მებოსტნეობა

გოგრა (Cu­cur­bi­ta) გოგრისებრთა ოჯახი 

გოგრა ერთწლიანი მხოხავი ან მხვიარა მცენარეა, არსებობს მისი მრავალი სახესხვაობა — სქელქერქა, თხელქერქა, მუსკატური ანუ ჯავზის, ანუ თაფლა გოგრა, აგრეთვე დეკორატიული ჯიშები. დეკორატიულ ჯიშს მიეკუთვნება ყაბაყი (ყაბაყი თურქულად სწორედ გოგრას ნიშნავს) და პატისონიც, თუმცა ქართულ სამზარეულოში ეს ორი პროდუქტი მაინც ცალკე სახეობადაა აღქმული.

ჩვენში ფართოდაა გავრცელებული სამი სახეობის გოგრა: მსხვილნაყოფა გოგრა (Cu­cur­bi­ta ma­xi­ma Duch) , მუსკატური (Cu­cur­bi­ta mos­c­ha­ta) და მაგარკანიანი გოგრა (Cu­cur­bi­ta pe­po L). ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ყაბაყი და პატისონი.

ივანე ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით, საქართველოში გოგრა ძველთაგან იყო გავრცელებული. გოგრის ერთი სახეობა (Cu­cur­bi­ta ma­xi­ma Duch) მსოფლიოში სამხრეთ აზიიდან გავრცელდა ჯერ ევროპაში, შემდგომ კი – ამერიკაში, ხოლო სხვა სახეობები (Cu­cur­bi­ta pe­po L. da Cu­cur­bi­ta mel­po­po L.) ცენტრალური ამერიკიდან ჯერ აფრიკაში შეუტანიათ და შემდეგ გავრცელებულა დანარჩენ ქვეყნებში. საქართველოში გოგრას მრავალი დასახელება ჰქონდა: გოგრა, კვახი, ხაპი და აყირო. განასხვავებდნენ სქელქერქა და თხელქერქა გოგრებს. თხელქერქა საჭმელად გამოიყენებოდა, სქელქერქასგან კი ჭურჭელს ამზადებდნენ. სქელქერქა გოგრებს ხაპსა და აყიროს უწოდებდნენ. მათგან დამზადებული ჭურჭელი შესანახადაც გამოიყენებოდა და უპირველესად — ღვინის ამოსაღებად. გოგრის ჭურჭელს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იყო სხვა მასალის ჭურჭელზე უფრო მსუბუქი და ადვილად არ იმტვრეოდა. გოგრისგან ჭურჭლის დამზადებისა და საღვინედ გამოყენების ტრადიცია დასავლეთ საქართველოში დღემდე არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგრის 90%-ს წყალი წარმოადგენს, მაინც ძალიან სასარგებლო, დიეტური პროდუქტია. ის შეუცვლელია წყლულოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, ყაბზობის, კოლიტის დროს. შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს, С, Е, В1, В2, РР ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, ფტორსა და თუთიას. პექტინი, რომელიც გოგრაში ჭარბადაა, ორგანიზმიდან დევნის ქოლესტერინს.

საქართველოში ცნობილია მსხვილნაყოფა გოგრები შემდეგი სახელწოდებით: თათრული გოგრა, ხაპერა, კოპეშია, ხაპი.

მსხვილნაყოფა გოგრა

(Cu­cur­bi­ta ma­xi­ma Duch)

მსხვილნაყოფა გოგრის ბოტანიკური დახასიათება. მსხვილნაყოფა გოგრას ჰორიზონტალური, ფართოდ გაშლილი ფესვთა სისტემა აქვს. ღერო მხოხავი, გრძელი და მომრგვალოა. ფოთლები მდგომარეა უხეში ბუსუსებით. ნაყოფი ხშირად ძალიან მსხვილია, გლუვზედაპირიანი, სხვადასხვანაირი ფორმის, ხშირად ერთფერი. ქერქი რბილია და დანით ადვილად იჭრება.

ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით მსხვილნაყოფა გოგრა სხვა სახეობებთან შედარებით უფრო გამძლეა დაბალი ტემპერატურების მიმართ, რის გამოც ის ვრცელდება მთიან პირობებში 1700 მეტრამდე ზღვის დონიდან.

ბიოლოგიური თავისებურება. მსხვილნაყოფა გოგრა ტენის მოყვარული მცენარეა. გვალვიან პირობებში მცენარე ტენის უკმარისობას ყვავილთცვენით და მსხმოიარობის შეჩერებით უპასუხებს. საკვებ ნივთიერებათა მიმართ მომთხოვნია და თუ ტენიანი, ნოყიერი ნიადაგი არ არის, აუცილებელია ორგანული სასუქით განოყიერება.

მსხვილნაყოფა გოგრა ჯვარედინად დამამტვერიანებელი მცენარეა. დამტვერიანება ინტენსიურად მიდის დილის საათებში, ამიტომ სხვა სახეობებთან გადამტვერვა არ ხდება და მეთესლეობის წარმოების დროს საიზოლაციო მანძილის დაცვა საჭირო არ არის.

მსხვილნაყოფა გოგრის ჯიშები. გავრცელებული ჯიშებია: ბირიუჩეკუტის 735, მინდალნაია 35, ვოლგის რუხი, თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1, სასუფრე ზამთრის 5.

მუსკატური გოგრა

(Cu­cur­bi­ta mos­c­ha­ta)

მუსკატური გოგრის კვებითი მნიშვნელობა უფრო მეტია მსხვილნაყოფა გოგრასთან შედარებით, რადგან უფრო მდიდარია შაქრებით (10-12 %) და კაროტინით.

ამ კულტურის გავრცელებას ხელს უშლის მისი მეტისმეტად, უარყოფითი დამოკიდებულება დაბალი ტემპერატურისადმი, რის გამოც მოსავალი მცირეა. საქართველოში მუსკატური გოგრა გავრცელებულია ძირითადად ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში შემდეგი სახელწოდებით: თაფლა, ხურჯინა, ბორჩალური. ამ სახეობის ჯიშებს ახასიათებს პატარა ზომის თესლბუდე, რომელიც მოთავსებულია ნაყოფის ერთ ბოლოში. ამის გამო მუსკატური გოგრა უფრო დიდხანს ინახება მსხვილნაყოფასთან შედარებით.

მუსკატური გოგრის ბოტანიკური დახასიათება. მუსკატურ გოგრას ფესვთა სისტემა ისევე ფართოდ გაშლილ-დატოტვილი აქვს, როგორც ბარდი. ღერო მხოხავია, სუსტად დაკუთხული, ფოთლები ნახევრად მდგომარე ან მწოლიარეა, მომრგვალო, უფრო მუქი მწვანე, ვიდრე სხვა სახეობის გოგრებს აქვს.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, მსხლისებური მოყვანილობის ან რვიანის მსგავსად შეწელილი. უმწიფარი ნაყოფების ფერი მუქმწვანეა კაშკაშა ზოლიანი ვარაყით, რომელიც მომწიფებასთან ერთად გადადის ჟანგმიწისფერში.

ბიოლოგიური თავისებურება. სხვა კულტურულ გოგრებთან შედარებით, მუსკატური გოგრა ყველაზე მეტად სითბოს მომთხოვნია. საჭიროებს ნოყიერ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ, მსუბუქ, ქვიშნარ და სტრუქტურულ ნიადაგებს. მისთვის უკეთესია თესლბრუნვის ბალახებიდან განთავისუფლებული მინდორი.

მუსკატური გოგრის გავრცელებული ჯიშები: კაშგარის, ლენინაბადის, საოცრება, პლოვის.

მაგარკანიანი გოგრა

(Cu­cur­bi­ta pe­po L )

მაგარკანიანი გოგრა კვებითი ღირებულებით მუსკატურს არ ჩამორჩება. ის ამ მხრივ ჯობია მსხვილნაყოფა გოგრის უმრავლეს ჯიშებს. ამის გამო მაგარკანიანი გოგრები მათგან განსხვავებით სასუფრე გოგრის სახელწოდებითაა ცნობილი. მაგარკანიანი გოგრა საკმაოდ მდიდარია შაქრებით და კაროტინით. აღსანიშნავია, რომ რბილობის სისქე და მოსავლიანობა გაცილებით ნაკლები აქვს მსხვილნაყოფა და მუსკატურ გოგრებთან შედარებით.

საქართველოში უძველესი ისტორია, გავრცელება და დიდი მრავალგვარობა აქვს მაგარკანიან გოგრებს, რაც პროფ. გ. ჯაფარიძის აზრით იმას ნიშნავს, რომ საქართველო მეორე წარმოშობის ცენტრად მიიჩნევა. მაგარკანიანი გოგრა ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: ხოკერა, ხოკერა კვახი, ხოპერა, ხოკოკოპეშია. გოგრის ამ სახეობის დამახასიათებლად ითვლება ნაყოფის ქერქის მაგარი ჯავშანი, რის გამოც ამ სახის გოგრები უფრო კარგი ტრანსპორტაბელური და შენახვის უნარის მქონენი არიან.

მაგარკანიანი გოგრის ბოტანიკური დახასიათება. მაგარკანიანი გოგრა სხვა სახეობის გოგრებისაგან განსხვავდება თავის ორგანოებში მექანიკური ქსოვილების ძლიერი განვითარებით, ღეროს და ყუნწის მკვეთრად გამოხატული წახნაგოვნებითა და დაღარულობით, ფოთლის ხუთკუთხიანობით. ფოთლები სწორმდგომია, ხანდახან სუსტად გამოხატული თეთრი ლაქებით.

ნაყოფები საშუალო ზომისაა, მაგარკანიანი, ხშირად ოვალური, მოგრძო-ცილინდრული, მრგვალი, ბრტყელი, უკუკვერცხისებური, ხანდახან სუსტად გამობურცული წიბოებით. მათი შეფერვა უმწიფარ მდგომარეობაში მუქმწვანეა, მომწიფებულის – მოყვითალო ფორთოხლის ფერიდან მოყვითალო წითელ ფერამდე, ხშირად ზოლებიან-ნახატიანი ან ჭრელი. რბილობი ნარინჯისფერია, ყვითელი ან მოვარდისფრო-ყვითელი. ნაყოფის გარეკანი-ქერქი, ისეთი უხეშია, რომ მოხარშვის ან შეწვის შემდეგაც არ კარგავს სიმაგრეს. ქერქს შენახვის კარგი უნარის გამო ჭურჭლადაც იყენებენ.

ბიოლოგიური თავისებურება. მაგარკანიანი გოგრა შედარებით ნაკლებ მოთხოვნილებას ავლენს ტენის მიმართ. სითბოს და სინათლეს მოითხოვს დანარჩენი სახეობების მსგავსად.

აგროტექნიკა

მსხვილნაყოფა გოგრა ითესება კვადრატულ-ბუდობრივად 210`210 სმ მანძილზე მოვლითი სამუშაოების მექანიზებული წესით ჩასატარებლად. ამასთან, მზის სხივების უკეთ გამოყენების მიზნით, მის ბარდს უშვებენ შენობების სახურავებზე, ღობეებზე.

მუსკატური გოგრა ითესება შემდეგი კვების არით: რიგთაშორის 2-2,5 მეტრი, რიგში მცენარეთა შორის 1,5- 2 მეტრი.

მაგარკანიანი გოგრა ითესება შემდეგი კვების არით: რიგთაშორის — 1-1,5 მეტრი, რიგში მცენარეთა შორის — 80-100 სმ.

მაღალმთიან რეგიონში გოგრის მოყვანა ჩითილის მეთოდით შეიძლება. ამისათვის საჭიროა 10 სმ. დიამეტრის ქოთნები. თესვა უნდა ჩატარდეს იმ ვარაუდით, რომ გადაირგოს 20-25 დღის ჩითილი. დარგვის დროს თითოეული მცენარის ქვეშ სასურველია 2 კგ. ნეშომპალის შეტანა, ხოლო როდესაც მომაგრდება, საჭიროა თხევადი სასუქით განოყიერება.

გოგრის მოვლა გამოიხატება სარეველების მოცილებაში, ნიადაგის გაფხვიერებაში და საჭიროების მიხედვით მორწყვაში. იყენებენ აგრეთვე ბარდის ღეროებზე წვეროების წაჩქმეტას, რომელსაც შემდეგნაირად აწარმოებენ: ყველა გვერდითა ყლორტს, რომლებსაც ნაყოფი არ გამოუნასკვავს, აცილებენ, ხოლო მსხმოიარე ღეროებზე წვეროს აჩქმეტენ ზემოთა ნაყოფიდან 4-5 ფოთლის შემდეგ. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება მცენარეთა სქლად განლაგება ფართობის ერთეულზე მეტი რაოდენობის მწიფე ნაყოფების მისაღებად.

მოსავლის აღებას აწარმოებენ შემოსვლის მიხედვით. სიმწიფის გამოცნობა შემდეგი ნიშნებით წარმოებს: ნაყოფი ღებულობს ჯიშისათვის დამახასიათებელ ფერს, ბზინვარებას, კანი მაგრდება, ნაყოფს ყუნწი შეახმება და ჩნდება კორპის ფენა. რადგან გოგრებში არ აღინიშნება გადამწიფება, უმეტესად ხდება ერთჯერადად ყუნწიანად აღება და შესანახ ადგილას ფრთხილად დაწყობა, შემოდგომის პირველი უმნიშვნელო წაყინვების შემდეგ.

ნატო კაკაბაძე,

სმმ დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი

ცენტრი