ზოოვეტერინარული ინსტიტუტი 90 _ მდგომარეობის გამოსასწორებლად რადიკალური ზომებია მისაღები
საქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის სწავლების ისტორია 104 წლის წინ 1917 წელს დაიწყო, როდესაც ზოოტექნიკისა და ვეტერინარიის საგნების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 15 წლის შემდეგ 1932 წლის 25 ივნისს დაარსდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი.
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, 1959 წელს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი გაერთიანდა მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტებთან და შეიქმნა სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი. იგი ერთადერთი იყო ამიერკავკასიაში, აღნიშნული პროფილის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ინსტიტუტის სასწავლო ნაწილი 1965 წელს, ხოლო სამეცნიერო 1981 წელს ქალაქის ცენტრიდან გადავიდა „კრწანისის“ სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობის ტერიტორიაზე, სადაც ინსტიტუტის სასწავლო ნაწილს და სამეცნიერო-კვლევით სექტორებს ეკავათ შენობების კომპლექსი – 36430 მ² ფართობი, რომელშიც განლაგებული იყო სასწავლო აუდიტორიები, კაბინეტები, კათედრები, სამეცნიერო განყოფილებები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმები, აქვე ინსტიტუტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი 5827 მ² ფართობით, საცხოვრებელი სახლები თანამშრომლებისათვის.
2002 წელს ინსტიტუტს შეეცვალა სახელი, ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტში სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის, სავეტერინარო მედიცინის და ჰუმანიტარულ – ეკონომიკური ფაკულტეტების ქართული და რუსული სექტორების დასწრებულ და დაუსწრებელ განყოფილებებზე, აგრეთვე უნივერსიტეტის ფილიალებში.
- I. მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი კადრს ამზადებდა 7 სპეციალობაში:
- ზოოინჟინერია;
- ხორცის, რძისა და თევზის გადამუშავების ტექნოლოგია;
- მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის საქონელმცოდნეობა;
- მარცვლეულის შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგია;
- ტყავბეწვეულის გადამუშავების ტექნოლოგია;
- იქთიოლოგია და თევზის მოშენება;
- კინოლოგია და წვრილ ცხოველთა დაავადებები.
აღნიშნულ ფაკულტეტზე სტუდენტი ახალგაზრდობის ცოდნის მიღებას ემსახურებოდა შემდეგი კათედრები: არაორგანული და ბიოორგანული ქიმიის, ფიზიკა-მათემატიკის, მეცხოველეობის პროდუქტების გადასამუშავებელი მანქანა-მოწყობილობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მექანიზაციის, ელექტრიფიკაცისა და შრომის დაცვის, ძროხის ხორცისა და რძის წარმოების ტექნოლოგიის, მეცხოველეობის, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის, საკვებწარმოებისა და ბოტანიკის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მომშენებლობის და გენეტიკის, წვრილ ცხოველთა სელექციისა და იქთიოლოგიის.
II სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი ამზადებდა: ფართო პროფილის ვეტერინარ ექიმებს, სააფთიაქო საქმის და სავეტერინარო სანიტარის სპეციალისტებს. ფაკულტეტს ემსახურებოდა შემდეგი კათედრები: ეპიზოტოლოგიის, ზოოლოგიისა და ჰისტოლოგიის, ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის, ზოოჰიგიენისა და ეკოლოგიის, თერაპიისა და კლინიკური დიაგნოსტიკის, მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის და პათოლოგიური ფიზიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის, შინაურ ცხოველთა ანატომია-ფიზიოლოგიის, ქირურგიის, ცხოველთა მეანობა-გინეკოლოგიის და გამრავლების ფიზიოლოგიის.
III ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტი:
- საბაჟო საქმე;
- საბუღალტრო აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი;
- საგადასახადო და საფინანსო საქმე.
ფაკულტეტს ემსახურებოდა: ეკონომიკის, ორგანიზაციის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრები.
