მეფუტკრეობა

ვაროატოზი და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები

ამ დაავადებაზე წიგნებია დაწერილი და უამრავი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ განკურნების 100%-იანი საშუალება ჯერაც არაა ნაპოვნი. სანამ მასთან ბრძოლის მექანიზმებსა და საშუალებებზე ვისაუბრებთ, საჭიროა, მოკლედ მაინც განვიხილოთ ტკიპა ვაროას, როგორც მრავალი დაავადებების გამომწვევი მიზეზის, ბიოლოგიური თავისებურებები.
 ბიოლოგიური ციკლი

 ტკიპა ვაროას განვითარება შემდეგ ეტაპებს (ფაზებს)  მოიცავს: კვერცხი, პროტონიმფა, დეიტონიმფა, ტრიტონიმფა და ზრდასრული ფორმა (იმაგო).

ახალგაზრდა განაყოფიერებული მდედრი ტკიპა, რომელიც ფუტკრის ბარტყთან ერთად ამოძვრა უჯრიდან, პარაზიტობს მასზე 12 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი შედის მუშა ან მამალი ფუტკრის უჯრაში, რომლის გადაბეჭდვამდე მცირე დროა დარჩენილი. მდედრი ტკიპა წვება ფსკერზე ზურგით და ელოდება უჯრის გადაბეჭდვას. მალე ფუტკრის მატლი იწყებს პერანგის „მოქსოვას“, რომელიც ტკიპისთვის მოქმედების დაწყების ნიშანია; მდედრი ტკიპა ჯდება მატლზე, ხვრეტს მატლის გარსს და იწყებს ჰემოლიმფით კვებას. მას შემდეგ, რაც მატლი დაამთავრებს პერანგის მოქსოვას, მდედრი ტკიპა იწყებს კვერცხდებას. როგორც წესი, პირველი (გაუნაყოფიერებელი) კვერცხიდან იბადებიან მამრი ტკიპები, შემდეგ კი მდედრები. როგორც წესი, ერთი მდედრი ვაროა დებს 4-6 ცალ, ოვალური ფორმის 0,6*0,3მმ მოცულობის თეთრ კვერცხს, საიდანაც 2 დღის შემდეგ ლარვის (მატლის) ეტაპის გამოტოვებით გამოდიან პროტონიმფები (განვითარების ციკლში ტკიპები გაივლიან შემდეგ ფაზებს: კვერცხი, მატლი, პროტონიმფა, დეიტონიმფა, ტრიტონიმფა და ზრდასრული ფაზა.

შემდეგ ფაზაში პროტონიმფისაგან გამოდის დეიტონიმფა. მდედრ დეიტონიმფას, როგორც ზრდასრულ მდედრ ვაროას, სხეული ოვალური ფორმის აქვთ 1,0*1,3მმ ზომით. მამრობით დეიტონიმფას სხეული მომრგვალოა 0,8*0,7 მმ ზომით, მოთეთრო-მონაცრისფერო ფერის. განვითრების ხანგრძლივობა მამრ და მდედრი დეიტონიმფის ერთი ან ორი დღეა. სრული ციკლი კვერცხიდან ზრდასრულ ტკიპამდე ჩამოყალიბება  გრძელდება მდედრებისათვის 8-9 დღე, ხოლო მამრებისათვის 6-7 დღე.

ზრდასრული ვაროას  მამრის სხეული კვერცხისებურია, ოდნავ ვიწრო წინა ბოლოთი განვითარებული მამრი და მდედრი ჯვარდებიან ჯერ კიდევ ფუტკრის ან მამალი ფუტკრის ჭუპრის დასრულებამდე. მამრი ტკიპები შეჯვარების შემდეგ იხოცებიან, ხოლო მდედრები მუშა ფუტკრის ან მამალი ფუტკრის  გამოსვლიდან აგრძელებენ ცხოვრებას ზრდასრულ ფუტკრებზე.

