ვემო სვანეთში, ლენტეხის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით გათევზიანდა
ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თევზის აღნიშნულ სახეობას მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული.
ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებას და მდინარეების გათევზიანებას ითვალისწინებს.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. მსგავსი მიდგომა ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ქვემო სვანეთში, ლენტეხის მდინარეების „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით გათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე და რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.