დარგებიმეფუტკრეობა

 ფუტკრის აკარაპიდოზი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივას, მომხდარიყო მეფუტკრეობის პოპულარიზაცია, კვლავ გამოეხმაურნენ და ამჯერად გთავაზობთ სტატიას ფუტკრის ერთ-ერთი დაავადების _ აკარაპიდოზის შესახებ.

 აკარაპიდოზი ფუტკრის სასუნთქი სისტემის ინვაზიური დაავადებაა, მიეკუთვნება არახნოზების ჯგუფს (არახნოზები-ტკიპები). ტკიპებით ავადდება მუშა, მამალი და დედა ფუტკარი. ტკიპები იჭრებიან სასუნთქ გზებში და მრავლდებიან გულმკერდის პირველ ტრაქეაში. მკერდის პირველი ტრაქეა მოთავსებულია ფრთების ფუძესთან, სასუნთქი სტიგმები ამოფენილია ნაზი ბუსუსებით, კედლები კი _ ქიტინის შრით. ფუტკარს აქვს 10 სასუნთქი სტიგმა, მაგრამ აკარაპიდოზი მხოლოდ პირველ წყვილ სტიგმაში ახერხებს შეღწევას, რადგან დანარჩენ ცხრასთან შედარებით დიდი დიამეტრისაა და კედლები თხელი ქიტინოვანი შრით არის ამოფენილი, დანარჩენ სტიგმებში დიამეტრი მცირეა, ქიტინის კედელიც შედარებით სქელია და უფრო ხშირი ბუსუსებითაა ამოფენილი, რაც ტკიპას არ აძლევს შეღწევის საშუალებას.

 ტკიპებს განიერი, ბუსუსებით დაფარული სხეული აქვთ, ისინი მოძრაობენ ოთხი წყვილი ექვსსახსრიანი ფეხებით, პირველი წყვილი ფეხები წარმოადგენს შეხების ორგანოს, ხოლო დანარჩენები გადაადგილების საშუალებეს, მეოთხე ფეხი შედარებით განუვითარებელი აქვთ და ფიქრობენ, რომ შეუღლებისას გარკვეულ როლს ასრულებს. ტკიპები ტრაქეაში უღლდებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ, ტრაქეაში შეჭრიდან 3-4 დღეში იწყებენ გამრავლებას, დედალი ტკიპა დებს დაახლოებით 7-10 კვერცხს ტრაქეის კედელზე, რაც იწვევს მის დაზიანებას. მეოთხე-მეხუთე დღეს გამოიჩეკება ტკიპა, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს საჩხვლეტ-საწუწნი აპარატი.

განვითარების ბიოლოგიური ციკლი მოიცავს დედლებში 14-16 დღეს, ხოლო მამლებში 11-13 დღეს. ისინი მთელ სიცოცხლეს ატარებენ ფუტკრის სასუნთქ სისტემაში, აზიანებენ ტრაქეის კედლებს და იკვებებიან ჰემოლიმით, ჩხვლეტის შედეგად კედელზე ჩნდება ჭრილობები, რომელშიც საცობის სახით გროვდება ჰემოლიმფა, რომელიც შემდეგ შავ ფერს ღებულობს, რაც გამოწვეული მასში არსებული მელანინით. ძლიერი დაინვაზირებისას ტრაქეა ღებულობს მუქ ყავისფერ ან შავ ფერს, ხდება მსხვრევადი და კარგავს ფუნქციას.
ტკიპები ტრაქეაში თავისი ცხოველმყოფელობის პროდუქტებით ახშობენ ტრაქეას, რაც იწვევს ფუტკრის მოგუდვას, ჰემოლიმით კვების შედეგად ასუსტებენ ფუტკრის ორგანიზმს, ხოლო ბევრი ჭრილობების შედეგად დაზიანებული ტრაქეა ხდება უფუნქციო, ტრაქეადან აღარ მიეწოდება მკერდის კუნთებს ჟანგბადი და ფუტკარს ეკარგება ფრენის უნარი.

  დაავადება გადადის ერთი ინდივიდიდან მეორეზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ფუტკარი მჭიდროდ არის ერთმანეთთან ან ადრე გაზაფხულზე, როდესაც სიცივეების დროს ფუტკარი გუნდად იკვრება. დაავადება ძალიან ნელა ვითარდება, მაგრამ 50% დაინვაზირების შემდეგ უკვე შესამჩნევი ხდება, დაავადება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თვითგანკურნება არ ხდება, ფუტკარი იღუპება.

კლინიკური ნიშნები

დაავადება წლის ყველა დროს გვხვდება, მიმდინარეობს ფარული ფორმით, ხოლო აშკარა ფორმის დროს, როდესაც დაავადება უკვე შორს არის წასული, ვლინდება დამახასიათებელი ნიშანი, ფუტკარს უქვეითდება ფრენის უნარი, რადგან ფრთების ფუძესთან განლაგებულ კუნთებში მიმდინარეობს ცვლილებები, ფრთები ასიმეტრიულად აქვს განლაგებული, ერთი მხარე ზემოთ აქვს აწეული, მეორე ქვემოთ ჩამოშვებული. გარეთ გამოფრენილი ფუტკრები ცვივდებიან სკასთან ახლოს, ვეღარ ახერხებენ აფრენას და მალევე იხოცებიან. 

სამკურნალოდ გამოიყენება აქროლადი ან მბოლავი ნივთიერებები, ასევე პროფიკაკტიკის მიზნით იყენებენ ბიოლოგიურ მეთოდებს სiროფთან ერთად, რომელიც ჰემოლიმფის საშვალებით გადადის ტკიპის ორგანიზმში და იწვევს მის დაღუპვას.

მარიამ კილაძე