 თუ უჯრაში აღმოჩნდა არაერთი მდედრი ვაროას ტკიპა, მაშინ  ისინი იწყებენ უფრო მცირე რაოდენობის კვერცხის დებას. შემდეგ მამრი ტკიპა ანაყოფიერებს  მდედრებს, რის შემდეგაც კვდება. სანამ განვითარდება უჯრაში ფუტკრის მატლი, განვითრების დასრულებას ახერხებენ 1-2 ახალი მდედრი ტკიპა.  ტკიპის გამძლეობა-სიცოცხლისუნარიანობა  გარემოში დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე. საუკეთესო პირობები განვითარებისთვის დგება, როცა გარემოს ტემპერატურა 34-36 გრადუს ცელსიუსია და ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა აღწევს 60-80%. სიცოცხლისუნარიანობა მდედრების დამოკიდებულია წლის დროებზე. გაზაფხულზე იბადებიან მოკლე სიცოხლისუნარიანი ინდივიდები (17-25 დღე), ხოლო შემოდგომის მოახლოებისას ხანგრძლივები (2-3 თვე). ზამთრის განმავლობაში იღუპება ტკიპის 5-10%. დაავადების გამავრცელებელნი ხდებიან თვით დაავადებული ოჯახები. ტკიპა ვრცელდება მამალი, ქურდი ფუტკრების და ასევე დაავადებული ბარტყიანი ჩარჩოების გადატანით. აუცილებელია, გავითვალლისწინოთ, რომ ფუტკრის მამალი ბარტყი ავადდება 7-15-ჯერ მეტად, ვიდრე მუშა ფუტკრის ბარტყი. მდედრი ტკიპა იზამთრებს ფუტკარზე, ღრმად იჭრება რა ფუტკრის ჯავშნის (ქიტინის) სეგმენტებს შორის.

თუ რამდენადაა დაავადებული ოჯახი, დამოკიდებულია ტკიპის გავრცელების რაოდენობაზე. როგორც წესი, გაზაფხულსა და ზაფხულში არაა გამოკვეთილი დაავადების ნიშნები, მაგრამ ახლად დაბადებული მუშა და მაამლი ფუტკრები არიან მცირე მასის, მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობით და ნაკლებად გამძლე სხვადასხვა დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, დაავადების დროს ხდება ცილოვანი საკვებით ფუტკრის გაღარიბება, რაც განსაკუთრებით საშიშია დაზამთრების წინ. შემოდგომით ტკიპის გავრცელება მკვეთრად მატულობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის ჩაქრობა (დაღუპვა) ზამთრის პერიოდში. ტკიპა ვაროას  პარაზიტირებისას ბარტყზე იწვევს მახინჯი მუშებისა და მამალი ფუტკრის გაჩენას. ეს კი უკვე აშკარა დაავადების ნიშანია. ვაროათი დაავადება იწვევს პრაქტიკულად ყველა პროცესების მოდუნებას: ნექტრის შეგროვებაზე, მტვერის შეგროვებაზე, ოჯახი განიცდის შიმშილს, რაც იწვევს ბარტის განვითარების შეფერხებას და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფუტკრის ოჯახი, როგორც მთლიანი ბიოლოგიური ორგანიზმი ნელ-ნელა ქრება.

ვაროატოზთან ბრძოლის მეთოდები

ტკიპა ვაროას ბიოლოგიურად შესწავლამ მოგვცა საშუალება, შექმნილიყო სხვადსხვა ბრძოლის საშუალებები. მათი გაყოფა შეგვიძლია ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდებად. განვიხილოთ ეს მეთოდები დაწვრილებით.

♦  ვაროატოზთან ბრძოლის ფიზიკური მეთოდები ძირითადად ეყრდნობა ტემპერატურული რეჟიმის შექმნას, რომელიც შეუთავსებადია ვაროას სიცოცხლის უნარიანობაზე. დაკვირვებებით დადგინდა, რომ ფუტკრებსა და ტკიპებს აქვთ განსხვავებული გამძლეობა მაღალი ტემპერატურისადმი (ფუტკრები მეტ ხანს უძლებენ მაღალ ტემპერატურას, ვიდრე ტკიპები და ეს გამოწვეულია განსხვავებული მასების გამო). მეთოდის არსი მდგომარეობს მასში, რომ  ფუტკრებს ფერთხავენ ჩარჩოებიდან (ფიჭებიდან) სპეციალურ მავთულბადიან ყუთში და ათავსებენ 15-20 წთ-ის განმავლობაში თერმოკამერაში, სადაც შენარჩუნებულია 46-48 გრადუს ცელსიუსით ტემპერატურა. ტკიპები ამ ტემპერატურაზე ცვივიან, ხოლო ფუტკრებს დამუშავების შემდეგ აბრუნებენ სკებში. დაგროვილმა გამოცდილებამ ამ მეთოდის გამოყენებისას გვიჩვენა რიგი დამახასიათებელი ნიშნები ამ მეთოდით ვაროასთან ბრძოლის. მოდით განვიხილოთ ზოგი მათგანი:

♦ ითვლება, რომ ეფექტიანობა თერმული დამუშავებისას ფუტკრების დედასთან ერთად რამდენადმე კლებულობს და ამიტომ რეკომენდირებულია დედა გამოვყოთ ცალკე, მაგრამ ეს მოითხოვს დროის დაკარგვას, ასე რომ ბევრი მეფუტკრე ამ რჩევით არ სარგებლობენ.

♦ 15-20 წუთიან დროს თერმული დამუშავებისას ვერ უძლებენ ფუტკრები, რომელთაც სავსე აქვთ ნაწლავები, ამიტომ არ ღირს თერმული დამუშავება იმ დროს, როცა ფუტკრები არ ფრენენ.

♦ თერმულ დამუშავებას ცუდად იტანენ მშიერი ფუტკრები, ამიტომ სანამ ფუტკარს ჩავყრით თერმული დამუშავებისათვის განკუთვნილ ყუთში, აუცილებელია სკაში საბოლებლის მეშვეობით შევაბოლოთ კვამლი, რომ ფუტკრებმა შეივსონ თაფლით პირი, თანაც საკვებით ფუტკრის გაღიზიანებისას აქტიურდება ტკიპაც, რომელიც დამალულია ქიტინებს შორის და უფრო მოწყვლადი ხდება თერმული დამუშავებისას.

♦ თერმულ დამუშავებას ცუდად იტანს მამალი ფუტკარი.

ზემოთ ჩამოთვლილი შენიშვნებიდან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ საუკეთესო დრო თერმული დამუშავებისათვის არის გვიანი შემოდგომა, როცა ოჯახში უბარტყობის პერიოდია და ყველა ტკიპა ფუტკარზეა აცოცებული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს დადებითად ვერ იმოქმედებს ფუტკრის ოჯახის მიერ ზამთრის გადატანაში, ვინაიდან ვაროას ტკიპა ასწრებს „შავი“ საქმის კეთებას. გამოდის, რომ მარტო შემოდგომით ოჯახის თერმული დამუშავება არ გვაძლევს საჭირო ეფექტს.

♦  ვაროასთან ბრძოლის ფიზიკურ მეთოდებს შორის, გარდა თერმული მეთოდისა, წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ფქვილის (პუდრა) შეყრა ფუტკრებზე, გამოიყენება როგორც სხვადასხვა არომატიზირებული, ასევე კარტოფილისა და შაქრის ფქვილები. დამტვერვა ხდება როგორც უშუალოდ სკაში, ასევე ფუტკრის მავთულბადიან ყუთში ჩაფერთხვით. მეთოდის არსი მდგომარეობს მასში, რომ ტკიპა ვერ ახერხებს მოეჭიდოს მტვერიან ფუტკარს და ცვივა ქვემოთ, ასევე არის მოსაზრება, რომ მტვერი უხშობს ტკიპას სასუნთქ გზებს, დაცვენილ ტკიპას აგროვებენ (ფსკერზე წინდაწინ ქაღალდია გაშლილი, ზოგი მეფუტკრე ქაღალდზე ვაზელინის წასმასაც გვირჩევს) და წვავენ… ამ მეთოდისათვის გამოიყენება: ცარცი, ტალკი, არომატიზებული ფქვილი, წიწვოვანი ფქვილი, შაქრის პუდრა  და ა.შ. მეთოდის შრომატევადობის გამო ამ ხერხს მეფუტკრეები იშვიათად იყენებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვაროასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში ეს მეთოდიც გასათვალისწინებელია. ვაროას წინააღმდეგ ბრძოლის ამ მეთოდს იყენებნ ის მეფუტკრეები, რომლებიც ზრუნავენ პროდუქციის ხარისხზე, მეთოდი განსაკუთრებით ამართლებს ივლისის თვეში;

♦ არსებობს ასევე სხვა ფიზიკური მეთოდებიც: იონიზირებული გამოსხივებით, ულტრაბგერით, ელექტრომაგნიტური ველით,  ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით და ა.შ. ამ მეთოდებით უფრო მკვლევარები არიან დაინტერესებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა მეთოდმა კვლევის მიხედვით ფრიად დამაიდებელი შედეგები გამოავლინა, მაგალითად, ულტარიისფერი გამოსხივებისას ტკიპის 100%-ით განადგურება მოხერხდა…

♦ ქიმიური მეთოდები: ვაროატოზის მკურნალობისათვის გამოიყენება სხვადსხვა ქიმიური პრეპარატები, ბოლო დროს გამოიმუშავეს ბევრი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ვაროას ტკიპაზე, მაგრამ ყველაზე ეფექტურად აღიარებულია შემდეგი ნივთიერებები:

♦  ბრომპროპილატი (პრეპარატები: ფოლბეკსი, აკარასანი, პოლისანი)

♦ ორგანული კარბოქსილის მჟავეები (მჟაუნმჟავა, ჭიანჭველმჟავა, რძის მჟავა…)

♦  ამიტრაზა (პრეპარატები: ბიპინი, ბიპინ-ტ, აპიტაკი, ტედა, ამიტალი, ამიციდი, ბივარი, ტანისი, იანტრინი, ტაკტიკი, და ა.შ.)

