ბალახის შრობის ტექნოლოგია

ბუნებრივი თუ ნათესი სავარგულებიდან მიღებული მწვანე საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი სათანადო დამუშავების შემდეგ გამოიყენება ზამთარში პირუტყვის ბაგური კვების პერიოდში.

ზამთრის ბაგური პერიოდი საქართველოში გრძელდება 4 თვიდან (ბარის რაიონები) 8 თვემდე (მთიანი რეგიონები). საკვების მწარმოებელთა ამოცანას წარმოადგენს მწვანე ბალახიდან ან ზოგიერთი სხვა საკვები კულტურის ნედლი მასიდან უმცირესი დანაკარგებით დამზადდეს ზამთრისათვის მაღალი ხარისხის საკვები, სადაც წყლის შემცველობა იქნება საშუალოდ 70% (სილოსი), 50-55% (სენაჟი), 15-17% (თივა, ბრიკეტები და გრანულები), 10-13% (ბალახის ფქვილი). აღნიშნული პროცენტით ტენის შემცველი 1000 კგ საკვების მისაღებად აუცილებელია ბალახიდან 500-5000 კგ. წყლის მოშორება.

გაუთიბავ ბალახში წყლის მაქსიმალური რაოდენობა აღინიშნება ჩვეულებრივ დილით, დაახლოებით 6 საათზე. მცენარის ფოთლის და ღეროს ტენიანობის დინამიკა დღე-ღამის განმავლობაში რამდენადმე ერთნაირია, მაგრამ სავეგეტაციო პერიოდში ღეროს ტენიანობის პროცენტი თანდათანობით კლებულობს, ხოლო ფოთლის ტენიანობა თითქმის ერთიდაიგივე დონეზეა. დადგენილია, რომ შრობის დასაწყისში ბალახიდან წყლის აორთქლება სწრაფად და თანაბარი სიჩქარით მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტენიანობა პარკოსან ბალახებში 50-56%-მდე, ხოლო მარცვლოვანებში 40-45%-მდე კლებულობს, აორთქლების სისწრაფე თანდათან მცირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში ორთქლდება, როგორც წესი, თავისუფალი წყალი, ხოლო შემდგომში კი ბმული.

ბალახის ტენიანობა თიბვის პერიოდში დამოკიდებულია აგრეთვე მცენარის სახეობასა და ჯიშზე, ამინდის პირობებზე, აგროტექნიკურ ფაქტორებზე (მორწყვა, განოყიერება, გათიბვის რაოდენობა), ბალახნარის სიხშირეზე. აღნიშნულ და ზოგიერთ სხვა მაჩვენებლებზეა დამოკიდებული წყლის ორივე კატეგორიის (თავისუფალი და ბმული) კავშირები მცენარეულ მწვანე მასაში და ცხადია ყველა ისინი გათვალისწინებული უნდა იყოს ბალახის შრობის ორგანიზაციის დროს. მცენარის შრობის სიჩქარე განისაზღვრება სხეულის ზედაპირიდან ტენის აორთქლების სიჩქარით და უჯრედების შიდა ფენებიდან გარე ფენებისკენ ტენის მოძრაობის ინტენსივობით.

მაღალი ხარისხის თივის დამზადების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ადგილმდებარეობის სიმაღლესთან (ვერტიკალური ზონა), ბალახნარის ტიპთან და მის მოსავლიანობასთან, ასაღები ტექნიკის აღჭურვილობასთან და სხვა სამეურნეო ხასიათის პირობებთან. მაგრამ ყველგან და ყოველთვის თიბვის პროცესის მთავარი პრინციპია გათიბული ბალახების საიმედო შენახვა თივის ხარისხის მინიმალური დანაკარგებით.

პარკოსანი ბალახების შრობის პროცესი გაცილებით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მარცვლოვანების, შესაბამისად 75 და 27-47 საათი. იონჯა გამოირჩევა მწვანე მასაში არსებული წყლის შეკავების უფრო დიდი უნარით, ვიდრე სამყურა. პარკოსან ბალახებს შორის უკეთესი შრობით ხასიათდება მდელოს ცულისპირა, უფრო ცუდით — ძიძოები, განსაკუთრებით პირველი გათიბვის დროს. მეტად რთულია და პრაქტიკულად გაძნელებულია ერთწლოვანი სამყურების ბალახნარიდან ხარისხიანი თივის დამზადება. მარცვლოვანებიდან თივის შრობის კარგი ხარისხით გამოირჩევა მელაკუდას და შვრიელას სახეობები. წყლის გაცემის უნარი უფრო მეტი აქვთ ნორჩ მცენარეებს, ვიდრე ზრდასრულებს. ასე მაგალითად, 75 საათის განმავლობაში შრობისას ყვავილობის დაწყების ფაზაში გათიბული ლურჯი იონჯა შეიცავდა 45,9% ტენს, ყვავილობის დასასრულს გათიბული კი — 21,7%, თუმცა, საწყისი ტენიანობა ორივე შემთხვევაში თითქმის თანაბარი იყო — 75,7 და 76%. ტენის გაცემის სიჩქარე განსაკუთრებით მატულობს გენერატიული ორგანოების წარმოქმნის დროს და კვლავ კლებულობს ნაყოფმსხმოიარობის ფაზაში. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს განვითარების ადრეულ ფაზებში გათიბული ბალახის გაშრობის და კარგი ხარისხის თივის დამზადების სიძნელეებს.

ოპტიმალურ ვადებში თიბვის ჩატარების, ტექნოლოგიის დაცვისა და მოთიბული ბალახის სწრაფი გაშრობის დროს საყუათო ნივთიერებების დანაკარგები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც უზრუნველყოფს კაროტინის მაღალი შემცველობის თივის წარმოებას. ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები მრავალწლოვან ბალახებში საყუათო ნივთიერებების შემცველობის შესახებ განვითარების სხვადასხვა ფაზებში.

ვეგეტაციის ფაზების გავლასთან ერთად იონჯას, სამყურასა და მარცვლოვანი ბალახების ნარევებში, როგორც ეს ცხრილიდან ჩანს, მცირდება პროტეინისა და კაროტინის შემცველობა, ხოლო მატულობს უჯრედისის პროცენტი, რაც საერთო ყუათიანობის შემცირების მაჩვენებელია.

ცნობილია, რომ ბალახების ცალკეული ორგანოები (ფოთოლი, ღერო) ხასიათდება არა მარტო განსხვავებული საწყისი ტენიანობით, არამედ სხვაგვარი ანატომიური აღნაგობით და მოცულობის მიმართ სხვადასხვა ზედაპირით. ამის შედეგად ბალახის ღერო— ფოთლის შრობა მეტად არათანაბრად და განსხვავებულად მიმდინარეობს. ფოთლის ზედაპირი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მისი მოცულობა, ხოლო ტენის გადაადგილება შიდა ფენებიდან ზედაპირისაკენ გაცილებით უფრო მოკლე მანძილზე ხდება ღეროებთან შედარებით. ამიტომ სავსებით კანონზომიერია, რომ ბალახის ფოთოლი გაცილებით უფრო ადრე შრება, ვიდრე ღერო.

ბალახის გათიბვის შემდეგ მცენარეული უჯრედების ბაგეები მაშინვე იხურება, რაც ხელს უშლის შრობის პროცესის ნორმალურ მსვლელობას. აქედან გამომდინარე მიღებულია, რომ დილაადრიან გათიბული ბალახი სწრაფად შრება, ვიდრე დღისით მოთიბული, როდესაც ფოთლის ბაგეები უკვე უფრო დახურულია.

ბალახის შრობის პერიოდში საკვები ნივთიერებების დანაკარგები დაკავშირებულია მცენარის ყველაზე ნაზი და თანაც ყუათიანი ნაწილების დაცვენასთან (ფოთოლი, ყვავილედი, ნორჩი ყლორტები); შრობის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური და ბიოქიმიური პროცესების შედეგებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მკვეთრად მცირდება საყუათო ნივთიერებების მონელებადობა და შეთვისების უნარი.

უშუალოდ მოთიბვის შემდეგ ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადის და სხვა ნივთიერებათა ასიმილაცია მცენარეში ჯერ კიდევ ნორმალურად მიმდინარეობს და სინთეზი სჭარბობს დაშლის პროცესს, მით უფრო ნორჩ ბალახში. მაგრამ უკვე ძალიან მალე ნიადაგიდან და ჰაერიდან საყუათო ნივთიერებების მიღება მცენარეში აღარ ხდება და ნივთიერებათა დაშლა დომინირებს სინთეზის პროცესებს. ამიტომაც ხდება ბალახების შეჭკნობა.

