დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

როგორ გაარკვიეს მეცნიერებმა მეღვინეობის უძველესი კვალი

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ  საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართულში 8000 წლის წინ ვაზის კულტურებისათვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ირანის რაიონის ზაგროსის მთიანეთიდან. თემაზე  ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

_ რა არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ჩატარდა კველევა, რა ნიმუშები იყო გამოყენებული საერთაშორისო ლაბორატორიებში ჩატარებული ანალიზისას?

_ ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველა ჩვენთაგანს შინაგანად გვჯეროდა, რომ საქართველო უძველესი ღვინის სამშობლო გახლდათ და დღეს ეს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა. გათხრები დიდი ხანია მიმდინარეობდა, მას ატარებდა მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა ექსპედიცია და ახალი გათხრების დროს ახალი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი. ჭურჭლის კვლევაც სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა. ერთი გახდათ ამერიკის პელსივანიის უნივერსიტეტში, სადაც მოხდა უძველესი  ფერმენტაციის კვალის, ანუ, უძველესი ღვინის წარმოების კვალის დადგენა. საქართველოში ჩატარდა კვლევა ბალეობოტანიკური და ქართველმა მეცნიერებმა ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა და ქალბატონმა ელისო ღვალაძემ აღადგინეს მცენარეული საფარი, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა უკვე კულტივირებულ ვაზს. ეს ყველაფერი დათარიღდა ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში. ეს არის მოდელი, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერება ინტეგრირებული სხვადასხვა დარგებით და რაც ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია, ეს აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს უნარი, ასეთი კვლევები წარმართოს. ჩვენ დიდი ტრადიციები გვქონდა მეცნიერების და ჩვენ ამას ვაგრძელებთ.

_ როგორ მყარია ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ეს დასკვნები? სხვადასხვა სამეცნიერო წრეები, წარმომადგენლობები ხომ არ აპროტესტებენ იმ დასკვნებს,  რაც ამ სამეცნიერო ჟურნალში საბოლოო მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა?

_ მეცნიერება ერთ ადგილას არ ჩერდება და ბუნებრივია, ყოველთვის ახალ ჰიპოთეზებს წარმოადგენს, მაგრამ შეფასების მთავარი კრიტერიუმი გახლავთ პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და ეს გახდა სწორედ ის შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნდა სამეცნიერო კვლევები, რომელმაც სამეცნიერო ფილტრები გაიარა და დღეს უკვე სამეცნიერო საზოგადოება განიხილავს ამას: საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის სამშობლოს. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა დიდ სურათში. ერთის მხრივ, ჩვენ სწორედ ნაწილი ვართ მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძველესი მიწათმოქმედების განვითარების, ასე ვთქვათ, ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიის და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ხედავს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება, რომ ეს არ არის ეპიზოდი საქართველოს ღვინის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს მთელი სურათი და ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში არა მხოლოდ წარმოიშვა ღვინო, არამედ ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებდით, ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ.

_ რას გეგმავს თქვენი მუზეუმი, რას გეგმავს ხელისუფლება? ალბათ ასეთი დასკვნა თქვენთვის არ იყო მოულოდნელი, ქართულ მხარეს ჰქონდა იმედები, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდებოდა ის, რომ საქართველო არა მარტო ღვინის, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარების აკვანია და რამდენად გამოიყენებს სახელმწიფო ამ შანსს, რომელიც სამეცნიერო დასკვნებმა მოგვცა?

_ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტი, რომელშიც ჩართული იყო ღვინის სააგენტო, ასევე ღვინის ასოციაცია და მხარს უჭერდა რუსთაველის ფონდი. ასე, რომ ეს ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებია. რაც შეეხება განვითარებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ პალეოგენეტიკური კვლევა, იმ გენეტიკური კავშირების დადგენა, რომელიც ქართულ ვაზს სხვადასხვა ტერიტორიაზე გავრცელებულ ვაზთან ჰქონდა. ეს მიმართულება ამ კვლევაში ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. ამასთან ერთად, ბუნებრივია სხვადასხვა ფუნდამენტური მიმართულებებიც ვითარდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის წარდგენა. ძალიან წარმატებული პროექტი იყო ბორდოში საქართველოს ღვინის ისტორიის შესახებ და ვიტყოდი, რომ ეს უკვე მოდელია, თუ როგორ უნდა წარვუდგინოთ მსოფლიოს ჩვენი ღვინის ისტორია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის კონტექსტში. ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო მეტად განვითარების მხოლოდ ეტაპია.

_ რაც შეეხება არქეოლოგიურ კვლევებს, ამ დროისათვის რა ტერიტორიებს იკვლევს თუნდაც თქვენი მუზეუმი და მიმდინარეობს თუ არა იმაზე პროექტირება, რომ არქეოლოგიური კვლევების დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდოს? და ასევე, არის თუ არა კიდევ პერსპექტიული წერტილები, სადაც თქვენ და ზოგადად, ქართული მეცნიერება უფრო დიდ აღმოჩენებს ელოდებით?

_ რა თქმა უნდა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ასეთ პატარა ტერიტორიაზე არის როგორც ბუნების მრავალფეროვნება, ასევე არქეოლოგიური ძეგლების უწყვეტობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენს ტერიტორიას ახასიათებს, რომ ჩვენ კაცობრიობის განვითარების ყველა ეპოქა გვაქვს და სწორედ ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო სისტემის ნაწილი ვიყოთ. როგორც ეს თემა – პირველი მიწათმოქმედების გაჩენა,  გახლავთ კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ასევე ჩვენ ვართ დაკავშირებული უძველესი ადამიანის ისტორიასთან, ჩვენ ვიკვლევთ უძველეს მეტალს,  ვიკვლევთ კოლხეთს, როგორც ანტიკური სამყაროს ნაწილს. ასე, რომ არქეოლოგიას და მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო დარგების შერწყმა. ასე, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამას და დარწმუნებული ვარ, ასეთი აღმოჩენები ასევე მომავალ თაობებშიც აღვივებს ინტერესს.

_ საერთაშორისო სამეცნიერო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ქართული არქეოლოგიისადმი და ზოგადად, ქართული ისტორიისადმი დაინტერესება თუ გაიზარდა და თუ არის მოსალოდნელი, რომ მომავალ წელს არქეოლოგიური სამუშაოები უფრო ფართო მასშტაბით, უფრო ფართო დაფინანსებით წარიმართოს ქვეყანაში?

_ რა თქმა უნდა. საქართველოში ჩვენ დაწესებულებას და არა მარტო ჩვენ დაწესებულებას ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ეს არის როგორც ევროპული, ისე ამერიკული. უნდა გითხრათ, რომ ავსტრალიის უნივესტიტეტთანაც არის ერთობლივი მუშაობა, ასევე იაპონიის უნივერსიტეტებთან. ძალიან პრინციპულია, რომ ჩვენ ამის ერთიანი სამეცნიერო პოლიტიკა გვქონდეს. ამას უნდა წარმართავდეს ქართული მეცნიერება, მაგრამ მასში  უნდა მონაწილეობდნენ ჩვენი საერთაშორისო კოლეგები. ამასთან ერთად პრინციპულია, რომ ეს გამოყენებული იყოს უმაღლესი სკოლის სისტემაში და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმისათვის, რომ ჩვენ საერთაშორისო საველე სკოლების ნაწილი ვიყოთ. არქეოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში ვიყოთ. მესამე და ალბათ, ყველაზე მთავარია, რომ ეს არის საზოგადოებისთვის ჩვენი ისტორიის გაცნობა, რომელიც პირველ რიგში მომავალი თაობების აღზრდისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ ეს ყველაფერი ბუნებრივია ეხმარება ეკონომიკას და ტურიზმს.

_ ეს საერთაშორისო აღიარება წესით ძალიან დიდი ტურისტული ნაკადისთვის უნდა იყოს საწყისი ეტაპი და კიდევ ერთხელ გკითხავთ, რას გეგმავს მუზეუმი მომავალი წლის ტურისტული სეზონისათვის, ხომ არ გაქვთ რამე უკვე დაგეგმილი იმისთვის, რომ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის შესახებ თვალსაჩინოებები შესთავაზოთ?

_ გარდა გამოფენებისა, რომელიც თბილისში ჩვენს სხვადასხვა მუზეუმებში იქნება, მომავალ წელს გაიხსნება ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ქვემო ქართლს წარმოადგენს. ქვემო ქართლი მართლაც ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, სადაც ერთდროულად არის უძველესი ღვინო, უძველესი ადამიანები, უძველესი ოქროს წარმოება, უძველესი ქართული წარწერა და ჩვენ ამ ყველაფერს ბოლნისის მუზეუმში წარმოვადგენთ, რომელშიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ღვინის ისტორიას. იცით, რომ ეს აღმოჩენები ქვემო ქართლიდანაა, ბოლნისიდან ძალიან ახლოს, უფრო მარნეულის რაიონში.

წყარო: imedinews.ge