♦  ფლუვალინატი (პრეპარატები: ვაროსტოპი, ფლუვალიდეზი, მავრიკი, ვაროკომი, აპისტანი, ბაივაროლი, ფუმისანი, ვეტფორი, ბარკასი, აკვა-ფლუ, აპი-სტარი, აპიფიტი და ა.შ.)

♦  ფენოტიზანი ( პრეპარატი: ფენოტიზანი, ვაროკსანი, ვაროფენი, და ა.შ.)

♦  კუმაფოსი (პრეპარატები: პერიცინი, აპიპროტეკტი, ვაროოლი, და ა.შ.)

♦ სხვადასხვა ეთეროვანი ზეთები და სამკურნალო მცენარეები

სხვადახვა კომპანიების მიერ გამოშვებულ პრეპარატებს მოქმედი ნივთიერება შეიძლება ერთიდაიგივე იყოს, ასევე  კონცენტრაციაც, მაგრამ სხვადასხვა სახელით გვხვდებოდეს. მიუხედავად ქიმიური პრეპარატების მრავალფეროვნებისა, მათ შორისაც გვხვდება აშკარა ფალსიფიკაცია, ან გვხვდება პრეპარატები, რომლებშიც არაა საკმარისი კონცენტრაციის მოქმედი ნივთიერება, ამიტომ სანამ რომელიმე პრეპარატის დიდ პარტიას შევიძენთ, საჭიროა ამ პრეპარატის მცირე ნაწილი გავსინჯოთ ვარგისიანობაზე ერთ-ორ ოჯახში და მიღებული შედეგის მიხედვით მოვიქცეთ შემდგომში…

ძირითადად გაზრდილი მოთხოვნა აკარაციდულ პრეპარატებზე იმის გამოა, რომ მათი ეფექტურობა ვაროას წინააღმდეგ აღწევს 83-99%-იან ნიშნულს, ასევე თითქმის არ ვნებს ფუტკარს და იოლია გამოსაყენებლად. თუმცა ეს პრეპარატები უმეტესწილად სასიკვდილოდ მოქმედებს იმ ტკიპებზე, რომლებიც არ იმყოფებიან განაყოფიერების პროცესში და ისინი სრულიად არაეფექტურნი არიან იმ პარაზიტების მიმართ, რომლებიც უკვე გადაბეჭდილ უჯრებში იმყოფებიან. ამიტომ მათი ეფექტურად გამოყენებისათვის ზუსტად უნდა დავიცვათ ინსტრუქციები და ვადები.

 ჩვენში გავრცელებულ პრეპარატები და მათი გამოყენების წესები
ამიტრაზას შემცველობის პრეპარატები

ამიტრაზას ტოქსიკურობა თბილსისხლიანებისა და ადამიანის მიმართ არის მე-3 კლასის საფრთხის შემცველი. სწრაფად იშლება შიდა სივრცეში და ახაისათებს მაღალი აკარაციდული მოქმედება, რის გამოც ფართოდაა გამოყენებული მეფუტკრეობაში. მკურნლობისათვის გამოიყენება ძალიან მცირე დოზები და გამოყენების პირობებს თუ მკაცრად დავიცავთ, ფუტკრის დაღუპვაც გამორიცხულია და ასევე შეუძლებელია მოქმედ ნივთიერებასთან შეგუება. თუმცა, ზოგი მეფუტკრის აზრით, მაინც შეიმჩნევა ფუტკრის ამიტრაზასთან შეგუება.

ამიტრაზას ვაროას ტკიპაზე მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ჯერაც არაა შესწავლილი. ვარაუდობენ, რომ ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ ინჰიბიტორს სასუნთქი გზების, რომელი იწვევს ტკიპების დაღუპვას, თუმცა ტკიპების დაღუპვის  პროცესი ერთბაშად არ ხდება, არამედ 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება. თანამედროვე მეფუტკრეები ამიტრაზას შემცველობის შემდეგ პრეპარატებს იყენებენ: ბიპინი, ბიპინ-ტ, აპიტაკი, ვაროპოლი, აპივაროლი, ანტივარი, ბარამიტი და ა.შ.

