როგორ შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოს
როგორ შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოს? ამ საკითხზე საინტერესოა მოვისმინოთ სპეციალისტთა აზრი.
პრესით და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყეს მიწისქვეშა სამალავი ოთახების მშენებლობა, რომლებიც ადამიანებს დაიცავს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფებისაგან, ატომური აფეთქებებისაგან, ეპიდემიებისა და სხვა უარყოფითი მოვლენებისაგან. ოთახებთან ერთად მიწის ქვეშ შენდება სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც საჭიროა ადამიანის გამოსაკვებად, გასათბობად. თითოეული ასეთი ოთახის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. ოთახების უმრავლესობა უკვე გაყიდულია. მომავალში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი სამალავი ოთახის მშენებლობა.
როდესაც აღნიშნულ ინფორმაციას გავეცანი, მიზანშეწონილად ჩავთვალე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო-პრაქტიკული კონფერენციის შრომების კრებულში (2011წელი) მეცნიერ-მკვლევარების ე. გორდაძისა და ც. ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებული სტატიის „რამდენად შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოს“ ძირითადი შინაარსის ფართო მკითხველისათვის გაცნობა:
„გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს ჩვენი გალაქტიკის შესვლა ექსტრემალური სინოპტიკური სიტუაციის ზონაში. ინგლისელი კლიმატოლოგის ჰიუბერტ ლემბის აზრით, თუ ტემპერატურის აწევის ტენდენცია შენარჩუნებული იქნა, მაშინ 2200 წლისათვის მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურის აწევა 6 გრადუსით და იმ დროისთვის დედამიწაზე იქნება ისეთივე კლიმატი, როგორიც იყო 70 მილიონი წლის წინათ, როდესაც ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები ცხოვრობდნენ.
დადგენილია, რომ დედამიწამ 400 ათასი წლის განმავლობაში მრავალჯერ განიცადა დათბობა-გაციების პროცესი. უკვე 100 ათასი წელია დედამიწაზე მიმდინარეობს უეცარი დათბობის ინტერგლაციალური პერიოდი.
ბუნებრივი პროცესებით გამოწვეულ გლობალურ პროცესებს ემატება ანთროპოგენური პროცესებით გამოწვეული სათბური ეფექტის გავლენა, რომელსაც იწვევს ატმოსფეროში სითბური ეფექტის გამომწვევი გაზების CO2, CH4, N2O, SO2 და სხვათა რაოდენობის ზრდა.
10 ათასი წლის წინ დედამიწაზე იყო გამყინვარების ხანა. სკანდინავია დაფარული იყო კილომეტრიანი სისქის ყინულით; ოკეანის დონე 100 მეტრით უფრო დაბლა იყო, ვიდრე დღეს. საფრანგეთის 2/3 ყინულით იყო დაფარული. მას შემდეგ ტემპერატურამ დღემდე მოიმატა მხოლოდ 4-5-გრადისით და თუ რა ცვლილებებია მომხდარი, თვალნათლივ ჩანს.
საერთაშორისო ექსპერტების მიხედვით მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად ნალექების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, განსაკუთრებით — ჩრდილო ნახევარსფეროში. გახშირდა მოულოდნელი თავსხმა წვიმები, ქარიშხლები, მეწყერული მოვლენები და სხვა. მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურის გაზრდა 2-4-დან 4-8-გრადუსამდე, რაც თავის მხრივ გამოიწვევს: მყინვარების დნობას და მსოფლიო ოკეანის დონის აწევას 1 მეტრამდე, რაც დატბორავს ზღვის სანაპირო ქვეყნებს, ოკეანურ კუნძულებს და დიდ ქალაქებს: ნიუ-იორკს, მანჰეტენს, ამსტერდამს, ვენეციას, ფლორიდას, სან ფრანცისკოს, პეკინს, შანხაის, კალკუტას და სხვას. მყინვარების დნობას მოჰყვება ჯერ მდინარეთა ჩამონადენის გაზრდა, შემდეგ კი მტკნარი სასმელი და სარწყავი წყლების შემცირება. მტკნარი წყლების ზღვებსა და ოკეანეებში ჩადინება გამოიწვევს მარილიანობის შემცირებას, რასაც მოჰყვება მრავალი სახეობის ზღვის მცენარისა და ცხოველის ამოწყვეტა და ახალ სახეობათა წარმოშობა. ოკეანეების გამტკნარება გამოიწვევს გოლფსტრიმის თბილი დინების შესუსტებას და საბოლოოდ შეწყვეტას, რასაც მოჰყვება გრენლანდიის, ბრიტანეთის კუნძულების, გერმანიის, ჰოლანდიის და სხვა ქვეყნების გამყინვარება.
გლობალური კლიმატური ცვლილებები ასევე გამოიწვევს გვალვებს, ნიადაგის გაუდაბნოებას, მდინარეებისა და ტბების დაშრობას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემცირებას, ნიადაგების ეროზიის გაზრდას, ნავთობის საბადოების დაშრობას, ტყის ხანძრებს, წლის სეზონების დაკარგვას, ახალი ინფექციების წარმოშობას, ეკოსისტემების პროდუქტიულობის შემცირებას, სახეთა რიცხვის შემცირებას ან გაზრდას, მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებს, ტორნადოების მატებას, რასაც სისტემატიურად განიცდის მსოფლიო.
როგორც აღვნიშნეთ, გლობალური კლიმატური ცვლილებები ციკლური პროცესია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ პროცესების დაჩქარების ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა და ტექნიკური პროგრესი. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები საკვებზე, წყალზე, ტყის რესურსზე, სამრეწველო პროდუქტებზე, ბუნებრივ რესურსებზე (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი, წიაღისეული და ა.შ.) ტექნიკური პროგრესის შედეგად ატმოსფეროს დამაბინძურებელ რეგიონებად ითვლებიან: ა.შ.შ — 30,3%; ევროპა — 27,7%; რუსეთი — 13,7%; იაპონია — 3,7%; ჩინეთი და ინდოეთი — 12,2%; არაბეთის ნახევარკუნძული — 2,6%; ავსტრალია — 1,3%; აფრიკა — 2,5%; სამხრეთ ამერიკა — 3,8%. ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობამ 1958 წელთან შედარებით მოიმატა 13%-ით; 1750 წელთან შედარებით 25%-ით.
ბუნებრივია ისმის კითხვა:
რა ელის საქართველოს გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად და რა უნდა გავაკეთოთ მისი ზემოქმედების შესამცირებლად?
რა თქმა უნდა დედამიწაზე მომხდარი ყველა ცვლილება საქართველოზეც აისახება, თუმცა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო პროცესები ისეთი მძაფრი არ იქნება როგორც ბევრ სხვა ქვეყნებში.
გლობალური დათბობა საქართველოში გამოიწვევს მყინვარების დნობას. დღეს უკვე დადგენილია, რომ მყინვარწვერის გერგეთის ენამ უკანასკნელ პერიოდში 150 მეტრით უკან დაიხია. მოსალოდნელია ბუნებრივი ვერტიკალური სარტყელის გადაადგილება, ფასანაურსა და თიანეთში ტყეების ადგილს სტეპები და ნახევარუდაბნოები დაიკავებს, ყაზბეგში ფართოფოთლოვანი ტყეები გაბატონდება. შავი ზღვა შეუტევს და დაიტბორება ფოთი, ჭალადიდი, ქობულეთი, ბათუმი, ანაკლია. პალიასტომის ტბა შავი ზღვის ნაწილი გახდება. კლიმატური ცვლილებების შედეგად მოსახლეობა მთებისკენ გადაადგილდება, ხელსაყრელი პირობები შეექმნება მავნებელ-დაავადებებს გავრცელებისათვის, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე. რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ გლობალური კლიმატური ცვლილებების შემთხვევაში?
1. — კლიმატური ცვლილებების შერბილება;
2. — მასთან ადაბტაცია.
კლიმატური პირობების სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, პროცესი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების საშუალებებით უფრო ადვილი სამართავი ხდება. შემარბილებელ ღონისძიებებში შედის: ატმოსფეროში თერმოაქტიური აირების, განსაკუთრებით CO2-ის ემისიის შემცირება, თბოენერგეტიკის ალტერნატიული დარგების პრიორიტეტული განვითარება, ენერგოეკონომიური ტექნოლოგიების დანერგვა, დედამიწის მწვანე საფარის შენარჩუნება და გაზრდა.
ადაპტაციურ ღონისძიებებს მიეკუთვნება: ეროზიის საწინააღმდეგო ჯებირების მშენებლობა, ქარსაცავი ზოლების გაშენება, საირიგაციო სისტემების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შეცვლა, საცხოვრებელი პირობების შეცვლა, მშენებლობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცვლილება ისე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი ხარჯვა, უნარჩენო წარმოებების დანერგვა და სხვა.
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანებს ახასიათებთ ადაპტაციის დიდი უნარი. ამის დასტურია ისიც, რომ კაცობრიობამ ბევრ ცვლილებებს გაუძლო. გლობალური, ეკოლოგიური პრობლემაც ხომ მორიგი ეკოლოგიური ცვლილებაა, აღნიშნავენ ავტორები.
PS. ამრიგად, გლობალურ-კლიმატური ცვლილებები სხვა გლობალურ პრობლემებთან (მშვიდობის შენარჩუნება, მოსახლეობის შიმშილისაგან და ეპიდემიებისაგან დაცვა, ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან განკურნება და სხვა) ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან კლიმატური ცვლილებები არ ემორჩილება ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ საზღვრებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო ათწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატული გვალვები, ტემპერატურათა მერყეობა, უხვნალექიანობა, სეტყვა, წყალდიდობები, მეწყერული პროცესები და სხვა, რამაც საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ ერთეულს, დიდი ზარალი მიაყენა.
პარიზის 2015 წლის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ერთხმად შეთანხმდა პლანეტის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რადიკალური ღონისძიებების გატარების თაობაზე. კონფერენციის რეზოლუციას საქართველოც შეუერთდა. იმედია, მსოფლიო ცივილიზაცია მომავლის გადარჩენის მიზნით შეძლებს გლობალური კლიმატური ცვლილებების შერბილებას.
ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ყველამ უნდა გავითავისოთ მოსალოდნელი უარყოფითი მოვლენების საშიშროება, ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ ეკოსისტემის საკეთილდღეოდ, რათა უმტკივნეულოდ და მცირე დანაკარგებით გადავიტანოთ მორიგი ეკოლოგიური ცვლილებები.
ზაურ გაბრიჩიძე,
ეკოლოგიურ მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი,
სსმ დოქტორი, პროფესორი