„მწვანე სახლი“ ლისის ტბაზე – ადგილი, სადაც ბიოპროდუქტს აწარმოებენ

 ფერმერი ნინა პეტროვ-ძნელაძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მაშინ ინტერიერის დიზაინში მოღვაწეობდა. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და შემდეგ გულმოდგინედ ეძებდა ადგილს, სადაც ბიოპროდუქტს შეიძენდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ თავად გადაწყვიტა ასეთი პროდუქტის წარმოება.

 სირთულე დღესაც ბევრია, დაბრკოლების მიუხედავად ქალბატონი ნინა  წარმატებული ფერმერია. მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა, უსასუქო ორგანული ბოსტნეული და ბაღჩეულ კულტურები, სხვადასხვა სახის სალათის ფოთოლს და ა.შ.
 — განათლებით აღმოსავლეთმცოდნე ვარ. ჩემი მეორე პროფესია ინტერიერის დიზაინია. დღესდღეობით კი ვფერმერობ…

– ფერმერობის პარალელურად ინტერიერის დიზაინში ისევ მოღვაწეობთ?

— არა, მთლიანად დავუთმე დრო ფერმერულ მეურნეობას. ამჟამად მაქვს ორგანული და ბიო-მეურნეობა, მომყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები, სალათის ფოთლების ნაირსახეობა და ა.შ.

 – რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერი გამხდარიყავით და ორივე პროფესია დაგეთმოთ სანაცვლოდ?

— დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ. როცა დავბრუნდი საქართველოში, ჩემ მშობლებს ჰქონდათ სათბური. ამ ტერიტორიაზე თერმული წყლებია. სწორედ ამან გადააწყვეტინა ჩემ მშობლებს აეშენებინათ სათბური, სადაც ბიოპროდუქტს მოიყვანდნენ. გარკვეული პერიოდი სათბური გაჩერებუი იყო. როცა პროდუქტის საყიდლად მივდიოდი, ვერ ვშოულობდი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს, ამიტომ გადავწყვიტე შემემუშავებინა ეს სტრატეგია, გამეფართოებინა სასათბურე მეურნეობა, დამემატებინა ის კულტურები, რომლებიც აქ არ იყო. ჩემი მთავარი პრინციპი ის იყო, რომ მოყვანილი პროდუქტი ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, უნიტრატო, ქიმიური სასუქის გარეშე, ორგანულ სასუქზე მოყვანილი.

 – ამ ეტაპზე რა სახის პროდუქტს აწარმოებთ?

— ჩემმა მშობლებმა დაიწყეს საფირმო პომიდორის წარმოება. ახლა ამ პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. გვაქვს „ჩერი“ პომიდორის რამდენიმე კულტურა, გვაქვს ფერადი, შავი, ყვითელი, თეთრი ჩერის პომიდორი, რომელიც არის ბიოსაკვებით მოყვანილი და არის მიკროელემენტებით გაჯერებული. არ ვხმარობთ ნიტრატს, შესაბამისად, დანაკარგიც დიდია და მოსავალიც გვიფუჭდება, როცა ვერ ასწრებს დიდხანს გაძლებას. ამის მიუხედავად ვინარჩუნებთ ჩვენ ძირითად პრინციპს, რომ პროდუქტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ტექნოლოგიები, რომლითაც დიდხანს ვინარჩუნებთ მოსავლიანობას. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი მოგვყავს ზაფხულში და ვინახავთ. პერიოდულად ვამატებთ ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს. ესენი პრაქტიკულად მთელი წელიწადი გვაქვს. თუმცა დღესდღეობით მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ამის დაკმაყოფილება შეგვიძლია.

 – ტერიტორიულად სად არის თქვენი ნაკვეთი და სასათბურე მეურნეობა?

— ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლო ორი წელია ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა ბიომეურნეობა, მაგრამ ბევრმა ფერმერმა ვერ გაუძლო, რადგან მსგავსი პროდუქტის წარმოება რთულია. ბევრი შეეცადა უსასუქო, უნიტრატო მოსავალი მოეყვანა, მაგრამ ვერ შეძლეს და ისევ მინერალურ სასუქებს დაუბრუნდნენ, რომ მეტი მოგება დარჩენოდათ. მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ თემის მიმართ. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ სეგმენტში დღეს კონკურენტი არ მყავს.

სამწუხაროდ, ვერ გავფართოვდი, რადგან ყველანაირი კრიზისი შემეხო. აგროსესხი მაქვს აღებული, ტარიფებზე არანაირი შეღავათი არ მაქვს, ფერმერებისთვის დაზღვევა არ არის კარგი და მოქნილი, რადგან ფერმერს ზარალის ანაზღაურება სჭირდება მაშინვე და არა ექვსი-შვიდი თვის შემდეგ. მაშინვე უნდა მოხდეს დათესვა, დაზიანებული ადგილების შეკეთება და ა.შ.

საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ მთლიანად ორგანულ და ბიო-მოსავალზე გადავიდეს. ამით დასაქმდება ხალხი, განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკა. ვფიქრობ, ჩვენთან ეს კულტურა არსებობს და ნელ-ნელა უბრუნდება ხალხი მიწას, რაც ძალიან სასიხარულოა. უბრალოდ ამას ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება.

 – ახსენეთ, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით. იქ რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით?

— ეს გამოცდილება სწორედ უცხო ქვეყნებიდან ჩამოვიტანე. ვცხოვრობდი ევროპის ქვეყნებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ასევე მონაკოში, ბოლო პერიოდი ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ იყო ორგანული ფერმერული მარკეტები, სადაც შეგეძლო შეგეძინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იყო, რაოდენობა კი უფრო შეზღუდული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სახლში სუფთა პროდუქტი მიჰქონდა.

თანამედროვე ეპოქაში სტრესული სიტუაცია გაუარესდა, მოიმატა დაავადებებმა, ამიტომ ვისაც ურჩევნია გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, უნდა მიიღოს ბიოპროდუქტი და იკვებოს ჯანსაღად, რადგან კვებიდან იწყება ყველაფერი. ნიტრატი არის ისეთი კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც შესაძლოა თაობებს გადაეცეს, შემდეგ კი ამის გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ გახშირდა სხვადასხვა დაავადებები. დღეს უკვე ბევრი ოჯახი მოდის ჩვენთან, ასევე პედიატრები აგზავნიან მშობლებს ჯანსაღი საკვების შესაძენად. მომხმარებლები ზოგჯერ თავადაც იღებენ კრეფის პროცესში მონაწილეობას და ეს ძალიან მოსწონთ. თავისი შვილებისთვის, ოჯახებისთვის კალათებს ავსებენ და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ.

– ფიზიკურადაც გიწევთ, ალბათ, მუშაობა. რამდენად რთულია ქალისთვის ფერმერობა?

— რა თქმა უნდა, სირთულე ბევრია. ეს არის საოჯახო ბიზნესი. ყველა ვართ დატვირთულები და ყველას ჩვენ-ჩვენი პოზიცია გვაქვს. რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც მიწევს მუშაობს. ასევე მყავს დამხმარეები, რომლებიც პერიოდულად გვეხმარებიან.

 – სად ყიდით თქვენ ნაწარმს?

— ადგილზევ ვყიდი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მწვანე სახლში“. მოდიან ჩვენთან მსურველები და სასურველი რაოდენობის პროდუქტს იძენენ. სეზონურად გვაქვს ხილი, ბოსტნეული, ჩვენი საფირმო პროდუქტი კი ბიო-პომიდორია.

– მომავალში რა სიახლეს გეგმავთ?

— სიახლეს ბაზარი განაპირობებს. გააჩნია, რაზე იზრდება მოთხოვნა. არ ვუშინდები და უპირატესობას ვანიჭებ ექსპერიმენტებს.

მერი ბლიაძე

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.