ბიპინი ამიტრაზას შემცველობის პრეპარატია. გამოიყენება როგორც წყალხსნარი, 1მლ. იხსნება 2ლ. წყალში, პრეპარატი გამოიყენება შემოდგომით, უბარტყობის პერიოდში. ტემპერატურა 0 _ +10 გრადუს ცელსიუსს შორის. გამოიყენება 2-ჯერადად 7 დღის ინტერვალით, ჩარჩოებს შორის 10მლ-ის შესხურებით. არაა რეკომენდირებული 4-5 ჩარჩოიანი ოჯახების ბიპინით დამუშავება.

ბიპინ-ტ (ამიტრაზასა და თიმოლის ნარევი) მუშა ხსნარია.  ამ პრეპარატის 1მლ. იხსნება 2 ლ. თბილ (28-30გრადუს ცელსიუსით) წყალში, ხსნარი შეეფრქვევა ან ჩარჩოებს შორის ჩაისხურება ისე, რომ არაა აუცილებელი ბუდის დაშლა, 8-10 მლ. ერთ გატარებაზე ჩარჩოებს შორის. ჯერადობა 2 -ჯერ 6-7 დღის შუალედით. როგორც ბიპინი, ასევე ბიპინ-ტ გამოიყენება მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსამდეა. ე.ი. შეიძლება წამლობა ჩავატაროთ გვიან შემოდგომითაც, როცა უბარტყობის პერიოდია და თუნდაც მაშინ, როცა ფუტკრების გუნდი შეკრულია. ბიპინთან მუშაობისას არ უნდა დავივიწყოთ უსაფრთხოების წესები, დავიცვათ სასუნთქი გზები და დამუშავების დამთავრების შემდეგ კარგად დავიბანოთ სახე და ხელები.

აპიტაკი ამიტრაზასა და ბეგქონდარას ეთეროვანი ზეთის ნარევია, რაც გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ პრეპარატის ეფექტურობა სინერგიით. აპიტაკი გამოიყენება როგორც წყალხსნარი, 1-2 შესხურებით 7 დღის ინტერვალით. პრეპარატი გამოიყენება გვიან შემოდგომით, როცა ჰაერის ტემპერატურა 0 _ +5 გრადუს ცელსიუსია, ამ ტემპერატურის დროს პრეპარატის ეფექტურობა 98-99%-ია. პრეპარატებს ჩარჩოებს შორის ასხურებენ 8-10მლ. ჩარჩოებს არ აშორებენ. არ შეიზლება ამ პრეპარატის გამოყენება გაზაფხულის დროს, ვინაიდან შეიძლება დაიღუპოს ბარტყი და დედა ფუტკარი.

ვაროპოლი ფირფიტებია, რომელიც გაჟღენთილია 1%-იანი ამიტრაზით. ფირფიტები მოქმედებენ სკაში ყოფნის პერიოდში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩატარდეს ეფექტური მკურნალობა თვით ბარტყობის დროსაც, ე.ი მთელი სეზონის განმავლობაში. სამკურნალო ეფექტი მიიღება, როცა უშუალოდ ხდება შეხება ფირფიტასთან, ფირფიტები თავსდება ვერტიკალურად ჩარჩოებს შორის შუა ნაწილში, თანაბრად გადანაწილდება სკაში, 5 ჩარჩოზე 1 ფირფიტა. რეკომენდირებულია ფირფიტების 30-35 დღით სკაში მოთავსება. ვაროპოლის გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ კარგად.

ასევე ხშირად გამოიყენება ფლუვალინატის შემცველი პრეპარატები, რომლებიც ასევე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან.

მავრიკი პეიტროიდების კლასის ქიმიური პრეპარატია. მოქმედი ნივთიერება ტაუ-ფლუვალინატი. 1მლ. იხსნება 1ლ. წყალში. ჩარჩოებს შორის უნდა ჩაესხუროს 10მლ. შესხურება ხდება 2-ჯერ 5-7 დღის ინტერვალით. გრემოს ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 გრადუს ცელსიუსზე დაბალი;

ვაროკომი მოქმედი ნივთიერება ფლუვალინატია, მოქმედებისა და მომზადების იგივე წესი აქვს, რაც მავრიკს;

ფლუვალიდეზი მოქმედი ნივთიერება ფლუვალინატია და ასევე შეიცავს ბეგქონდარას, ლავანდის, როზმარინის ეთეროვან ზეთებს. მოქმედი ნივთიერებით გაჟღენთილია ფირფიტები, რომლებითაც მკურნალობენ ვაროატოზს, აკარაპიტოზს. ამ პრეპარატის გამოყენება არ იწვევს რეზისტენტობას ტკიპის მიმართ; გამოიყენება 2 ფირფიტა 10-12 ჩარჩოიან ოჯახებში. ფირფიტები გამოიყენება 30 დღის განმავლობაში.