IV ფუნქიონირებდა საუნივერსიტეტო კათედრები: სამხედრო მომზადება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ქართული მეტყველების კულტურისა და ენების;
V დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი შემდეგი სპეციალობებით: ზოოინჟინერია, ხორცის, რძისა და თევზის გადამუშავების ტექნოლოგია, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის საქონელმცოდნეობა, იქთიოლოგია და თევზის მოშენება, მარცვლეულის შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგია, კინოლოგია და წვრილი ცხოველების დაავადებები, საგადასახადო და საფინანსო საქმე, საბაჟო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი.
VI აბიტურიენტთა მოსამზადებელი ფაკულტეტი;
VII საზოგადოებრივ-პროფესიათა ფაკულტეტი, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტებს
დაუფლებოდნენ მეორე საზოგადოებრივ პროფესიას;
VIII სასწავლო – მეთოდური სამმართველო.
IX სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თავისი სექტორებითა და განყოფილებებით:
1.ზოოტექნიკური სექტორი შემდეგი განყოფილებებით: აბორიგენულ ცხოველთა გენოფონდის შენარჩუნებისა და სელექციის, ბიოქიმიისა, ხორცისა და რძის ტექნოლოგიის, ეკონომიკა-ორგანიზაციის, ზოოანალიზებისა და ვიტამინების შემსწავლელი, კვებისა და საკვების ტექნოლოგიის, მდელოდ და მინდვრად საკვებწარმოების, მეცხენეობა-მებოცვრეობის, სას.სამეურნეო ცხოველთა აღწარმოების ბიოლოგიის, ფრინველის ხორცისა და კვერცხის ტექნოლოგიის, ცხვრის ხორცისა და მატყლის წარმოების, ძროხის ხორცისა და რძის წარმოების, ღორის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის.
- სავეტერინარო სექტორი შემდეგი განყოფილებებით: არაგადამდებ დაავადებათა შემსწავლელი, ანტიბიოტიკებისა და მიკოლოგიის, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა სინთეზისა და სრულყოფის, ბრუცელოზის შემსწავლელი, ვირუსოლოგიის, ზოოჰიგიენისა და ეკოლოგიის, პათანატომიის და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიები, პროტოზოლოგიისა და არაქნო-ენტომოლოგიის, სამეცნიერო-საინფორმაციო და საპატენტო საქმის, ტუბერკულოზის შემსწავლელი, ფრინველთა დაავადებების შემსწავლელი, წვრილ-ცხოველთა დაავადებების შემსწავლელი, ჰელმინთოლოგიის.
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტმა თავისი არსებობის მანძილზე მოამზადა 7200-ზე მეტი ზოოინჟინერი, 5750 ვეტერინარი ექიმი, რომელთა დიდი ნაწილი სახალხო მეურნეობისა და მეცნიერების დარგში მუშაობდნენ.
უნივერსიტეტში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის 3 და მინისტრთა საბჭოს პრემიის 1 ლაურეატი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 6 აკადემიკოსი, ამავე აკადემიის ერთი წევრ-კორესპოდენტი, სხვადასხვა აკადემიების 9 აკადემიკოსი, 25 მეცნიერებათა დოქტორი – პროფესორი, 156 მეცნიერების კანდიდატი, მათ შორის 81 დოცენტი, 68 მეცნიერ თანამშრომელი, 47 უფროსი მასწავლებელი, 40 ასისტენტი.
მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტზე პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობდა 13, ხოლო სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე 14 კათედრაზე. სამეცნიერო ნაწილში ფუნქციონირებდა ზოოტექნიკური სექტორის 15 განყოფილება და 2 ლაბორატორია, სავეტერინარო სექტორში -16 განყოფილება. უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა აგრეთვე ერთ-ერთი საუკეთესო სავეტერინარო პოლიკლინიკა, ინფექციური ვივარიუმი, 14 კაბინეტი, 3 მუზეუმი, სააქტო დარბაზი, კლუბი 500 ადგილიანი, ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის და სატრენაჟორო მოედნები. სულ 78 ერთეული. უმდიდრესი ბიბლიოთეკა, განძი ზოოვეტერინალური ისტორიისა, რომლის წიგნადი ფონდი ნახევარ მილიონს აღემატებოდა. უნივერსიტეტს ჰქონდა საკუთარი სასწავლო ექსპერიმენტული მეურნეობა , „კრწანისი“; ქიმიო-თერაპიული და ბიოლოგიური პრეპარატების ქარხანა, „ვეტპრეპარატი“, გლდანის ექსპერიმენტული ბაზა. საყრდენი პუნქტები – სამტრედიაში, დედოფლისწყაროში, ლანჩხუთში. სასწავლო ფილიალები მარნეულში, ახალციხესა და გორში. აქტიურად მუშაობდა ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახური, სასწავლო-მეთოდური სამმართველო, საგარეო ურთიერთობათა სამსახური, გაზეთი „ზოოვეტერინარი“, სამხედრო – სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება. სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ემსახურებოდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე 640 თანამშრომელი.
საკითხების მიმართ თანამედროვე მიდგომები, ინოვაციები და ტექნოლოგიები განაპირობებდა წარმოების ოპტიმიზაციისა და ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განვითარებას, ამ მიზნით უმაღლესი სასწავლებელი თანამშრომლობდა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფერმერებთან, არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან.
მრავალი წლების განმავლობაში უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოები. სულ დაცული იყო 358 დისერტაცია, რომელთაგან სოფლის მეურნეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა 60 მაძიებელს; ვეტერინარიისა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 159 და ვეტერინარიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი – 139 მაძიებელს.
ასევე ფუნქციონირებდა რეგიონალური სადისერტაციო საბჭოები, რომელთა სხდომებზე ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მეცნიერებთან ერთად დისერტაციებს იცავდნენ ჩრდილოეთ კავკასიის, აგრეთვე შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლები.
ფუნდამენტალური და გამოყენებითი მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით ზოოტექნია და ვეტერინარია გადაიქცა ტექნოლოგიურ მეცნიერებად, ბევრ ძირითად საკითხთან ერთად, მოიცავდა ბიოლოგიურ, ბიოქიმიურ, გენეტიკურ, ფიზიოლოგიურ, ტექნოლოგიურ და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებსაც.
მეცხოველეობა და ვეტერინარია საქართველოს უძველესი და ტრადიციული დარგებია, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. არაერთი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და თანამედროვე სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ მრავალსაუკუნოვანი სელექციის შედეგად ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერების მონაწილეობით შენარჩუნდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა უნიკალური აბორიგენული ჯიშები: ქართული მთისა და მეგრული წითელი საქონელი, ნახევრად ნაზმატყლიანი, ნაზმატყლიანი, თუშური, პოლიესტრული იმერული ცხვარი, მეგრული თხა. საჯდომ სასაპალნე თუშური, ჯავახური და მეგრული ცხენი, ქართული კამეჩი, კახური და სვანური ღორი, ჯავახური ბატი, ქართული ქათმის პოპულაციები – ყელტიტველა, მეგრული ჩალისფერი ინდაური. მსოფლიოში ცნობილი ქართული მთის რუხი ფუტკარი, ქართული ნაგაზი, სახორცე-საქურქე ჯიშური ჯგუფის ბოცვერი და სხვა.
ვეტერინარიაში, მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, დაინერგა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგები, ვაქცინები, შრატები, აეროზოლური და პერორალური იმუნიზაციის მეთოდები, თურქულისა და ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო ანტიგენები. შეიქმნა ცხვრისა და ფრინველის ჰელმინთოზურ დაავადებათა საწინააღმდეგო დარიშხან შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებოდა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
უნივერსიტეტში შესრულებული გამოკვლევების მნიშვნელობაზე და მაღალ რეიტინგზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ჰელმინთოლოგიის, ტოქსიკოლოგიის, პარაზიტოლოგიის, არაქნოენტომოლოგიის, ანტიბიოტიკებისა და მიკოლოგიის განყოფილებებში და ეპიზოტოლოგიის კათედრაზე შესრულებული სამეცნიერო შრომები გამოთხოვილი იყო შესაბამისი დარგების სპეციალისტების მიერ იუგოსლავიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, უნგრეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან და ბრაზილიიდან. ყოფილ სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საშუალო სპეციალური განათლების მთავარ სამმართველოში, რომელიც 105-მდე უმაღლეს სასწავლებელს ხელმძღვანელობდა, უნივერსიტეტი თავისი მიღწევების მიხედვით პირველ ხუთეულში იხსენიებოდა.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიდან ზოგიერთი გახდა სოციალისტური შრომის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პარლამენტის წევრი, ცნობილი მეცნიერი, ბევრ მათგანს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, დამსახურებული ზოოტექნიკოსისა და ვეტერინარი ექიმის წოდება.
უნივერსიტეტში მომზადებული პრაქტიკოსი სპეციალისტები წარმატებით მუშაობდნენ მეცხოველეობის ფერმებსა და კომპლექსებში, მეფრინველეობის ფაბრიკებში, სასელექციო და ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურებში, ვეტერინარულ უბნებში, სარაიონთაშორისო და რესპუბლიკურ ვეტერინარულ ლაბორატორიებში. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ვეტერინარი ექიმები, წარმატებით ებრძოდნენ ცხოველების და ფრინველების 200-ზე მეტ დაავადებას.
სასწავლო და სამეცნიერო მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის 2002 წელს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის 41 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 49 თანამშრომელი მედლით, მადლობა გამოეცხადა 35 თანამშრომელს.
სუბიექტური მიდგომით, პროფესორ-მასწავლებელთა, მეცნიერთა აზრის გათვალისწინების გარეშე, ჩატარებული უსისტემო რეფორმის შედეგად, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის განათლებისა და მეცნიერების ფლანგმანმა, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტმა 2005 წლის 10 ივნისს დამოუკიდებლობა დაკარგა, გააერთიანეს აგრარულ უნივერსიტეტთან. მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები და მეცნიერები ჯერ ერთწლიან აკადემიურ შვებულებაში გაუშვეს, შემდეგ გაანთავისუფლეს. სრულად გააუქმეს პედაგოგების და მეცნიერების შტატები, გაჩერდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, შრომების, კრებულების, სტატიების გამოცემა. ამიერკავკასიაში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებამ, რომელმაც ქვეყანაში განუზომელი წვლილი შეიტანა მეცხოველეობის და ვეტერინარიის, ზოგადად აგრარული დარგის განვითარების საქმეში, არსებობა შეწყვიტა. დღეს უმუშევრად დარჩენილია ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერების დიდი ნაწილი. შენობების გასხვისების შედეგად დაიშალა უნიკალური ძვირადღირებული ლაბორატორიები, განადგურდა ქონება, ერთ დროს უნიკალური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დარჩა მხოლოდ შავი კარკასი. ქვეყანაში კატასტროფულად შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა, გაუაზრებელმა რეფორმამ ქალაქად და სოფლად გამოიწვია სპეციალისტების დიდი დეფიციტი. არის რეგიონები, სადაც არ არიან სპეციალისტები, თუ არიან მათი ასაკი 60-65 წელს აღემატება. შექმნილი მდგომარეობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან განათლებულ, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის ექიმებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, მცირდება ცხოველების სულადობა, მატულობს დაავადებები.
მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ არის მისაღები რადიკალური ზომები, აღდგეს ზოოტექნიკურ- სავეტერინარო უნივერსიტეტი, თავისი მძლავრი სასწავლო და სამეცნიერო ობიექტებით, ეს უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს, ვიდრე კიდევ დარჩა, მეცნიერთა და პროფერსორ – მასწავლებელთა მცირე პოტენციალი.
ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის აღდგენა აუცილებლად გამოიწვევს პოზიტიურ ცვლილებებს, ჩვენი ცხოვრების ამ მეტად უმნიშვნელოვანეს სფეროში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიურ აღორძინებას, სოფლად მოსახლეობის დასაქმებას, დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, ჩვენ ჩვენს სიმდიდრეებსაც შევინარჩუნებთ და ხალხის მომავალი თაობის ჯანმრთელობას დავიცავთ. განვითარდება აგრარული მეცნიერება და პედაგოგიკა.
ურყევი იმედი გვაქვს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, გაითვალისწინებს ჩვენი მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადოების ფართო ფენის წარმომადგენელთა მოთხოვნებს და მიიღებს საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აღადგენს ქართული მეცხოველეობის და ვეტერინარიის დიდ ტაძარს, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ- სავეტერინარო სასწავლო – კვლევით უნივერსიტეტს.
საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო
სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის
ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი
ელგუჯა გუგუშვილი