აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

100 მილიონი ლარით დაზარალებულ საქართველოს მეფუტკრეობას „ვაროა“ უტევს…

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების დაღუპვით გამოწვეულმა ზარალმა 100 მლნ ლარს მიაღწია, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარემ  თემურ ღოღობერიძემ განუცხადა.

გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ ზაფხულიდან დღემდე ქვეყანაში 400 000 ფუტკრის ოჯახიდან 50%-ზე მეტი განადგურდა. მიზეზი მავნებელი „ვაროაა“. მავნებელი პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში აქტიურობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა.  

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ მავნებელი საქართველოში დაახლოებით სამოცდაათიანი წლებიდან გამოჩნდს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მასთან ბრძოლის ტექნოლოგიები ნაცნობი იყო, „ვაროა“ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში მავნებელმა შეიცვალა ბიოლოგიაც და ქცევაც. შესაბამისად, ჩვენი პარაზიტთან ბრძოლის მეთოდები უკვე მოძველებულია და აუცილებელია დროულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ წამლობის მეთოდები. ზიანი საკმაოდ დიდია. პირდაპირი ფუტკრის ოჯახების განადგურებიდან გამოწვეულ ზარალს ემატება ის პროდუქცია რაც ამ ოჯახებს უნდა მოეცათ და ჯამში დაახლოებით 100 მლნ ლარს აღწევს. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ძალიან დიდი თანხაა,“ – ამბობს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე.

მავნებელი „ვაროა“ გამანადგურებლის წინააღმდეგ გაერთიანება აქტიურ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მათი რესურსები საკმარისი აღარ არის და საჭიროა პროცესების მართვაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთოს.

„საჭირო შედეგის მისაღებად მარტო ჩვენი ძალისხმევა  საკმარისი არ არის. ვცადეთ, კორონავირუსის გააქტიურებამდე ჩავატარეთ კონფერენცია, ასევე ყოველვკირეულად ვმართავთ ონლაინ  შეხვედრებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

საქართველოში, დაახლობით, 10 000-მდე მეფუტკრეა და ამ შეხვედრებს მხოლოდ 200-მდე მათგანი ესწრება. ჩატარებული სემინარის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანისთვის დეტალები მაინც გაურკვეველი დარჩა.

ჯამში ქვეყანაში არსებული 400 000 ფუტკრის ოჯახიდან თითქმის ნახევარი უკვე განადგურდა. ეს როგორც ფინანსური  კუთხით არის მნიშვნელოვანი კრიზისი ასევე პრობლემებს ქმნის იმ მცენარეებისთვის რომელიც დამტვერვის გზით მრავლდება. აუცილებელია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელთან ბრძოლის საკითხში აქტიურად ჩაერთოს,“ _ ამბობს თემურ ღოღობერიძე.

აღსანიშნავია, რომ მავნებლის გარდა 2020 წელს მეფუტკრეები პანდემიამაც დააზარალა. შემცირებული მოთხოვნი ფონზე თაფლის საბაზრო ღირებულება თითქმის 25%-ით შემცირდა.

წყრაო: business-partner.ge