აგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

ანტიბიოტიკების გამოყენება კომბინირებულ საკვებში

კომბინირებულ საკვებში სამკურნალო და პროფილაქტიკურ საშუალებათა გამოყენება დაფუძნებულია ქიმიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის და ვეტერინარიის თანამედროვე მიღწევებზე. გამოყენებულ ნივთიერებათა ნაკრები მუდმივად უმჯობესდება.

ანტიბიოტიკები (ბერძნულად «ანტ»-საწინაამდეგო, «ბიოს»-სიცოცხლე) სპეციფიკური ნივთიერებაა და გამომუშავდება მიკროორგანიზმებში, ცხოველში, მცენარეში. მის მცირე რაოდენობას შეუძლია შეაფერხოს ან სრულიად შეაჩეროს ამა თუ იმ მიკროორგნიზმის განვითარება და ამით სტიმული მისცეს ცხოველის პროდუქტიულობის ზრდას.

ანტიბიოტიკების აღმოჩენის პირველ პერიოდში მას მხოლოდ სამკურნალოდ და პროფილაკტიკის მიზნით იყენებდნენ, შემდეგ კი ცხოველის ზრდის სტიმულირებისათვის.

ანტიბიოტიკების ეფექტიანობა დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე, ასაკზე, კვებაზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, კომბინირებულ საკვებში სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (ვიტამინების, მიკროელემენტების) და საზრდო ნივთიერებათა თანაფარდობაზე და ა.შ. ანტიბიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს ორგანიზმი უკეთესად იყენებს, რის გამოც მცირდება მისი დანახარჯი წონამატის ერთეულზე, ამიტომ მცირდება მოზარდეულის დაცემა.

დადგენილია, რომ ანტიბიოტიკთა ნარევს არ გააჩნია ზრდის სტიმულირების სინერგიული უნარი. ამიტომ მიზანშეწონილი არაა ერთსა და იმავე კომბინირებულ საკვებში რამდენიმე ანტიბიოტიკის შეტანა.

ხშირად კომბინირებულ საკვებში შეაქვთ არა სუფთა ანტიბიოტიკი, არამედ მათი ე.წ. საკვები პრეპარატი, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე კრისტალური ნივთიერება. ეს პრეპარატი მიიღება სპეციალურ საკვებ არეში პროდუცენტი მიკრობის კულტივირებით და შემდგომში გაშრობით. მაგალითად გრიზინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში.

საკვები ანტიბიოტიკი უნდა იყოს მაღალეფექტიანი, არ უნდა ვნებდეს ცხოველს და არ უნდა აუარესებდეს პროდუქციის ხარისხს.

კომბინირებულ საკვებს უნდა ემატებოდეს მხოლოდ ისეთი ანტიბიოტიკები, რომლებსაც არ იყენებენ და შემდეგშიც არ გამოიყენებენ სამედიცინო ვეტერინალური მიზნით. ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იგივე ანტიბიოტიკის ხანგრძლივად ხმარებისას მიკროორგანიზმები თანდათან ეგუებიან მას, რის გამოც ამ ანტიბიოტიკის სამკურნალო და პროფილაკტიკური თვისებები ქვეითდება. ამის გარდა ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული მდგრადობა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, გადაეცემა არა მარტო ამ სახეობის მიკრობთა მომდევნო თაობებს, არამედ ბევრ სხვა სახეობასაც. ამიტომ იქმნება იმის რეალური საშიშროება, რომ ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელდება ისეთი ბაქტერიალური დაავადებები, რომელთა მკურნალობა შეუძლებელი იქნება ანტიბიოტიკებით, განსაკუთრებით კი ისეთით, რომელსაც სისტემატიურად იყენებენ ცხოველის ზრდის სტიმულირებისათვის. აი რატომ უნდა იძებნებოდეს და შეისწავლებოდეს ახალი ანტიბიოტიკები. ამ მხრივ საყურადღებოა ბაციტრაცინი და გრიზინი, რომელიც მედიცინაში არ გამოიყენება (ცხრილი 3).

ბაციტრაცინი – წარმოადგენს წყალში კარგად ხსნად ანტიბიოტიკების ნარევს. გრიზინი – მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის ფხვნილია, წყალში ხსნადი. ანტიბიოტიკური პრეპარატები შეაქვთ კომბინირებულ საკვებში ან პრემიქსში.

ცხოველის ორგანიზმზე ანტიბიოტიკის მასტიმულირებელი ეფექტი ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული: 1) ნაწლავის მიკროფლორაზე მოქმედებით და 2) უშუალოდ ცხოველის ორგანიზმზე მათი გავლენით. ნაწლავის მიკრობთა ცხოველმოქმედების დათრგუნვის გზით ანტიბიოტიკის მასტიმულირებელ ეფექტზე ის მოწმობს, რომ მათი ინექცია უმრავლეს შემთხვევაში არ არის ეფექტური, ხოლო ზოგიერთი შეჭმული ანტიბიოტიკი (ბაციტრაცინი, სტრეპტომიცინი) აჩქარებს ზრდას მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაწლავებიდან არ შეიწოვება, თუ ანტიბიოტიკი სწრაფად შეიწოვება კუჭში, რის გამოც ნაწლავებში არ ხვდება, მაშინ მას არ  გააჩნია ზრდის სტიმულირების უნარი.

როგორც ჩანს, ანტიბიოტიკი თრგუნავს ან კლავს ნაწლავის ფარული ინფექციის გამომწვევ მიკროფლორას და ხელს უწყობს ვიტამინებისა და ზრდის სხვა ფაქტორების მასინთეზირებელ მიკროორგანიზმების ცხოველმოქმე- დებას. დადგენილია აგრეთვე, რომ ანტიბიოტიკი კუჭნაწლავის არხში თრგუნავს იმ მიკრობთა ზრდას, რომლებიც იყენებენ ცხოველის საზრდოობისათვის საჭირო საკვების ზოგიერთ საზრდო ნივთიერებას.

ანტიბიოტიკების შეტანის ნორმები კომბინირებულ საკვებში.  სასოფლო სამეურნეო ცხოველებისათვის (გრამებში)

დასახელება 1 ტ პრემიქსზე 1 ტ საკვებზე
ბაციტრაცინი გრიზინი ბაციტრაცინი გრიზინი
1 2 3 4 5
მაწოვარი და ასხლეტილი გოჭი 5500 1200 55 12
ღორის მოზარდი სუქებაზე 2000 250 20 2,5
ქუბი, კერატი, სარემონტო მოზარდი 2000 250 20 2,5
ხბო 1-დან 6 თვემდე 6000 750 60 7,5
მოზარდი 6-დან 13 თვემდე 4000 500 40 5,0
ცხვრის მოზარდი 3000 350 30 3,5
ცხვარი სუქებაზე 2000 250 20 2,5
ქათმის მოზარდი (კვირის)        
1-12 2000 250 20 2,5
13-36 1000 125 10 1,25
                       ბროილერი
                     1-4 1500 200 15 2,0
                     4-ზე ზევით 1000 150 10 1,5
ქათამი, მეკვეერცხული, იხვი (კვირა)        
1-3 1500 200 15 2,0
3-ზე ზევით 1000 200 10 2,0
ინდაური (კვირა)        
1-9 5000 300 50 3,0
9-ზე ზევით 2000 300 20 3,0
ბატი (კვირა)        
1-3 1500 200 15 2,0
4-26 2000 200 20 2,0
2-ზე ზევით 2000 20  

 

ცდებით დადგენილია, რომ ზრდის მასტიმულირებელი მოქმედება გააჩნია არა თვით ანტიბიოტიკს არამედ მისი დაშლის პროდუქტებს და ამ ანტიბიოტიკის მოქმედებით დაღუპულ ბაქტერიალური უჯრედების ნივთიერებებს. ანტიბიოტიკის მთლიან მოლეკულას როგორც უკვე ითქვა გააჩნია არა მასტიმულირებელი, არამედ მაინჰიბირებელი თვისება.

კუჭნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ანტიბიოტიკი ნაწლავის მიკროფლორაზე მოქმედებს, როგორც ინჰიბიტორი და აქვეითებს მის განვითარებას. მიკროორგანიზმებთან ურთიერთმოქმედების პროცესში ანტიბიოტიკის მოლეკულა იშლება ბაქტერიალური უჯრედის დაშლასთან ერთად. შემდეგ ანტიბიოტიკისა და მიკროფლორის უჯრედთა დაშლის პროდუქტები შეიწოვება სისხლში, სადაც ისინი მოქმედებენ უკვე არა როგორც ინჰიბიტორები, არამედ როგორც მიმოცვლის ფერმენტაციულ პროცესთა ალოსტერიული აქტივატორები, რითაც უზრუნველყოფენ ზრდის მასტიმულირებელ ეფექტს.

ლიტერატურაში გვხვდება მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ საკვები პრეპარატები მაღალეფექტურია, ვიდრე იმავე სახის სუფთა კრისტალური ანტიბიოტიკი. გასუფთავებული საკვები პრეპარატი საკვები არის ნივთიერებებთან და სხვადასხვა ვიტამინებთან ერთად შეიცავს აგრეთვე მოცემული ანტიბიოტიკის პროდუცენტის (გამომმუშავებლის) მიმოცვლის პროდუქტებს, რომელთაც ჰორმონალური თვისებები გააჩნიათ. ამიტომაც კომბინირებულ საკვებში ანტიბიოტიკის გამოყენებას გააჩნია არსებითი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. მაგრამ ეს პრობლემა ჯერ კიდევ საბოლოოდ დამუშვებული არაა ანტიბიოტიკის შერჩევისას, მისი დოზირებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით სხვადასხვა სახეობისა და ასაკის ცხოველებისათვის.

„კომბინირებული საკვების  დამზადება და შენახვა“

დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე