პერუს ფერმებში შოკოლადის ახალი გენეტიკური ხაზები აღმოაჩინეს
პერუში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა გენეტიკურმა კვლევამ კაკაოს მსოფლიო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი რამ აღმოაჩინ.
მეცნიერებმა, რომლებმაც პერუს სხვადასხვა რეგიონში ასობით კაკაოს ხის დნმ გააანალიზეს, მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ოთხი ახალი გენეტიკური ხაზი აღმოაჩინეს.
კვლევა, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, შესაძლოა პრემიუმ კლასის შოკოლადის ახალი ეპოქის დაწყებას დაედოს საფუძვლად.
კვლევის ჯგუფმა, რომელსაც ლამბერტ მოტილალი (ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობდა, შეისწავლა 390 ნიმუში პერუს რვა დეპარტამენტიდან, ამაზონის დაბლობებიდან ანდების მთისწინეთამდე. შედეგებმა აჩვენა, რომ პერუს ტრადიციული კაკაო, რომელიც ხშირად ველურ და ნახევრად ველურ პირობებში იზრდება, მალავს გენეტიკურ რესურსს, რომელიც მსოფლიოში აქამდე ცნობილ 10 მთავარ ჯგუფში არ შედიოდა.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილი ოთხი ხაზიდან ორს განსაკუთრებით მაღალი არომატული პროფილი გააჩნია, რაც მათ პრემიუმ კლასის შოკოლადის წარმოებისთვის უნიკალურ ნედლეულად აქცევს.
CCN 51-ის ფენომენი _ ჰიბრიდიზაციის საიდუმლო
კვლევამ ასევე ნათელი მოჰფინა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და პროდუქტიულ კაკაოს ჯიშს _ CCN 51-ს. „შოკოლადის ინდუსტრიის მუშათა ცხენად“ წოდებული ეს ჯიში, რომელიც 1960-იან წლებში ეკვადორში გამოიყვანეს, აღმოჩნდა რთული ჰიბრიდი, რომელიც სამი ძირითადი ჯგუფისგან შედგება:
- Iquitos (45,4%) _ პერუს ველური ჯიშები, რაც ჯიშს დაავადებებისადმი გამძლეობას ;
- Criollo (22,2%) _ უძველესი ჯგუფი, რომელიც განთქმულია დახვეწილი არომატებით;
- Amelonado (21,5%) _ უზრუნველყოფს მოსავლიანობასა და პროდუქტიულობას.
მიუხედავად იმისა, რომ CCN 51 უაღრესად გამძლეა დაავადებებისა და გვალვის მიმართ, მისი მაღალი მჟავიანობა და სიმწარე ხშირად აკნინებს შოკოლადის საბოლოო გემოვნურ თვისებებს.
სელექციის ახალი პერსპექტივები
ახალი გენეტიკური ხაზების აღმოჩენა მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ახალი ჰიბრიდები, რომლებიც შეინარჩუნებენ CCN 51-ის გამძლეობასა და მაღალ მოსავლიანობას, თუმცა პრემიუმ კლასის შოკოლადისთვის დამახასიათებელი დახვეწილი გემოთი და არომატით გამოირჩევიან.
„ეს გენეტიკური საგანძური ლაბორატორიებში კი არა, უშუალოდ ფერმერების ეზოებში იზრდება“, — აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ცვლის პერუს კაკაოს გენეტიკურ რუკას, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ რესურსს შოკოლადის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის.
ეს კვლევა ადასტურებს, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება აგროინდუსტრიის უმთავრესი ამოცანაა. პერუს ფერმერული მეურნეობების გენეტიკური რესურსების ინტეგრირება თანამედროვე სელექციაში მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მეურნეობების ეკონომიკურ პოტენციალს და გლობალურ ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას.