ბალახის შრობის დაჩქარების რამდენიმე ხერხი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბალახის ქსოვილების მექანიკური დაზიანება (ტლეჟა სატლეჟი მანქანით) და მაღალი ტემპერატურის სწრაფი ზემოქმედება (საშრობ დოლში ბალახის ხელოვნური გაშრობა). სათიბელებზე სპეციალურად დამაგრებული მოწყობილობით ხდება მცენარის მექანიკური დაზიანება, იშლება ეპიდერმისი, შიშვლდება და წყვეტას განიცდის ჭურჭელ-ბოჭკოვანი გამტარი კონები. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ჩერდება პროტოპლაზმის ცხოველმოქმედება და ჩქარდება ქიმიურად ბმული წყლის გადასვლა თავისუფალში. 17-18% ტენის მქონე ბალახში (ფაქტობრივად თივაში) მიკრობიოლოგიური პროცესების განვითარება გამორიცხულია, რადგან მაღალი კოსმოსური წნევის გამო წყალში გახსნილი თითქმის ყველა საყუათო ნივთიერებები მიკროორგანიზმებისათვის მიუწვდომელია. ამ მდგომარეობამდე ნედლი ბალახი შეიძლება მივიყვანოთ შედარებით ნელა (მინდვრის პირობებში და დახურულ შენობებში, მ.შ. აქტიური ვენტილირებით) და სწრაფად (საკვები კულტურების, მ.შ. ბალახის მაღალტემპერატურიან აგრეგატებში გაშრობით).

პრაქტიკაში გამოიყენება ტენიანობის განსაზღვრის ორგანოლეპტიკური მეთოდი. 55-60% ტენიანობის დროს მარცვლოვანთა ფოთლები ოდნავ შემჭკნარი, მოქნილია, ღერო საკმაოდ დრეკადი; პარკოსანი ბალახების ფოთოლი მოქნილია, ღერო შემჭკნარი, ზედა ნაწილში თითქმის ნედლი, ხელის მოჭერისას გამოიყოფა ტენი. 40-45% ტენიანობის დროს მარცვლოვანი ბალახების ფოთოლი შრიალებს, მაგრამ არ იფშვნიტება, ღერო ჯერ კიდევ დრეკადია, მასა ძნელად იფოცხება; პარკოსნების უმრავლესობის ქვედა ფოთლები ხმელი და დახვეულია, ფოთლის ყუნწი ტყდება, ხელის მოჭერისას ღერო მცირეოდენ ტენს გამოყოფს. მარცვლოვანი ბალახების მასა 30-35% ტენიანობის დროს ადვილად იფოცხება და შრიალებს, ღეროდან ცოტა ტენი გამოიყოფა, ღეროს ქვედა ნაწილში ფოთლები მყიფეა; პარკოსანი ბალახის ფოთლები შრიალს იწყებენ, ღერო დრეკადია, მისი კანი იფხიკება, შოლტის დაგრეხვისას ტენი არ გამოიყოფა, განსხვავება ფოთლისა და ღეროს შეფერილობაში უმნიშვნელოა. როდესაც გასაშრობი მასის ტენიანობა 20-25%-ია, მარცვლოვანი ბალახების შოლტის დაგრეხვისას მის ზედაპირზე გამოიყოფა ტენი, ხოლო დაგრეხვის შემდეგ უკუღმა ტრიალით აღარ იშლება; პარკოსანი ბალახების ღეროს კანის აფხეკა ადვილია, თივის მასაში ხელი სიცივეს გრძნობს. ასეთ მდგომარეობაში თივა ჯერ კიდევ ნესტიანად ითვლება. 18-20% ტენიანობის შემცველი შოლტის დაგრეხვით თივა არ შრიალებს; შოლტი უძლებს არაერთგზის გადაგრეხვას ან გადაღუნვას, ამასთან ტენი არ გამოიყოფა, მაგრამ მასის ტენიანობა შეიგრძნობა, ღერო არ იმტვრევა; პარკოსნების ღეროს კანის აფხეკა გაადვილებულია. ასეთი ტენიანობის თივა ითვლება ნოტიოდ. 17-18% ტენის მქონე თივა ითვლება საშუალო სიმშრალის, მასა შრიალებს, მაგრამ არ ტკაცუნებს, თივის მასაში ხელი სიგრილეს გრძნობს. 15-16% ტენის მქონე თივა უკვე მთლიანად მშრალია, დაგრეხვისას შოლტების კონა შრიალებს, ტკაცუნებს, ხეშეშის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხელი თივის სინესტეს არ გრძნობს, შოლტი (ლახტი) დაგრეხვისას ადვილად წყდება.