ვაროსტოპი _ მოქმედი ნივთიერება ფლუმეტრინია (ანალოგი ფლუვალინატის), არ გამოიყენება თაფლის ამოღებამდე, გამოიყენება ან ადრე გაზაფხულზე, თაფლის დაწურვის შემდეგ ივნის-ივლისის თვეში და ასევე შემოდგომით(თაფლის დაწურვის შემდეგ). სუსტ ოჯახებზე 1-2 ფირფიტა, ზლიერ ოჯახებზე 3-4 ფირფიტა. ფირფიტა თავსდება 35 დღის განმავლობაში სკაში არა უმეტეს 6 კვირისა.

აკვა-ფლუ _მოქმედი ნივთიერება ფლუვალინატია, გამოიყენება გაზაფხულობით და შემოდგომით თაფლის ამოღების შემდეგ. 1მლ იხსნება 1ლ წყალში, ცაღცოებს შორის 10 მლ ხსნარის შესხურებით. ფუტკარს ვამუშავებთ 2-ჯერ 5-7 დღის ინტერვალით

ფუმისანი _ ფირფიტები რომელიც გაჟღენთილია ფლუვალინატით. მოქმედებს ტკიპაზე როგორც ფუმიგატურად (აირი) ასევე კონტაქტურად. ფუტკრის ოჯახები მუშავდება ადრე გაზაფხულზე და შემოდგომით თაფლის დაწურვის შემდგომ. ფირფიტები თავსდება ჩარჩოებს შორის ვერტიკალურად 6-12 ჩარჩოზე 1-2 ფირფიტა. პატარა ოჯახებისათვის 6 ჩარჩომდე და ნუკლეუსებისათვის საკმარისია ერთი ფირფიტა. ფირფიტა სკაში თავსდება 16-25 დღის განმავლობაში.

ბოლოდ დროს ვეტ-აფთიაქებში გამოჩნდა ეთერზეთებისა და სამკურნალო მცენარეების შემცველი სხვადასხვა პრეპარატები :

ეკოპოლი _ ფირფიტები გაჟღენთილია მოქმედი ნივთიერებით, რომელიც  შედგება ბეგქონდარას, მწარე აბზინდას, ქინძისა და მენთოლის ეთეროვანი ზეთებისაგან. გამოიყენება ადრე გაზაფხულზე და ზაფხულ-შემოდგომით. 2 ფირფიტა 10-12 ცარცოიან ოჯახებში. 6 ჩარჩოიანებისათვის საკმარისია ერთი ფირფიტაც.

ეკოსტოპი _ გამოიცემა როგორც ბალზამის(ჟელეს)  სახით. შეიცავს პიტნის ეთეროვან ზეთს, თიმოლისა და აქტიური ნივთიერებების ნარევს, ახასიათებს როგორც აკარაციდული ასევე ბაქტეროციდული მოქმედება, გააჩნია ფუნგიციდური  მოქმედება, რომელიც ეხმარება ფუტკრებს გაუმკლავდნენ სხვა დაავადებებსაც. გამოიყენება 1-3 პაკეტი გაზაფხულიდან შემოდგომამდე (12 ჩარჩოზე 1 პაკეტი), აქტიური ნივთიერებები გამოიყოფიან 40-45 დღის განმავლობაში. გარემოს ტემპერატურას არ აქვს მნიშვნელობა, თაფლის შეგროვების დროს არაა სასურველი ამ პრეპარატის გამოყენება.

ასევე არის სხვადსხვა დასახელების სამკურნალო მცენარეების შემცველი პრეპარატები: პიმაქსი, ეკოფიტოლი, კოვიტსანი  და ა.შ.

ასევე მეფუტკრეები ვაროატოზის წინააღმდეგ საკმაოდ ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებისაგან დამზადებულ ნაყენებსა და ფხვნილებს. გამოიყენებენ ასევე საკვამურებში შებოლვის გზით.

