ვაზის გასხვლის პროცესი

 მართალია, ვაზი ზოგან შემოდგომით ისხვლება, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, მისი გასხვლა შესაძლოა გაზაფხულზეც ჩატარდეს.

შემოდგომის სხვლა ტარდება მას შემდეგ, რაც ვაზის სრული ფოთოლცვენიდან გაივლის 20 დღე. ეს პერიოდი სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის ვაზისათვის სხვადასხვაა.

მაგალითად, გვიანი სიმწიფის ვაზები ნოემბრის ბოლოს ზოგჯერ ჯერ კიდევ დასაკრეფია, ხოლო საადრეოები _ კი უკვე კარგა ხნის გასხლული… გაზაფხულობით ვენახი შეძლებისდაგვარად ვაზის კვირტების გაბერვამდე უნდა გაისხლას, სანამ წვენის აქტიური მოძრაობა დაიწყება, ამიტომ ამ პერიოდის სინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ეს ოპერაცია არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თავად სხვლის ოპერაცია კი საკმაოდ გამოცდილ ხელს მოითხოვს და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა:

ვენახის ფორმირება;

მისი სიძლიერე;

გასული წელი;

მისი მეზობელი ვაზი;

ღვინის ხარისხი;

გასხვლის პერიოდი და სხვ.

ვენახში ხერხით მუშაობისას, ანუ ვაზზე რამდენიმეწლიანი ტოტების მოჭრისას, არ უნდა დაგავიწყდეთ ხერხის დეზინფექცია და ასევე დიდი ზომის ჭრილობების დამუშავება.

ჭრილობების დასამუშავებელი მალამოს შეძენა (“ბაღის მალამო”) შეიძლება სპეცმაღზიებშიც და ასევე მისი შინაურ პირობებში დამზადებაც შესაძლებელია.

რაც შეეხება ხერხის დეზინფექციას, მისი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, მაგალითად შაბიამნის ხსნარი. ამისათვის მზადდება იგივე კონცენტრაციის წყალხსნარი, როგორც ვაზის წამლობის შემთხვევაში.

ერთი ვაზიდან დიდი ტოტის მოჭრის შემდეგ გამოყენებული ხერხი 4-5 წამით უნდა ჩაუშვათ მომზადებულ შაბიამნის წყალხსნარში და მისი გამოყენება, ახალი ტოტის მოწრა, ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

ეს იმიტომ კეთდება, რომ ერთი ვაზიდან რომელიმე დაავადება მეორეზე არ გადავიდეს და ამით ვაზი არ დაზიანდეს. ასეთი შემთხვევა უამრავია და ამიტომ ამგვარი ოპერაცია მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ძველ ვენახებში.

გიორგი ბარისაშვილი