დარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococcus citri risso)

მავნებელი საქართველოში გავრცელებულია ყველგან.

ოვალური ფორმისაა, მისი ვარდისფერი სხეული დაფარულია თეთრი ფქვილისებრი ფიფქით.

იგი აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს (ფოთოლი, ყლორტი, მტევანი, შტამბი).

ფოთოლზე ცრუფარიანა ძარღვის გასწვრივ სახლდება. იგი ინტენსიურად წუწნის მარცვალს, ყუნწსა და მტევანს.

დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ცვივა.

ცრუფარიანას ექსკრემენტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო, რომელიც აშავებს ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს. უვარგისს ხდის მას გადასამუშავებლად, დაზიანებული ყურძნიდან მდარე ხარისხის ღვინო დგება.

მავნებელი იზამთრებს სქესობრივად მოუმწიფებელი, ვაზის შტამბის ქერქის ქვეშ, ნაპრალებში, განტოტვის ადგილებში.

გამოზამთრებული ცრუფარიანა კვებას იწყებს აპრილის დასაწყისში, ხოლო მაისში სქესობრივად მწიფდება და გამოსაზამთრებელ ადგილზე დებს კვერცხებს. კვერცხებიდან მატლი 6-10 დღეში იჩეკება.

მაისის მეორე ნახევარში ახლად გამოჩეკილი მატლი ფოთლითა და ნაყოფით იკვებება.

წლის განმავლობაში ცრუფარიანა 3-4 გენერაციას იძლევა, პირველი გენერაცია ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მეორე — ივლისის ბოლომდე, მესამე კი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება.

დასაზამთრებლად ცრუფარიანების მიგრაცია შტამბებსა და ტოტებზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება, ხოლო მასობრივად იზამთრებს ნოემბერში.

ბრძოლის ღონისძიებები:

ბრძოლის მეთოდებიდან ძირითადად აგროტექნიკური ღონისძიებები და ქიმიური საშუალებები გამოიყენება.

შემოდგომით ხეებზე ამსკდარი ქერქი უნდა მოცილდეს, გამხმარი ტოტები შეეჭრას, ბაღიდან უნდა გაიტანოთ და დაწვათ.

ეფექტიანი ღონისძიებაა საკარანტინო ზონიდან ნერგის, ან სარგავი და საკვირტე მასალის გადატანის აკრძალვა სხვა ფართობებზე.

ქიმიური წამლობიდან ადრე გაზაფხულზე იწყება, „ოვიპრონით” (ზეთოვანი ემულსია — ნავთობის მინერალური ზეთი) წამლობა, შემდეგ „ბი-58” ახალი (მოქმედი ნივთიერება — დიმეთოატი) და პერფოსი (მოქმედი ნივთიერება — ქლორპიროფოსი).