კას 81 – ფიჭვის წიწვის ექსტაქტისა და მწარე აბზინდის ნაყენის შემცველობით, რომელსაც გააჩნია ვაროატოზის მკურნალობისა და მასტიმულირებელი საშუალება

მწარე წიწაკა _ ვაროატოზისა და აკარაპიტოზის წინაარმდეგ, ასევე გააჩნია მასტიმულირებელი საშუალება

ბეგქონდარა _ ვაროატოზის წინაარმდეგ

ევკალიპტისა და როზმარინის  მშრალი მასა საბოლებელში _ ვაროატოზის წინაარმდეგ

ასევე არსებობს პრეპარატები, რომლებიც ფუტკრის ოჯახების ზრდის გამააქტიურებელნი არიან. ვაროატოზის მიერ ერთი ყველაზე უარყოფითი შედეგი ისაა რომ, ის იწვევს ფუტკრის ორგანიზმის ცილებით გაღარიბებას, ეს უარყოფითი ფაქტორი განსაკუთრებით თავს იჩენს შემოდგომით. უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ რომ თაფლის დაწურვის შემდეგ ფუტკრის რაოდენობა ოჯახში მკვეთრად მცირდება და ასევე ტკიპების რაოდენობაც პრაქტიკულად არაა. იმისათვის რომ მოვახდინოთ ვაროატოზის დროს ცილების დაკარგვით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, აუცილებელია ფუტკარს მივცეთ საკვებად ცილების შემცველები, მეფუტკრეებისათვის ცნობილია მშრალი რძის ფხვნილი, ნაღებ მოხდილი რძე, სოიოს ფქვილი, საფუარები, შენახული მშრალი ყვავილის მტვერი და ა.შ. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი სშუალებების გარდა არსებობს შემდეგი პრეპარატები _ ცილის მაგივრობის შემცვლელები, რომლებსაც ასევე გააჩნიათ სტიმულაციის და გაჯანსაღების თვისებები, ეს პრეპარატებია: პოლიამინი, ბიოსპონი, ბესპი,  პოლიზინი, უნივიტი, სტიმოვიტი, პჩელკა, აპიტონუსი, კოვისტანი, აპისტინი, ბუნების ჰარმონია  და ა.შ.

რახან ცილოვან საკვებს შევეხეთ, ამიტომ აუცილებლად ვთვლი განვიხილოთ საკვებურების მეშვეობითაც ცილოვანი საკვების მიწოდება როგორც ყვავილი მტვერის შემცვლელის, ესაა სოიოს ფქვილის, სიმინდის ფქვილის  და რძის ფხვნილის ნაზავი….

მიუხედავად პრეპარატებისა და მეთოდების სიმრავლისა ვაროატოზი დამარცხებულად  ვერ ჩაითვლება. ამიტომ მინდა შევეხო ვაროატოზთან ბრძოლის კომპლექსურ მიდგომას (სხვადასხვა მეთოდების ერთობლივად  გამოყენებას):

♦ სკის ფსკერის ამაღლებით (5-6 სმ-ით) ვინაიდან არის მოსაზრება რომ ტკიპა ვერ ახერხებს მისთვის დიდი მანძილის(3-5სმ) გადალახვას და ისევ ფუტკარზე ან ჩარჩოზე აბობღებას;

♦ „ღია“ სკის ფსკერით, როცა სკის ძირზე გადაჭიმულია წვრილთვლიანი მავთულბადე, როგორც წესი ფუტკარი ცდილობს გაისუფთაოს სხეული  (გადმოაგდოს) ტკიპებისაგან და გადმოსროლილი ტკიპა ვარდება ძირს მიწაზე და შემდეგ იღუპება შიმშილით ან სხვა მტაცებელი (ცრუ მორიელი, ჭიანჭველა…) ანადგურებს

♦ საფუტკრეში სკების ირგვლივ სხვადასვა ეთერზეთოვანი მცენარეების გაშენებით, ამისათვის შეიძლება გამოდგნენ: ფაცელია, პიტნა, ბეგქონდარა და ა.შ.  (ხშირად გამიგია ასაკოვანი მეფუტკრეებისაგან ვისაც ალპურ ზონაში ფუტკარი აყავდათ და ახლაც აყავთ რომ ფუტკარი იქ სრულად სუფტავდება და ჯანმრთელიაო, ჩემი აზრით ეს ბეგქონდარას ან სხვა მცენარის სურნელით უნდა იყოს გამოწვეული…)

♦  საბოლებელში ევკალიპტისა და როზმარინის ხმარებით;

♦ შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე სიროპში წიწაკის და კას-81 ნაყენის გამოყენებით;

♦  სამამლე ფიჭიანი ჩარჩოების გამოყენებით (ბარტყის გამოსვლამე მათი ამოჭრიტ და ცვილად გადადნობით), ვაროა პირველ რიგში სამამლე ბარტყში ჩადის მეტ წილად;

♦ ორგანული მჟავების გამოყენებით;

♦  უბარტყობის პერიოდში ამიტრაზას  ან ფლუვალინატის შემცველი პრეპარატის გამოყენებით;

♦ ზაფხულში ეკოპოლის ან სხვა ეთეროვანი ზეთით გაჟღენთილი ფირფიტების გამოყენებით; ასევე თიმოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებით

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების ერთობლივი და დროში ზუსტად გაწერილი გამოყენება (ყველა მეფუტკრის მიერ),  ჩემი აზრით საშუალებას მოგვცემს ვაროას ტკიპას რაოდენობა შევამციროთ მინიმუმადე.

თავში ვახსენე, რომ არც ერთი პრეპარატი 100%-ით არ მოქმედებს ვაროაზზე მეთქი, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი შემდეგი სახის ინფორმაციას: „თუ როგორ შეიცვალნენ გენეტიკურად „გარეული ფუტკრები“ ბოლო 33 წლის განმავლობაში“, ე.ი. ბიოლოგებმა ოკინავას კვლევითი ინსტიტუტიდან შეადარეს ნიმუშები გარეული ფუტკრების დნმ-ის,  რომელიც მოპოვებულ იქნა 1977წ-სა და 2010 წელს. მათ შეამჩნიეს რომ ფუტკრები საგრძნობლად შეიცვალნენ გენეტიკურად და გამოიმუშავეს ბრძოლის უნარიანობა ახალი პარაზიტების მიმართ…, ბოლო ათწლეულებია რაც გარეული ფუტკრის მეთაფლია პოპულაციები ქრებიან ვაროატოზის გავრცელების გამო, მაგრამ ბოლო კვლევებმა იმედი მოგვცა, რომ ფუტკრებმა გამოიმუშავეს წინააღმდეგობის უნარი პარაზიტების მიმართ, ბიოლოგებმა პირველად პრაქტიკაში შეძლეს გამოეკვლიათ გენეტიკური ცვლილება მას შემდეგ რაც ფართოდ გავრცელდა ვაროატოზი, პირდაპირი გავლენა ფუტკრის პოპულაციიის დინამიკაზე.  შენიშნეს რომ უპირველესად ახალ თაობაში ძველთან შედარებით საგრძნობლად შეიცვალა მიტოქონდრიალური დნმ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ცვლილება შეეხო გენს, რომელიც დაკავშირებულია დოპამინის რეცეპტორთან, რომელიც ცნობილია იმით რომ აკონტროლებს არეულობის განვითარებას. ეს რეცეპტორი დაკავშირებულია თვისებასთან რომ ფუტკარმა გაისუფთაოს თავი და მოიცილოს ტკიპები, მსხდომნი მასზე. საკმაო ცვლილებები მოხდა გენებში, რომელიც დაკავშირებულია ფუტკრების განვითარებასთან. ტკიპები მრავლდებიან და იზრდებიან ფუტკრებზე როცა ისინი გადიან მატლობის ფაზას, ამიტომ მკვლევარებმა ივარაუდეს  რომ, ფუტკრებმა ევოლუცია განიცადეს იმისთვის, რომ თავი დაეღწიათ ტკიპებისათვის და ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისათვის. ასევე შესამჩნევია ფიზიკური ცვლილებებიც: თანამედროვე ფუტკრები უფრო პატარები არიან ვიდრე მათი წინამორბედები და გააჩნიათ განსხვავებული ფორმის ფრთები.

P.S.  ჩვენ ერთგვარად მივეჩვიეთ ფიქრს, რომ ევოლუციური განვითარების პროცესებს ათასეული ან მილიონი წლები ჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ცვლილება რამდენიმე თაობის შიგნით მიმდინარეობს. ფუტკრების შედარებისას ერთიდაიგივე ოჯახის მაგრამ რაღაც დროის (რამდენიმე ათეული წელი) შემდეგ, ბიოლოგებმა ბუნებრივი შერჩევა შეძლეს მოქმედებაში  დაენახათ.

ავტორის შენიშვნა: თემა არა სრულია და განვითარებას საჭიროებს, გამოყენებული მასალა ამოღებულია მეფუტკრეობის ფორუმებიდან

ავქსენტი (ალეკო) პაპავ

სტატია მომზადებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივის ფარგლებში.