7 ფაქტი ორგანული მიწათმოქმედების შესახებ, რაც უნდა იცოდეთ
მსოფლიო მოსახლეობის მუდმივი ზრდის კვალდაკვალ, სურსათზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უხვი მოსავლიანობის მიღბის მიზნით, სოფლის მეურნეობის ტრადიციული სისტემები არაეკოლოგიურ მეთოდებს ხშირად მიმართავენ. თუმცა, ასეთი მიდგომები ისეთი გლობალური გამოწვევების წიანშე გვაყენებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ნიადაგის დეგრადაცია, წყლის დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.
ამ ფონზე, ორგანული მიწათმოქმედება გვევლინება სრულყოფილ ალტერნატივად, რაც გარემოს დაცვას და ჯანსაღი სურსათის წარმოებას უზრუნველყოფს.
პროგნოზით, გლობალური სურსათის ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის მიახლოებით 9.68 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევდა, ხოლო 2026–2030 წლებში წლიური ზრდა 6%-ს გადაჭარბებს.
რას წარმოადგენს ორგანული მიწათმოქმედება?
ორგანული მიწათმოქმედება ბუნებრივი, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაა, რომელიც მომხმარებლისთვის სასარგებლო და ფერმერული თემებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროდუქციის მიღებას ისახავს მიზნად. ეს სისტემა ცდილობს შეზღუდოს ან სრულიად გამორიცხოს გარე ჩარევები, როგორიცაა პესტიციდები, ხელოვნური დანამატები და მინერალური სასუქები.
სხვადასხვა სამეცნიერო კვლევამ და თანამედროვე ინოვაციებმა, როგორიცაა მცენარეთა ზრდის სტიმულატორები და ბიოსტიმულატორები, გზა გაუხსნა ორგანული მეთოდების წარმატებულ დანერგვას.
ამას გარდა, ორგანული მიწათმოქმედებისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი მუდმივად იზრდება.
- ორგანული მიწათმოქმედების ისტორია
მოძრაობა ორგანული მიწათმოქმედების მხარდასაჭერად შვიდი ათეული წლის წინათ, 1940-იან წლებში შეიქმნა, როგორც პასუხი მსოფლიოში ქიმიური მიწათმოქმედების სწრაფ ზრდაზე. 1970-იანი წლებისთვის ინტერესი ამ მიმართულებით განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში გაიზარდა. დღეს უკვე გაზრდილი ცნობიერებისა და უსაფრთხო სურსათზე მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ორგანული მეურნეობა გლობალურ მასშტაბებს იძენს.
- მზარდი მოთხოვნა და გლობალური მასშტაბები
ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის (FiBL 2024 წლის ანგარიში) მონაცემებით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 4.5 მილიონი ორგანული ფერმერი მოღვაწეობს. ყველაზე მეტი ორგანული მწარმოებელი ინდოეთშია, დაახლოებით, 1.6 მილიონი. კვლევითი კომპანია Ecovia Intelligence-ის ცნობით, ორგანული სურსათის ბაზარმა 2022 წელს 148 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლისთვის მისმა მოცულობამ პროგნოზირებულ 300 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ორგანული მიწათმოქმედების ძირითადი პრინციპები
- ჯანმრთელობა: პრინციპი მიმართულია ყველა ცოცხალი ორგანიზმის, ნიადაგის მიკრობებიდან დაწყებული ადამიანთა პოპულაციით დამთავრებული, დასაცავად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში.
- გარემოს დაცვა: ორგანული მიწათმოქმედება ორიენტირებულია გარემოს ისეთი ძირითადი კომპონენტების შენარჩუნებაზე, როგორიცაა ნიადაგი, წყალი, მიწა და კლიმატი.
- პასუხისმგებლიანი სურსათის უსაფრთხოება: ეს არის მდგრადი მეთოდი, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის სურსათის წარმოებას და მის რაოდენობრივ ზრდას გარემოს მდგრადობის შენარჩუნებასთან ერთად.
ორგანული მიწათმოქმედების სარგებელი გარემოსთვის
- ქიმიკატებისა და პესტიციდების უარყოფა
მწვანე რევოლუციის დაწყების შემდეგ ფერმერები პროდუქტიულობის გასაზრდელად ფართოდ იყენებენ ქიმიკატებს. თუმცა, მათმა ხანგრძლივმა მოხმარებამ ნიადაგის სასარგებლო მიკრობები გაანადგურა, გააუარესა მიწის ხარისხი და დაარღვია ბუნებრივი მახასიათებლები. ორგანული მეთოდები სრულად გამორიცხავს ბუნებაზე ასეთ მავნე ზემოქმედებას.
- ნიადაგის ჯანმრთელობის აღდგენა
ორგანული მიწათმოქმედება ნიადაგზე ქიმიკატების უარყოფითი ზემოქმედების შექცევის საუკეთესო საშუალებაა. ორგანული პრაქტიკა და ინოვაციები, როგორიცაა თესლის ბიოლოგიური დამუშავება, ხელს უწყობს ნიადაგის ბუნებრივი მიკრობების გამრავლებას. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ორგანული ფერმების ნიადაგი გამოირჩევა ორგანული ნივთიერებების, ფულვომჟავების, ჰუმინური მჟავების უფრო მაღალი დონითა და ნახშირბადის სეკვესტრაციის უკეთესი მაჩვენებლებით, ვიდრე ტრადიციული ფერმები.
- წყლის რესურსების დაცვა
სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, რომელიც შეიცავს პესტიციდებსა და ქიმიურ სასუქებს, წყლის ობიექტების დაბინძურების ძირითადი წყაროა. ეს იწვევს წყალმცენარეების უკონტროლო გამრავლებას, ე.წ. „მკვდარი ზონების“ წარმოქმნას და თევზის დამცავი წყლის ეკოსისტემების განადგურებას. ორგანული მიწათმოქმედება ამ პრობლემას სრულად ანეიტრალებს.
- მოსავლიანობა და მომავლის სურსათით უზრუნველყოფა
პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის სურსათის წარმოება, მიმდინარე დონესთან შედარებით, ორმაგად უნდა გაიზარდოს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით, ორგანული მიწათმოქმედება წარმოდგენილია როგორც საუკეთესო მოდელი მომავალი თაობების სურსათით უზრუნველყოფისა და მოსავლიანობის ზრდისთვის.
- მაღალი საკვები ღირებულება და სარგებელი
სამეცნიერო კვლევებმა ორგანულ და ტრადიციულ პროდუქტებს შორის საკვები ღირებულების კუთხით მნიშვნელოვანი განსხვავება აჩვენა. მაგალითად, ორგანულად მოყვანილ პროდუქტებში ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია შესამჩნევად მაღალია, ხოლო მძიმე მეტალების შემცველობა — მინიმალური.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ ბიოსტიმულატორებს შეუძლია გააუმჯობესოს საკვები ნივთიერებების ათვისება, შეამციროს აბიოტური სტრესის გავლენა და გაზარდოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.
ბუნებრივი და ორგანული გადაწყვეტილებები ცვლის სოფლის მეურნეობის პრაქტიკას მთელ მსოფლიოში და მდგრად სოფლის მეურნეობას უხსნის გზას.

