ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

წყალბადის ზეჟანგი, ოზონი და ორგანული მევენახეობა

შემოქმედმა ადამიანი ბუნების ისეთივე არსებად შექმნა, როგორადაც ნებისმიერი  სულიერი. მართალია, შემოქმედმა ადამიანი დედამიწაზე ერთადერთ მეტყველ-მოაზროვნე ინდივიდად გააჩინა, მაგრამ მას ბუნებაზე მბრძანებლის ფუნქცია კი არ მიანიჭა, არამედ, ბუნებაზე მზრუნველის ფუნქცია დააკისრა და დაავალა, იცხოვროს მასთან ჰარმონიაში და აცხოვროს მისგან შექმნილი ყოველი ცოცხალი.

ასეული წლებია კაცობრიობა იცნობს ოზონს, კოლოიდურ ვერცხლს და წყალბადის ზეჯანგს, როგორც ბევრჯერ უფრო ძლიერ ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და ყველანაირი მავნე მიკრო-ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. მიუხედავად ამისა, მათ ბაზაზე დღემდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საყოველთაო გამოყენებაში მისაღები პრეპარატი არ შექმნილა (ყოველ შემთხვევაში საქართველომდე არ ჩამოუღწევია), რომლითაც მოსახლეობა, თანამედროვე შხამქიმიკატებს, რომ ჩაანაცვლებს. ზემოთ რამდენიმე თავში ჩვენ განვიხილეთ ოზონისა და ოზონირებული წყლის გამოყების პერსპექტივები, როგორც მევენახეობა-მეღვინეობაში, ისე, სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებზე და რომლითაც უნდა ჩანაცვლდეს თანამედროვე შხამქიმიკატები. ამჯერად მინდა მკითხველს ერთი, ასეთივე მაღალ-ეფექტური და აბსოლუტურად ეკოლოგიური პრეპარატი „წყალბადის ზეჟანგი“ გავაცნო, რომელსაც დღემდე საქართველოში ვიცნობდით, როგორც ჭრილობების მადეზინფიცირებელ საშუალებას. ბოლოს კი გამოირკვა, რომ მას უკვე დიდი ხანია იყენებენ მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, როგორც თანამედროვე შხამქიმიკატების ალტერნატივას საკუთარი მოხმარებისთვის და არა საყოველთაო გამოყენებისათვის.

ალექსანდრე გონჩაროვი, თავის წერილში „წყალბადი „კანონში“, ანუ მცენარის ბიოლოგიური დაცვა“, წერს: „რთული პრობლემები ხანდახან ძალიან უბრალო, იაფი, უწყინარი და პრაქტიკულად უნივერსალური საშუალებებით წყდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები ფაქტიურად ჩვენს ცხვირწინაა, მასზედ ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ კი ხშირად თვითონ არ დავფიქრდებით ზოგიერთი იმ ნივთიერებების შესაძლებლობებზე, რომლებსაც ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ჩვევა, ვხედავდეთ რაიმეს, მხოლოდ ერთ განზომილებაში, ხშირად ეს ხელს გვიშლის, რომ მას სხვა განზომილებაშიდაც შევხედოთ“.

ა. გონჩაროვი მართალია თავის მსჯელობაში. ბევრ, ჩვენგანს მრავალჯერ წაუკითხავს და ფიზიკური შეხება ჰქონია წყალბადის ზეჟანგთან, კოლოიდურ ვერცხლთან და ოზონთან. წაგვიკითხავს, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალებებია, რომელთა ზემოქმედება მავნე მიკროორგანიზმებზე რამდენიმეჯერ აღემატება პესტიციდებს და სხვა მადეზინფიცირებელ საშუალებებს. ბუნებრივია, ამის წამკითხავს აუცილებლად უნდა დაგებადოს კითხვა: თუ ეს ნივთიერებები მრავალჯერ აღემატება დღეს არსებულ მადეზინფიცირებელ საშუალებებს, ეკოლოგიურიცაა და ბევრჯერ იაფიც, რატომ არ უნდა გავსინჯო ისინი მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ? ამაზე რა თქმა უნდა მეცნიერი უნდა ფიქრობდეს და შედეგით ამარაგებდეს ფერმერს, მაგრამ ამაზე ფიქრსა და მოქმედებას, ფერმერსაც არავინ უშლის. მით უმეტეს, დღეს მეცნიერს შხამქიმიკატების მაგნატებისგან შეკვეთა, ძვირად ღირებული პრეპარატების შექმნაზე აქვს და არა იაფსა და ეფექტურზე.

