აგრარული განათლებამევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის არაინფექციური დაავადებები

ვაზის სასიცოცხლო პროცესების დარღვევა, რომელიც განპირობებულია გარემოს არასასურველი მოქმედებით, არაინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება. ეს პროცესები შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემო პირობით, როგორიცაა ატმოსფერული (სეტყვა, ქარი, გვალვა, არასაკმარისი სითბო, ყინვა, წაყინვები და სხვა) და ნიადაგობრივი ფაქტორები (მწირი საკვებით, წყლის და ჰაერის ცუდი გამტარიანობით, ზედმეტი მჟავიანობით ან ტუტიანობით, დამარილიანებით და სხვა), საკვები ელემენტების უკმარისობა (აზოტი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი, ცინკი და სხვა), ფიტოტოქსიური გამონაბოლქვი, მცენარეთა დაცვის საშუალებები (მათ შორის, ჰერბიციდები) და სხვ. სიმპტომები განსხვავებულია, მაგალითად: ზრდის დათრგუნვა, მუხლთაშორისების შევიწროება, წვრილფოთლიანობა, გაუფერულება ან ფერის შეცვლა, ასიმეტრიულობა, ლაქები, ნეკროზები, ნასკვის და მარცვლის ცვენა, მარცვლის სკდომა, მარცვლის შიგთავსის გამუქება და სხვ.

 

 

 

 

 

ვაზის ფუნქცური ქლოროზი

არაინფექციური დაავადებები მკვეთრად ამცირებენ ვაზში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს, ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობენ მცენარეში ინფექციის შეჭრას და ხშირად მცენარეს ანადგურებენ. უფრო ხშირად გვხვდება მარცვლის ცვენა, ფოთლების გაწითლება, გამუქება, გაყვითლება. მარცვლის ცვენას იწვევს ყვავილის არასრული ფორმირება, რაც გამოწვეულია ყვავილობის პერიოდში ინტენსიური წვიმებით, განსაკუთრებით ცივი ამინდის პერიოდში, ნიადაგში ბორის ნაკლებობით და სხვ. ვაზის კლერტის ჭკნობის და ნაყოფის ცვენის მიზეზი ხშირად არის ნიადაგში მაგნიუმის ნაკლებობა, საკვებ ელემენტებს შორის სწორი შეფარდებების დარღვევა და ა.შ. ფოთლის ძარღვებს შორის გაწითლების ანუ წითურას მიზეზია ნიადაგში კალიუმის ნაკლებობა ან მცენარის ზედმეტი გადატვირთვა. ფოთლის ზედა მხარეს მუქი ფერის ლაქების წარმოქმნის მიზეზებიც ხშირად ნიადაგში კალიუმის არასაკმარისი შემცველობაა. ამავე მიზეზით ხშირად აღინიშნება ვაზის ქლოროზიც. ძალზე ფართოდაა გავრცელებული ვაზის არაინფექციური ნეკროზები, რომელთა გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა:

ნიადაგში საკვები ელემენტების მცირე რაოდენობა;

კალიუმის შემთხვევაში ძარღვთაშორის რბილობის ნეკროტული ლაქები;

მაგნიუმის შემთხვევაში ფოთლების ნაპირებზე ნეკროტული ლაქები;

წყლის ბალანსის დარღვევების დროს ყუნწის დამბლა;

მავნე მომწამლავი გამონაბოლქვების მოქმედების დროს. მაგ., ქლორშემცველის დროს — მცენარის ქვედა ნაწილზე დამწვრობის ნეკროზები;

ფტორშემცველის დროს — მცენარის ქსოვილის დაშლა;

ნეკროზების გამომწვევი მიზეზები შეიძლება გახდეს სხვადასხვა სტრესული მეტეოროლოგიური ფაქტორიც (დაბალი ტემპერატურა, სეტყვა).

