ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე იყენებდნენ. შემდგომში ისინი თანდათან იცვლებიან მყარი, კონსტრუქციული, მტკიცე ნაგებობებით და მთაშიც მკვიდრი მოსახლეობა ჩნდება.
არსებული მასალების მიხედვით, გვიანბრინჯაოს ხანაში ქვემო ქართლის ბარი, მდინარეების – იორისა და ალაზნის ქვედა წელის მომიჯნავე ტერიტორიები მესაქონლეობის ძირითად სამეურნეო ბაზას წარმოადგენდა. ამ დროს ზამთრის საძოვრებად ათვისებულია ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ბარი, შირაქის, ელდარის, გარდაბნისა და მარნეულის ველები. ეს ის ადგილებია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა. ზაფხულობით მათ ცხვარი გადაყავდათ თრიალეთის ან კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე.
მესაქონლეობის განვითარებაზე საქართველოში წარმოდგენას გვიქმნის, აგრეთვე, ეთნოგრაფიული მასალები, რაც გამოიხატება ხალხთა საყოფაცხოვრებო და სხვა გადმოცემებში, ასევე ფოლკლორსა და რელიგიური ხასიათის მასალებში.
არსებობს არაერთი ისტორიკოსის მეცნიერული ნარკვევი, რომლის მიხედვითაც დღევანდელი საქართველოს ტერიტორია იმთავითვე ჩვენს ძველ წინაპრებს ეკუთვნოდათ. „დღეს ეჭვს არ იწვევს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ კუთხე დასაბამიდან ქართველთა საცხოვრისი იყო, რომ შემქმნელნი იმ კულტურისა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის დონეზე შეიძლება განზოგადდეს, ჩვენი წინაპრები იყვნენ“, – აღნიშნავს პროფესორი ბ. გამყრელიძე.
საქართველოში არ არის მოშენებელი არც ერთი სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სახეობა, რომელიც წარმოდგენილი არ იყოს ადგილობრივი ჯიშით. ასე, მაგალითად: მსხილფეხა პირუტყვის – ქართული მთის საქონელი და მეგრული წითელი ჯიში; ადგილობრივი კამეჩი; თუშური და იმერული ცხვრის ჯიშები; თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენის ჯიშები; კახური და სვანური ღორები; ფრინველის ადგილობრივი პოპულაციები; უნიკალური ქართული ფუტკარი და ძაღლი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს სახე აბორიგენულია. მათი შექმნა და ფორმირება, თითქმის მთელ მსოფლიოში, ძირითადად განპირობებულია რეგიონებში არსებული მდიდარი მთის საძოვრებით.
ადგილობრივი პირობების მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა იქონია მეცხოველეობის მრავალმხრივ და სპეციფიკურ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონების მრავალმხრივმა ეკონომიკურმა და სხვა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცხოველთა მოშინაურების ევოლუციასა და დიფერენციაციაში. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობის განვითარების ადრეულ ეტაპზე, აქ გაჩნდა მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პირველი დასახლებები. კაცობრიობის გარიჟრაჟზე სოფლის მეურნეობის ორივე დარგი – მეცხოველეობა და მემცენარეობა განიხილებოდა ერთ მთლიანობაში. ადგილობრივმა მოსახლეობამ ისწავლა სარჩოს მოპოვება მთაგორიან მიწებზე, დაამუშავა ახალი პირობებისათვის შესაბამისი სიახლეები; შექმნა ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ცხოველთა და ფრინველთა სხვადასხვა ჯიშის სელექციის ფართო სპექტრი, მეცხოველეობის კომპლექსური სისტემის შერჩევა მკაცრი ზამთრისა და ცხელი ზაფხულის პირობებში, აგრეთვე, დაავადებების წინააღმდეგ. ყველა ადგილობრივი ჯიში გამოირჩევა შენახვის ექსტრემალურ სისტემასთან და გარემო პირობებთან კარგი შემგუებლობით, შედარებით ნაკლები საკვების მოთხოვნილებით.
ეს ჯიშები ხალხური სელექციის ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, შექმნილი და ფორმირებულია იმ დროს არსებული ბუნებრივ-ეკოლოგიური, სოციალურ და სამეურნეო სფეროში. ყველა ხასიათდება ეკოლოგიურად სუფთა წარმოებული პროდუქციით და მაღალი ხარისხით (რძე, ხორცი, კვერცხი, თაფლი).
ქართველი ხალხის წინაპართა შექმნილია მტკვარ-არაქსის, კოლხეთის, თრიალეთის შესანიშნავი კულტურები. მათივე ხელით არის აგებული უამრავი დიდებული ტაძარი, განუმეორებელი მოხატულობით, მოზაიკითა და ჩუქურთმებით, რომელთა უმრავლესობამ ჩვენამდე მოაღწია და დღესაც ბევრ მნახველს აკვირვებს.
ჩვენს ნათქვამს ადასტურებს არა მარტო ისტორიკოსთა შრომები, არქეოლოგიური მასალები თუ დღემდე მოღწეული კულტურის ძეგლები, არამედ სხვადასხვა მემატიანის ჩანაწერი თუ საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე შექმნილი მითი და თქმულება. ასეთთა შორის უნდა დავასახელოთ ბერძნული მითი „თქმულება არგონავტებზე“, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს და რომლებშიც აღწერილია საქართველოს იმდროინდელი ყოფა.
აქ კოლხეთის სამეფო დახასიათებულია, როგორც მაღალგანვითარებული ქვეყანა. მას ჰყავს საკუთარი მეფე, რომელიც ვეზირთა საშუალებით მართავს სამეფოს. მითის მიხედვით კოლხეთში განვითარებული ყოფილა ოქროს წარმოება, სხვადასხვა ლითონის დამუშავება, ფოლადის მიღება. აქვე საუბარია მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობის შესახებ (მოიპოვება დიდი რაოდენობით საუკეთესო ხილი, უამრავი საქონელი, ფუტკარი და სხვა).
მართალია, „თქმულება არგონავტებზე“ მითია, მაგრამ მას რომ რეალური საფუძველი აქვს, პრაქტიკულად, დაამტკიცა ინგლისელმა მწერალმა და მეცნიერმა ტიმ სევენირმა, რომელმაც ააგო ზუსტად ბერძნულის მსგავსი „არგო“ და 1984 წელს სტარტი აიღო პატარა ბერძნულ ქალაქ ვოლოსში, მშვიდობიანად მოაღწია საქართველოში და ღუზა ჩაუშვა სოფ. ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის ეზოსთან. ამით მან დაასკვნა, რომ შესაძლებელი ყოფილა ნავით საბერძნეთიდან საქართველოში მოღწევა. აქედან უნდა ვივარაუდოთ რეალობა იმ მონაცემებისა, რაც ამ მითშია ღწერილი.
აქვე შეგვიძლია დავასახელოთ უძველესი ქართული მითი „თქმულება ამირანზე“ („ამირანიანი“), რომლის მიხედვითაც ამირანი კავკასიის მთებში ჯაჭვით იყო დაბმული. როცა დროთა განმავლობაში ეს ჯაჭვი ცვდებოდა და თხელდებოდა, მოდიოდნენ მჭედლები, რომლებიც ჯაჭვს ასქელებდნენ. რაკი მითში დასახელებულია ჯაჭვი და მჭედლები, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებული ყოფილა ლითონის, კერძოდ რკინის წარმოება. შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: რადგან რკინის მადანს ამუშავებდნენ, იქ სხვა ლითონების არსებობაც არ არის გამორიცხული. ლითონის წარმოება კი კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.
არქეოლოგთა მიერ მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანაში ამიერკავკასიის მთელ ტერიტორიაზე ხდება მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომების გაფართოება-გაზრდა. აქ ცენტრალური ადგილი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიას ეჭირა. ასევე ისტორიული გამოკვლევები (არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული) საშუალებას გვაძლევს მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ გვიანბრინჯაოს ხანაში მდინარეების – ივრისა და ალაზნის ქვემო წელი და ქვემო ქართლის ბარი ქართული ტომებით იყო დასახლებული.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე მაღალი კულტურის არსებობა ჩვენს წინაპრებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანი და საინტერესო პალეოზოოლოგიური მასალა აღმოჩნდა საგვარჯილეს გამოქვაბულში. მოპოვებული ნეოლითური ხანის მასალა მიუთითებს შინახელოსნობის, მონადირეობის, მეთევზეობის და მიწათმოქმედების განვითარების მაღალ დონეზე. აქ მოპოვებული მდიდარი პალეოზოოლოგიური მასალა ეკუთვნის მსხვილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხვარს, თხას.
„მესაქონლეობის განვითარების მიმნიშნებელი მასალები, – წერს არქეოლოგი, აკადემიკოსი შამილაძე – კიდევ უფრო რელიეფურად ჩანს ენეოლითის ხანის ძეგლებში.
ამ პერიოდის განათხარი ძეგლებიდან გარკვეული სახის ოსტეოლოგიურ მასალას იძლევა დიდუბის ენეოლითური ნამოსახლარი, სადაც ძირითადად მოზრდილი ტიპის რქოსანი პირუტყვის ძვლები აღმოჩნდა. ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე, წვრილფეხა საქონლის ძვლოვანი მასალაც“.
შემდგომ პერიოდში გაიზარდა ცხვრის სულადობა, რომელმაც რაოდენობით ბევრად გადააჭარბა მსხვილფეხა საქონლის სულადობას. ამას ხელი შეუწყო აღმოსავლეთ საქართველოში არსებულმა საძოვრებმა. მალე ცხვრის კულტიც ჩამოყალიბდა. ყაზბეგის ჩრდილოეთით 3კმ-ზე, სოფ. ცდოში მაღალ ბორცვზე დგას ნახევრად დანგრეული ქვის ოთხკუთხა შენობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს მოთავსებულია ანდეზიტისაგან გამოთლილი ცხვრის კერპი. მას „კვირიას ყოჩს“ უწოდებენ. მასთან დაკავშირებული დღესასწაული – ხატობა აღდგომიდან მესამე კვირას იმართება. აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც შესაწირ ცხვრებს კლავენ და თხოვენ მათი ცხვრების გამრავლებას. მოხევეებში გავრცელებულია, აგრეთვე, სპარს-ანგელოზობა, რომელიც, ასევე, დაკავშირებულია ცხვრის კერპთან. სპარს ანგელოზის ხატი მაღალ მთაზე იმყოფება ზღვის დონიდან 4000 მ-ზე, ყაზბეგის ახლოს.…
სამხრეთ საქართველოში (მესხეთ-ჯავახეთი) ხშირად გვხვდება სასაფლაოზე დადგმული ძეგლები ცხვრის ან ცხენის გამოსახულებით. მ. მაკალათიას განმარტებით, ეს ძეგლები მიეკუთვნება იმ მეცხვარეებს, რომლებმაც დატოვეს ანდერძი, რომ მათი საფლავი უკვდავეყოთ საყვარელ ცხოველთა გამოსახულებით.
თუ არ ჩავთვლით საქართველოში ძნელბედობის ჟამს, რაც სამწუხაროდ ხშირი იყო, ყველა პერიოდში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცხოველეობა. მის განვითარებას ქვეყნის მმართველებიც უწყობდნენ ხელს. მაგ, დავით აღმაშენებლის ქარტიაში, რომელიც მან შიომღვიმის მონასტერს მისცა, ნათქვამია, რომ ის – მეფე მონასტერს სწირავს 100 ძროხას და 30 ცხენს. მონასტრის 3000 ცხვარს ის უმატებს 2000 და ფერმას ძოვის უფლებას აძლევს მეფის მიწებზე, ყოველგვარი გადასახადის – „საბალახოს“ გარეშე.
საინტერესოა ფრანგი მოგზაურის – ჟან შარდენის ჩანაწერები, რომელსაც მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოუვლია მთელი საქართველო და თავისი თვალით დანახული აღუწერია: „…საქართველო ნოყიერი ქვეყანაა. ცხოვრება აქ კარგად და იაფად შეიძლება; მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არის ისეთი გემრიელი პური, როგორიც აქ. ხილი საუცხოო და მრავალნაირია.
ევროპის არც ერთ ადგილას არ მოდის უფრო გემრიელი მსხალი და ვაშლი. აზიაში არსად მოიძებნება აქაურზე უკეთესი ბროწეული. საქონელი აქ დიდი რაოდენობით და ძალიან კარგი ჯიშისაა, იქნება ეს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა. დიდი რაოდენობითაა გარეული ღორიც. სოფელი სავსეა ღორებით.
უნდა ითქვას, რომ ამ ხორცზე უკეთესს ვერაფერს იგემებ. მტკვარი იმდენი თევზითა და მტკნარი წყლით ამარაგებს ქვეყანას, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას – მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, წლის არც ერთ დროს არ შეიძლება აქაურზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა“.
არსებული მასალებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენი წინაპარი დიდ ყურადღებას უთმობდა ცხოველების მოვლა-მოშენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პირველ რიგში ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცხოველთა კვებას. თითქმის ყველა გამოკითხული მეურნე ამბობს, რომ კარგად ნაკვები ცხოველი ძლიერია, ჯანმრთელია, მას ვერაფერს აკლებს ავადმყოფობა. გლეხს შემუშავებული ჰქონდა საქონლის კვების გეგმაც.
ჩვენს წინაპრებს შესწავლილი ჰქონიათ ცალკეული საძოვრები, რომლებიც წონამატს და წველადობას უზრდიდა საქონელს.
ბუნებრივი პირობები დაედო საფუძვლად იმას, რომ პატარა საქართველოს ერთმანეთისაგან არცთუ ისე ბევრად დაშორებულ კუთხეებში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჯიშისა და თვისების მქონე საქონელი. შემდგომში ჯიშები თანდათან იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა.
მაგალითად, თუშური ცხენი, ის მომცრო ტანისაა, მაგრამ კარგადაა შეგუებული მთის პირობებს. კარგად მოძრაობს მთის ციცაბო ბილიკებზე, გადააქვს საკმაოდ მძიმე ტვირთი და საკვებსაც კარგად მოიპოვებს მთის პირობებში, რასაც მოკლებულნი არიან დიდი ჯიშის ცხენები.
თუშური ცხვარიც ხომ ჩვენი წინაპრების მიერ ჯიშთა შერჩევისა და გაუმჯობესების შედეგია.
ასე, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სხვა ქვეყნის ცხოველთა განსხვავებული ჯიშები, რომლებიც შეესაბამებოდნენ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს. ბუნებრივი პირობების შესაბამისად ვითარდებოდა, ასევე, ცხოველთა მოვლა-მოშენების მეთოდები, ხერხები და საშუალებები.
დაძაბული, გონივრული და ფიზიკური შრომის შედეგად ჩვენი წინაპრები შრომის მაღალნაყოფიერებას ისე აღწევდნენ, რომ ამზადებდნენ არათუ ქვეყნისათვის სამყოფ პროდუქციას, არამედ ხშირად ბევრი და მაღალხარისხოვანი სასაქონლო ნაწარმი გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში.
მიუხედავად მძიმე შრომისა, ქართველი მეურნეები ყოველთვის ახერხებდნენ ღირსეულად შეხვედროდნენ სხვადასხვა აღსანიშნავ დღესასწაულს (ახალი წელი, აღდგომა, მარიამობა და ა. შ.). აჭარაში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეში მიღებული იყო დღესასწაული „შუამთობა”.
საქართველოში ცხოველთა მოვლა-მოშენების და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი საინტერესო მასალა აქვთ შესწავლილი და დამუშავებული ავტორებს: ვ. შამილაძეს, ბ. გამყრელიძეს, ნ. იოსელიანს, ნ. გოცირიძეს, ნ. კილაძეს, ო. ჯაფარიძეს, ა. ციციშვილს, ალ. რობაქიძეს, თ. ჩიქოვანს, ა. კოზმანიშვილს, მ. ნატროშვილს, ი. შუბითიძეს, რ. ნოზაძეს, კ. კაპანაძეს, თ. პაიკიძეს, კ. ქართველიშვილს, ზ. შერმაზანაშვილს, მ. მაკალათიას, ს. კვიციანს და ბევრ სხვას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში მეცხოველეობის განვითარების შესწავლის საქმეში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია მეცხოველეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას მოითხოვს.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და განზოგადება ისევე საჭიროა, როგორც მათ მიერვე შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა და წარმოჩენა.
ნაშრომში მოტანილი მასალა, რომელიც ეხება ქართველი ხალხის როლს ცხოველთა მოვლა-მოშენებისა და მკურნალობის საქმეში, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმ მდიდარ ტრადიციებს, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ამით მაინც გარკვეული წვლილი იქნება შეტანილი ჩვენი წინაპრების სამეურნეო საქმიანობის შესწავლის საქმეში.
ჯემალ სვანიძე,
ლევან თორთლაძე