ფუტკრის მავნებლები და მათ საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება – დეზინფექცია, დეზაკარიზაცია, დეზინსექცია და დერატიზაცია
ფუტკრის მავნებლები და მტრებია: მწერები – ცვილის ჩრჩილი (Galleria mello-nella) ; ჭიანჭველა (Formidae); ყურბელა (Dermaptera); ფუტკრის მგელი – ფილანტი (Philanthus tiangulum F); კრაზანა (Vaspidae); ონავარა (Vespa); მკვდართავა პეპელა (Acherntia atopos); ობობა (Aranei).
ფრინველები – კვირიონი (Merops apiaster), ღაჟო (Zanidae); წიწკნა (Parus); ფუტკარჭამია (Pemis apivonus L); ნემსიყლაპია (Odonata).
ბაყაყი (Ranidae), გომბეშო (Rufonidae).
ზღარბი (Erinaceidae);
თაგვები (Muridae.)
საფუტკრეში ჩასატარებელი დეზინფექციის, დეზაკარიზაციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ღონისძიებების ჩატარების ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 18 სექტემბერს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მოქმედ მარეგულირებელ, ნორმატიულ დოკუმენტს და მისი მოთხოვნების ცოდნა საჭიროა ნებისმიერი მეფუტკრისათვის.
საფუტკრე მეურნეობაში დეზინფექციის, დეზაკარიზაციის, დეზინსექციის და დერატიზაციის ძირითადი დანიშნულებაა გადამდებ დაავადებათა გამომწვევი პათოგენური მიკროფლორის მოსპობა, ეპიზოოტიური პოტენციალის დაქვეითება, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმოფხვრა, საფუტკრეების დაცვა მღრღნელებისაგან.
ზემოაღნიშნულის განხორციელება მეფუტკრეს საშუალებას მისცემს იყოლიოს ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები და აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დეზინფექცია, დეზაკარიზაცია, დეზინსექცია და დერატიზაცია ტარდება პროფილაქტიკური მიზნით, როგორც ცალკეული მეურნეობის, ისევე კერძო პირთა საფუტკრეებში და აღნიშნულ ღონისძიებებს აწარმოებს ვეტერინარი ექიმი.
სამუშაოების ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების წესები: ამ საქმით დაკავებული პირები უზრუნველყოფილნი უნდა იქნენ სპეცტანსაცმლით, აირწინაღებით, რესპირატორებით, დამცველი სათვალეებით, რეზინის ხელთათმანებით; აკრძალულია სადეზინფექციო, სადეზაკარიზაციო, სადეზინფექციო, სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარების დროს თამბაქოს მოწევა და საკვების მიღება, სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებელია ხელ-პირის დაბანა, გამოყენებული ჭურჭლის და სხვა ინვენტარის გარეცხვა 2% სოდიანი წყლით.
დეზინფექცია
– სადეზინფექციო ობიექტებია სკები, ფიჭები, წვრილი და მსხვილი ინვენტარი, მოწყობილობანი, მეფუტკრის ტანსაცმელი, ფიჭების საცავი, მეფუტკრის სახლი, საფუტკრის ტერიტორია -სკის წინა მისაფრენი მოედნის ჩათვლით.
დეზინფექციის დროს აუცილებელად გსათვალისწინებელია:
– სადეზინფექციო ობიექტის ათვისება;
– პათოლოგიური მიკრობების მდგომარეობის საკითხი;
– ტემპერატურის სხვადასხვა პირობების მიმართ სადეზინფექციო საშუალებათა თვისებები და მიკრობებზე მომაკვდინებელი მოქმედების უნარი.
დეზინფექცია ტარდება როგორც პროფილაქტიკური, ისევე იძულებით – ფუტკრის ინფექციური დაავადებების ლიკვიდაციის მიზნით.
სკების, ფიჭების, მოწყობილობების, ფიჭის შესანახი საცავის, მეფუტკრის ქოხის და ტერიტორიის დეზინფექცია ტარდება ორ ეტაპად – მექანიკური გაწმენდით და სადეზინფექციო საშუალებებისგამოყენებით.