 

 

 

 

 

 

სეტყვისგან დაზიანებული ვაზი

აზოტის უკმარისობა, ძირითადად, ჰუმუსით ნაკლებ ისეთ ქვიშიან ნიადაგებზე აღინიშნება, სადაც ნივთიერებები ადვილად გამოიტუტება. მცენარე პრაქტიკულად მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ზიანდება. ასეთ ნიადაგებზე სიმპტომები ვეგეტაციის დასაწყისშივე, მცენარის ინტენსიური ზრდის პირობებში, განსაკუთრებით წვიმების შემდეგ ჩნდება, როდესაც მცენარე სწრაფად ხარჯავს აზოტის დარჩენილ მარაგს. შედეგად ნაზარდი მცირდება, ხოლო ფოთოლი კარგავს თავის ნორმალურ ფერს და ვლინდება ქლოროზის სახით. დამახასიათებელია აგრეთვე ფოთლის ყუნწის მოწითალო შეფერვა. მთავარი ძარღვები ამ დროს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ მწვანე ფერს. დაავადებული მცენარე პატარაა, მარცვალი კი — მცირე.

აზოტის უკმარისობის დროს მცენარე ორგანული სასუქით ან აზოტოვანი სასუქებით ადრეულად უნდა გამოიკვებოს (ვეგეტაციის დაწყებამდე).

კალიუმის უკმარისობა, ძირითადად, მჟავე ტიპის ქვიშიან ნიადაგებში ან ისეთ ნიადაგებში აღინიშნება, სადაც მაღალია კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა. ვაზის ფოთლის ძარღვები რჩება ღია მწვანე ფერის და კარგად გამოირჩევა ფერდაკარგული ძარღვებშორისისაგან, რის გამოც ფოთოლი იღებს მარმარილოს ფერს. ასეთი დაავადების აღსაკვეთად გამოიყენება კალიუმიანი სასუქები, ქვიშიან ნიადაგებში კი შეაქვთ ორგანული სასუქი.

 

 

 

 

 

 

სიცხით დამწვარი მტევანი

მაგნიუმის უკმარისობის დროს სიმპტომები ძირითადად ისეთ ნიადაგებზე ჩნდება, რომელიც ხასიათდება მსუბუქი გამოტუტული მჟავე რეაქციით ან იქ, სადაც გამოყენებულია მჟავე სასუქები. დაავადება თიხნარ ნიადაგებზეც გვხვდება. ვაზის ფოთლებზე დაავადება ქლოროზის სახით ჩნდება, რომელიც ქვედა იარუსებიდან იწყება ან ზედა იარუსის ფოთლებზე ნეკროზული ლაქები წარმოიშობა. ასეთი სიმპტომების გამოჩენისას საჭიროა, რომ ვაზს 12% მაგნიუმის გოგირდმჟავას ხსნარი შევასხუროთ. შემდეგში კარგია მაგნიუმის შემცველი სასუქების გამოყენება.

ბორის უკმარისობა, განსაკუთრებით გვალვის დროს, კარბონატულ ნიადაგებზე ან მჟავე ნიადაგებზე, გაკირიანების შემდეგ ჩნდება. ბორი აუცილებელი მიკროელემენტია მცენარისათვის, განსაკუთრებით გენერაციული ორგანოების შესაქმნელად. ვაზზე ბორის უკმარისობის დროს ძარღვებს შორის ნეკროზული ლაქები აღინიშნება, რომლებიც შემდეგ ერთდება და ერთიან ქლოროზულ არეს ქმნის. ასეთი ტიპის ნიადაგებში ვაზი ბორის შემცველი მინერალური სასუქებით უნდა გამოიკვებოს.

რკინის უკმარისობა ხშირად აღინიშნება ნიადაგებში, მიუხედავად იმისა, რომ რკინა საკმაო რაოდენობითაა. განსაკუთრებით აღინიშნება გამოტუტულ ნიადაგებში, რომელიც შეიცავს კალციუმის დიდ რაოდენობას. დაავადება პირველად ახალგაზრდა ფოთლებზე ჩნდება და იწყება გაყვითლებით. შემდეგ ეს გადადის უფრო ხნიერ ფოთლებზეც, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ყვითლდება.

