აგროსიახლეები

წლეულს 110 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტირება განხორციელდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამით 2023 წლის 9 თვეში 3 ხელშეკრულება გაფორმდა და ჯამურად 109.05 ჰა ჩაის პლანტაცია რეაბილიტირდა – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს დირექტორის, დავით წითლიძის, მიერ წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ.
2023 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო ღირებულებამ 395 565 ლარი შეადგინა, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 272 614 ლარი, თითქმის 69% იყო.

სოფლის განვითარების სააგენტომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოყო, საიდანაც, 17 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 33,48% – 167 397 ლარია ათვისებული.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტომ 2016 წელს დაიწყო. რვა წლის განმავლობაში, სააგენტომ ბენეფიციარებთან 72 ხელშეკრულება გააფორმა, საერთო სარეაბილიტაციო ფართობმა კი 1 762, 13 ჰექტარი შეადგინა.

2018 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ღირებულებამ 5,2 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 3,6 მლნ ლარი, 69.2%, იყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება. პროგრამის ბენეფიციარებს ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%, ჰექტარზე არაუმეტეს 2 500 ლარის გაანგარიშებით, უფინანსდებათ.

წყარო: bm.ge