აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

კომში _ მოსავლის აღების შემდგომი დამუშავება და შენახვის მეთოდი

კომში (Cydonia oblonga Mill) არის თესლოვანი სფეროსებრი ან მსხლის ფორმის ხილი. ეს არის გვარი, რომელიც შედგება ერთი სახეობისგან. კომში არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის თბილი რეგიონების ნაკლებად გავრცელებული წარმომადგენელი (ჩილდერსი, 1949 წ.; ვესტვუდი, 1978 წ.). ამ სახეობის შესახებ მრავალი კვლევაა ჩატარებული (იანკოვიაკი, 1976 წ.; მიქელესი და სხვები., 1973 წელი; მიულერი და ჰისისტეინი, 1979).

კომშს იყენებენ, როგორც ნაგალა საძირეს მსხლის კულტურისთვის, თუმცა მისი ნაყოფები ასევე გამოიყენება ჯემების, ჟელეებისა და მურაბების მოსამზადებლად. ზოგიერთი ჯიში ნედლადაც მოიხმარება. აშშ–ში კომშის ძირითადი ჯიშებია: ორენჯი, ჩემპიონი, ანანასი, ენგერსი, სმირნა, ვან დემანი, რეა და მიჩი (ჩილდერსი, 1949 წ; ვესტვუდი, 1978 წ.). ამერიკის შეერთებულ შტატებში კომში მცირედ არის გავრცელებული, მხოლოდ 200 აკრზე მოჰყავთ, თუმცა არგენტინა, დაახლოებით 20 000 ტონა კომშს აწარმოებს ყოველწლიურად (ვესტვუდი, 1978 წ.).

ხარისხის მახასიათებლები და კრიტერიუმები

კომში კლიმაქტერული ხილია (კადერი, 1992 წელი) და მოითხოვს სათანადო დამწიფების პროცესს 20°C (68 F) ტემპერატურაზე. კარგად დამწიფებული კომში, ძირითადად, გამოიყენება ჟელეს, მარმელადის, მურაბებისა და ნამცხვრებისათვის, ასევე, კონსერვებისათვის. გარდა ამისა, გამოიყენება სხვა ხილისათვის არომატის მისაცემად.

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები

კომში იკრიფება დაახლოებით იმავე დროს, როგორც ზამთრის მსხლის ჯიშების უმეტესობა. კომშზე რაიმე სპეციფიური სიმწიფის მაჩვენებელი არ არსებობს. მოსავლის აღება იწყება მაშინ, როცა ხილი იცვლის ფერს მუქი მწვანედან ღია მწვანეზე (აუხტერი და კნაპი, 1929 წელი). მწვანე, დაუმწიფებელი ხილი შენახვისას ზიანდება ზედაპირის ალანძვით, ასევე, თუ ნაყოფები ქეცითაა დაავადებული (ხილის დაავადება), მათი შენახვა ძალიან შეზღუდულია.

ხარისხები, ზომები და შეფუთვა

აშშ–ში კომშზე რაიმე ოფიციალური ხარისხის, ზომის ან შეფუთვის სტანდარტი არ არსებობს. კალიფორნიის კვებისა და სოფლის მეურნეობის ხარისხის სტანდარტების კოდექსის თანახმად, კომში უნდა გაიყიდოს შემდეგი ფორმით: ოპტიმალურად დამწიფებული, ასევე თავისუფალი მწერებისაგან და მექანიკური დაზიანებებისაგან (კადერი, 1992 წელი). რადგან ეს ხილი ძალიან სათუთია და ადვილად ლურჯდება, ტრანსპორტირების ყუთში ან კონტეინერში უნდა ჩაიდოს რბილი შუასადები ორივე მხარეს. ყუთში კომში ლაგდება ყუნწით ქვემოთ (აუხტერი და კნაპი, 1929 წელი). კრეფისას და დახარისხებისას საჭიროა ხილის ფრთხილი მოპყრობა, რათა დავიცვათ ნაყოფები მექანიკური დაზიანებისაგან.

შენახვის ოპტიმალური პირობები

შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა -0.5°C-0°C (31-32°F) დაახლოებით 90% ტენიანობის (RH) პირობებში. შენახვის პერიოდი -0.5°C(31°F) ტემპერატურაზე არის 2-3 თვე, ისევე, როგორც ვაშლის ჯიშებისა, როგორიცაა მაგ. ,,ჯონათანი“ და ,,გრაიმს გოლდენი” (უილიამსი, 1935 წელი).

ჰაერის რეგულირებასთან დაკავშირებით რაიმე რეკომენდაცია არ არსებობს.

დამწიფების პირობები და ეთილენის წარმოქმნა

oკომშის დასამწიფებლად საუკეთესო ტემპერატურაა 20°C (68 F). რადგან კომში არის კლიმაქტერული ხილი (კადერი, 1992 წელი), მოსალოდნელია ეთილენის დაჩქარებული წარმოქმნა სიმწიფის პროცესში. თუმცა, კომშის ეთილენის ბიოსინთეზის შესახებ ლიტერატურა ხელმისაწვდომი არ არის.

მოკრეფის შემდგომი პათოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ კომშის კანი არის ბუსუსების სქელი ფენით დაფარული, ხილი მაინც რბილია და ადვილად ზიანდება (აუხტერი და კნაპი, 1929 წელი). კომშს ადვილად უჩნდება ისეთი დაზიანებები, როგორც ვაშლსა და მსხალს (ჰოლსტედი, 1892 წელი; ტაფრაზიისკი და ანგელოვი, 1977 წელი). ფუნგიციდებით შეწამვლა საჭიროა დაზიანების, ლპობის თავიდან ასაცილებლად შენახვისა და სარეალიზაციო პირობებში (პიერსონი და სხვები, 1971 წ.)

პოლ მ. ჩენი,

კოლუმბიის აგრარული კვლევისა და ფერმერთა განათლების ცენტრი

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუდ რივერი, ორეგონის შტატი

/რეკომენდაცია ნათარგმნია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში/