აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

მზესუმზირა _ ჯიშები, მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა

მზესუმზირა ფართოდ გავრცელებული ზეთოვანი მცენარეა. ზეთად გადასამუშავებელი ნედლეულის 80% მზესუმზირას თესლურაზე მოდის, მისი თესლურა შეიცავს 29-57%-მდე ზეთს, ხოლო მისი ნაჭუჭგაცლილი გული 50–65%-მდე ზეთს.

მზესუმზირას ზეთი ნახევრად შრობადია (იოდის რიცხვით 119-144), ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება სასურსათოდ, აგრეთვე საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობაში, იყენებენ საპნის და სხვადასხვა სახის საღებავების დასამზადებლად.

ზეთსახდელ ქარხნებში მზესუმზირას თესლურას გადამუშავებისას ღებულობენ კოპტონსა და შროტს. კოპტონი მიიღება ზეთის წნეხური საშუალებით, ხოლო შროტი – ზეთის ექსტრაქციის წესით დამზადებისას. კოპტონის საშუალო გამოსავალი 33%-მდეა, ხოლო შროტისა -35%. კოპტონიც და შროტიც წარმოადგენენ მაღალ ცილოვან საკვებ საშუალებებს ცხოველებისათვის.

მზესუმზირას მაღალღეროიან ჯიშებს ზოგჯერ სასილოსედ სთესენ, სიმინდთან ერთად, რაც ძლიერ ზრდის სასილოსე მასის მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს.

მზესუმზირა ითვლება ძვირფას თაფლოვან მცენარედ და დიდი მნიშვნელობა აქვს მეფუტკრეობისათვის. მზესუმზირას კულტურას აქვს გარკვეული აგროტექნიკური მნიშვნელობაც. როგორც სათოხნი მცენარე, მოსავლის აღების შემდეგ მინდორს ტოვებს გაფხვიერებულს და გასუფთავებულს სარეველებისაგან და ამ მხრივ კარგ წინამორბედად ითვლება თესლბრუნვაში საშემოდგომო ხორბლისათვის.

საქართველოში მზესუმზირას ნათესები ძირითადად თავმოყრილი იყო სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის რაიონებში.

ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება. მზესუმზირა ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. ამჟამად ორ სახეობად იყოფა: კულტურული მზესუმზირა და ველური მზესუმზირა.

კულტურული მზესუმზირა ერთწლიანი მცენარეა. მისი მთავარღერძიანი ფესვი უხვად არის დატოტვილი და ღრმად ჩადის ნიადაგში, 2-2,5-მდე, ღერო სწორმდგომია, შიგნიდან ამოვსებულია რბილი ქსოვილით. არ იტოტება, აღწევს 1,5-4,0 მეტრამდე, არის მზესუმზირას ჯუჯა ფორმებიც, რომელთა ღეროს სიმაღლე 50-70სმ-ს არ აღემატება.

ფოთოლი

გრძელყუნწიანი, დიდი, ოვალურ-გულისებრი მოყვანილობის, წაწვეტებული ბოლოთი და დაკბილული კიდეებით, ფოთლის ფირფიტის ორივე მხარე და ღეროც შებუსვილია. ქვედა ფოთლები ღეროზე განწყობილია მოპირდაპირედ, შუა და ზედა ფოთლები კი – მორიგეობით. ფოთოლთა რაოდენობა მცენარეზე, ჯიშების მიხედვით იცვლება 14-დან 50-მდე. მზესუმზირას ყვავილედი – კალათა. კალათას საფუძველს წარმოადგენს ყვავილ-საჯდომი, რომელზეც 800-1200-მდე ყვავილია. კალათში ყვავილები ორგვარია: ენისებრი და მილისებრი. ენისებრი ყვავილები უნაყოფოა – ცალსქესიანი, განლაგებულია კალათის კიდეებზე, რამდენიმე მწკრივად და შეფერილია მუქნარინჯისფერ – ყვითლად, მილისებრი ყვავილები ორსქესიანია, 5 მტვრიანათი, ბუტკო ერთი ორად გაყოფილი დინგით. ბუტკო ადრე მწიფდება, ვიდრე მტვრიანები, ამის გამო მზესუმზირა ჯვარედინად იმტვრება, რაშიც დიდ მონაწილეობას იღებენ მწერები. მისი ნარინჯისფერ – ყვითლად შეფერილი ყვავილები თანმიმდევრულად იხსნება ნაპირიდან – ცენტრისაკენ. ერთი კალათას ყვავილობა 8–10 დღეს გრძელდება, ბუნებრივ პირობებში ყვავილთა ნაწილი გაუნაყოფიერებელი რჩება, რის გამო, თესლურა ფშუტი – ფუჭმარცვლიანი გამოდის. კარგ შედეგს იძლევა კალათების ხელოვნური დამტვერვა, ფუტკრის გაყვანა ნათესებში და მათი დახმარებით დამტვერიანება.

ნაყოფი

თესლურა, გახევებული თანანაყოფით, რომელიც თესლთან არის შეზრდილი. ჯიშებისა და აგროტექნიკის მიხედვით, მზესუმზირას ჩენჩოიანობა 16 – 25%-ს აღწევს. თესლი (გული) დაფარულია თხელი გარსით, რომლის შიგნით მოთავსებულია ორი ლებანი კვირტისა და ფესვის ჩანასახით.

თესლურა გარეგნულად შავი, მონაცრისფრო, თეთრი, ზოლებიანი, სხვადასხვა ელფერით. 1000 თესლურას მასა 40-დან 170-გრ ფარგლებში მერყეობს.

ბიოლოგიური თავისებურებანი. მზესუმზირა სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებაზეც. საკმაოდ გვალვაამტანია. თესლურა გაღივებას იწყებს 4–60 სითბოს პირობებში, 8–100-ზე გაღივება უფრო ინტენსიურია, მაგრამ აღმონაცენს დათესვიდან 15–20 დღის შემდეგ იძლევა. მზესუმზირას აღმონაცენი შედარებით ადვილად იტანს 4–60–იან წაყინვებს, უფრო დაბალი ტემპერეტურა კი ძლიერ აზიანებს ნათესს. მცენარის მოთხოვნილება სითბოს მიმართ თანდათანობით იზრდება აღმოცენებიდან – ყვავილობამდე, მისი ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესოდ ითვლება 20–250 სითბო, 300-ზე მცენარე ძლიერ იჩაგრება, ხოლო 400-ზე მისი მტვრის მარცვლები წყვეტენ განვითარებას.

 

მზესუმზირა გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება და ნიადაგის ღრმა ფენიდან იღებს ტენს, მაგრამ იმის გამო, რომ დიდ მწვანე მასას იძლევა და უხვად აორთქლებს წყალს, ტენის მიმართ ის საკმაოდ დიდ მოთხოვნილებას აყენებს. მცენარეს  კალათას განვითარებისა და ყვავილობის პერიოდში ტენის მეტი რაოდენობა სჭირდება, ვიდრე სხვა დროს. ტენის ნაკლებობა ამ დროს აბრკოლებს ყვავილედის განვითარებას, აძლიერებს ფშუტ-მარცვლიანობას და მკვეთრად ამცირებს მოსავლიანობას. მზესუმზირა კარგად იყენებს ზაფხულის მეორე ნახევრის ნალექებს.

მზესუმზირა მოჰყავთ თითქმის ყოველნაირ ნიადაგებზე. მისთვის ყველაზე უკეთესია მდიდარი შავმიწა ნიადაგები, აგრეთვე ალუვიური და ყავისფერი ნიადაგები. მცირე მოსავალს იძლევა მძიმე თიხა ნიადაგებზე. უვარგისია დაჭაობებული, ძლიერ სილნარი და კირით მდიდარი მიწები, ვერ ეგუება ძლიერ მჟავე რეაქციისა და მლაშობ ნიადაგებს.

ჯიშები

მზესუმზირას კულტურული ჯიშები, მათი მორფოლოგიური ნიშნებისა და გამოყენების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა:  საზეთე, საკნაწუნებელი და შუალედურა.

ადგილი თესლბრუნვაში

მზესუმზირა, როგორც სათოხნი მცენარე, თესლბრუნვაში თავსდება თავთავიან პურეულებს შორის. კარგი წინამორბედია მისთვის საშემოდგომო ხორბალი და საგაზაფხულო ქერი. კიდევ უფრო უკეთეს მოსავალს იძლევა სამარცვლე პარკოსანი კულტურებისაგან განთავისუფლებულ მინდორზე. არ ურჩევენ მზესუმზირას თესვას ლობიოს შემდეგ, რადგან მათ საერთო დაავადება– სკლეროცინი აზიანებს. იმ რაიონებში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული სიმინდი, მზესუმზირა შესაძლებელია მოთავსდეს თესლბრუნვაში სიმინდის შემდეგაც. არ არის რეკომენდებული მზესუმზირას თესვა მრავალწლიანი ბალახებისა და შაქრის ჭარხლის შემდეგ, რადგან ეს კულტურები ძლიერ აშრობენ ნიადაგის ქვედა ფენებს.

თვით მზესუმზირა კარგი წინამორბედია თითქმის ყველა საგაზაფხულო კულტურისათვის, საქართველოს პირობებში ფართოდ არის გავრცელებული მზესუმზირას შემდეგ საშემოდგომო ხორბლის თესვა.

იმ ადგილებში სადაც გავრცელებულია პარაზიტი კელაპტარა, მზესუმზირა თესლბრუნვაში თავის მინდორზე არ უნდა დაბრუნდეს 6-7 წელზე ადრე.

ნიადაგის დამუშავება

მზესუმზირისათვის დიდად არ განსხვავდება სხვა საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადებისაგან. საქართველოში ითესება ძირითადად ურწყავ რაიონებში, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგში ტენის მაქსიმალურ დაგროვებას და შენახვას. ამ მიზნით წინამორბედი კულტურებისაგან მინდორის განთავისუფლებისთანავე მიმართავენ ნაწვერალის აჩეჩვას, მზრალის ნაადრევად და ღრმად ხვნას. დიდ ეფექტს იძლევა მზესუმზირასათვის ნიადაგის ფენობრივი დამუშავება, 10-12სმ გაფხვიერება და შემდეგ ღრმად მოხ-ვნა 30-32სმ-ზე.

ტენის მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით, ადრე გაზაფხულზე ხნული იფარცხება, ხოლო თესვის წინ ტარდება კულტივაცია დაფარცხვით. კარგ შედეგს იძლევა ზამთარში თოვლის დაგროვების ღონისძიებანი მინდორზე.

განოყიერება

მზესუმზირა დიდ მოთხოვნილებას იჩენს საკვებ ნივთიერებათა მიმართ. განვითარების პირველ პერიოდში ის ხარბად ითვისებს ფოსფორს, კალათას განვითარებიდან – ყვავილობამდე ძლიერდება აზოტის შეთვისება, ხოლო კალიუმს მცენარე ითვისებს თესლურას მომწიფებამდე. ჰექტარზე 20ც მოსავლიანობის დროს მზესუმზირას გამოაქვს ნიადაგიდან 120კგ აზოტი, 52კგ ფოსფორი და 372კგ კალიუმი. გამოყენებულ სასუქთა დოზები დამოკიდებულია ნიადაგის პირობებზე, აგროტექნიკის დონესა და მოსავლიანობაზე. კარგ შედეგს იძლევა ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი შეტანა. ჩვეულებრივ, მზრალად ხვნის წინ ჰექტარზე შეაქვთ 15-20ტ ნაკელი, 2-3ც სუპერფოსფატი და 1-1,5ც კალიუმის მარილი.

გაზაფხულზე თესვის დროს, რეკომენდებულია აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების მცირე დოზების შეტანა მწკრივში – 0,5-1,0ც სულფატამონიუმი და 1,01,5ც სუპერფოსფატი.

თესვა

მსხვილი, თანაბარი და მაღალი აღმოცენების უნარის მქონე თესლით თესვა ერთ-ერთი მთავარი პირობაა მზესუმზირას უხვმოსავლიანობისა. თესლის სიწმინდე არ უნდა იყოს 97-98%-ზე ნაკლები, ხოლო გაღივების ენერგია 90%-ზე დაბალი. დათესვის წინ რეკომენდებულია თესლის შეწამვლა ფუნგიციდებით. მსხვილი თესლით თესვა (1000 თესლის მასა 85-100გრ) მოსავლიანობას ჰექტარზე 3 ცენტნერით ზრდის .

მზესუმზირა თესლის გაღივებისათვის საჭიროებს ტენის საკმაოდ დიდ რაოდენობას, ამიტომ, გაზაფხულზე, რაც შეიძლება ადრე, უნდა დაითესოს. კახეთის პირობებში, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა, მზესუმზირის თესვას იწყებენ თებერვლის მეორე ნახევრიდან და ამთავრებენ მარტში. თესვის დაგვიანება იწვევს თესლის აღმოცენების გაჭიანურებას და მეჩხერიანობას, დაგვიანებული ნათესი სუსტად ვითარდება, უსწრებს ზაფხულის გვალვები, მოსავალი მკვეთრად მცირდება. სასურველია თესვა დამთავრდეს შემჭიდროებულ ვადებში, 4–5 დღეში. თბილ რაიონებში შესაძლებელია მზესუმზირას თესვა ზამთრის პირასაც, ნოემბერ–დეკემბერში. ამ პირობებში თესლურა თითქმის ერთი კვირით ადრე მწიფდება, ვიდრე გაზაფხულზე თესვის დროს და მცენარე უფრო ნაკლებად ზიანდება დაავადებებით. მეორე მოსავალის აღების მიზნით, საქართველოს ბარის სარწყავ რაიონებში მზესუმზირას საადრეო ჯიშები შეიძლება დაითესოს ზაფხულშიც, როგორც სანაწვერალო კულტურა.

მზესუმზირას თესვა წარმოებს მანქანებით, მწკრივად ან კვადრატულ-ბუდობრივად, მწკრივებსა და ბუდნებს შორის 70სმ დაშორებით. კვადრატულ-ბუდობრივად თესვის დროს ბუდნაში ტოვებენ 2–3 მცენარეს, ჩვეულებრივი მწკრივად თესვის დროს კი მანძილი მწკრივში 30სმ არ აღემატება. შედარებით მშრალ ადგილებში უკეთეს შედეგებს იძლევა კვების არეს გაფართოება ბუდნებს შორის 90×90სმ-მდე. უკანასკნელ დროს ფართოდ იყენებენ პუნქტირულ თესვის წესს.

თესვის წესის შესაბამისად იცვლება მზესუმზირას სათესი ნორმაც კვადრატულ-ბუდობრივი და პუნქტირული თესვის დროს საკმარისია ჰექტარზე 10-12კგ ჩვეულებრივ მწკრივად თესვის დროს კი სათესი ნორმა იზრდება 16-20კგ-მდე.

თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობაზე, ჩვეულებრივ პირობებში საკმარისია ჩათესვა 6-7სმ სიღრმეზე, შედარებით მშრალ ნიადაგებში კი 8-10სმ სიღრმეზე თესვა. მშრალ პირობებში თესვის დროს, ნათესის მოტკეპნა აჩქარებს მცენარის აღმოცენებას.

ნათესის მოვლა იწყება ჯერ ისევ მცენარის აღმოცენებამდე. თუ ნიადაგის ზედაპირმა ქერქი გაიკეთა, საჭიროა ნათესი დაუყოვნებლივ დაიფარცხოს მსუბუქი ფარცხით ან გადატარებული იქნეს ნათესზე როტაციული მათოხი. აღმოცენების შემდეგ, როდესაც მცენარე 1-2 წყვილ ნამდვილ ფოთოლს განივითარებს, მიმართავენ მწკრივების გარდიგარდმო დაფარცხვას. ამ დროს დიდი რაოდენობით ნადგურდება ახლად განვითარებული სარეველები. ამის შემდეგ საჭიროა მწკრივთაშორის პერიოდული კულტივაცია. მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების შესაბამისად უკეთესია ნიადაგის გაფხვიერება სხვადასხვა სიღრმეზე. პირველი კულტივაცია ტარდება 6-8სმ სიღრმეზე, მეორე 8-10სმ და მესამე 5სმ-ზე.

კვადრატულ-ბუდობრივ ნათესში ტარდება გარდიგარდმო კულტივაცია. სარეველების წინააღმდეგ იყენებენ ჰერბიციდებს.

მზესუმზირა მართალია, გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება, მაგრამ მწვანე მასის უხვად განვითარების გამო იგი წყლის დიდ რაოდენობას საჭიროებს. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, კარგია მორწყვა. განსაკუთრებით საჭიროა წყალი მზესუმზირასათვის მწვანე მასის უხვად განვითარებისა და ყვავილობის ფაზაში, რაც მოსავლიანობას 37-40ც-მდე ზრდის.

მზესუმზირის ყვავილის სრულად განაყოფიერების მიზნით ნათესებთან ახლოს მცირე ჯგუფებად დგამენ სკებს, ჰექტარზე 1-1,5 ოჯახის ანგარიშით. ზოგან კი მიმართავენ ხელოვნურ დამტვერვას. ეს ღონისძიება ჰექტარზე 2-3 ც-ით ადიდებს მოსავლიანობას.

მოსავლის აღება

მზესუმზირას მოსავლის აღების ვადის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ზეთის დაგროვება თესლურაში გრძელდება მის შემოსვლამდე. ამიტომ, ნაადრევად აღებას შესაძლებელია მოჰყვეს ზეთის გამოსავლიანობის მნიშვნელოვანი შემცირება. მზესუმზირას შემოსვლა გარეგნული ნიშნებით იმაში გამოიხატება, რომ კალათას ზურგის მხარე ყვით-ლდება და შემდეგ მურა ფერს იღებს, ენაკისებური ფოთლები ცვივა, ფოთლის უმეტესობა ხმება, თესლურა ჯიშისათვის დამახასიათებელ ნორმალურ ფერს იღებს, ხოლო გული საკმაოდ მაგრდება. მზესუმზირის მოსავალი კომბაინით უნდა აიღოს მაშინ, როდესაც კალათების 50-70% გაყვითლდება და შეხმება. მოსავლის აღების დაგვიანება სწრაფად ზრდის დანაკარგებს, რადგან მომწიფებული თესლურა ადვილად სცილდება კალათას და ნიადაგში იბნევა.

მზესუმზირის მოსავალს იღებენ სწრაფად, მარცვლეულის ასაღები კომბაინით, რომელიც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ჭრის მხოლოდ კალათას, ეს აიოლებს მოსავლის აღებას, ლეწვას და მარცვლის გასუფთავებას.

გალეწილი თესლი გადააქვთ კალოზე, სადაც დაუყოვნებლივ სუფთავდება და შრება ზედმეტი ტენიანობისაგან. თესლის გაჩერება ხვავში იწვევს მის ჩახურებას, დაობებას და გაღივების უნარის დაკარგვას, გაშრობის შემდეგ თესლის ტენიანობა არ უნდა იყოს 12%-ზე მეტი, ხოლო მაღალზეთოვან ჯიშებში–7%-ზე მეტი. ასე გამშრალი თესლი უკეთესია ჩაიყაროს ტომრებში და კარგად გამომშრალ და დეზინფიცირებულ საწყობში შეინახოს.

რუსუდან  ძიძიშვილი, 

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი