ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები საქართველოში
ბარის მეცხოველეობამ საქართველოში განვითარების მრავლეტაპიანი გზა განვლო. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, თანდათან ბარის ადგილების ახლო მდებარე მთის ფერდობებს იკავებდა. ეს პროცესი დროთა განმავლობაში უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობდა და მესაქონლეობა ნელ-ნელა ითვისებდა მთის საძოვრებს. უფრო მოგვიანებით, როცა გაიზარდა მოსახლეობა, გაფართოვდა ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რასაც მოჰყვა აღებ-მიცემობის გაფართოება, დღის წესრიგში დადგა მეცხოველეობის პროდუქტების გაზრდის საკითხიც. ასეთ პირობებში მეცხოველეობა უკვე იკავებს მაღალმთიან საძოვრებს თვით ალპური ზოლის ჩათვლით. ეს პროცესი დაკავშირებული იყო მთელ ამიერკავკასიასთან, როგორც მთიან მხარესთან. მეცნიერთა ვარაუდით, ეს შუა ბრინჯაოს ხანაში უნდა მომხდარიყო. ამ დროს ჩანს მაღალგანვითარებული მეცხოველეობა, მასთან ერთად მთაში განვითარებას იწყებს ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოება, ცოტა ადრე კი სპილენძის მოპოვება. ლითონის გამოდნობამ, რომლითაც ძირითადად მთაში მყოფი მწყემსები იყვნენ დაკავებული, დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურების საქმეში. მესაქონლეობის ასეთი ფორმების წარმოშობა დაკავშირებული იყო კავკასიის სპეციფიკურ პირობებთან, მაგრამ მას კავშირი არ გაუწყვეტია მოსახლეობის სამიწათმოქმედო ყოფასთან.
არსებული მასალებით (არქეოლოგიური მასალა, ბერძენ-რომაელთა წერილობითი მასალები, ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ და სხვა) მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ანტიკური ხანის კოლხეთში მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხვარეობა და რომ ნაზმატყლიანი ცხვრის ერთ-ერთ სამშობლოდ ძველი კოლხეთი უნდა ჩაითვალოს. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ძვ. წ. VIII _ VII საუკუნეებში შავი ზღვისპირეთის ბერძნულ ახალშენებიდან დიდი რაოდენობით წარმოებდა ნაზმატყლიანი ცხვრის იმპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნულია იმის შესახებაც, რომ კოლხეთიდან საბერძნეთსა და რომში გაჰყავდათ კოლხური ცხვრის მწარმოებლებიც. მათი ვარაუდით, კოლხურ ცხვარს დიდი წილი უძევს იტალიური და სიცილიური ნაზმატყლიანი ცხვრების ფორმირების პროცესში. მომდევნო პერიოდში ის ესპანეთში იქნა შეყვანილი, სადაც საფუძვლად დაედო ესპანური მერინოსის მაღალკულტურული თვისებების ჩამოყალიბებას.
ბ. პიოტროვსკი, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა არქეოლოგიურ მასალებს და ეპიგრაფიულ ძეგლებს, მიდის იმ დასკვნამდე, რომ მეცხვარეობის გამოჩენა ამიერკავკასიაში მიეკუთვნება უძველეს დროს, ენეოლითის კულტურის არსებობამდე პერიოდს. მისივე მონაცემებით ამიერკავკასიის უძველეს მოსახლეობაში მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხოველეობა, სადაც მეცხვარეობა მნიშვნელოვნად სჭარბობდა მეცხოველეობის სხვა დარგებს. როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, მეტ – ნაკლებად ანალოგიური ვითარება იყო მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მეცხვარეობა დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკის განვითარებაში. ამაზე მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებული გათხრებიც, რომლის მიხედვით მეცხოველეობაში უპირატესობა მეცხვარეობას ეძლეოდა.
საქართველოში მეცხოველეობა განსაკუთრებით დაწინაურებული მე-19 საუკუნეში ჩანს. პროფ. პ. გუგუშვილის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, რომელიც ეყრდნობოდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების 1851 წლის მოხსენებას, ნათქვამია, რომ ამიერკავკასიის მხარე წელიწადში აწარმოებს არანაკლებ 500 ათას ფუთ მატყლს. ეს მატყლი ყველა რუსული მატყლისაგან გამოირჩევა სისუფთავით, ბეწვის სიგრძით და გრეხის ხარისხით.
საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობის მატყლი გადიოდა ჩრდილოეთ ამერიკაში, შემდეგ საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში. მატყლი მიდიოდა საქართველოდან ასევე ლოძისა და მოსკოვის რაიონებში XIX საუკუნეში. კაპიტალიზმის განვითარების პროცესში სოფლად ვითარდებოდა მსხვილი ფერმერული მეურნეობები. ა.მ. არღუთინსკის მონაცემებით (1886 წ.), ცხვრის მთელი რაოდენობის 42,6% თავმოყრილი იყო მხვილ კულაკთა ხელში, რომელთა წილი მეცხვარეობის მეურნეობათა ფონზე 1,7% შეადგენდა, საშუალო ფენას კი ეკუთვნოდა 39,7%, ამ ფენის წილი კი 5,6% უდრიდა.
მესაქონლეობის სხვადასხვა ფორმის წარმოშობა დაკავშირებული იყო საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდთან. მესაქონლეობის ამ თუ იმ ფორმის წარმოშობას თვით ცხოვრება კარნახობდა ადამიანებს. საზოგადოების განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მათი მოთხოვნილებაც. ეს პროცესი უფრო შესამჩნევი ხდებოდა მაშინ, როცა ქვეყანა აღმავლობის გზით ვითარდებოდა, მატულობდა მოსახლეობის რაოდენობა და ამასთანავე ხდებოდა საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფა. მისი განვითარება ასევე დაკავშირებული იყო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობასა და ვაჭრობის გაფართოებასთან. ეს პროცესი კი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დაპყრობით თუ სხვა ხასიათის ომებს, რომლებიც ძალზე ხშირი იყო საზოგადოების ისტორიაში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, კაპიტალიზმის განვითარებამაც ხელი შეუწყო მესაქონლეობის როგორც ინტენსიურ, ისე ექსტენსიურ განვითარებას.
როგორც მაგალითებიდან ჩანს, საქართველოს სინამდვილეში მესაქონლეობის ყველა ზემოთ დასახელებულ ფორმას ჰქონდა ადგილი.
მესაქონლეობის ფორმების და საერთოდ მეცხოველეობის განვითარება უდიდეს როლს ასრულებდა ქვეყნის როგორც სამეურნეო-კულტურული, ისე სოციალური განვითარების საქმეში.
ჯემალ სვანიძე,
ლევან თორთლაძე