ფერმერო, როცა ეს ყველაფერი შენს ინტერესებში შედის, შენ თვითონ უნდა იმოქმედო, რომ ეს საშუალებები შენი ბრძოლის იარაღად იქცეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მეურნე-ფერმერი, სიახლისადმი ძალიან ფრთხილია, სწორედ ესაა ჩვენი სიღატაკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. მეცნიერმა შექმნა და აქვს პრეპარატი, მაგრამ არ აქვს ვაზი, რომ გამოსცადოს ის. შესთავაზებ გლეხს და მათი პირველი კითხვა ესაა: ვინ გამოიყენა? საქართველოში ძირითადად უვარგისი შხამქიმიკატი შემოდის და ხშირია შემთხვევა ბევრს მოსავალი დაეკარგა, მაგრამ ამაზე მეურნე, თვალს ხუჭავს და პასუხს არავის სთხოვს. მეცნიერისგან კი დღესვე 100%-იან შედეგს ითხოვს.  

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღეს წყალბადის ზეჟანგი, რეგისტრირებულია, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ფუნგიციდი და ბაქტეროციდი, თესლის გაღივების სტიმულიატორი და ფესვების აერაციის საუკეთესო საშუალება. მაგ აშშ-ში წყალბადის ზეჟანგის პრეპარატები დარეგისტრირებულია 1977 წლიდან, როგორც ალგიციდი, ბაქტერიოციდი, ფუნგიციდი, ნემატოციდი, მიკრობიოციდი, ვირუსოციდი, დეზინფექტორი და სტერილიზატორი.

კანადის სტანდარტების საბჭომ კი 2001 წლიდან დაუშვა წყალბადის ზეჟანგის პრეპარატები ორგანულ წარმოებაში და ნება დართო გამოიყენონ ის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში, როგორც ფუნგიციდი.

ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების საერთაშორისო ორგანიზაცია (IFOAM)-ი რეკომენდაციას აძლევს თავის გაერთიანებაში შემავალ ორგანიზაციებს, ფართოდ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგის პრეპარატები ორგანული პროდუქტების წარმოებაში, როგორც დეზინფექტორი და ფუნგიციდი.

წყალბადის ზეჟანგის მოქმედების მექანიზმი იგივეა, როგორიც ოზონის. მისი ქიმიური ფორმულაა H2O2, ანუ ის შესდგება ორი ატომი წყალბადისა და ორი ატომი ჟანგბადისაგან. ის ადვილად იშლება წყლად და ატომურ ჟანგბადად, სწორედ ეს ატომური ჟანგბადია აქტიური დამჟანგველი და შლის ცილას მიკროორგანიზმის მემბრანაში, ახდენს ფერმენტების მოქმედების მოდუნებას და ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

წყალბადის ზეჟანგი ნიადაგში, 3-6 საათის შემდეგ იწყებს დაშლას, ხოლო ფოთოლზე მოხვედრილი თუ მას მზე უყურებს, მხოლოდ 10 საათის შემდეგ იწყებს დაშლას, რომელიც 60-72 საათი გრძელდება და შედეგად ვღებულობთ დახოცილ მავნე მიკრო-ორგანიზმებს და სუფთა წყალს და ჟანგბადს. ასე, რომ ვაზის შესაწამლად მისი გამოყენება რთვლის წინა დღეებშიაც შეიძლება.