მოთიბული ბალახის ნორმალურ პირობებში გაშრობისას გათიბულ მასაში აღინიშნება ცვილის, ეთეროვანი ზეთების, ფისების, ზოგიერთი სხვა ნივთიერებების დაჟანგვის ნელად მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგად თივა იძენს თავისებურ არომატს. საყუათო ნივთიერებების დაშლა მთავრდება მაშინ, როდესაც მოთიბული მასის ტენიანობა 17-18 %-მდე მცირდება. უფრო მაღალი ტენიანობისას მოსალოდნელია თვითჩახურების პროცესის დაწყება, რომელიც ხშირად თვითანთებადობას იწვევს.

გასაშრობი მასის თვითჩახურების პროცესი, რომელიც ორ ფაზას-ბიოლოგიურს და ფიზიკო-ქიმიურს მოიცავს, იწყება მიკროორგანიზმების, პირველ რიგში სოკოების განვითარებით, რომელთა მიერ გასაშრობი მასის საყუათო ნივთიერებების გამოყენებას თან სდევს სითბოს გამოყოფა. პირველ 5-7 დღეს ტენიანი მცენარეული მასის ტემპერატურა 40-500ჩ-მდე იზრდება, ხოლო შემდგომ კი 70-75 და 85-900ჩ-მდეც კი. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე გასაშრობ მასაში ყოველგვარი მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედება წყდება, რითაც მთავრდება თვითჩახურების ბიოლოგიური ფაზა. ამ დროისთვის გასაშრობი მასა წაბლისფერ, მოშავო შეფერილობას იძენს.

ბიოლოგიური ფაზის შემდეგ, რომელიც 8-12 დღეს გრძელდება, მომდევნო ფიზიკო-ქიმიურ ფაზაში ფორებიანი, დანახშირებული მასის ზედაპირზე კონცენტრირდება ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოქმნილი მეთანი, წყალბადი, რამდენიმე სხვა აირი, რომლებიც ჟანგბადთან ურთიერთობისას სწრაფად იჟანგება და დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს. ამ მასაში ჟანგბადის მნიშვნელოვანი დაგროვებისას წარმოებს ტემპერატურის ნახტომისებრი მატება და 280-3200ჩ-ის დროს მოსალოდნელია დანახშირებული უჯრედის და მის ზედაპირზე აბსორბირებული აირმდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა პროდუქტის თვითაალება, რაც უფრო ხშირად ხდება აზოტით მდიდარ საკვებში. ცხადია, თვითჩახურება მნიშვნელოვნად ამცირებს თივის ყუათიანობას და მონელებადობას. უჯრედების არასრული დაშლის შედეგად მცენარეული მასა მოყვითალო ფერს იღებს (ე.წ. ჩაშავებული თივა), რომელსაც პირუტყვი გარკვეული ხალისით ჭამს, მაგრამ მისი ენერგეტიკული ღირებულება მეტად დაბალია.

სათიბის სწორი გამოყენების, ბალახნარის მოვლა-მოყვანის და თიბვის ყველა პროცესის აგროტექნიკით გათვალისწინებული ხერხების დაცვით დამზადებული 100 კგ. მაღალხარისხოვანი თივა საშუალოდ 45-55 საკვებ ერთეულს შეიცავს. იგი მდიდარია პროტეინით, კალციუმით, ფოსფორით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, განსაკუთრებით „D” ვიტამინით. მაღალხარისხოვანი თივა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მეცხოველეობის რენტაბელობის მაჩვენებლებს.

იოსებ სარჯველაძე, სმმ დოქტორი,

ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი;

სოსო მედოიძე, სსც. სპეციალისტი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

3 thoughts on “ბალახის შრობის ტექნოლოგია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.