სამეცნიერო თანამშრომლობა აგროსექტორის გაძლიერებისთვის _ „ანასეულსა“ და სახელმწიფო ლაბორატორიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფმა „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურმა ცენტრმა „ანასეულმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში გაიმართა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ:
-
ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და პრაქტიკული კვლევების ორგანიზებას;
-
ინფორმაციის აქტიურ გაცვლას;
-
საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას.
როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა აღნიშნა, თანამედროვე კვლევები პირდაპირ კავშირშია ფერმერული მეურნეობების პროდუქტიულობასა და წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოებასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტია. შეხვედრის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა დამსწრეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები გააცნეს.
აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია აგრარული მეცნიერებისა და პრაქტიკული ფერმერული საქმიანობის სინერგიისთვის. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს სამეცნიერო რესურსების ოპტიმიზაციას და კვლევითი პოტენციალის ზრდას.
რეგიონებში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგროსექტორის ქვაკუთხედია. დიაგნოსტიკური ცენტრების გაძლიერება ადგილობრივ ფერმერებს აძლევს საშუალებას, ოპერატიულად გამოავლინონ ნიადაგისა და მცენარეთა პრობლემები, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოსავლის დანაკარგს და ზრდის პროდუქციის ხარისხს. მეცნიერული ცოდნის ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაცია არის მთავარი ბერკეტი, რომლითაც რეგიონული მეურნეობები კონკურენტუნარიანობას იძენენ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

