როგორ მოვაწყოთ იაფი შპალერი ვენახისთვის _ პრაქტიკული რჩევები მცირე ბიუჯეტისთვის
„ვენახის გაშენება დიდ შრომასთან ერთად, ხშირად სოლიდურ ინვესტიციებთანაც არის დაკავშირებული. ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სწორედ შპალერის მოწყობაზე მოდის. თუმცა, გამოცდილი მევენახეები გვასწავლიან, რომ მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად ყოველთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული კონსტრუქციები.
არსებობს ე.წ. „ხალხური“ მეთოდები, რომლებიც მინიმალური დანახარჯებით, ნებისმიერ ეზოში მოძიებული მასალებით, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მყარი და ეფექტიანი საყრდენი სისტემა.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სწორედ ასეთ ეკონომიურ, პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც ათწლეულების განმავლობაშია გამოცდილი.“
თუ გადაწყვიტეთ მევენახეობის რთულ, მაგრამ საინტერესო საქმეს ეზიაროთ და ამისთვის მინიმალური ბიუჯეტი გაქვთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
განვიხილოთ, როგორ ავაწყოთ გამძლე და მუშა შპალერი იმ მასალებისგან, რომლებიც ნებისმიერ ეზოში ან ახლომდებარე მშენებლობაზე შეიძლება მოიძებნოს.
ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი, რომელიც საბჭოთა პერიოდის მევენახეებისგან გვერგო მემკვიდრეობად, ფაქტობრივად, ორი მილისა და მავთულისგან შედგება.
რა მასალები დაგვჭირდება:
- ბოძები _ არმატურა ან ძველი მილები (დიამეტრი: 15-20 მმ, სიგრძე: 2.5 მეტრი);
- ხის ძელი (50×50 მმ) ან ლითონის მილის ნაჭრები;
- მავთული _ ყველაზე იაფია ფოლადის (მოთუთიებული უკეთესია, მაგრამ შედარებით ძვირი). სისქე: 2-3 მმ. ოპტიმალურია ჩვეულებრივი ტიპის მავთული.
ნაბიჯი 1. ორმოების მომზადება
ორმოები 50-60 სმ სიღრმეზე ამოთხარეთ. ბოძებს შორის მანძილი რიგში _ 4 მეტრი (ძლიერმოზარდი ჯიშებისთვის _ 3 მ), ხოლო რიგთაშორისები _ 2-2.5 მეტრი. ეს აუცილებელია მზის უკეთესი განათებისთვის და ვენახში თავისუფლად გადაადგილებისთვის. თუ ნიადაგი ფხვიერია, სიმყარისთვის ორმოს ფსკერზე რამდენიმე აგური ან ქვების ნატეხი ჩაყარეთ.
ნაბიჯი 2. ბოძების მონტაჟი
ჩადგით მილი ორმოში. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, ბეტონის დასხმა აუცილებელი არ არის. მიწა ფენა-ფენა ჩატკეპნეთ (დაასხით წყალი _ დატკეპნეთ, დაამატეთ მიწა). სიმყარისთვის მილის ქვედა ნაწილზე შეგიძლიათ ჯვარედინად მიადუღოთ ან მავთულით მიაბათ არმატურის ნაჭრები („ღუზის“ პრინციპით). ბოძები მიწიდან დაახლოებით 1.8-2 მეტრი სიმაღლის უნდა იყოს.
ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული მძიმე მტევნიანი (2 კგ-ზე მეტი) სუფრის ჯიშებისთვის; მათთვის ბოძების ბეტონით ჩამაგრება აუცილებელია.
ნაბიჯი 3. მავთულის გაჭიმვა
საჭიროა მავთულის 3-4 რიგად გაჭიმვა:
- I რიგი _ მიწიდან 40 სმ სიმაღლეზე (ქვედა ყლორტებისთვის);
- II რიგი _ 70 სმ.;
- III რიგი _ 100 სმ.;
- IV რიგი_ 140 სმ. (თუ ბოძი იძლევა საშუალებას, მეხუთე რიგი _ 170 სმ-ზე).
როგორ დავჭიმოთ მავთული სპეციალური დამჭიმების გარეშე?
მავთული პირველ ბოძზე მარყუჟით დააფიქსირეთ. მეორე ბოძთან მიტანისას გამოიყენეთ გრძელი რკინის ნაჭერი ან მილის ნატეხი: გაუყარეთ მავთულის მარყუჟში და დაატრიალეთ „ჟგუტივით“, სანამ მავთული არ სიმებივით დაიჭიმება. შემდეგ შემოახვიეთ ბოძზე 5-6-ჯერ და დაამაგრეთ.
ნაბიჯი 4. T სებრი შპალერი (სურვილისამებრ)
თუ გსურთ მოსავლიანობის გაზრდა, ბოძების თავზე დაამაგრეთ 60-80 სმ სიგრძის განივი ძელები. მათ კიდეებზე დამატებითი მავთულების გაჭიმვით მიიღებთ T სებრ შპალერს, სადაც ძლიერ ნაზარდებს მეტი სივრცე ექნებათ.
ვაზის მიბმა შპალერზე
ვაზის მისაბმელად არასოდეს გამოიყენოთ პოლიეთილენის ძუა ან კაპრონის ძაფი, ისინი ჭრის ვაზის ქერქს და აზიანებენ მცენარეს. გამოიყენეთ მხოლოდ რბილი მასალა.
მიბმის ტექნიკა ორ ეტაპად:
- მავთულზე ვაზის მიბმა ხორციელდება კვირტის გაშლამდე. შარშანდელი ნასხლავი ლერწი დახარეთ 45-60 გრადუსიანი კუთხით და მიაბით ქვედა მავთულებს. კუთხით დახრა აუცილებელია, რომ ყველა კვირტმა თანაბრად გაიღვიძოს.
- „მწვანე“ მიბმა ხორციელდება ზაფხულში. როცა ახალი ყლორტები 30 სმ-ს მიაღწევს, დაიწყეთ მათი მიბმა ზედა მავთულებზე „მარაოსებურად“.
ოქროს წესი: ყლორტი მავთულს რომ არ გაეხხახუნოს, გამოიყენეთ „რვიანისებური“ კვანძი _ ლენტი ჯერ მავთულს შემოავლეთ, შემდეგ ყლორტს და ისე დააფიქსირეთ. მავთული ამ შემთხვევაში ბუფერის როლს ასრულებს.
როგორც ვხედავთ, ვენახისთვის შპალერის მოწყობა რთული და ძვირადღირებული საქმე სულაც არ არის, თუ პროცესს შემოქმედებითად და პრაქტიკულად მივუდგებით. მთავარია, დავიცვათ ძირითადი ტექნიკური პარამეტრები _ ბოძების სიმაღლე, მავთულებს შორის მანძილი და ვაზის სწორად აბმის წესები.
ასეთი ეკონომიური მიდგომა საშუალებას აძლევს დამწყებ ფერმერებს, პირველივე ეტაპზე დაზოგონ ფინანსები და მეტი ყურადღება თავად მცენარის მოვლასა და ნიადაგის გაჯანსაღებას დაუთმონ.
გახსოვდეთ! სწორად მოწყობილი საყრდენი ნიშნავს ჯანსაღ ვაზს, კარგად განიავებულ ზვრებს და, რაც მთავარია, უხვ და ხარისხიან მოსავალს.
წყარო: AgroXXI.ru, ითარგმნა და მომზადდა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოსთვის“