ასეთ მცენარეებს რკინის შემცველი ნივთიერებები უნდა შესხურდეს.

ვაზის ფუნქციური ქლოროზი

ქლოროზი ყველგანაა გავრცელებული, როგორც ბალახეულ, ისე მრავალწლიან მერქნიან ხეხილზე. ქლოროზული მოვლენა სხვადასხვა პარაზიტული ორგანიზმითაა (სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით) გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ნიადაგობრივი, ტემპერატურული, წყლის რეჟიმით თუ მცენარის კვების პირობებითაა გამოწვეული, მაშინ საქმე ფუნქციურ ქლოროზთან გვაქვს. ქლოროზს ქართულად ყვითსაც უწოდებენ. ქლოროზს ჩვენი მევენახეობისათვის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ზიანი მოაქვს. დაავადებული ვაზი საბოლოოდ ხმება და ვენახი იმდენად მეჩხერდება, რომ ხშირად მთლიანად ამოსაძირკვი ხდება. ქლოროზი უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, დასავლეთ საქართველოში კი უმნიშვნელოდაა გავრცელებული. ქლოროზის გამოვლინება პერიოდულად ხდება. ის შეიძლება წლების განმავლობაში შეინიღბოს და შემდეგ ისევ გამოვლინდეს.

ფუნქციური ქლოროზის გარეგნული ნიშნები შემდეგია: დასაწყისში ვაზის რქის ზედა ნაწილის ფოთლის ფირფიტას წვრილი, ოდნავ გაყვითლებული ადგილები ემჩნევა. ეს ხდება გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. ლაქები ერთდება და ფოთოლი თანდათან ყვითლდება. სიყვითლე ფოთლის ძარღვებს შორისაა განვითარებული. საშუალოდ დაზიანებულ ფოთლებზე სიმწვანე მარტო ძარღვების გასწვრივაა შერჩენილი. რაც დრო გადის, ფოთოლი მით უფრო წვრილდება და მთლიანად ყვითლდება. ზოგჯერ მოთეთრო იერიც გადაჰკრავს. საბოლოოდ, ვაზი იმდენად ბევრ წვრილ გაყვითლებულ ტოტებს ივითარებს, თითქოს ვაზი ცოცხისმაგვარად განვითარდა. ასეთი ვაზი სასიკვდილოდაა განწირული, თუ შემოდგომამდე გახმობა ვერ მოასწრო, ზამთარში იყინება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყლის უკმარისობით დაზიანებული მტევანი

ქლოროზი მტევანზე საკმაოდ ძლიერ მოქმედებს. მტევანთა რიცხვი შემცირებულია. თუ ყვავილობის ან ხრიალობის ფაზაში გამოვლინდა, იგი ყვავილის კოკრებისა და ახალგამონასკვული ნაყოფის ცვენას იწვევს.

ქლოროზით ვაზის დაავადების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს. ამათგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ნიადაგობრივ, ისე ამინდის, ტენის, ტემპერატურულ პირობებს. ცუდი შედეგი მოსდევს აგროტექნიკურ ღინისძიებათა დარღვევას. მნიშვნელობა აქვს ვაზის ჯიშებს, საძირე ვაზების გამძლეობას და სხვ. ქლოროზი გავრცელებულია შავ ნიადაგებზე და საერთოდ, კარგ ნიადაგებზე. ის ისეთ ნიადაგებზეც გვხვდება, რომლებიც ნიტრატებს შეიცავენ. ქლოროზიან ნაკვეთებში შემჩნეულია მიკროელემენტების ნაკლებობა. მათში ყოველთვის ჭარბადაა წყალი. ქლოროზი მჟავე ნიადაგებში ჭარბობს, ტუტე ნიადაგებში კი იშვიათად გვხვდება. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დაავადებისადმი ვაზების გამძლეობას, ნამყენისათვის კი — საძირეების გამძლეობას.

