აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ვაზის სოკოვანი დაავადებები და ზამთრის პერიოდში მათთან ბრძოლის მეთოდები

       ვაზისა და ყველა სახეობის ხეხილის მრავალნაირ დაავადებებს შორის ყველაზე მასობრივი სოკოვანი დაავადებებია, რომლებზედაც მოსავალზე მიყენებული ზარალის უდიდესი წილი მოდის. ანუ ხეხილს და მის მოსავალს, დიდ ზიანს აყენებს სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაზეა დამოკიდებული, მოსავლის როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი. სოკოვან დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი ხერხი არსებობს, რომელთაგან დღეს ყველაზე მეტად ვაზის სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას იყენებენ.
      ხეხილის წამლობის დროს ძირითადი ყურადღება, წამლობის რაოდენობას და ვადების დაცვას უნდა დაეთმოს, რადგან ზედმეტად შეწამლული ვაზი, ეს ზედმეტი შხამია ნაყოფზე, ასევე ზრდის ყურძნისა და ხილის თვითღირებულებას. დღეს, არის პროგრესულ მეურნეთა ნაწილი (დასავლეთში), რომლებიც წამლობის არანაირ ვადებს არ ცნობენ და ხეხილის წამლობას მაშინ ატარებენ, როცა ბაღ-ვენახში დაავადების კვალს შეამჩნევენ. ხეხილის წამლობის ასეთი მეთოდი იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა მეურნეობაში დაავადებათა კონტროლი მაღალ დონეზეა დაყენებული, ამ გზით ვაზს სეზონზე შეიძლება 2-3 წამლობა აარიდოთ, რაც ყოველ მხრივ გამართლებული და მომგებიანია. ვაზის და სხვა სახის ხეხილის დაავადებების მიმართ ასე იქცევა დასავლეთის ქვეყნების ბევრი მეურნე და დიდ წარმატებასაც აღწევენ, როგორც მოსავლის სისუფთავის, ისე ყურძნისა და ხილის თვითღირებულების შემცირების კუთხით, რაც ქართველი მეურნისათვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს. სწორედ ამ მიზნით რგავენ ევროპაში ვენახების გვერდით ვარდებს და სხვა ისეთ მცენარეებს, რომლებიც ვაზზე ადრე ავადდებიან ჭრაქით და ხეხილის სხვა დაავადებებით, რაც სიგნალია მეურნისათვის, რომ ბაღის შეწამვლის დროა.

      როგორც ცნობილია, სოკოვანი დაავადებების გავრცელებისათვის ხელის შემწყობი პირობები წვიმა, ნისლი და 22-25 გრადუსი სითბოა, ამიტომ თუ ასეთი ამინდები არ დგას, მაშინ გამართლებულია დაავადებათა კონტროლი და მხოლოდ დაავადების შემჩნევის შემთხვევაში, ვაზის დაუყოვნებლივ შეწამვლა.

      ხშირია შემთხვევა, როცა მეურნეს ბაღის შეწამვლათა რაოდენობა უნდა შეამციროს და ამ მიზნით ვაზის შეწამვლას რამდენიმე პრეპარატის ნაზავით ახდენს, ამ დროს, უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატთა ურთიერთთავსებადობა, რათა პრეპარატები ერთმანეთთან რეაქციაში არ შევიდეს და დაავადების წინააღმდეგ მათი ძალების გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთი არ დაასუსტონ.

      დიდად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს პირველი წამლობის დროის ზუსტ განსაზღვრას, საქართველოს სინამდვილეში პირველ წამლობას ტრადიციულად ყლორტზე 4-6 სრული ფოთლის ფაზაში ატარებენ. დასავლეთის ქვეყნებში კი ეს მეორე წამლობაა, პირველი კი ვაზისა და ხეხილის შტამბს გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე სითბოს დადგომამდე უტარებენ, ამ წამლობით კი შეიძლება დანარჩენ წამლობათა დროისა და რაოდენობის განსაზღვრა, ანუ მწვანე მასის შეწამვლა 4-6 სრული ფოთლის ფაზაში კი არა, ვაზის ყვავილობის წინ ან შემდეგ დაგჭირდეთ.

      ყველა მეურნე-მევენახემ იცის, რომ ვაზის შტამბი და მრავალწლიანი მკლავები დაფარულია ძველი ქერქით და ნაპრალებით, სწორედ ამ კანქვეშ და ნაპრალებში იზამთრებს ვაზის დაავადებათა გამომწვევი ყველანაირი ბაქტერიები, სოკოს სპორები, ვირუსები და მავნებლები, სწორედ აქაა მათი კვერცხები. დღემდე მეცნიერება და პრაქტიკოსი მევენახე სპეციალისტები მევენახეს ურჩევენ, რომ ვაზს ძველი კანი გააცალონ და ვაზის მავნებლებს გამოსაზამთრებელი ბუდე მოუსპონ. ასეთი რჩევების გაცემა და მით უმეტეს მევენახის მიერ მისი შესრულება, პირადად არასწორად მიმაჩნია და მოგიწოდებთ, მავნებლებს ეს ბუდეები კი არ მოუშალოთ, პირიქით, ახალი უნდა მოუწყოთ, რომ არც ერთი მათგანი სხვაგან არ წავიდეს გამოსაზამთრებლად და ყველამ თქვენი ხეხილის შტამბზე დაიბუდოს. ამ შემთხვევაში თქვენ იცით სად არიან ისინი, რით და როგორ გაანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან გამოიზამთრებენ და გაზაფხულზე თბილი ამინდების დადგომისთანავე, შეესევიან თქვენ ბაღს.

      ვაზის შტამბზე ძველი კანის შეცლა, ჩვენი წინაპრის მიერ გადმოცემული ვაზის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ჩვენ ის პირდაპირი მნიშვნელობით გავიგეთ და დავივიწყეთ მთავარი, ანუ ის, თუ როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს. ასევე, სად უნდა წაიღოთ ვაზზე გაცლილი კანი. ჩვენს ახლო წინაპარს შტამბის შესაწამლი პესტიციდები არ ჰქონდათ, რომ შტამბი ეფექტურად შეეწამლათ და მით ვაზის შტამბზე გამოსაზამთრებლად დაბუდებული მავნებლები დაეხოცა. ჰქონდათ გოგირდი, რომლის ვაზის შტამბზე შეფრქვევას ისე ვერ ახერხებდნენ, რომ მავნებელთა უმრავლესობა დაეხოცათ, ამიტომ ზამთრის დღეებში ახდენდნენ ვაზის შტამბის ძველი კანისგან გაწმენდას. ჩემს ბავშვობაში ვენახში ეს ოპერაცია შემდეგნაირად ტარდებოდა: ამ სამუშაოს ზამთრის თბილ მზიან დღეს ვატარებდით, ვაზის ძირში ტილოს ნაჭერს დავფენდით და ვიწყებდით ძველი კანისგან შტამბის გაწმენდას, გაცლილი კანი ტილოზე იყრებოდა, შემდეგ კი ერთ ადგილზე ვაგროვებდით, და ვწვავდით. ამ ოპერაციას ძირითადად კოლმეურნეობის ვენახებში ვატარებდით. შემდეგ წლებში გოგირდის მოტანა დაიწყეს და ვაზის შტამბზე კანის შეცლის სანაცვლოდ ადრე გაზაფხულზე, ვაზის შტამბს გოგირდს ვაფრქვევდით. ასე, რომ ვაზის შტამბზე ამ ოპერაციის ჩატარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ამ ოპერაციას ზამთარში ჩაატარებთ, ხოლო ვაზზე გაცლილ კანს დაწვავთ, რომელთან ერთადაც იმ მავნებელთა უმრავლესობაც დაიწვება, რომლებიც კანქვეშ ბუდობენ. დღეს კი ჩვენ მრავალნაირი პრეპარატი გვაქვს ამ მავნებლების გასანადგურებლად, ამიტომ ჩვენი ამოცანა იცვლება და ძველი კანი, ვაზს კი არ უნდა გავაცალოთ, არამედ ბევრი სხვაც უნდა დავამატოთ, რომ ყველა მავნებელმა და დაავადებათა გამომწვევმა ბაქტერია-ვირუსმა და სოკოს სპორებმა, გამოსაზამთრებლად ჩვენი ვაზის შტამბი აირჩიოს, რადგან დღეს, მათთან ბრძოლის უამრავი საშუალება მოგვეპოვება.

      სამწუხაროდ, საქართველოში ვაზის შტამბზე ამ ოპერაციას (შეწამვლას), გარდა იშვიათი გამონაკლისისა არ მიმართავენ, რაც დიდი შეცდომაა, ამ შეცდომის შედეგი კი სეზონის განმავლობაში ვაზის 12-15-ჯერ შეწამვლაა, რაც ძვირიც ჯდება და ყურძნის მტევნები პესტიციდებით მრავალჯერადად სველდება.

      მევენახეთა უმრავლესობა გაზაფხულზე მიმართავს კვირტის ჭიაზე ვაზის შეწამვლას, ეს კი მაშინ ხდება, როცა კვირტის ჭია ვაზზეა ასული, ანუ კვირტს შეესია. ამ შეწამვლის შედეგი კი ნახევარზე მეტი გადარჩენილი მავნებელია, არადა ეს მავნებელი, ზამთარში ვაზის შტამბზე გიზის, მიდი და სხვა დანარჩენ მავნებლებთან ერთად გაანადგურე. გარწმუნებთ, თუ ვაზის ან ნებისმიერი ხეხილის შტამბის წამლობას ოპერატიულად ჩაატარებთ, მეორე წამლობა ვაზს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაჭირდება და სეზონი შეიძლება 3-4 წამლობით დაამთავროთ. დასავლეთი და ამერიკა, სწორედ ასე იქცევა, რითაც თანხასაც დიდს ზოგავს და გაცილებით სუფთა მოსავალს იღებს, ვიდრე ქართველი მევენახე.

      აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ შეწამვლას ტრაქტორით მოახდენთ შტამბზე და მკლავებზე ბევრი მშრალი ადგილი დაგრჩებათ, ეს კი იქ დაბუდებული მავნებლების გადარჩენას ნიშნავს, ამიტომ ზამთრის განმავლობაში დრო ბევრია და ეს ოპერაცია აუჩქარებლად ზურგზე მოსაკიდებელი აპარატით ისე უნდა გააკეთოთ, რომ ვაზის შტამბი და მკლავები მთლიანად დაასველოთ. შეწამვლის დროს სარწყავი მანქანის მფრქვევანა დაბალ წნევაზე უნდა ამუშაოთ, რაც ბევრ პრეპარატს დაგიზოგავთ. ამის შემდეგ კი კარგ შედეგს ვაზზე დაკვირვება და დაავადების გაჩენის შემთხვევაში ვაზის შეწამვლა იძლევა.

      ცხადია, შტამბისა და მკლავების შეწამვლის გარეშე დარჩენილ ვაზს შემდგომი წამლობა მეტი უნდა, რომელთა რიგითობას დღეს მეურნეთა უმრავლესობა აღარ ცნობს და სეზონზე შეწამვლათა რაოდენობა ოცამდეც კი აღწევს. არადა პირადად ვარ იმ დროს შესწრებული, როცა ვაზი, სამი წამლობით იძლეოდა მოსავალს.

      ვაზს შეწამვლა ყურძნის დამწიფების შემდეგაც შეიძლება დასჭირდეს, რადგან ხშირია მწიფე ყურძენი ლპობას იწყებს. თუ ასეთი წამლობა საჭირო გახდა, ის აუცილებლად წყალბადის ზეჟანგით ან ოზონირებული წყლით უნდა ჩაატაროთ, რადგან ეს პრეპარატები რამდენიმე საათში წყლად და ჟანგბადად იშლებიან და მტევანზე ნაშთად არ დარჩება.

       ბოლო ორი ათეული წელია საქართველოს მეღვინეობამ მსოფლიო ღვინის ბაზრის ათვისება დაიწყო. იქ კი უდიდესი ყურადღება ღვინის სისუფთავეს ექცევა. არა მგონია სეზონზე 15-20-ჯერ შეწამლულმა ვაზმა ისეთი ყურძენი მოგცეს, მისგან დაყენებულმა ღვინომ ევროპის ბაზარზე, რომ გაიტანოს თავი, ამიტომ ქართული მეღვინეობა ბევრს მოიგებს თუ მევენახე ვაზის შეწამვლის ახალ მეთოდზე გადავა, ის კი ასეთი უნდა იყოს: ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე (მარტში სითბოს დადგომამდე) წყალბადის ზეჟანგის 03-05%-ანი ხსნარით ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ქიმიკატით (ეს ხომ შტამბის შეწამვლაა და არა ვაზის მწვანე მასის) უნდა შეიწამლოს ვაზის შტამბი, შემდეგ კი თუ ბაღზე დაკვირვებას განახორციელებთ პირველი წამლობა შეიძლება ვაზის ყვავილობის წინ ან ყვავილობის შემდეგ დაგჭირდეთ. შესაწამლი საშუალება წყალბადის ზეჟანგის 02%-იანი ხსნარი ან ოზონირებული წყალი უნდა იყოს, რაც იაფიცაა, ეფექტურიც და ეკოლოგიურად სუფთაც. მეორე და შემდგომი წამლობები კი მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი უნდა იყოს და როცა შეამჩნევთ ვენახში დაავადების ნიშანს წამლობა 02-03%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ან ოზონირებული წყლით დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროთ. ასე, რომ სეზონი შეიძლება ვაზის 3-5-ჯერ შეწამვლით დაამთავროთ. ანუ ამიერიდან მევენახემ უარი უნდა თქვას ყველანაირი შხამქიმიკატის გამოყენებაზე და ისე, როგორც ევროპა საქართველოც დროზე უნდა გადავიდეს მათ შემცვლელ ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებზე, ასეთებია: კოლოიდური ვერცხლი, ოზონირებულ წყალი და წყალბადის ზეჟანგის შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარები. ეს საშუალებები ეფექტურიცაა ეკოლოგიურად სუფთა და ბევრჯერ იაფი იქნება თანამედროვე პესტიციდებთან შედარებით.

        ვაზისა და ყველა სახის ხეხილი შტამბის შეწამვლა დღეიდან მარტის სითბოების დადგომამდე ყოველთვის შეიძლება, ამიტომ მეურნემ ამისთვის ზამთრის თბილი დღეები უნდა გამოიყენოს. დღეს წყალბადის 3%-იანი კონცენტრატი 100 მილილიტრიან შუშებში გამოდის და აფთიაქში იყიდება, საბოლოოდ ძვირი გამოდის, ამიტომ მწარმოებელთან მივაღწიე შეთანხმებას და 3%-იან კონცენტრატს ერთ და ხუთ ლიტრიან ტარაში ჩამოასხამს, ეს კი მის ღირებულებას საგრძნობლად შეამცირებს. 

 ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

შეკითხვებისათვის დამიკავშირდით, ტელ: 551 333 155