„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის: რას გულისხმობს ვენახის გაშენების ნებართვა?
საქართველოს მეღვინეობის დარგში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები იწყება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, მიზნად ისახავს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და წარმოების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
რეფორმის მთავარი ღერძი სამეწარმეო ვენახების გაშენების ახალი წესი და ხარისხის მკაცრი კონტროლია.
„ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშებს. კომერციული ვენახების გაშენების დროს, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, _ აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
- ვენახის გაშენების თანხმობა: კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად აუცილებელი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული უფასო დოკუმენტი.
- ვის ეხება ცვლილება: რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ კომერციულ სექტორზე. ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებენ, ნებართვის აღება არ მოეთხოვებათ.
- ხარისხის კრიტერიუმები: ნებართვის გაცემისას გათვალისწინებული იქნება ნერგების ხარისხი, ნიადაგის შემადგენლობა, ექსპოზიცია და ვაზის ჯიშების შესაბამისობა.
- ევროპული გამოცდილება: ვენახების გაშენების ნებართვების პრაქტიკა წარმატებით მოქმედებს ევროკავშირის ყველა მეღვინე ქვეყანაში.
ლევან მეხუზლას განმარტებით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა დანერგილია და მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ვენახების გაშენების ნებართვის აღება მოუწევს იმ მხოლოდ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილება პასუხია გლობალურ ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასა და ღვინის მოხმარების კლების ტენდენციაზე.
სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება ვენახების გაშენების ეტაპიდანვე უზრუნველყოფს იმას, რომ ქართულმა ღვინომ შეინარჩუნოს და გაიმყაროს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის სტატუსი საერთაშორისო არენაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის მდგრადი განვითარების გარანტიაა.