საქართველოში დიდი ხანია მკვლევარი და საქმის მცოდნე კაცი, სანთლით საძებარია, რადგან წინა ხელისუფლების მიერ დანგრეულ მეცნიერებას აღდგენა თუ უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე, დღემდე არც დაფიქრებულა. ამიტომ სამინისტროდან და მათი სტრუქტურებიდან  კვალიფიციურ დახმარებას არავინ უნდა ელოდოს, პირიქით. რადგან შხამქიმიკატები ქვეყანაში ზოგს თვითონ შემოაქვს, ზოგიც მათი შემომტანის სამსახურშია. ამიტომ, მეურნემ და ფერმერმა, როცა ენთუზიაზმზე მომუშავე კვლევითი დაწესებულება ან მეცნიერი გამოჩნდება, უფრო მეტი ნდობა უნდა გამოუცხადონ მათ და ჩაებან კვლევებში. ასეთია რეალობა დღეს ქვეყანაში და უნდა დაემორჩილოთ.

ბოლო წლებია თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი შოთა მირიანაშვილი) და სტუ-სთან არსებული ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრის (ხელმძღვანელი ქიმიის პროფესორი თენგიზ წივწივაძე) მეცნიერები საზოგადოებრივ საწყისებზე, ვიკვლევთ და სოფლის მეურნეობაში ვნერგავთ ოზონო-ტექნოლოგიებს და წყალბადის ზეჟანგს, როგორც მცენარეთა ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძლიერ ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან იაფ საშუალებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეში „სოფლის მეურნეობაზე მზრუნველი სახელმწიფო ორგანოების ყურადღება და მხარდაჭერა ვერ დავიმსახურეთ (რაც არც გვიკვირს)“, მაგრამ გაუგებარია გლეხისა და ფერმერის პოზიცია. ოზონო-ტექნოლოგიას, რომელსაც  მემცენარეობა-მევენახეობაში (და არა მარტო აქ) მთელ მსოფლიოში იყენებენ, ჩვენმა მევენახეებმა ეჭვის თვალით შეხედეს და დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ. აქ შეიძლება დამაბრკოლებელი ის გარემოება იყოს, რომ ოზონო-გენერატორის შესაძენი 700-1000 ლარი შეიძლება გლეხს არ ჰქონდეს, მაგრამ ფერმერს ამის საშუალება ნამდვილად აქვს. აქ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტექნოლოგიის შეძენის შემდეგ ვაზს 10-15 წელი, ფაქტიურად უფასოდ შეწამლავ და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს მიიღებ, ეს გარემოება ვფიქრობთ ფერმერისათვის წამახალისებელი გარემოება უნდა იყოს.

გავითვალისწინეთ რა ოზონო-ტექნოლოგიის ვენახში გამოყენების შედარებითი სირთულე და გლეხის ფინანსური შესაძლებლობები წელს ოზონი, იმავე ბუნებისა და ზემოქმედბის მატარებელი ქიმიური ნივთიერებით „წყალბადის ზეჟანგით“ ჩავანაცვლეთ, რომელსაც სოფლის მეურნეობაში აშშ-ში თურმე, 1977 წლიდან იყენებს.

დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა, ფერმერ-მეურნეს ასეთი რჩევა მინდა მივცე: როცა ჩვენ რჩევას გაძლევთ და გითითებთ ინტერნეტში ამ საკითხებზე მიძღვნილ ზღვა მასალაზე, კეთილი უნდა ინებოთ, წაიკითხოთ და უფრო მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინოთ შემოთავაზებული სიახლის დანერგვის მიმართ, მით უმეტეს, მაშინ, როცა აღნიშნული ტექნოლოგია, ათჯერ ნაკლები გიჯდებათ, ვიდრე, ვაზის თანამედროვე შხამქიმიკატებით შეწამვლა. როცა გირჩევთ, რომ მაღაზიაში 10 ლარად ღირებული შხამქიმიკატი ჩემი 9 ლარიანი ახალი პრეპარატით ჩაანაცვლოთ, აქ, რა თქმა უნდა, მე საკუთარი მერკანტელური მიზნების დაკმაყოფილებაზე ვზრუნავ და არ უნდა დამიჯეროთ. მაგრამ, როცა გირჩევთ მიხვიდეთ აფთიაქში და მაღაზიის 10 ლარიანი შხამქიმიკატის ნაცვლდ, ერთ ლარიანი წყალბადის ზეჟანგი იყიდოთ და ვაზი მით შეწამლოთ, რომლითაც უკეთესს თუ არა, იგივე შედეგს აუცილებლად მიიღებთ, უნდა დაგვიჯეროთ, რადგან აქ ჩვენი სარგებელი არსად ჩანს, პირიქით, თქვენ იგებთ 9 ლარს.

მიუხედავად სირთულეებისა დღეის მდგომარეობით ქვეყნის 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს წყალბადის ზეჟაგით ვაზის შეწამვლა (სულ 9 ჰექტქრამდე ვენახი მოვიცავით). ვფიქრობთ, სეზონის ბოლომდე ამდენივეს მაინც დავიმატებთ. ჩვენს წინადადებას ჩართულიყვნენ ფართო საველე გამოცდაში უყოყმანოდ დათანხმა გიორგი გაბრიჭიძე და ზვიად მარგიანი ბოლნისიდან, ემზარ მასურაშვილი კაკაბეთიდან, ქართლოს მერმანიშვილი და შოთა გაბრიჭიძე ჭიათურიდან, ანდრო ბარნოვი ატენიდან, ორი ფერმერი თოხლიაურიდან და სხვები. დღეისათვის უკვე მათ 2-3 წამლობა აქვთ ჩატარებული და ვაზი, ყველგან ჯანმრთრლადაა. ყველა მსურველს ვურჩევ ნუ დაელოდებით სხვათა შედეგებს და თვითონ ჩაატარეთ მცირე-მასშტაბიანი ექსპერიმენტი. მსურველებმა სამუშაო ხსნარი შემდეგნაირად მოამზადეთ: აიღეთ 10 ლიტრი წყალი, ჩაასხით შიდ 1 გრ. 5%-იანი იოდი და 300 გრ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, კარგად აურიეთ და 10-15 წუთის შემდეგ შეწამლეთ 10-15 ძირი ვაზი. შეწამლა გაიმეორეთ ყოველ 8-10 დღეში, შემოდგომაზე კი გეცოდინებათ შედეგი და გექნებათ საკუთარი გამოცდილება. დიდი რაოდენობის სამუშაო ხსნარის დასამზადებლად იხელმძღვანელეთ 10 ლიტრის ნორმებით. ვაზის დიდი ფართობების შესაწამლი ხსნარის გაიაფების მიზნით შეგვიძლია გაშოვნინოთ წყალბადის ზეჟანგის 30-50-%-იანი კონცენტრატი, რომლიდან დამზადებული სამუშაო ხსნარი 3-4-ჯერ იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე, აფთიაქში ნაყიდი დაფასოებული 3%-იანი ზეჟანგი. ვაზი, თუ დაავადებულია, მაშინ ყოველ 10 ლიტრ წყალზე ნაცვლად 300-ისა 400 გრ. 3%-იანი ზეჟანგი გამოიყენეთ.

წინასწარი გაანგარიშებით ერთი ჰექტარი ვენახის შესაწამლად 15-20 ლარის წყალბადის ზეჟანგი გეყოფათ. შედეგი კი უკეთესი იქნება, ვიდრე თანამედროვე შხამქიმიკატი იძლევა.

სასურველია ინტერნეტის საშუალებით გაეცნოთ ამ მიმართულებით მსოფლიოს გამოცდილებას, ამიტომ შედით ფეისბუქში და აკრიფეთ; „Обработка винограда перекисью водорда“. უფრო მეტი და უფრო კვალიფიციური სამეცნიერო ნაშრომები ინგლისურ ენაზეა. გისურვებთ წარმატებას.

               ჟორა  გაბრიჭიძე  /სტუ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის ს/ც-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,

                შეკითხვებისათვის ტელ. 551-333-155