აგრარული განათლება

სტევიას კულტურა საქართველოში, მისი მნიშვნელობა და არსებული პრობლემები

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთ-ერთ პერსპექტიულ სასოფლო-სამეურნეო კულტურა სტევიას (Ste­via Re­ba­u­di­a­na Bertoni), რომელიც ხშირად მოიხსენიება შემდეგი სინონიმებით: „თაფლოვანი ბალახი“, „ორფოთოლა ტკბილი“, „კაა-ჰეე“ და სხვა. იგი ჩვენში ინტროდუცირდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში და დღეისათვის ფართოდ ინერგება მოსახლეობაში. მისი სწრაფი გავრცელება განაპირობა მიწისზედა ნაწილებში, ძირითადად ახალგაზრდა ფოთლებსა და ყლორტებში შაქრის შემცველი, ინტენსიურად ტკბილი გემოს მქონე დიტერპენული ნაერთების: სტევიოზიდისა და რებაუდიოზიდის შემცველობამ.

სტევია რთულ ყვავილოვანთა  ოჯახს და ორლებნიანთა კლასს მიეკუთვნება. მცენარის 200-მდე სახეობაა ცნობილი, მაგრამ სამკურნალო თვისებებით მხოლოდ Ste­via Re­ba­u­di­a­na Bertoni გამოირჩევა, რომლის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, კერძოდ — პარაგვაი. იგი მრავალწლიანი ბალახოვანი კულტურაა, ზამთარში ხმობადი და გაზაფხულზე განახლებადი სახით. თავის სამშობლოში მცენარე 130 სანტიმეტრს აღწევს. ჩვენში ძირითადად მწვანე დაკალმებით მრავლდება.

სამხრეთ ამერიკიდან სტევიას კულტურის სხვა ქვეყნებში გადატანამ ფოთლებში არსებული ნაერთები შეიძლება გარკვეულწილად შეცვალოს. სტევიას ფოთლისა და მისგან მიღებული პრეპარატების წარმოება პატენტებითაა დაცული და ძვირადღირებულია. აქედან გამომდინარე, საქართველოში შემოტანილი მცენარის სამეურნეო-ბიოლოგიური, აგროტექნიკური ნიშან-თვისებების, გამრავლებისა და მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კულტურაში დანერგვა მეტად აქტუალურია.

სტევია საუკეთესო დიეტურ-პროფილაქტიკური და სამკურნალწამლო საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების და სიმსუქნისადმი მიდრეკილების დროს. სტევიას მცირე დოზების მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის შემცირების მცირედ გამოხატული ეფექტიც. ასევე ებრძვის კარიესს, სისხლში ამცირებს გლუკოზის დონეს, ქოლესტერინს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სტევიას, რაფინირებული შაქრისაგან განსხვავებით, აქვს საკმაოდ მდიდარი ქიმიური შედგენილობა. მისი ფოთლები მდიდარია შემდეგი ნივთიერებებით: მინერალებით-კალციუმით, მანგანუმით, ფტორით, ფოსფორით, კობალტით, ალუმინით; ვიტამინებით — C, B6, K ბეტა კაროტინით, რიბოფლავინით, ნიკოტინის მჟავით. სტევიას გარეგანი გამოყენება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი, როდესაც ნიღბად ან სველ საფენად ხმარობენ, არბილებს სახის კანს, ხდება ნაოჭების მოსწორება, უხდება დერმატიტით, ეგზემით დაავადებულებს. კვების დანამატის სახით მისი გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს თირკმლისა და ღვიძლის მოქმედებას.

მსოფლიო პრაქტიკაში სტევია გამოიყენება უშუალოდ ფოთლის, ექსტრაქტის, კონცენტრატის, მშრალი ექსტრაქტის და ტკბილი დიტერპენული გლიკოზიდების სახით.

დადგენილია, რომ არც სტევიოზიდს და არც სტევიას ხმელ ფოთოლს არ გააჩნია არასასიამოვნო გემო, სუნი ან სხვა რაიმე მავნე თვისება, რაც დიდად ამაღლებს მისი, როგორც შაქრის შემცვლელის ღირებულებას ფართო გამოყენებისათვის. აქედან გამომდინარე, მას იყენებენ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში, იაპონიაში, კორეაში, ტაივანზე, ჩინეთში, ინდოეთში, კანადაში და ა. შ.

ორფოთოლა ტკბილის ხმელი, მთლიანი თუ დაფქვილი ფოთლები ბრწყინვალე ნაყენს იძლევა როგორც ცალკე, ასევე სხვა კომპონენტებთან — ჩაისთან, ყავასთან, კაკაოსთან ერთად. მისგან ამზადებენ უალკოჰოლო სასმელებს, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. მისი სისტემური გამოყენება ამცირებს ნიკოტინის და ალკოჰოლიზმისადმი სწრაფვას. დადგენილია, რომ 1 კილოგრამი ნედლი მასა ორგანოლეპტიკურად ექვივალენტურია 6-7 კგ შაქრის. მისი მოყვანა შეიძლება საკარმიდამო ნაკვეთებში, სათბურებში, ორანჟერიებში, სადაც მორწყვით შეიძლება მიღებულ იქნეს 15 ტონამდე ნედლი მასა.

სტევიას შემოტანის პირველ წლებში ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ იგი თითქოს ნაკლებად ზიანდებოდა დაავადებებით, რომელსაც მხოლოდ იმით ხსნიდნენ, რომ მცენარეზე სისტემატური მრავალჯერადი მწვანე ფოთლის აღება მნიშვნელოვანწილად ამცირებდა მავნებელ-დაავადებების განვითარებას. მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, სტევია საკმაოდ ფართოდ ზიანდება სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებებით.

სტევიას მცენარეზე დაავადებები თითქმის ყველა იმ ქვეყანაშია აღწერილი, სადაც ის მოჰყავთ (Зубенко, 1990). ჩვენში დაავადებების შესწავლა დაიწყო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, რომელთა წინააღმდეგ შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა პათოგენის დომინანტური სახეობების დროულად გამოვლენა, რაც ნარგავების მდგომარეობის შესწავლითა და მცენარეულ კულტურათა მუდმივი კონტროლით არის შესაძლებელი.

2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სტევიას ნარგაობებში დაავადებების შესწავლის მიზნით ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ტიპის სოკოვანი დაავადება: ფოთლების ლაქიანობა, რომლის გამომწვევ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება:  Alternaria al­ter­na­te (Fr.) Keissler, Ulocladium char­ta­rum (Pr.) Sim­mens (comb. Nov.), Ascochita sp. და მცენარის ჭკნობა — Fusarium ave­na­ce­um (Fr.)Sacc., Fusarium gib­bo­sum (Ell et Ev) Bilai, Verticillium ara­ne­a­rum (Petah), Verticillium sp.

სამკურნალო მცენარეებზე აღნიშნული დაავადებები დამღუპველად მოქმედებს, რომელიც პირველ რიგში იწვევს მცენარის პროდუქტიულ ორგანოებში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დაქვეითებას, რის შედეგადაც მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებს და მიიჩნევა არასტანდარტულად, რაც საბოლოოდ იწვევს ნედლეულის დიდი რაოდენობით დანაკარგს და წარმოებისათვის ეკონომიკური ზარალის მომტანია.

საქართველოში ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი და შემუშავებული, ასევე ოფიციალურად დადგენილი, სამკურნალო მცენარეებზე, მათ შორის სტევიაზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების ნუსხა, რომელსაც შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია. როგორც ვიცით, თითოეული სახეობისათვის მიზანშეწონილია შესაბამისი პრეპარატებით დამუშავების სპეციალური სქემის შედგენა. რადგანაც ის, რაც მისაღებია ერთი, თუნდაც მონათესავე სახეობებისათვის, შეიძლება მიუღებელი იყოს დანარჩენი სხვა კულტურებისათვის.

როგორც სხვა, ასევე სამკურნალო მცენარეების გაშენებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა გვერდი ავუაროთ პესტიციდების გამოყენებას? ალბათ შეიძლება, მაგრამ საბოლოო შედეგი არასახარბიელო იქნება.

ჩვენი მიზანია ვეცადოთ შევამციროთ სამკურნალო მცენარეებზე პესტიციდების გამოყენებით მიღებული მავნე ზეგავლენა. სწორედ აქედან გამომდინარე ექსპერიმენტული ცდების ჩატარება დავიწყეთ აღნიშნული მიმართულებით, შედეგებზე კი ჟურნალის მომდევნო ნომრებში მოგახსენებთ.

ლამზირ გორგილაძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;

ნანა ჯაბნიძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;

სოსო მეფარიშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.