ასტამით მექანიკური გაწმენდის დროს სკებს, გამყოფ ფიცრებს (დიაფრაგმებს), სკის ძირებს და სახურავს ჭუჭყისაგან (ფეკალი, ცვილი, დინდგელი) ასუფთავებენ ბეტონდასხმულ გადახურულ ადგილზე, რომელიც საფუტკრიდან 900 მეტრზეა მოცილებული, მშრალ მასალას გაწმენდის შემდეგ ასხურებენ 0,5%-იან მწვავე ნატრიუმის ხსნარს, შემდეგ სკის ძირებიდან აგროვებენ მკვდარ ფუტკრებს, ნაგავს და წვავენ.
საჭიროების შემთხვევაში სკებს რეცხავენ სოდიანი ცხელი წყლით ჯაგრისის გამოყენებით. საფუტკრის ფიჭიან ჩარჩოებს ახარისხებენ, ასუფთავებენ ჭუჭყისაგან, სახმარად უვარგისი შავი ფიჭები, რომლებიც 2 და მეტი წლისაა, დაობებულია, ძლიერ დაბინძურებულია ფეკალით, ან არასწორად არის მასზე აშენებული უჯრედები, გამოიწუნება. მათ ათავსებენ თავდახურულ ჭურჭელში, კარგად დატკეპნილ მდგომარეობაში ცვილად გადასადნობად.
სახმარად ვარგის ჩარჩოებს ჭუჭყისაგან გულდასმით ასუფთავებენ. დეზინფექციის წინ საფუტკრის ტერიტორიაზე არსებულ ნაგავს: ბალახს, მკვდარ ფუტკარს და გადმოყრილ ბარტყს აგროვებენ და წვავენ.
პროფილაქტიკური ღონისძიება აუცილებლად ტარდება წელიწადში ერთხელ. სკებს, ფიჭებს, ინვენტარს, ფიჭის შესანახ საცავს, მეფუტკრის ოთახს, სამთაბარო ქოხს, საწყობ ნაგებობას უკეთებენ დეზინფექციას მათი გამოყენების წინ, სპეცტანსაცმელს კი – დაბინძურების შემთხვევაში.
იძულებითი დეზინფექცია ტარდება ფუტკრის ინფექციური დაავადების დადგენის და მისი ლიკვიდაციის დროს.
საფუტკრის სხვადასხვა ობიექტის პროფილაქტიკური დეზინფექცია – სკებს დეზინფექცია უკეთდება 2%-იანი მწვავე ნატრიუმის ხსნარით. 1 ლ მ2 ზედაპირზე 3 საათის განმავლობაში.
ობიექტის ზედაპირის დასამუშავებლად გამოიყენება სპეციალური სადეზინფექციო მანქანები, ჰიდროპულტები და სხვა შესასხურებლები.
თაფლის საწურებს – ციბრუტებს რეცხავენ წყლით და დეზინფექციას უკეთებენ 5%-იანი კალცინირებული სოდიანი ხსნარით, 6 საათის შემდეგ ციბრუტს რეცხავენ და აშრობენ. ლითონის წვრილ ინვენტარს დეზინფექცია უკეთდება 30 წუთის განმავლობაში 3%-იანი კალცინირებული სოდიანი ხსნარით ან მწვავე ნატრიუმის 0,5%-იანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში.
ბუდისა და საკუჭნაოს ცარიელ ფიჭებს დეზინფექციას უკეთებენ შესხურებით ჰიდროპულტის ან სპეციალური მანქანების საშუალებით 1%-იანი წყალბადის ზეჟანგით და 1%-იანი ერთ-ერთი სარეცხი ფხვნილის ხსნარით, ფიჭის ორივე მხარეზე უჯრედების სრულ გავსებამდე; 3 საათის შემდეგ სადეზინფექციო ხსნარს ფიჭიდან გადმოღვრიან და გამოავლებენ წყალს. შემდეგ ისევ გაფერთხვით მოაშორებენ წყალს და აშრობენ.
ფიჭის შესანახ საცავს, ქოხს, საწყობს მექანიკური გაწმენდის შემდეგ შეათეთრებენ 20%-იანი ახლად ჩამქრალი კირიანი წყლით.
