მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები
მას შემდეგ, რაც სამარცვლე ფართობებში სადერატიზაციო სამუშაოები შესუსტდა, მავნებელი მღრღნელები (ვირთაგვები, თაგვები, მემინდვრიები, ზაზუნები და სხვა) მომრავლდნენ. თითოეული მათგანი სანიტარული თვალსაზრისით საშიშნი არიან და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებენ ფერმერულ მეურნეობებს.
მღრღნელები გამოირჩევიან სწრაფი გამრავლების უნარით, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში (როგორიც წელს არის კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში). წყვილ ვირთაგვას ნამატით წელიწადში შეუძლია მიიღოს 800 ნაშიერი, ხოლო თავისი სიცოცხლის სამი წლის განმავლობაში 20 მილიონზე მეტი. დედალი ვირთაგვა წელიწადში 4-6 ჯერ მშობიარობს და ჯერადობაზე შობს 10-12 წრუწუნას, მაკეობა გრძელდება 21-25 დღე. წრუწუნები 3-4 თვის შემდეგ იწყებენ გამრავლებას.
მემინდვრიები მრავლდებიან უფრო სწრაფად, სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დაბადებიდან 30-ე დღეს. მაკეობა გრძელდება 18-20 დღე, ხოლო წრუწუნების რაოდენობა ბუდეში 8-10-ია, ერთი და იგივე დედალმა მემინდვრიამ შეიძლება ყოველთვიურად მისცეს შთამომავლობა.
4 მემინდვრიას (2 დედალი, 2 მამალი) თავიანთი ბუდობებით, კარგი პირობების ზეგავლენით, შეუძლია შთამომავლობა წელიწადში 2 მილიარდამდე გაზარდოს.
ვირთაგვები და თაგვები ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის სერიოზულ საშიშროებას ქმნიან, მეტად საშიშია მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელებაში, როგორიცაა: ჭირი, ციმბირული წყლული, ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ტულარემია, აუესკი, წითელი ქარი, თურქული, ტრიქინელოზი და სხვა დაავადებები.
ზოგიერთი დაავადებებით (ჭირი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და სხვა) მღრნელები თვითონ ავადდებიან, რითაც ისინი გარემო არეში მიმოაბნევენ ამ დაავადებების აღმძვრელებს. ვირთაგვები და თაგვები წარმოადგენენ მრავალი დაავადებების აღმძვრელთა მუდმივ წყაროსა და რეზერვუარს. ისინი ეპიდემიოლოგიურად და ეპიზოოტიურად ქმნიან საშიშროებას, რაც გამოხატულებას პოულობს მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების მატარებლობასა და გადატანაში.
მღრღნელები განსაკუთრებით დიდ ეკონომიურ ზარალს სოფლის მეურნეობას აყენებენ, ანადგურებენ საკვები პროდუქტებისა და ფურაჟის დიდ რაოდენობას, ნათესებს, მოსავალს. ერთი ზრდასრული ვირთაგვა დღე-ღამეში 50გრ. მარცვლეულს ჭამს, რაც წელიწადში შესაბამისად, შეადგენს 18კგ-ს. თაგვი დღეში 4გრ. მარცვლეულს ჭამს, წელიწადში — 1,5 კგ-ს. 10000 ვირთაგვა — 180 ტ-ს, ხოლო 10 000 თაგვი კი 15 ტონას. თუ გავითვალისწინებთ მათი სიმრავლის შესახებ ზემოთ დასახელებულ მონაცემებს, დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ რა რაოდენობის მარცვლეულის განადგურება შეუძლია მღრღნელს წელიწადში.
გამანადგურებელი ღონისძიებები მღრღნელების წინააღმდეგ ტარდება ქიმიური, მექანიკური, ბიოლოგიური და კომბინირებული მეთოდებით.
ვფიქრობთ, ამჟამად შედარებით უკეთესი საშუალება არის თანდათან მოქმედი შხამები ანტიკოაგულანტები: რეთს-ქილერი და რატექსი.
ანტიკოაგულანტებს აქვთ გარკვეული უპირატესობა ძლიერმოქმედ შხამებთან შედარებით. ისინი ისეთი მცირე დოზებით გამოიყენება, რომ ფაქტობრივად მათი სწორი გამოყენების შემთხვევაში შინაური ცხოველების მოწამვლა გამორიცხულია. გარდა ამისა, აღნიშნულ შხამებს აქვთ საკუთარი შხამსაწინააღმდეგო ვიტამინი “კ”.
ანტიკოაგულანტები გამოიყენება როგორც მზა სახით (რეთს-ქილერი), ასევე, საკვებ მისატყუებელში (რატექსი), წყლიან მისატყუებელში. ძლიერმოქმედი შხამები ასეთი მრავალნაირი გამოყენებით არ ხასიათდებიან.
გარდა ამისა, ძლიერმოქმედი შხამიანი მისატყუებელი (თუთიის ფოსფიდი) ხშირად მღრღნელების ორგანიზმში იწვევს დამცველობით — რეფლექსურ რეაქციას, ზოგიერთი ვირთაგვა ნაადრევად უარყოფს მისატყუებელს, ვიდრე მიიღებდეს შხამის სასიკვდილო დოზას. მისატყუებელი ანტიკოაგულანტებით ასეთ რეაქციას არ იწვევს, რასაც მივყავართ დერატიზაციის უკეთეს შედეგამდე.
სადერატიზაციო სამუშაოების დროული და ეფექტური ჩატარება ჩვენს მოსავალს განადგურებისგან დაიცავს!
თაგვისნაირი მღრღნელების სრულ ლიკვიდაციას შეიძლება მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ პროფილაქტიკური და გამანადგურებელი ღონისძიებები გატარდება ერთდროულად მღრღნელებით დასახლებულ ყველა ობიექტზე (ფერმები, საწყობები, მინდვრები-მთლიანი ფართით). დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავების ტექნოლოგიას.
და ბოლოს, მინდა კიდევ ხაზი გავუსვა ეკონომიურ ზარალს, რომელიც შეიძლება ოთხმა წყვილმა მემინდვრიამ ხორბლისა და სიმინდის ნათესებს ერთ წელიწადში მიაყენოს. ოთხ წყვილ მემინდვრიას თავისი ნამატით წელიწადში შეუძლია გაანადგუროს 8000 ტონა (2000-4000 ჰა ფართობი) მარცვალი, ხოლო წყვილ ვირთაგვას წელიწადში 1000 ტონა.
გარდა ამისა, ისინი თითქმის მთლიანად ანადგურებენ ახლადამოსულ მწვანე ჯეჯილს. არ გავიმეორებთ იმ ეპიდემიოლოგიურ საშიშროებაზე, რომელიც შეუძლია მავნე მღრღნელებმა ადამიანს მოუტანოს.
მიხეილ ჭიჭაყუა,
ბიოლოგიის დოქტორი