დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

1911 წელი – გურული ჭაჭის საოცარი მოგზაურობა რომში

XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში მოღვაწე ბესარიონ თევდორეს ძე მგელაძე პირველი გილდიის ვაჭარი გახლდათ. მას მაღაზიები ჰქონია ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. ცხოვრობდა ბათუმში (იქვეა დაკრძალული).

საპორტო ქალაქიდან მას სავაჭროდ ევროპაში ხშირად უწევდა მოგზაურობა. ერთხელაც ლონდონში მიმავალს შეუტყვია, რომ რომში ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გამოფენა ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც ალკოჰოლურ სასმელებს საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი. აქედან გამომდინარე, მას განუზრახავს ჩასულიყო გამოფენაზე და, უფრო მეტიც, მონაწილეობაც კი მიეღო მასში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც მისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც.

საქმე ისაა, რომ ბესარიონ მგელაძეს გურიაში, სოფელ ბახვში ჩხავერის ვენახი ჰქონდა. გურიის წითელყურძნიანი საღვინე ვაზის უნიკალური ჯიშის — ჩხავერის ქებას არ მოვყვებით, მხოლოდ ვიტყვით, რომ ბესარიონი, გარდა ღვინისა, განსაკუთრებულ „ჭაჭასაც“ ხდიდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მისი „ჭაჭა“ მთლად ტიპური „ჭაჭა“ არ იყო და იგი მას განსხვავებული ტექნოლოგიით ამზადებდა. სასმელის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არყის ქვაბში გამოსახდელად ისხმებოდა არა, როგორც მიღებულია, ყურძნის ჭაჭა, არამედ ღვინო და თანაც ჩხავერის ღვინო. ამის შემდეგ კი იწყებოდა „ფირმის საიდუმლოების“ მთავარი ნაწილი. გამოხდილი სასმელი დასავარგებლად ისხმებოდა კოკებში, ოღონდ ისეთ კოკებში, სადაც მანამდე გარკვეული დროით ჩხავერის ღვინო იდგა. სასმელს კოკებში ისე ასხამდნენ, რომ ნაღვინარ ჭურჭელს ძირეულად არ რეცხავდნენ და მას მხოლოდ ერთხელ, მსუბუქად ავლებდნენ წყალს. შედეგად სასმელი იღებდა ვარდისფერ შეფერილობას და სპეციფიკურ, განსხვავებულ გემოს. ბესარიონ მგელაძე სწორედ ამგვარი სასმელით წარსდგა კონკურსზე, რისთვისაც მან ჯერ თავისი პროდუქტი ბოთლებში ჩამოასხა და სპეციალურად დამზადებული ეტიკეტითაც გააფორმა. პროდუქტმა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, გამოფენის უმაღლესი ჯილდო „გრანპრი“ (GRAN PREMIO) მიიღო.

დამეთანხმებით, რომ 100 წლის წინათ მომხდარი ეს ფაქტი, რომელიც ერთი საუკუნის დაგვიანებით გააშუქა ჟურნალმა „ახალმა აგრარულმა საქართველომ“, ნამდვილად საამაყოა! შესაძლოა, სხვადასხვა დროს ქართული სასმელი კიდევაც მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებულ განსხვავებულ სასმელს ეხება, რომელმაც უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, თანაც „გრაპპას“ სამშობლოში, რაც მეორე მხრივ მეტად რთული საქმეა.

ამჟამად „გრანპრი“ თბილისში ბესარიონ მგელაძის შვილიშვილთან, ბატონ რევაზ მგელაძესთან ინახება.

გიორგი ბარისაშვილი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“