ხალათებს, პირსახოცებს, პირბადეებს დეზინფექციას უტარებენ, ხარშავენ 30 წუთის განმავლობაში ან ერთ-ერთ ხსნარში მოთავსებით 2%-იანი წყალბადის ზეჟანგში – 3 საათით, 10%-იანი ფორმალინში ან 4% პარაფორმში 4 საათით. დეზინფექციის შემდეგ სპეცტანსაცმელს გაავლებენ წყალში და აშრობენ.
გატარებულ პროფილაქტიკურ დეზინფექციის ხარისხის შემოწმება ხდება დამუშავებული ტერიტორიიდან აღებული ჩამონარეცხის ბაქტერიოლოგიური შემოწმებით.
ცალკეული დაავადებების დროს საფუტკრე მეურნეობაში იძულებით დეზინფექციას ატარებენ:
ამერიკული, ევროპული სიდამპლეების დროს ფუტკრის ოჯახების საფრენის წინა მოედნის ზედაპირის დასკვნით დეზინფექციას ატარებენ ქლორიანი (38%-იანი აქტიური ქლორი) კირით 5 კგ. 1 მ2 ზედაპირზე 5 სმ სიღრმით მიწის გადაბრუნებით და 10 წუთის შემდეგ წყლის დასხმით (5 ლ. 1მ2). სახმარად ვარგის მშრალ ფიჭიან ჩარჩოებს, რომელზეც არ აღინიშნება მკვდარი ბარტყის ქერქები, უკეთებენ დეზინფექციას.
ჰიდროპულტით ან დეზოდანადგარებით ხსნარებს ასხამენ ფიჭის ორივე მხარეზე და უჯრედებს ავსებენ დეზოხსნარით, რომელიც შეიცავს 4%-იან წყალბადის ზეჟანგს და 3%-იან ჭიანჭველმჟავას, ტოვებენ 24 საათის განმავლობაში. ხსნარს უჯრედებიდან გამოდენიან ჩარჩოების დაბერტყვით. შემდეგ ფიჭებს გარეცხავენ და აშრობენ. სკებს, სადგომებს, ხის და მეტალის სხვა ინვენტარს ამუშავებენ ერთ-ერთი სადეზინფექციო საშუალებით. 10%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 3%-იანი ჭიანჭველმჟავა, ან ძმარმჟავა 1 მლ3 (12 ჩარჩოიანი სკისთვის) სამჯერადად თითო საათიანი შუალედით. საფარი ტილოები, ხალათები, პირსახოცები გამოიხარშება 3%-იანი კალცინირებული სოდის ან ნაცარტუტის ხსნარში 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ წყალში გაავლებენ და აშრობენ.
პირბადეებს ათავსებენ 1%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარში 2 საათით. ციბრუტებს რეცხავენ წყლით და დეზინფექციას უტარებენ კალცინირებული სოდის 5%- იანი ცხელი ხსნარით, 6 საათის შემდეგ ციბრუტს რეცხავენ ცივი წყლით და აშრობენ. გამოწუნებულ ფიჭებს გადაადნობენ ცვილად, გამდნარ ცვილს და ცუხს ფუთავენ ყუთში ან ხის კასრში, რომლის შიგნით ამოაფენენ ქაღალდს ან პოლიეთილენის ფურცელს, ერთჯერადი გამოყენებისათვის. შეფუთულ ნედლეულს გაუკეთებენ ეტიკეტს – „დაავადებული“, რომელზედაც მითითებული იქნება მეურნეობის ან ინდივიდუალური საფუტკრის მეპატრონის მისამართი.
არაკეთილსაიმედო საფუტკრიდან მიღებულ ცვილს იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის ან ფიჭის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში მას ატარებენ ავტოკლავში 127 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში.
პარკუჭა ბარტყის და ვირუსული დამბლის დროს სკებს, ხის ობიექტებს ჰიდროპულტის საშუალებით ასხურებენ 4%-იან წყალბადის ზეჟანგის ხსნარს 0,5 ლ. რაოდენობით 1 მ2 ფართობზე. 3 საათიანი ექსპოზიციის შემდეგ ობიექტებს რეცხავენ წყლით და აშრობენ.
დეზინფექციიდან 5 საათის შემდეგ ისინი გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ფიჭებს ორივე მხრიდან უჯრედების შევსებამდე ასხურებენ წყალბადის ზეჟანგის 4%-იან ხსნარს და ტოვებენ 3 საათის განმავლობაში სადეზინფექციო ხსნარებისაგან უჯრედების გამოსუფთავება ხდება ჩარჩოების დაბერტყვით, შემდეგ მათ რეცხავენ წყლით და აშრობენ.
ჭეოიან ფიჭებს, რომლებიც ამოღებულია პარკუჭა ბარტყით ან ვირუსული დამბლით დაავადებული ოჯახებიდან და გათვალისწინებულია ფუტკრის საკვებად, ათავსებენ ჰერმეტულ სკაში და აუვნებლებენ ჭიანჭველმჟავით, ამისათვის ჩარჩოებს ზემოთ იდგმება 50 მლ. ჭიანჭველმჟავა (აორთქლების მიზნით). ფუტკრის გამოსაკვებად მისი ხმარება აკრძალულია.
პარკუჭა ბარტყზე არაკეთილსაიმედო საფუტკრიდან მიღებულ ცვილს აუვნებლებენ ავტოკლავში 0,5 ატმოსფერულ წნევაზე 30 წუთის განმავლობაში. საფუტკრის ადგილსამყოფელის, ნიადაგის ზედაპირის დასკვნით დეზინფექციას ატარებენ ქლორიანი კირის (35%-იანი აქტიური ქლორის შემცველობით) ხსნარის 1 კგ. გამოყენებით 1მ2 ფართობზე, რომელიც 5 სმ. სიღრმეზე შეერევა ნიადაგს. შემდგომ 1 მ2 ფართობზე დაესხმევა 10 ლ. წყალი (ექსპოზიცია 4 საათი).
არაკეთილსაიმედო საფუტკრიდან მიღებული თაფლი ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში და შეუზღუდავად გამოიყენება საკვებად.
ასკორფეროზის დროს ხის და მეტალის საგნებს დეზინფექციას უკეთებენ ორჯერადად 1 საათიანი შუალედით 6 საათის ექსპოზიციით 100%-იანი წყალბადის ზეჟანგის და 0,5%-იანი ჭიანჭველმჟავის ხსნარით 1 მ2 ფართობზე 0,5 ლ. რაოდენობით. ხმარებისათვის ვარგის ფიჭებს მოჭარბებულად ასხამენ 10%-იან წყალბადის ზეჟანგს და 0,5%0იან ჭიანჭველამჟავას ხსნარს, 4 საათის შემდეგ რეცხავენ და აშრობენ. მიცელიუმით ძლიერ დაზიანებულ ფიჭებს გადაადნობენ ცვილად, ცუხს კი წვავენ.
ნოზემატოზის შემთხვევაში ხმარებისათვის ვარგის ფიჭებს და ფუტკრის ინვენტარს ასუფთავებენ ჭუჭყისაგან და დეზინფექციას უკეთებენ ძმარმჟავით. წინასწარ დინდგელსა და სხვა ჭუჭყისაგან განთავისუფლებულ ფიჭიან ჩარჩოებს ათავსებენ მჭიდროდ შეკრულ სკაში ან ყუთში. ჩარჩოებს ზემოთ ათავსებენ 2 სმ. სისქის ჩვარს, რომელიც გაჟღენთილია 200 მლ./80%-იანი ძმარმჟავათი. 80%-იანი ძმარმჟავის მოსამზადებლად იღებენ 4 წილ 96%-იან ტექნიკურ ძმარმჟავას და უმატებენ 1 წილ წყალს. დიდი რაოდენობით თავმოყრილ ფიჭიან ჩარჩოებს დეზინფექციისათვის ათავსებენ კორპუსებში, რომლებიც ერთმანეთზე იდგმება და რომელთა შორის ათავსებენ ძმარმჟავათი გაჟღენთილ ჩვარს. სკას ზემოდან ახურავენ ფიცარს ან პოლიეთილენს, არსებულ ხვრელებს ამოლესავენ ალიზით ან აწებებენ ქაღალდს. ასეთ პირობებში ფიჭებს ინახავენ 3 დღის განმავლობაში გარემოში არანაკლებ 160C ტემპერატურაზე, ხოლო თუ ტემპერატურა 160C-ზე ნაკლებია, მაშინ ფიჭებს ინახავენ 6 დღეს. ამის შემდეგ ფიჭებს ამოიღებენ, ანიავებენ ჰაერზე 15-20 საათის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში იყენებენ.
დეზაკარიზაცია და დეზინსექციის სამუშაოების ჩატარებისას ვაროატოზის დროს სკის საფრენი მოედანი სისტემატურად უნდა გაიწმინდოს დახოცილი ფუტკრისაგან და სკის შიდა ნაგვისაგან. გაუვნებლობისათვის ფიჭები უნდა დამუშავდეს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით და 3%-იანი ჭიანჭველმჟავას ხსნარით. გაშრობის შემდეგ ინვენტარი გამოიყენება დანიშნულებისამებრ.
ცვილის ჩრჩილის საწინააღმდეგოდ ფიჭებს და ხელსაწყოებს ათავსებენ ჰერმეტულ სათავსოებში და უკეთებენ დეზინფექციას გოგირდოვანი გაზით 1მ3 ფართობზე 50 გ. გაანგარიშებით, გოგირდის დაწვით გამოყოფილ კვამლში ფიჭებს ათავსებენ 24 საათით. ზამთარში ფიჭებს ინახავენ ჩამოკიდებული სახით მინუს 10-15 გრადუს ტემპერატურაზე ან ზაფხულში და მთელი წლის განმავლობაში ჩამოკიდებული სახით ერთი მეორისაგან 2-3 სმ-ით დაცილებით განიავებულ-გამკრავქარიან ფუტკრისათვის მიუწვდომელ სათავსოებში.
საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის მავნებლების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ღონისძიებას დერატიზაცია წარმოადგენს, რომელიც სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის საწინდარია და მინიმუმამდე დაჰყავს სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევი აგენტების გავრცელება.
მღრღნელებთან ბრძოლისათვის მისატყუებელი მასალის მოსამზადებლად ამზადებენ ნარევს, რომელიც შეიცავს ხორბლის მარცვლებს, შვრიის, ქერის, სიმინდის, პურის ნამცეცებს, ფქვილის, კომბინირებულ საკვებს და 10-15% თაფლს ან გამოწუნებულ დაჭუჭყიანებულ ფიჭიან ან ჭეოიან ფიჭას, ნარევს უმატებენ ერთ-ერთ შხამიან ნივთიერებას, რომელიც მოცემულია ცხრილში.
1 კგ. ძირითად მისატყუებელ მასალას კარგად შეურევენ 20-30 გ. მზესუმზირას ზეთს, შემდეგ კი შხამს ზოოკუმარინს, რატინდანს, ან თუთიის ფოსფატს.
ზოოკუმარინის ნატრიუმის მარილი გამოიყენება 1%-იანი წყალხსნარის სახით, რომელიც ინახება ერთ წელს.
პრეპარატის დასახელება |
პრეპარატის ხარჯი გრამებში 1 კგ. მისატყუებლის დასამზადებლად | |
თაგვებისათვის |
ვირთხებისათვის |
|
თუთიის ფოსფიდი |
30 |
30 |
ზოოკუმარინის ნატრიუის მარილი |
1% წყალხსნარია 1.5 მლ |
1% წყალხსნარია 45 მლ |
პენოკუმარინი |
5 |
15 |
რატინდანი |
30 |
30 |
წყალხსნარი მიიღება 10 გ. მარილის და 990 გ. ანადუღარი წყლისგან. მისატყუებელი მასალის მისაღებად საჭიროა 5-7 დღე, ყოველ 100 მ2-ზე ათავსებენ მას 2-3 ადგილზე.
მღრღნელებთან ეფექტიანი ბრძოლისათვის მისატყუებელ მასალას ათავსებენ მღრღნელების სოროებში ან მათი გადაადგილების ადგილებზე. საწყობებში და საფუტკრეებში არსებულ ყველა ხვრელს შეძლებისდაგვარად ამოლესავენ ცემენტით ან მინაშერეული თიხით (10 წილი ცემენტი ან თიხა 1 წილ დანაყილ მინაზე).
თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი,
ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი