დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ინტეგრირებული დაცვის სისტემა

ეს სისტემა წარმოადგენს ვაზის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა არსებული მეთოდის რაციონალურ შეთანხმებას (აგროტექნიკური, ბიოქიმიური, სელექციურ-გენეტიკური, ქიმიური) კონკრეტულ აგრობიოცენოზში.

სისტემა ითვალისწინებს მავნე ორგანიზმების სახეობების არა მთლიან განადგურებას, არამედ თანამედროვე, ბრძოლის მეთოდების გონივრულ შერწყმას ისე ,რომ ხანგრძლივი დროით იქნეს შენარჩუნებული მავნებლისა და დაავადების მოქმედება – გარკვეულ დონეზე, ვაზის და გარემოს (ნიადაგი, სასარგებლო ფაუნა, ფლორა და ადამიანი) მიმართ მინიმალური უარყოფითი შედეგებით.

ვაზი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, მავნებლებით და ვირუსებით, აგრეთვე ბაქტერიებით. ინტეგრირებულ დაცვის სისტემაში შეერთებულია შემდეგი მეთოდები:

1) ფიტოსანიტარული კონტროლი ცალკეული მცენარეების დაავადებების კერების გამოვლენის მიზნით, რაოდენობების განსაზღვრა და ნაწილობრივ ბრძოლის ქიმიური საშუალებების გამოყენება;

2) ფიტოსანიტარული სელექცია, ითვალისწინებს სარგავი მასალის გაჯანსაღებას ისეთი ნარგაობის შექმნის მიზნით, რომელიც თავისუფალი იქნება ქრონიკული დაავადებებისაგან (ვირუსული დაავადებები, ბაქტერიული კიბო და ა.შ);

3) ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება მავნებლისა და დაავადებების წინააღმდეგ, ეკონომიკურად ეფექტური ზღვრების დადგენა ბუნებრივ პირობებში, აკარო და ენტომოფაგების გათვალისწინებით, რაც საშუალებას მოგვცემს მთლიანად ან ნაწილობრივ გამოვრიცხოთ ქიმიური დაცვა და ის ჩავატაროთ მხოლოდ ცალკეულ უბნებზე, სადაც აკარო და ენტომოფაგები ნაკლებადაა, ხოლო პარაზიტი ორგანიზმები კი გავრცელებულ ზღვარზე მეტია;

4) აგროტექნიკური ღონისძიებები (სარეველების მოსპობა, მწვანე ოპერაციების გამოყენება, საყრდენი საშუალებების თავის დროზე დაყენება, ყლორტების აკვრა და სხვა), რაც ხელს უშლის მავნებელ დაავადებათა გავრცელებას;

5) ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების რაციონალური (მიზანშეწონილი) გამოყენება გამოიხატება ახალი, უფრო ეფექტური პრეპარატების გამოყენებაში (სისტემური და სელექციური მოქმედების) მავნე ორგანიზმების კერობრივ შესხურებაში, ჯიშების გამძლეობის დონის, ეკოლოგიური და მიკროკლიმატური მაჩვენებლების გამოყენებით.

წყარო : მევენახეობა. ვ.გოცირიძე, ა. გოდაბრელიძე