ბრძოლის ღონისძიებები: ტუტე ნიადაგებისადმი და ქლოროზისადმი გამძლე ჯიშების შერჩევა — ისეთების, როგორიცაა რქაწითელი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, გორული და სხვა. ქლოროზის წინააღმდეგ ქიმიური მეთოდიდან ადრე იყენებდნენ რკინის ხსნარში ტოტების ჩაშვებას 510 დღის განმავლობაში. კარგია ხელატის ნაერთებიც, მათი შესხურება და ნიადაგში შეტანა, ან მიკროელემენტებით გამდიდრებული ახალი ტიპის სასუქების გამოყენება.

სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული ვაზის დაზიანებები

მავნებლების და დაავადებების გარდა, ვაზს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს არახელსაყრელი კლიმატური პირობები და ხშირად ადამიანის მიერ არასწორად განხორციელებული ღონისძიებები.

არახელსაყრელი კლიმატური პირობები გაზაფხულზე ზოგჯერ ვაზის ყლორტების წაყინვას იწვევს, მაღალი ტემპერატურის მოქმედებით კი — ნაყოფის აწვას. სეტყვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ვაზს და ხშირად გლეხს მოსავლის გარეშე ტოვებს. ხშირად არასწორად გამოყენებული პესტიციდები ან მათზე თანდართული უარყოფითი კლიმატური პირობები (მაღალი ტემპერატურა და სხვა) მნიშვნელოვნად ამცირებს არა მარტო მოსავალს, არამედ მის ხარისხსაც.

 

 

 

 

 

 

   გლიფოსატით                      სიმაზინით                                        2-4D

                                                ჰერბიციდებით დაზიანებული ვაზი

ყურძნის სიმწიფის პერიოდში შემოდგომის ადრეული წვიმები ხშირად იწვევენ ნაყოფში ტურგორის მომატებას და მარცვლის სკდომას, რასაც სოკოვანი ინფექციების შეჭრა და მტევნის ლპობა მოსდევს. ვაზზე უარყოფით გავლენას ახდენს ასევე ძლიერი გვალვა ამავე პერიოდში, როდესაც მარცვლის ჭკნობა და ადრეული დაჩამიჩება იწყება. მაღალი ტემპერატურა (მაქსიმუმ 380ჩ) ჯერ კიდევ დაუმწიფებელი მარცვლის გაყავისფრებას და მის შემდგომ გახმობას იწვევს. ასეთი სიმპტომები ადვილი დასანახია ვენახში. ხშირია გაზაფხულის წაყინვების შემდეგ ახალგაზრდა ფოთლების შეყვითლება, ძარღვებს შორის ყვითელი ხაზები და ნეკროზული ლაქები. იმისდა მიხედვით, თუ რა პერიოდში მოვა, სეტყვა მნიშვნელოვნად აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს (გაზაფხულზე), ნაყოფს (შემოდგომაზე). დასეტყვილ მტევნებზე სოკოვანი დაავადებები ვრცელდება, რომლებიც მთლიანად ანადგურებენ მოსავალს.

ვაზის მარცვალზე ხშირ შემთხვევაში პესტიციდებით გამოწვეული ლაქები აღინიშნება, რომლებსაც სველებადი ფხვნილები იწვევს, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მის სასაქონლო ღირებულებას. უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჰერბიციდს, თუ ის არასწორად იქნა გამოყენებული. მაგალითად, სიმაზინი ფოთლებზე ძარღვთაშორის ქლოროზს იწვევს, 2,4 დ — ფოთლების დეფორმაციას, რომელიც წააგავს ვირუსულ დაავადებას, გლიფოსატი — (რაუნდაპი) ძარღვთაშორის ქლოროზს, მუხლთაშორისების დამოკლებას და სხვ.

გურამ ალექსიძე,

საქართველოს სოფლის

მეურნეობის მეცნიერებათა

აკდემიიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი